ემიგრანტი ქალის წერილები – იზოლდა კვიციანი: „ესაა ჩვენი საქართველო და ჩვენი სოხუმი“...

© photo: courtesy of Izolda Kvitsianiიზოლდა კვიციანი
იზოლდა კვიციანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი, ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...

დავიბადე სოხუმში და ამ ქალაქის N11 საშუალო სკოლა დავამთავრე. სწავლის მერე დავოჯახდი, მაგრამ ოჯახური ბედნიერების შეგრძნება ვერ მოვასწარი – ჩემი მეუღლე საბჭოთა მილიციას შემთხვევით შემოაკვდა და უკვე 21 წლის ასაკში დავქვრივდი. დავრჩი მარტოდმარტო, ორი შვილით, ასე მარტომ გავზარდე შვილები. მერე იყო ომი და, როგორც ბევრი სხვა, საკუთარ სამშობლოში მეც ლტოლვილად ვიქეცი…

© photo: courtesy of Izolda Kvitsianiიზოლდა კვიციანი
ემიგრანტი ქალის წერილები – იზოლდა კვიციანი: „ესაა ჩვენი საქართველო და ჩვენი სოხუმი“... - Sputnik საქართველო
იზოლდა კვიციანი

მივხვდი, რომ თუნდაც შვილების გამო უფლება არ მქონდა ბედს დავმორჩილებოდი. ძნელი იყო დევნილის მიზერული შემწეობით არსებობა, თუმცა საქმე არსებობას კი არა, თავის გადარჩენას ეხებოდა. 24-საათიანი შრომა მაინც არ იძლეოდა განვითარების საშუალებას, ამას დაემატა ლტოლვილების მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან წამოსული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება... ბედს ვერ შევეგუეთ და სხვა დანარჩენი თანამოქალაქეების მსგავსად დავიწყეთ ემიგრაციაზე ფიქრი. ამდენმა ტკივილმა და დამცირებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ ჩემი სამშობლო დამეტოვებინა და შვილებთან ერთად ნიდერლანდების სამეფოში ჩამოვსულიყავი...

ჰოლანდიის ხელისუფლებამ დევნილის სტატუსით შეგვიფარა – აქაც ლტოლვილები ვიყავით... ჩვენი ცხოვრება თავიდან არც უცხო ქვეყანაში ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, მთელი შვიდი წელი ისე ვცხოვრობდით, რომ ჰოლანდიის საზღვარი არ უნდა გადაგველახა. ძალიან მაწუხებდა ნოსტალგია და ვოცნებობდი, რომ გამეხსნა რესტორანი, რომელსაც „სოხუმს“ დავარქმევდი.

© photo: courtesy of Izolda Kvitsianiქართველები ჰოლანდიაში რესტორან "სოხუმში"
ემიგრანტი ქალის წერილები – იზოლდა კვიციანი: „ესაა ჩვენი საქართველო და ჩვენი სოხუმი“... - Sputnik საქართველო
ქართველები ჰოლანდიაში რესტორან "სოხუმში"

2009 წელს უფლის წყალობით და ჩემი დაუღალავი შრომის შედეგად ამიხდა ეს ოცნება. ვიქირავე ფართი და გავხსენი რესტორანი „სოხუმი“. ყოველთვის ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებდი, ამიტომ ჩემ რესტორანში დღემდე მე ვარ მზარეული. ყველაფერი დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, არავის ეგონოს, რომ უცხოეთში ციდან ცვივა დოლარები, ყოველდღე 15 საათს ვმუშაობ…

ჩემ რესტორანში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის სტუმარი. უმრავლესობამ, რა თქმა უნდა, არაფერი იცის საქართველოს შესახებ, ამიტომ რესტორანში მხოლოდ ქართული ჰანგები ისმის, შენობის გარეთ ქართული დროშა ფრიალებს და სულ ვატრიალებ ვიდეო-რგოლს საქართველოზე.

© photo: courtesy of Izolda Kvitsianiრესტორანი "სოხუმი" ჰოლანდიაში ქართულ კულტურასა და სამზარეულოს წარადგენს
ემიგრანტი ქალის წერილები – იზოლდა კვიციანი: „ესაა ჩვენი საქართველო და ჩვენი სოხუმი“... - Sputnik საქართველო
რესტორანი "სოხუმი" ჰოლანდიაში ქართულ კულტურასა და სამზარეულოს წარადგენს

ამ ფილმის ნახვის და ჩემი კერძების დაგემოვნების მერე ბევრს უჩნდება სურვილი, რომ საქართველოში ჩავიდეს და ეს ამბავი ძალიან მიხარია. როცა იქიდან ბრუნდებიან, ჩემთვის საჩუქარი ჩამოაქვთ ხოლმე... სხვათა შორის, იმ დროს, როცა გავხსენი, ეს ერთადერთი ქართული რესტორანი იყო მთელ ჰოლანდიაში, მანამდე ქართულ სამზარეულოს არავინ იცნობდა. მოკლედ, დღეს რესტორან "სოხუმის" მფლობელები ვართ მე და ჩემი შვილი ნინო გურჩიანი. შორეულ ჰოლანდიაში მყუდრო გარემო შევქმენით, ესაა ჩვენი საქართველო და ჩვენი სოხუმიც ესაა... აქტიურად ვმონაწილეობ ყველა ღონისძიებაში, რაც ჰოლანდიაში ტარდება და საქართველოს ეხება. რამდენიმე პროექტის სპონსორიც ვიყავი.

© photo: courtesy of Izolda Kvitsianiსაქართველოს საელჩოში ჰოლანდიაში
ემიგრანტი ქალის წერილები – იზოლდა კვიციანი: „ესაა ჩვენი საქართველო და ჩვენი სოხუმი“... - Sputnik საქართველო
საქართველოს საელჩოში ჰოლანდიაში

დღეს ფერიცვალებაა, მინდა ყველას მივულოცო და იმედი გამოვთქვა, რომ მალე ჩვენ ქვეყანასა და ერს სასიკეთოდ ეცვლება ფერი. კიდევ იმის იმედს ვიტოვებ, რომ მშობლიურ მიწა-წყალს დავუბრუნდებით. მერე კი, თუნდაც 100 წლის ვიყო, ძალ-ღონეს არ დავიშურებ და აფხაზეთში, ჩემს ეზოს ნანგრევებისგან გავასუფთავებ, აგურს აგურზე დავდებ, ჩემ შვილებთან ვაჟასა და ნინოსთან, რძალთან თამუნასთან და შვილიშვილ იზისთან ერთად ავაშენებ ერთ დიდ სახლს, სადაც ყველანი ვიცხოვრებთ და ძალიან, ძალიან ბედნიერები ვიქნებით...

ყველა ახალი ამბავი
0