გოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად

ათენის საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელი და ბერძნები, რომლებიც გურულებს ჰგვანან

512
(განახლებულია 18:37 24.07.2019)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ სამშობლოსგან შორს მყოფი ქართველებისთვის ყველაზე დიდ პრობლემაზე იქნება საუბარი.

მადონა ჯავახიშვილი ათენის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელია. პოეტი ქალბატონი, მწერალთა კავშირის წევრი, 15 წელია საბერძნეთში ცხოვრობს. ემიგრაციაში ორი პოეტური კრებული გამოუშვა.

საქართველოსა და საბერძნეთის განათლების სამინისტროების და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ერთობლივი პროექტის „ქართული როგორც მეორე ენა“ საპილოტე პროგრამა ორი წელია მოქმედებს. ის ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართულის ენის გაკვეთილებს ითვალისწინებს. ქალბატონ მადონას ამ თემაზე და ცხოვრებაზე სასაუბროდ ათენში დავუკავშირდით.

კრებულის პრეზენტაციის დროს
კრებულის პრეზენტაციის დროს

- ქალბატონო მადონა, რამდენი ხანია, რაც ათენის საჯარო სკოლაში ქართული ენის მასწავლებელი ხართ?

- მესამე წელია ათენის 50-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობ. ქართულის გაკვეთილები საპილოტე პროგრამის ფარგლებში ტარდება. მან იმაზე მეტი შედეგი გამოიღო, ვიდრე მოველოდით. უცხოეთში დაბადებულ ბავშვებს უჭირთ მშობლიურ ენაზე საუბარი. ამ ბავშვების მშობლების უმრავლესობა არალეგალია, ეს პატარები საქართველოში არასდროს ყოფილან, ამიტომ ვცილობთ ამ პროგრამის დახმარებით, გარდა მშობლიური ენისა და წერა-კითხვისა, ბავშვებს გავაცნოთ და შევაყვაროთ სამშობლო და მათ ასეთი წინაპრების გამო სიამაყე იგრძნონ.

შემოქმედებით საღამოზე
შემოქმედებით საღამოზე

- მომავალში თუ არის გადაწყვეტილი, რომ ასეთი პროგრამა ათენის სხვა სკოლაშიც ამოქმედდეს?

- დიახ, სექტემბრიდან კიდევ ერთ სკოლაში დაემატება ქართულის გაკვეთილები, რაც უფრო მეტ ქართველ ბავშვს მისცემს საშუალებას, რომ სამშობლოს სულიერად დაუახლოვდეს. მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს განათლების სამინისტროს და საბერძნეთში სრულუფლებიან ელჩს, ბატონ იოსებ ნანობაშვილს. ეს უდიდესი საქმეა, რადგან „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“...

კრებულის პრეზენტაციის დროს
კრებულის პრეზენტაციის დროს

- როდესაც ადამიანი ამ პროფესიას ირჩევს, უნებურად სწორება თავის სკოლის მასწავლებელზე აქვს...

- მე თბილისის 112-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, საკმაოდ უცნაური ბავშვი ვიყავი, ცელქი და ძალიან აქტიური. ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ცაცა ძიგრაშვილი ძალიან თბილად მახსენდება. ქართულის გარდა მან გვასწავლა რა იყო სამშობლო და ვინ იყვნენ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები. როცა საკლასო ოთახში შევდივარ, ჩემი მაშინდელი გაკვეთილები და სკოლა მახსენდება. სულ მქონდა შინაგანი პროტესტი საბჭოთა სისტემის მიმართ და ამის გამო უარი ვთქვი კომკავშირელობაზე. მანამდე კი ვერ ვიტანდი ყელსახვევს, რის გამოც სულ საყვედურებს ვიღებდი და ვისჯებოდი.

გოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად
გოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად

- ამ 15 წლის შემდეგ ალბათ ამ ქვეყანაში უკვე შინაურად გრძნობთ თავს?

- ათენში 2004 წლის ზაფხულში ჩამოვედი. როგორც ყველა ემიგრანტი, უცხო მიწაზე მეც სიდუხჭირემ ჩამომიყვანა. გარდა ამისა, საბერძნეთში ნათესავები მყავდა. ბერძნები ქართველებს, განსაკუთრებით, გურულებს ძალიან ჰგვანან. თავიდან ძნელი იყო, ახლობლების მონატრების გამო ღამეებს ტირილში ვათენებდი. თუმცა დრო ხომ ყველაფრის მკურნალია... მეც შევეჩვიე აქაურობას და დღეს მიყვარს კიდეც ეს ქვეყანა. ბევრი დავინათესავე, ბევრი მეგობარი მყავს და კარგი მეზობლებიც. დღეს თავს უცხოდ არ ვგრძნობ, პირიქით, შინაური ვარ. ვცდილობ კარგი მხრიდან დავანახო მათ ჩემი სამშობლო, გავაცნო ჩვენი ისტორია და კულტურა. ბედნიერი ვარ, რომ ყოველ წელს ჩავდივარ საქართველოში. იცით, რამდენი დედა ვერ ახერხებს ამას საბუთების არქონის გამო?!

მადონა ჯავახიშვილი
მადონა ჯავახიშვილი

- თქვენს ლექსებში სამშობლოს მონატრებაა...

- ასეა. საქართველო სულ მენატრება. შვილები, შვილიშვილები, მშობლები, ნათესავები და მეგობრები მენატრება. უზომოდ მიყვარს სამშობლო და ჩემი ლექსებიც ამაზეა აგებული. პოეზიის სიყვარულით ყოველთვის გამოვირჩეოდი, ლექსის წერა ბავშვობიდან დავიწყე. როდესაც აქ ჩამოვედი, ათი წელი ლექსს ვერ ვწერდი. ახლა აქტიურად ვწერ და უკვე ორი წიგნი გამოუშვი. ორი წიგნის მასალა კიდევ მაქვს, მოგვიანებით მათაც გამოვიტან მზის შუქზე.

„გიყვარდეს, თუ გინდა გიწოდონ სულელიც,

სულ ცეკვით აჰყევი ვარსკვლავებს ზეცამდე.

მიწას ნეტარების აუვა სურნელი,

შენ ოღონდ სიკეთის კეთებას ეცადე“ – ეს ჩემი ლექსის სტროფია...

საკლასო ოთახში
საკლასო ოთახში

- როგორ სამშობლოზე ოცნებობთ?

- მომავალი საქართველო მინდა ევროპის ნაწილი იყოს, დაცული და ეკონომიკურად ძლიერი. ქვეყნიდან ხალხის გადინება თუ ასე გაგრძელდა, ეს დემოგრაფიულ საფრთხეს შექმნის. ერთი ოცნება მაქვს, მინდა მალე დაუბრუნდნენ სამშობლოს მერცხლები. ასე ემიგრანტებს ვეძახი. მინდა მალე მოვიდეს ჩვენ სამშობლოში გაზაფხული, თორემ თუ ამ თაობის ქართველები უცხოეთში დიდხანს დარჩებიან, უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული დანაკარგი იქნება. მადლობა, რომ საშუალება მომეცით ქართველ მკითხველთან მესაუბრა. უფალმა დალოცოს საქართველო და ქართველები...

 

512
თემები:
ქართველები უცხოეთში (40)