თამარ სუხიაშვილი

„მის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“: დედა, რომელმაც შვილისთვის ფერადი ჩანთების შექმნა დაიწყო

1212
(განახლებულია 18:26 23.07.2019)
მარი ნებიერიძე
თამარ სუხიაშვილი პროფესიით იურისტია. ჰყავს სამი წლის შვილი და დროის უმეტეს ნაწილს მის აღზრდას უთმობს. ამასთან ერთად თამარი ულამაზეს, ფერად და ორიგინალურ ხელნაკეთ ჩანთებს ქმნის.

პირველი ჩანთა, რომელიც ნაყინის ჩხირებისგან დაამზადა, სწორედ მის გოგონას ეკუთვნოდა. ამბობს, რომ ბევრი ძიების შემდეგ მიაგნო საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა და დღეს სიამოვნებით ემსახურება.

- პროფესიით იურისტი ვარ. მყავს სამი წლის გოგონა და ჩემი დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ვატარებ. დაახლოებით ექვსი თვის წინ პირველი ჩანთა ელენასთვის გავაკეთე და სწორედ მაშინ დაიბადა იდეა, სხვა ბავშვებიც გამეხარებინა. მიუხედავად იმისა, რომ ვამზადებ დიდ მოდელებსაც, ძირითადი აქცენტი მაინც საბავშვო ხაზზე მაქვს. აქტიურად ვარ ჩართული ტურისტულ ბაზარზეც. სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი ჩანთები საქართველოს რუკით დასეირნობენ ინგლისში, ამერიკაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

- მარტო უძღვებით ამ საქმეს?

- ჩანთებს მარტო ვქმნი, თუმცა, რომ არა ჩემი მეუღლე, ნამდვილად ვერ შევძლებდი ჩემი ნამუშევრები გამეცნო საზოგადოებისთვის. ბოლომდე ჩართულია პროცესში, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიარო, რომ უმეტესი დეტალი სწორედ მისი იდეაა. როგორც იტყვიან, მე ხორცი შევასხი მის წარმოსახვას. ფასდაუდებელია ასევე მორალური მხარდაჭერა, რასაც მისგან ვგრძნობ.

თამარ სუხიაშვილის ნამუშევარი
თამარ სუხიაშვილის ნამუშევარი

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი და განსხვავებული პროდუქტი შევთავაზო საზოგადოებას. ერთი კმაყოფილი  მომხმარებელი უკვე წარმატებაა ჩემთვის და მიხარია, რომ მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. მუდმივ განვითარებას და საკუთარ თავზე მუშაობას მოაქვს წარმატება.

- ძალიან ორიგინალურ ჩანთებს ქმნით. რა მასალით იქმნება და რატომ შეარჩიეთ ეს მასალა?

- მასალის შერჩევა სპონტანურად მოხდა. ძირითად მასალად ნაყინის ხის ჩხირებს ვიყენებ, რომელიც საჭირო დროს აღმოჩნდა კარადაში. შემდეგ კი გაირკვა, რომ ეს ფერადი ჩხირები ერთნაირად იხდენს მეტალის და ტყავის დეტალებს, რომლებიც ჩემი  ნაკეთობების უცვლელი შტრიხებია, რა თქმა უნდა, საქართველოს რუკასთან ერთად.

თამარ სუხიაშვილის ნამუშევარი
თამარ სუხიაშვილის ნამუშევარი

- რამდენად პრაქტიკული, კომფორტული და მოსახერხებელია?

- საბოლოო ჯამში ვიღებ ჩანთას, რომელიც არის ძალიან მსუბუქი და კომფორტული. რაც მთავარია, ყველგან და ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო, ნივთი, რომლის შექმნაშიც ვდებ მთელ ენერგიას, რესურსს, იყოს შესამჩნევი და გამორჩეული.

- თქვენთვის ეს ხელოვნება უფროა თუ შემოსავლის წყარო?

- ვისაც შეხება აქვს ამ სფეროსთან, ვერ იტყვის, რომ ეს მხოლოდ შემოსავლის წყაროა. სრულიად სხვა დანიშნულების საგნისგან ქმნი რადიკალურად განსხვავებულ ნივთს. ეს დიდი გამოწვევა და სიამოვნებაა. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ხელოვნებაა.

თამარ სუხიაშვილის ნამუშევრები
თამარ სუხიაშვილის ნამუშევრები

- მომხმარებლების შენიშვნებს და რჩევებს რამდენად ითვალისწინებთ?

- მომხმარებლის შენიშვნებს დიდი ყურადღებით ვეკიდები. მაქსიმალურად ვცდილობ შევუთავსო ერთმანეთს მათი სურვილები და ჩემი ნაკეთობის ძირითადი კონცეფცია. ვცდილობ ყველას ინდივიდუალურად მოვარგო პროდუქტი. ამიტომ ორი იდენტური ჩანთა თითქმის არ მაქვს. ყველა მომხმარებელთან ხანგრძლივ და დეტალურ კონსულტაციას გავდივარ. საუბრის დასასრულს უკვე ვიცი რა უნდა დავუმზადო. მუშაობის დროს არ ვერიდები იმპროვიზაციასაც. სამუშაო პროცესში იბადება უამრავი იდეა, თითქოს  მასალები თავად მკარნახობენ რად უნდათ გადაქცევა.

- ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებსაც ქმნით?

- ამჟამად ჩანთებთან ერთად გვაქვს თმის სამაგრი და ბროშები.

თამარ სუხიაშვილის ნამუშევრები
თამარ სუხიაშვილის ნამუშევრები

- თქვენ თუ იწონებთ ხოლმე თავს თქვენი შექმნილი ჩანთებით?

- პირველად თავად ვირგებ ყველა ნივთს, რასაც შემდეგ ვთავაზობ საზოგადოებას. ეს ერთგვარი ტესტირების პერიოდია. ამ დროს მყიდველის თვალით ვაფასებ თითოეულ დეტალს.

- რას ნიშნავს აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს ?

- აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს, არის დიდი კომფორტი. შესთავაზო სხვას ამ შრომის ნაყოფი – უკვე ბედნიერებაა. ვერანაირი სხვა გრძნობა ვერ გაიძულებს ათენო ღამეები, გარდა ამ საქმის სიყვარულისა. 

თამარ სუხიაშვილის ნამუშევარი
თამარ სუხიაშვილის ნამუშევარი

- მეგობრები როგორ უყურებენ თქვენ საქმიანობას, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მათი მხარდაჭერა?

- პირველად მეგობრებს გავუზიარე ჩემი ნამუშევრები და მხოლოდ შემდეგ გავბედე ფართო ასპარეზზე გამოსვლა. მათი შექება თუ  შენიშვნა დიდ ძალას მმატებს. ყოველთვის ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და სტიმულია, როცა მეგობრებს ჩემი შესაძლებლობების  სწამთ.

- სამომავლოდ რას აპირებთ, რამე სიახლეს ხომ არ უმზადებთ მომხმარებლებს?

- მომავალში ვგეგმავთ გოგონებთან ერთად ბიჭებისთვისაც შევქმნათ განსხვავებული აქსესუარები. გვაქვს ძალიან ბევრი იდეა, რომლებიც დამუშავების პროცესშია და ძალიან მალე ჩვენ მომხმარებლებს საინტერესო სიახლეები ელოდებათ.

1212