სოფო ფოცხვერაშვილი

შვეიცარიაში დაწერილი ლექსები და ემიგრანტი ბავშვებისთვის უფასოდ დარიგებული საბავშვო წიგნები

306
(განახლებულია 18:26 17.07.2019)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გასტუმრებთ შვეიცარიას, სადაც საბავშვო მწერალი სოფო ფოცხვერაშვილი ცხოვრობს.

შვეიცარიაში 90-იანი წლების საქართველოდან მოხვდა, თუმცა მანამდე ევროპული ადაპტაცია ბელგიაში გაიარა. წარმოშობით გურჯაანის რაიონის ისტორიულ სოფელ კალაურიდანაა.

საბავშვო ლექსების წერა უცხოეთში ყოფნის დროს ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის დაიწყო. შემდეგ ისინი საჩუქარად მათვე დაურიგა. თავისი წიგნები საქართველოში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაც ჩამოიტანა საჩუქრად და ფერეიდნელ პატარებსაც გაუგზავნა. დღეს უკვე ტრადიციად აქცია- ჩადის ყველგან, სადაც ქართველი ბავშვები ეგულება და მათთვის საჩუქრად ქართული წიგნები ჩააქვს...ქალბატონ სოფოს ციურიხში დავუკავშირდით.

სოფო ფოცხვერაშვილი
სოფო ფოცხვერაშვილი

-ქალბატონო სოფო, ცოტა შორიდან დავიწყოთ: ალბათ თქვენთვის თავისებური შოკი იქნებოდა როცა 90-იანი წლების თბილისიდან ბელგიაში მოხვდით?

- მაგ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: ერთის მხრივ, აქ დავინახეთ ლამაზი, სუფთა, განათლებული და გაჭირვებულებზე მზრუნველი ქვეყანა, მეორეს მხრივ, იძულებითი პატივისცემა და ღიმილი, რაც ქართველებისთვის ძალიან უცხოა. ამას ბავშვები, რასაკვირველია, ვერ გრძნობდნენ. მაშინ ბიჭი თერთმეტი წლის და გოგონა ცხრა წლის იყო. ჩემი მეუღლე იურისტი გახლდათ და სანამ ყველაფერი დაინგრეოდა, თბილისში ჩვეულებრივად ვცხოვრობდით. სკოლა კალაურში დავამთავრე, მერე დაუსწრებლად ვსწავლობდი. მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ინსტიტუტის მერე საქონელმცოდნედ ვმუშაობდი. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება საქართველოში. 1996 წელს, საქართველოში გაუსაძლისი ცხოვრების გამო, ჩვენც დავტოვეთ საქართველო. ჯერ ბრიუსელში ჩავბარდით. ძნელი იყო ჩვენთვის უცხო ქვეყანაში ლტოლვილების სტატუსით ცხოვრება. ბელგიაში ჩასვლიდან მეორე დღეს, სამედიცინო კონტროლის გავლისას, ჩემს მეუღლეს მოულოდნელად სიმსივნე აღმოაჩნდა. საავადმყოფოებში ყოფნამ, ენის ბარიერმა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად შეკედლებულმა ცხოვრებამ, უფრო დამაბნია. ბრიუსელში მსოფლიოს ყველა ქვეყნის ადამიანებთან ერთად საერთო საცხოვრებელში ყოფნისგან დათრგუნულები ვიყავით.

შეხვედრა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში
შეხვედრა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიაში

- ბრიუსელიდან უარით გამოგისტუმრეს?

- ისე მოხდა, რომ ერთი წლისა და სამი თვის მერე, ნეგატივი მოგვცეს, ანუ უარი გვითხრეს. იძულებული გავხდით ბელგია დაგვეტოვებინა. შემდეგ ვცადეთ და გადავედით შვეიცარიაში, სადაც ქალაქ ციურიხში მოვხვდით. ამ ქვეყანაში ჩვენს დარჩენასაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მეუღლის ავადმყოფობის გამო დაგვტოვეს, ქართული ანდაზის არ იყოს: "ზოგი ჭირი მარგებელიაო" გამოვიდა. ევროპულ ცხოვრებას მანამდე, ბელგიაში ავუღეთ ალღო, ამიტომ ციურიხში შეგუება არ გაგვჭირვებია, განსაკუთრებით ბავშვებს გაუადვილდა.  

- ციურიხში რას საქმიანობდით?

- ციურიხში, ოფიციალურ სამსახურში არ მიმუშავია, რადგან მეუღლეს ხშირად უწევდა ოპერაციები და მკურნალობები და პატარებს ვერ დავტოვებდი. მეუღლის გარდაცვალების მერე, 2008 წელს, სასტუმროს სამზარეულოში დამხმარე თანამშრომლად მუშაობა დავიწყე. მანამდე არავითარ სამუშაოს არ ვთაკილობდი. ახლა დიდი ხანია, პენსიაზე ვარ.

შეხვედრა სოფო ფოცხვერაშვილთან
შეხვედრა სოფო ფოცხვერაშვილთან

- საბავშვო ლექსების წერა შვეიცარიაში დაიწყეთ?

- ლექსების წერა უცხო ქვეყანაში ნოსტალგიამ დამაწყებინა, მაგრამ ის ლექსები მხოლოდ ჩემთვის მქონდა. მეუღლესაც არ ვაჩვენებდი, რომ ზედმეტად არ ენერვიულა. მეგობრებმა დამაძალეს, რომ წიგნი დამებეჭდა. როცა 2013 წელს, ჩემი შვილიშვილი, მია დაიბადა, მთლიანად საბავშვო, სამხიარულო ნოტაზე გადავედი.

ავტოგრაფის მიცემის დროს
ავტოგრაფის მიცემის დროს

- პირველად რომელ ქვეყანაში ჩაიტანეთ თქვენი საბავშვო წიგნები?

- როცა ციურიხში დავბრუნდი, სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი წიგნები უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვებისთვის მიმეწვდინა. პირველად დავუკავშირდი ათენის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს, ბატონ ავთანდილ მიქაბერიძეს, რომელმაც ეს საჩუქარი სიამოვნებით მიიღო. მას ჩემი საბავშვო ლექსების კრებულის 80 ეგზემპლარი გადავეცი. ტრანსპორტირება თვითონ უზრუნველყო. ათენის ბავშვებთან შეხვედრით, მათი ანთებული და გაბრწყინებული თვალების ნახვით ძალიან ვისიამოვნე. ამის შემდეგ გეგმა დავსახე, რომ სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველა ქვეყანაში ჩავსულიყავი და პატარა ქართველები გამეხარებინა...

სოფო ფოცხვერაშვილის წიგნი
სოფო ფოცხვერაშვილის წიგნი

- ანუ დროთა განმავლობაში ეს უკვე ტრადიციად აქციეთ?

-ასე გამოდის. სანამ ჩავალ, იმ ქვეყანაში წინასწარ ვგზავნი ხოლმე თითო ეგზემპლარს, ბავშვები სწავლობენ თითო ლექსს და ზეიმზე ამბობენ. რამდენიმე მშობელმა სხვადასხვა ქვეყნიდან მომწერეს და გამომიგზავნეს ვიდეოები, სადაც მათი შვილები თხოვენ დედებს, რომ "ეს წამიკითხე, აქ რა წერიაო", იქ ჩანს როგორ ფურცლავენ  ჩემს წიგნს და აღწერენ სურათებს, როგორ კითხულობენ: „ეს, რა ასოაო?"... ბევრი ბავშვი ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ  ლექსისა და სურათის აღქმას ცდილობს. როცა ადგილზე ჩავდივარ, პატარები გარს მეხვევიან, ჩემს ლექსებს ამბობენ, თვითონაც ხარობენ და მეც მახარებენ!..

ერთ-ერთ ღონისძიებაზე
ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- თქვენი საბავშვო წიგნები საქართველოშიც ჩამოიტანეთ...

- სამიოდე წლის წინ, თბილისში ვიყავი და გავიგე, რომ ჩვენთან ფერეიდნელი ქართველები ჩამოჰყავთ და მათ ქართულ წერა-კითხვას, სამზარეულოს, ისტორიას და კულტურას ასწავლიან. უცებ გამიჩნდა იდეა, დავუკავშირდი ორგანიზატორებს და მათ ჩემი საბავშვო წიგნები გავატანე ფერეიდნელი ბავშვებისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ორგანიზატორების დახმარებით ჩემი წიგნები: „დედამიწა რაზე დგას?" და "ნოსტალგია" უკვე მათთან მოხვდა. შემდეგ დავუკავშირდი მედია კავშირ "ობიექტივს", სადაც ჩემი საბავშვო ლექსების კრებულის „დედამიწა რაზე დგას?" 100 ეგზემპლარი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის დავტოვე.

სოფო ფოცხვერაშვილის წიგნი
სოფო ფოცხვერაშვილის წიგნი

- ალბათ რთულია საუბარი სამშობლოზე ბავშვებთან, რომლებსაც ის თვალით არ უნახავთ. თქვენთვის რა არის სამშობლო?

- რა არის სამშობლო? სამშობლო -ენით გამოუთქმელი, აუხსნელი, გულში ჩაკირული გრძნობაა, როცა მას უჭირს- შენც ჩუმად კვნესი, მისი წარმატების დროს სიხარულისგან ტირის...

- რაზე დგას დედამიწა?..

- დედამიწა სიყვარულზე დგას და ამას ჩვენ ყველაზე კარგად  ბავშვები გვასწავლიან!..

 

306
თემები:
ქართველები უცხოეთში (77)
ანელი აწკარუნაშვილი

„პრობლემა არაა, შეგიძლიათ ქართულად მესაუბროთ“ ქართული საკვირაო სკოლა დუბლინში

450
(განახლებულია 20:40 05.08.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ქალბატონს, რომელმაც ირლანდიაში ქართული საკვირაო სკოლა დააარსა.

ანელი აწკარუნაშვილი ოცი წელია დუბლინში ცხოვრობს და მისი საკვირაო სკოლის დამსახურებაა ის, რომ იქ მცხოვრები ქართველი ბავშვები საქართველოსთან სულიერ კავშირს არ წყვეტენ. ირლანდიელებმა სწორედ ამ სკოლის დახმარებით გაიგეს ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაზე, რადგან სკოლა ამ წლების მანძილზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაც გამოირჩევა.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- ქალბატონო ანელი, როგორ დაიწყო თქვენი გზა საქართველოდან ირლანდიამდე?

- ირლანდიაში ჩამოსვლამდე თბილისში ვცხოვრობდი. პროფესიით დაწყებითი კლასების სპეციალისტი ვარ. სწავლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვეში მომიწია ირლანდიაში გადმოსვლა ოჯახთან ერთად და თითქმის ოცი წელია, რაც დუბლინში ვცხოვრობ.

- უცხო გარემოსთან შეგუების მომენტი რთულად გაიარეთ?

- სიმართლე გითხრათ, აქ ჩამოსვლის დროს ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. როგორც ბევრი ქართველისთვის, პირველი წლები არც ჩემთვის იყო ადვილი. ამის მიზეზი უცხო გარემო, განსხვავებული კულტურა და წეს-ჩვეულებები, ენის ბარიერი იყო. თუმცა ეს სირთულეები უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის რიტმისთვის ფეხი ამეწყო...

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- და, როგორც ჩანს, კარგადაც აუწყვეთ, დღეს თქვენ მიერ დაფუძნებული ქართული სკოლა პოპულარულია ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებში, როდის დააარსეთ ის?

- საგანმანათლებლო ცენტრი „ლამპარი“ 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. მე თავად სამი შვილი მყავს და ვცდილობდი, რომ მათ ქართული წერა-კითხვა ესწავლათ, თუმცა მივხვდი, რომ მხოლოდ ქართული წერა-კითხვის სწავლა არ იყო საკმარისი და ბავშვებს უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ თავისი ქვეყნის შესახებ. აქედან გაჩნდა იდეა, რომ გამეხსნა საკვირაო სკოლა. ეს იდეა ჩემს მეგობრებს გავუზიარე და ყველა ერთად გავერთიანდით მის გარშემო. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ 15 მოსწავლე იყო, ძირითადად ჩემი და ჩემი მეგობრების შვილები, თუმცა შემდეგ გავიზარდეთ და ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. დღეს დაახლოებით 40 მოსწავლეა სკოლაში და ქართული ენის გარდა ისწავლება საქართველოს ისტორია, რელიგიის ისტორია, ბუნება.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- თანამოაზრეებზე რას იტყვით?

- იმ დროისათვის არ ვიყავით განებივრებული სახელმძღვანელოებით, არც ინტერნეტ-სივრცეში იძებნებოდა ბევრი ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში პედაგოგებს თვითონ უხდებოდათ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. სწორედ საოცარი და პროფესიონალი პედაგოგების ქეთი ჯიღაურის, თეა ლიპარტელიანის, ეკა ფეიქრიშვილის და ჩვენი ყოფილი კოლეგების ნუნუკა ავგაროზაშვილის, მაია აწკარუნაშვილის და თამუნა ჩიტიძის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია ის, რომ ჩვენ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და მომავალი თაობის აღზრდაში მცირედი წვლილი შეგვაქვს.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- ირლანდიელებს თუ გამოუთქვამთ თქვენს სკოლაში სწავლის სურვილი?

- ირლანდიელებს არა, თუმცა საკმაოდ ბევრი მოსწავლე გვყავს შერეული ოჯახებიდან. ერთ ფაქტს გავიხსენებ: გასული წლის დასაწყისში ახალი მოსწავლე მოვიდა სკოლაში, მამით ქართველი და დედით ირლანდიელი. როდესაც დედასთან საუბარი დავიწყე, გამაჩერა და ქართულად მითხრა, პრობლემა არაა, შეგიძლიათ ქართულად მესაუბროთო. ჩემთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- ქართველები ხომ ყველგან მსგავსებას ვეძებთ, ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი?

- იცით, ქართველებსა და ირლანდიელებს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე. პირველი ისაა, რომ მათ ჩვენ მსგავსად გასაოცარი მეგობრობა იციან. ჩამოსვლიდან ძალიან მალე შევიძინე ბევრი ირლანდიელი მეგობარი, რომლებთანაც დღესაც ვაგრძელებ ურთიერთობას. სირთულეების გადალახვაში გარკვეულწილად ისინიც დამეხმარნენ.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- რა ქართულ აქტივობას ახორციელებს თქვენი სკოლა?

- აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც საშუალება გვეძლევა წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ყოველ წელს სკოლაში იმართება ღონისძიება, სადაც, გარდა ჩვენი თანამემამულეებისა, ვიწვევთ ჩვენს ირლანდიელ მეგობრებს, ვაცნობთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. მინდა დავამატო, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ღონისძიებების დროს ხდება ჩვენი მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნივთების გაყიდვა. შემოსული თანხით საქართველოში ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს. მართალია, ეს ქველმოქმედება მცირედია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პატარებმა სხვებზე ზრუნვა და სიკეთის კეთება ისწავლონ.

დიასპორის დღეებზე თბილისში
დიასპორის დღეებზე თბილისში

- სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებთან თუ გაქვთ კავშირი?

- ჩვენი ცენტრი ორიენტირებული არ არის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესზე, ჩვენი მიზანია, რომ აქ მყოფი ქართველი ბავშვები ერთმანეთს დავამეგობროთ. სწორედ ამიტომ ხშირად ვაწყობთ სასკოლო ტურებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. 2016 წელს წელს სასკოლო ტურით ვიმყოფებოდით საფრანგეთში, პარიზში. იქ ვესტუმრეთ პარიზში არსებულ ქართული კულტურის კერას, სახელად „ლაზი“, სადაც ჩვენი მოსწავლეები შეხვდნენ იქ მცხოვრებ თანატოლებს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- დაარსების დღიდან რამდენი თაობის ქართველები აღზარდა თქვენმა სკოლამ?

- საკვირაო სკოლამ უკვე ქართველების სამი თაობა აღზარდა. ჩვენ ვცდილობთ მათთან კონტაქტი არ დავკარგოთ და სწორედ მათთვის ვატარებთ ხოლმე ლექცია-გაკვეთილებს. გარდა ჩვენი სკოლის პრდაგოგებისა, აქ ლექციებს უკითხავენ ასევე მოწვეული სტუმრები.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- პანდემიის დროს რა ხდებოდა თქვენს სკოლაში?

- პანდემიის დროს ჩვენ არ გავჩერებულვართ. ვატარებდით ონლაინ გაკვეთილებს. სწავლის პარალელურად ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად ჩავატარეთ ონლაინ-ლექცია თემაზე „სადაურსა სად წაიყვან...” ჩვენი უფროსი მოსწავლეები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული პირველი საერთაშორისო ონლაინ-სკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ პროექტში. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვისაც მცირედი წვლილი მიუძღვის საკვირაო სკოლის არსებობაში, ესენი არიან: M.Murray, ი. კოპლატაძე, Father D. Lonergan და საქართველოს საელჩო ირლანდიაში. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გიორგი ზურაბაშვილს თანადგომისთვის, ახლო მომავალში სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ. ოქტომბერში ვაწყობთ შემოდგომის ფესტივალს, ჩვენებურად რთველს, სადაც ჩვენი მოსწავლეები და მათი აქაური თანატოლები გაეცნობიან საქართველოს, როგორც ღვინისა და ვაზის სამშობლოს. ირლანდილებს ქართული ღვინის მრავალწლიან ისტორიას გავაცნობთ, ბავშვები თავის საყვარელ ქართულ ნუგბარს - ჩურჩხელებს ამოავლებენ.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- შორიდან ალბათ სხვაგვარად აღიქვით ის, რასაც სამშობლო ჰქვია?..

- სამშობლო ალბათ ყველაფერია – ბავშვობა, მეგობრები, ოჯახი... ჩემთვის სამშობლო სიყვარულია, ადგილია, სადაც გული სხვანაირად მიცემს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდივარ, ჩემი მზიანი და თბილი ქვეყანა ყოველთვის მენატრება. ირლანდიელი მეგობრები ხშირად მეკითხებიან – ვაპირებ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას. ჩემი პასუხია: იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები...

 

450
თემები:
ქართველები უცხოეთში (77)
გამოფენაზე

„გელბახას“ მისტიკური სამყარო, ანუ „ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდო”

761
(განახლებულია 19:16 04.08.2020)
ხატვა ბავშვობიდან იყო მისი სტიქია. თავიდან ტუშით ხატავდა და, შესაბამისად, მისი ნახატები შავ-თეთრი იყო, ფერები მოგვიანებით გაჩნდა.

დათო გელბახიანმა სკოლის მერე არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და 15 წელი აღარ დაუხატავს. ხატვას ბოლო ათი წელია დაუბრუნდა. მისი ნახატების პირველი გამოფენა საკმაოდ წარმატებით 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. ერთი წლის მერე კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისმა ნახატებმა მეორედ შეკრიბა ხელოვნების მოყვარულები. მის ნამუშევრებზე პანდემიის დროსაც დიდი მოთხოვნილება იყო და არა მარტო საქართველოში...

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ბატონო დათო, თქვენს ნამუშევრებში გადაჯაჭვულია მისტიკა და რეალობა, რამდენად გჯერათ სასწაულის?

- სასწაულების მჯერა, როგორ არ უნდა მჯეროდეს... მარტივ მაგალითს გეტყვით, განა ცხრა თვის ლოდინის მერე ადამიანის დაბადება სასწაული არ არის? არა მგონია, უცნაური ადამიანი ვიყო, ჩვეულებრივი ვარ. თუმცა მისტიკა მიტაცებს და ვცდილობ, რომ ყველაფერ უცნაურს ლოგიკური ახსნა მოვუძებნო ხოლმე. თავიდან შავ-თეთრი ნახატები მქონდა და ტუშით ვხატავდი. შემდეგ ფერები და საღებავები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ხატვის დროს შთაგონებას მიჰყვებით თუ რაციოს კარნახით ხატავთ?

- ჩემს ნახატებში ალბათ შთაგონებას უფრო მივყვები, სიუჟეტს არასდროს ვგეგმავ წინასწარ. როცა ხატვას ვიწყებ, არც კი ვიცი ბოლოს რა გამოვა, დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. და, რაც მთავარია, წინასწარ ვერასდროს დავგეგმავ. მოდი, ხვალ ავდგები და დავხატავ – ასე არაა ჩემთან...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ბოლო ათი წელია, რაც ხატვას დაუბრუნდით...

- დიახ, სკოლის მერე 15 წელი არ გავკარებივარ ფანქარს და საღებავებს. ბოლო ათი წელია რაც დავუბრუნდი. მიზეზი მარტივია: უბრალოდ მომინდა ხატვა...

- ნანობთ იმ წლებს?

- არა, ზოგადად არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, კანონზომიერია.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ამხელა პაუზა იმიტომ ხომ არ დაგჭირდათ, რომ ახალი შეგრძნებებით და ემოციით შევსებულიყავით?

- მართლაც ასე იყო. ის წლები, როცა არაფერი მიხატავს, ფანტაზია და თემები დამიგროვდა და ეს ალბათ კარგად აისახა ჩემს ნახატებზე. უფრო ზუსტად კი ეს იყო მონატრება და სურვილი – რაღაც ახალი და განსხვავებული შემექმნა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ ხმაურით ჩაიარა...

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მესტუმრა, ტელევიზიებმაც გააშუქეს. პირველი გამოფენის შემდეგ მომეცა სტიმული, რადგან დავინახე ადამიანები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ სიამოვნებდათ ჩემი ნახატების ყურება და მოვალეობის მოხდის მიზნით არ იყვნენ მოსული. მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე და უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და ყველას მოსწონს. ამას მოჰყვა 2019 წლის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც ასევე ფურორით ჩაიარა და კარგად მახსენდება. ამის შემდეგ უკვე „კორონა ჩაერია” და დაგეგმილი გამოფენა ჩაიშალა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ნახატების გაყიდვის პრობლემა არ გაქვთ?

- მიხარია, რომ ჩემი ნახატები დიდი რაოდენობით იყიდება – არა მარტო საქართველოში, ამერიკაში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინასა და ჰოლანდიაში. ამაში პანდემიასაც არ შეუშლია ხელი.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თუ გაქვთ ნახატი, რომელმაც „დაგამახსოვრათ“ თავი?

- ასეთი გამორჩეული ნახატი არ მაქვს, ყველა ერთნაირად მიყვარს. უბრალოდ იყო ასეთი შემთხვევა: ერთხელ შავი საფერავი ღვინის წვეთი დაეცა ფურცელზე და ასე შეიქმნა პირველი ნახატი „საფერავითა“ და ტუშით. ამ ნახატს „ბაბუა“ ჰქვია. ესაა მონატრებული ბაბუა, რომელიც შვილების და შვილიშვილების მოლოდინში ხის ძირას ღობესთან ზის ჩაფიქრებული. ერთი ნახატის წინაპირობა კი ჩემი მონატრება გახდა. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი გოგო, მარიამი, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ძალიან მომენატრა და დავხატე...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების შეფასების დროს ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ?

- ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს, ისაა, რომ ყველა იძახის “გელბახას” ნამუშევრების ამოცნობა ათასი ნახატიდან შეიძლებაო, ანუ შენი ხელწერა გაქვსო. მახარებს ის, რომ არავის ვბაძავ და განსხვავებული ვარ.  

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი აზრით, ვინ არის „გელბახა“, როგორი ადამიანია?

- “გელბახა” – ეს მეტსახელი ბავშვობიდან შემრჩა და მივეჩვიე. გელბახა ვინ არის? ამაზე მე რა ნამუსით უნდა ვილაპარაკო? - არ ვიცი და ვერც გეტყვით. მხოლოდ ერთს ვიტყვი: გელბახა არის ადამიანი, ვისაც შეიძლება, რომ ენდო...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- რაზე ოცნებობთ და რას ელოდებით ცხოვრებისგან?

- ვოცნებობ იმაზე, რომ ქალაქგარეთ სიწყნარესა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. პირველ რიგში გარშემო ჩემი ახლობლები და მეგობრები კარგად უნდა იყვნენ, რომ ხალისი და განწყობა მქონდეს იმისთვის, რომ რაღაც კარგი შევქმნა. არაა აუცილებელი ფეშენებელური ვილა იყოს, უბრალო პატარა სახლიც დამაკმაყოფილებს. მთავარია, მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ვიმუშავებ და რაღაც კარგს შევქმნი, ესაა და ეს...

 

761
გიორგი გახარია

როდის შეხვდება პრემიერი ბაჩალიაშვილის ოჯახს: პრემიერმა დრო დაასახელა

0
(განახლებულია 14:05 06.08.2020)
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს,  რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მზად არის გარდაცვლილი თამარ ბაცალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებს, თუმცა, გამოძიების დასრულების შემდეგ, განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

გოგონას მშობლები გამოძიებაში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს,  რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.

„მე, მშობლებთან ერთად ყოველ დღე ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ოჯახთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მან გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

0