საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი

© courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილი
ციცი ოსიყმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისთვის ხატვა შინაგანი თავისუფლების გამოხატვის და პიროვნული ზრდის ყველაზე საუკეთესო გზა და საშუალებაა...

ციცი ოსიყმაშვილი – მხატვარი სცენოგრაფი, მუშაობდა თეატრალური უნივერსიტეტის სასწავლო თოჯინების თეატრში გივი სარჩიმელიძესთან, ამის შემდეგაც ბავშვებთან მოუწია ურთიერთობა, ოღონდ სცენა საკლასო ოთახმა ჩაანაცვლა.

ამავე დროს აგრძელებს საქმიანობას როგორც მხატვარი. მალე ბულგარეთში გაიმართება გამოფენა, რომელზეც ევროპელ მხატვრებთან ერთად სამი ქართველი მხატვარი წარდგება, მათ შორის ციცი ოსიყმაშვილიც იქნება.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილი ხატვის დროს
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილი ხატვის დროს

– ციცი, პროფესიულ არჩევანზე მინდა გკითხოთ, სცენოგრაფი თეატრის სიყვარულით გახდით?

– სცენოგრაფიას თავდაპირველად გავეცანი, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. გრაფიკას ბატონი ავთანდილ ჩაჩავა გვასწავლიდა და სწორედ მან აგვიხსნა და შეგვაყვარა სცენის მხატვრული გაფორმების ხიბლი და მრავალფეროვნება. ეს დარგი სხვადასხვა ტექნიკას მოიცავს – ფერწერას, გრაფიკას, კომპოზიციების ხატვას, ქსოვილის მხატვრულ დამუშავებას, რითიც მსახიობებმა ესა თუ ის როლი უნდა მოირგონ. გრიმი და სცენა პირადად მე ერთ დიდ მოძრავ ტილოდ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი ნამდვილად შთამაგონებელი აღმოჩნდა იმ საქმისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ. სცენასთან შეხება სტუდენტობის დროს შევძელი.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება

– ბატონ გივისთან რომელ სპექტაკლზე იმუშავეთ?

– პატივი მქონდა, რომ პირადად გამეცნო ძალიან გამოცდილი რეჟისორი და საყვარელი ადამიანი, ბატონი გივი სარჩიმელიძე, რომელიც დღეს აღარ არის. მის დაარსებულ სასწავლო თოჯინების თეატრში ახალგაზრდა, მაშინდელ დამწყებ მსახიობებთან ერთად ვიმუშავე თოჯინურ სპექტაკლზე „დონ კიხოტი”. ამ სპექტაკლის თოჯინებზე მსახიობები და მხატვრები ერთად ვმუშაობდით და ეს ნამდვილი გუნდურობის გაკვეთილი იყო. ასე უნდა იზრდებოდნენ პროფესიულად მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები და მუსიკოსები.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილი
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილი

– თეატრის შემდეგ იგივე „პრეტენზიული პუბლიკის“ წინაშე სხვა „სცენაზე“ გადაინაცვლეთ...

– ბავშვებთან ურთიერთობა თეატრის შემდეგ სკოლაში გაგრძელდა. საკლასო ოთახშიც თავისებური „სპექტაკლის“ გამართვაა საჭირო, რათა ბავშვების ყურადღება დაიმსახურო. 2012 წელს მეგობრის რჩევით მივედი თბილისის 81-ე საჯარო სკოლაში და გადავწყვიტე ბავშვებისთვის სამხატვრო ოსტატობა მესწავლებინა. დავიწყეთ მუშაობა ფერწერა–გრაფიკა–კომპოზიციაში. ბავშვები სხვადასხვა ტექნიკას ეუფლებოდნენ. პარალელურად იყო შემოთავაზებები და პროექტები, ასე ჩამოყალიბდა მხატვართა სკოლა. ხატვის გაკვეთილები გახდა ის, რაშიც საკუთარი თავი ვიპოვე. ბავშვების გამოფენებს სკოლებში და სკვერებში ვმართავთ, რაშიც 81-ე საჯარო სკოლის დირექცია გვეხმარება. ბოლოს გამოფენა, რომელიც ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა, ქალბატონ ნინო ლაცაბიძის მხარდაჭერით გაიმართა. ასეთი გამოფენები პატარებისთვის სტიმულია.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილი მოსწავლეებთან ერთად
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილი მოსწავლეებთან ერთად

– ბავშვებს ხატვით თავისუფალ აზროვნებას ასწავლით?

– დიახ, ხატვა ბავშვებისთვის თამაშის პროცესია, სადაც თავისუფალ აზროვნებას, ხელის გაწაფვას და ფანტაზიების გამოხატვას ცდილობენ. როგორ სიგიჟედაც უნდა ეჩვენებოდეს თავად ავტორს, მაინც ვცდილობთ მათ იდეას ფრთები შევასხათ. მე ვიცი, რომ ბავშვებს ფრთები აქვთ და მათ უნდა იფრინონ. ხატვა სწორედ ერთ-ერთი საფრენი აპარატია. როდესაც მოზარდები ხდებიან, უფრო გაბედულები და გახსნილები არიან, ტექნიკურადაც იხვეწებიან და ამის შემდეგ ვმართავთ გამოფენებს. ბავშვები სხვადასხვა პროექტებში იღებენ მონაწილეობას და წარმატებასაც აღწევენ. სახელოსნოში თავისუფალი მიდგომაა ბავშვების მიმართ, მაგრამ აბიტურიენტების აკადემიურ პროგრამასაც გადიან აკადემიაში ჩასაბარებლად. სახელოსნო და ბავშვები ჩემთვის სამუშაო არაა, ეს ჩემი სიყვარული და შემოქმედებითი საქმეა.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება

– თუ დააკვირდით, ისინი ყველაზე ხშირად რას ხატავენ?

– ყველა ბავშვს უყვარს და აინტერესებს პორტრეტების ჟანრი, ანუ სახის ხატვა. ამით და ამ გზით ისინი საკუთარი თავის შესწავლას იწყებენ. ცდილობენ იდეალური პროპორციები ხატონ და როცა არ გამოსდით, ძალიან განიცდიან. მაგრამ გაკვეთილიც იმისთვისაა, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ და გაიზარდონ, იმედგაცრუება მონდომებით და ყურადღებით ჩაანაცვლონ, კონცენტრირება სასურველ შედეგზე მოახდინონ და შრომის ფასად მიზანს მიაღწიონ. ისინი სწავლობენ ცხოვრების ელემენტარულ წესს და იმას, რომ თუ მოინდომებენ, შეუძლებელი არაფერია... 

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება

– პარალელურად თქვენც აქტიურად ხატავთ და ბულგარეთის გამოფენისთვის ემზადებით...

– აქამდე საკუთარი ნამუშევრების თავის მოყრას ვერ ვახერხებდი. ძირითადად რასაც ვხატავდი, იყიდებოდა, ამიტომ გამოფენა არ მქონია. ახლო მომავალში ჩემი ახალი ნამუშევრების გამოფენა ბულგარეთში მექნება. ეს ის ნამუშევრებია, რისი შექმნაც ბოლო სამი თვის მანძილზე მოვასწარი. გამოფენა გაიმართება ევროპელ მხატვრებთან ერთად. საქართველოდან მხოლოდ სამი მხატვარი ვიქნებით. შემდეგი გამოფენა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში იტალიაში იგეგმება.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliდედის პორტრეტი
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
დედის პორტრეტი

– პორტრეტული ჟანრი უფრო გიყვართ, რომელ თქვენს ნამუშევარს გამოყოფდით?

– პორტრეტების ხატვა მიყვარს. ყველაზე მძაფრად დედაჩემის პორტრეტის ხატვა მახსენდება, როცა გულის მანკით მძიმედ იყო ავად და მისი პორტრეტიც სწორედ ოპერაციის წინა პერიოდს ასახავს. თითქოს მისი სნეულება ტილოზე გადმოვიდა. მან ძალიან რთული ოპერაცია გადაიტანა და მისი გადარჩენის შანსი ცოტა იყო. ახლა კარგადაა, მეორე შვილიშვილს ზრდის და სიცოცხლე ისევ უხარია... შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ქვეცნობიერს ისე ძალიან უნდოდა, რომ დედის ავადმყოფობა ქაღალდზე გადასულიყო, რომ ასეც მოხდა. ეს, რა თქმა უნდა, მისტიკაა, მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა... ხელოვანი იმას უნდა აკეთებდეს, რასაც გრძნობს და განიცდის. სუბიექტური ხედვა და სიახლეების ძიება – ეს არის ჩემთვის შემოქმედებითი თავისუფლება. ხატვისას ის ვარ, ვინც ვარ და ბავშვებსაც იმავეს ვასწავლი. თამამად უნდა გამოხატონ საკუთარი თავი და ემოციები.

© photo: courtesy of Cici Osiymashviliციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება
საფრენი აპარატი ბავშვებისთვის, მხატვრის ქვეცნობიერი და დედის პორტრეტზე „გადატანილი“ სენი - Sputnik საქართველო
ციცი ოსიყმაშვილის შემოქმედება

– ერთ-ერთ თქვენს ნამუშევარს „ქიმია“ ჰქვია, მასზე თავგადაპარსული ლამაზი გოგოა გამოსახული...

– ამ ნამუშევრის შთაგონების წყარო გახდა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენ გარშემო სიმსივნით დაავადებული ადამიანები მომრავლდნენ. ნახატზე ამ ადამიანების ტკივილი და სიცოცხლისთვის ბრძოლა მინდოდა გადმომეცა.

– ამ თემაზე სულ არის კამათი – შეიძლება თუ არა, რომ ხატვა ნებისმიერ ადამიანს შეასწავლოთ?

– ხატვა და მხატვრობა ერთი და იგივე არაა. ხატვის სწავლა ყველას შეუძლია, რადგან ამ პროცესს აქვს ელემენტარული წესები, რითიც მოსწავლე პროპორციების დაცვას სწავლობს და მარტივად ხატავს ამა თუ იმ ფორმას. თუმცა შემოქმედებით ადამიანს მეტი მოეთხოვება, ვიდრე უბრალოდ წესების დაცვაა. დროთა განმავლობაში ამ წესებს ემატება ინტელექტი, სიღრმე და გამოცდილება. აი, ასე იზრდება მომავალი თაობა, რომელიც ქვეყნის წარმატების, მშვიდობის და ნათელი მომავლის საწინდარია...

 

ყველა ახალი ამბავი
0