„გაორებიდან“ დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრიდან გადმოხატული ესკიზები

© photo: courtesy of Tornike Khurashviliთორნიკე ყურაშვილი
თორნიკე ყურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თორნიკე ყურაშვილი – მხატვარი და მოქანდაკე, მხატვართა კავშირის წევრი, იღებს მონაწილეობას გამოფენებში როგორც ქალაქის ასევე ქვეყნის მასშტაბით.

2010 წლიდან ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მომავალ მხატვრებს ხატვასა და ძერწვას ასწავლის. ამჟამად ინტენსიურად მუშაობს და ახალი გამოფენებისთვის ემზადება.

© photo: courtesy of Tornike Khurashviliთორნიკე ყურაშვილი
„გაორებიდან“ დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრიდან გადმოხატული ესკიზები - Sputnik საქართველო
თორნიკე ყურაშვილი

- თორნიკე, რითი განსხვავდებით სხვა მხატვრებისგან, ან რით გინდათ, რომ მათგან განსხვავებული იყოთ?

- ვფიქრობ, ყველა მხატვარი თავისებურად განსხვავებულია და ეს სხვაობა მათ ბუნებასა და მსოფლმხედველობაში დევს. ნებისმიერი ხელოვანი ამის მიხედვით და აქედან გამომდინარე ქმნის სამყაროს გამოსახვის მისეულ ფორმებს. მიმბაძველობა კი დამღუპველია და ასეთი გზით შექმნილი ნებისმიერი ნამუშევარი ყალბი იქნება. გულით უნდა ემსახურო შენ საქმეს და ეს გულწრფელობა დაგიფასდება. მე პატარაობიდან ვძერწავ და ვხატავ. დედა ქუთაისელია და 1993 წელს ჩვენი ოჯახი აფხაზეთიდან ქუთაისში ჩამოვიდა. მე და ჩემმა ძმამ ამ ქალაქში მივიღეთ სამხატვრო განათლება. მას შემდეგ აქ ვარ და რაც კი გამიკეთებია, ამ ქალაქშია შექმნილი ყველაფერი.

© photo: courtesy of Tornike Khurashviliთორნიკე ყურაშვილის "გაორება"
„გაორებიდან“ დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრიდან გადმოხატული ესკიზები - Sputnik საქართველო
თორნიკე ყურაშვილის "გაორება"

- ნებისმიერი ხელოვანის შემოქმედებაში არის საეტაპო ნამუშევარი, რომლის მერეც, შესაძლოა, ფასეულობების გადაფასება მოხდეს, თქვენ შემთხვევაში ასეთი რომელია?

- მე მაქვს ერთი ქანდაკება, კომპოზიცია სახელად „გაორება“ და ჩემთვის მაგ დროიდან დაიწყო ახალი ეტაპი. ეს ქანდაკება ერთი ფიგურაა, რომელსაც ორი ნაწილი აქვს. ერთი მხარე მრგვალ ფორმაშია გამოსახული, მეორე – კუთხოვანში. ამას თავისი ახსნა აქვს: მრგვალი ფორმებით რეალისტური ამბავია ასახული, მეორე ნაწილში ფორმები დარღვეულია და ის ჩემ ფანტაზიას გამოხატავს. ცხოვრებაში შესაძლოა ბევრჯერ მწვევია ამგვარი სულიერი მდგომარეობა, მაგრამ მასზე ყურადღება არ გამიმახვილებია. გაორება რთული შინაგანი ბრძოლაა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან... როცა მოვიდა დრო, ეს სულიერი პროცესები ჩემ ნამუშევარში, რომ იტყვიან, გადმოიღვარა.

© photo: courtesy of Tornike Khurashvili თორნიკე ყურაშვილის ნამუშევარი "ქარი"
„გაორებიდან“ დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრიდან გადმოხატული ესკიზები - Sputnik საქართველო
თორნიკე ყურაშვილის ნამუშევარი "ქარი"

- რამდენადაც ვიცი, თქვენმა ამ ნამუშევარმა ქუთაისელი მხატვრების ყურადღება მიიქცია...

- დიახ, ჩემმა „გაორებამ“ კარგი შეფასება მიიღო მხატვართა კავშირში ჩატარებულ გამოფენაზე „ვარლაში“, სადაც მას პირველი ადგილი მიაკუთვნეს. აქ წელიწადში ოთხჯერ–ხუთჯერ იმართება გამოფენები და მათში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. მაგ „გაორებიდან“ დაიწყო ჩემთვის ახალი ეტაპი, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. 

© photo: courtesy of Tornike Khurashviliთორნიკე ყურაშვილის ქანდაკება"დამარცხებული"
„გაორებიდან“ დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრიდან გადმოხატული ესკიზები - Sputnik საქართველო
თორნიკე ყურაშვილის ქანდაკება"დამარცხებული"

- როცა ბავშვებს ხატვას ასწავლით, რაიმე საერთო რჩევას ხომ არ აძლევთ, სანამ ხატვას დაიწყებენ?

- ბავშვებს ვასწავლი და ეს ძალიან რთული საქმეა. მაქვს საერთო რჩევა, რასაც ყველას ვაძლევ. მათ ვეუბნები: სანამ ფურცელზე ან ტილოზე გააკეთებთ მონახაზს, არ იჩქაროთ, კარგად იფიქრეთ. როდესაც რაიმე იდეა გონებასა და ფანტაზიაში კარგად გამოიკვეთება, ამის შემდეგ გულით და სიყვარულით გადაიტანეთ ის ნამუშევარში. 

- სიზმარში თუ დაგიხატავთ რამე, ან რაიმე თემა თუ გადმოგიტანიათ იქიდან?

- პირიქითაც ყოფილა, მქონია ისეთი მომენტი, რაზეც მიფიქრია დღის განმავლობაში შემდეგ სიზმარში მინახავს. თუმცა თიხაში გადმოცემისას დეტალები შემიცვლია. კომპოზიციები „სიცოცხლე“ და „ქარი” რომ შევქმენი, მანამდე დაახლოებით მსგავსი რამ სიზმარში ვნახე და მერე გადმოვიტანე. სიზმარში ნანახი ზუსტად არ გადმომაქვს, ჯერ პატარა ესკიზს ვაკეთებ იმისა, რაც დამესიზმრა. შემდეგ ამ ესკიზს მასშტაბში ვადიდებ. ასეთ ცვლილებებს ნამუშევარი ყველა ვარიანტში ითხოვს. მასშტაბის შეცვლისას კი ფორმაც იცვლება და რაღაცის დამატება ხდება საჭირო, რაღაცის, პირიქით – გამოკლება. ამ ორ შემთხვევაში ასე მოხდა.

© photo: courtesy of Tornike Khurashviliთორნიკე ყურაშვილი
„გაორებიდან“ დაწყებული ახალი ცხოვრება და სიზმრიდან გადმოხატული ესკიზები - Sputnik საქართველო
თორნიკე ყურაშვილი

- ანუ, ზოგ შემთხვევაში რასაც ქმნით, გარკვეული პროდუქტია, რასაც იღებთ რეალობისა და სიზმრის შეჯერებით?

- ზოგჯერ ასეც გამოდის. ხშირად სიზმარსა და ცხადს შორის არსებული ზღვარი იშლება. ასეთი რამ მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია. ის ცვლის სამყაროს და დროს აჩერებს. მინდა ჩემს მოსწავლეებს შორის ბევრი იყოს ისეთი, ვინც ამას გონებით გაიაზრებს და მხატვარი თუ ვერ გამოვა, ნამდვილი ხელოვნების მოყვარული და დამფასებელი იქნება. ასეთი ადამიანები კი ბევრი უნდა იყოს ჩვენ გარშემო, ისინი სიკეთეს ამრავლებენ...

 

ყველა ახალი ამბავი
0