მამუკა ბუკია

მეგრული დაფნის ზეთი ევროპული ბაზრისთვის წარმატების ისტორია ხამისკურიდან

2645
(განახლებულია 16:22 11.07.2019)
რუბრიკაში „მე ეს გამომივიდა: წარმატების ისტორია საქართველოში“ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის მკვიდრს მამუკა ბუკიას წარმოგიდგენთ.

სახელი - მამუკა ბუკია

ასაკი -  50 წლის

განათლება - ინჟინერი

პროფესია - მეწარმე

საცხოვრებელი ადგილი - ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხამისკური

Производство лаврового масла
© photo: Sputnik / Nika Lataria
მამუკა ბუკია მის მიერ შექმნილ საწარმოში

დასაწყისი: რაც ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაჭირდა და დასაქმება დიდი პრობლემა გახდა, გადავწყვიტე მცირე ბიზნესი დამეწყო. მოგეხსენებათ, სამეგრელოში ოდითგანვე დაფნის კულტურას დიდი ყურადღება ეთმობოდა. პირველი ნაბიჯები ჩემ საკარმიდამო ტერიტორიაზე არსებული დაფნის ჩაბარებით დავიწყე. როცა შემოსავალი საკმაოდ სოლიდური იყო, შემდეგ გამიჩნდა იდეა – გამეხსნა ჩემი საწარმო. დაახლოებით ათი წელია, რაც აღნიშნულ საქმიანობას ვეწევი. ჩვენთან სოფელში დაფნა ყველას აქვს. შორსაც არ უწევთ წაღება, ჩემთან მოაქვთ და აბარებენ, თან საწარმოში ადგილობრივები არიან დასაქმებული. ფასიც მაღალია, დაახლოებით 4-დან 5 ლარამდე მერყეობს. თან, თუ ადრე ჭრიდნენ, შემდეგ მის გახმობას ელოდებოდნენ და შემდეგ აბარებდნენ, ახლა, მოგეხსენებათ, ტექნოლოგიები განვითარდა, შესაბამისად, მე საშრობი აპარატი შევიძინე, რაც მოსახლეობას შრომას უადვილებს. რეალიზებას მარტივად ვახდენ, მოთხოვნა დიდია, პროდუქცია კი ხარისხიანი.

Производство лаврового масла
© photo: Sputnik / Nika Lataria
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო

ცნობილია, რომ დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაციებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს. დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.

© video: Sputnik . Nika Lataria
ევროპაში სარეალიზაციოდ გამოხდილი დაფნის ზეთი - წარმატებული მეწარმე ხობიდან

რაც შეეხება ზეთის გამოხდას და წარმოებას, მინდოდა დაფნის წარმოება უდანაკარგო ყოფილიყო და ყველაფერი გამომეყენებინა. წინაპრებისგან გაგონილი მქონდა, რომ დაფნის ზეთს უნიკალური სამკურნალო თვისებები ჰქონდა. იგი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ტეტანუსის, ციებ-ცხელების, სახის კუნთების ნერვული ტიკების სამკურნალოდ. დაფნის ზეთი შედის რევმატიული ტკივილების, სპაზმების, ნევრალგიების, კანის ანთებითი პროცესების, დერმატიტის, ეგზემის, მუნის, კანის (მათ შორის თავის თმიანი ნაწილის), სხვადასხვა დაზიანების — ჭრილობის, ნაიარევის, დამწვრობის და ინფეციური დაავადებების სამკურნალო მალამოების შემადგენლობაში. აღნიშნული პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სხვადასხვა ქსოვილებში, იხმარება კანისა და თმის მოვლის დროს და ასევე ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს იდეა ამეკვიატა და დაახლოებით ერთი თვეა ზეთის გამოსახდელი დანადგარი შევიძინე. პროცედურებში კარგად გავერკვიე და, შეიძლება ითქვას, ამ სფეროში „ხარისხი დავიცავი“. როცა ზეთი გამოვხადე, შემოწმებაზე გავგზავნე და პასუხს სულმოუთქმელად ველოდი. აღმოჩნდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ჩემი ხელით გამოხდილმა დაფნის ზეთმა ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა, რამაც დიდი სტიმული მომცა.

Производство лаврового масла
© photo: Sputnik / Nika Lataria
დაფასოებული დაფნა

შედეგი: წლის განმავლობაში 200-დან 250 ტონამდე დაფნის დაფასოებას და რეალიზებას ვახდენთ. ახლა მოთხოვნა მაღალია, ადრე დაფნის ფასი 30 თეთრი იყო. რადგან ფასი მაღალია, მოსახლეობა დაინტერესებულია და გაშენება დაიწყეს. ძირითადად მაღალი ხარისხის დაფნის რეალიზებას ვახდენთ, ხოლო ცოტა შელახული დაფნისგან ზეთს ვამზადებთ. აი ნარჩენისგან კი ვგეგმავ საქონლის საკვები გავაკეთო. ზოგადად დაფნა ისეთი პროდუქტია, მისგან ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ახლა შეკვეთები გვაქვს ყაზახეთიდან და პოლონეთიდან. ხამისკურში ჩამოსხმულ დაფნის ზეთს კი პირველად გასაყიდად ევროპაში ივლისის ბოლოს გავგზავნი.

რჩევა დამწყებთათვის: არავინ არაფერი უნდა დაიზაროს და არც უნდა ითაკილოს. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში რამდენიმე ადამიანია დასაქმებული, მეც მათთან ერთად დიდი შემართებით ვმუშაობ. თუ ადამიანმა შრომა ითაკილა და იფიქრა, უფროსი ვარ და არაფერი უნდა გავაკეთოო, შედეგი ცუდი იქნება. მე ჩემ მუშახელთან ერთად ვშრომობ და შედეგიც სახეზეა.

ნიკა ლატარია

2645