ირაკლი ალფაიძე სცენაზე

ქართველი მომღერალი, რომელსაც გერმანიაში საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს

1466
(განახლებულია 18:06 10.07.2019)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს გერმანიაში მცხოვრებ ირაკლი ალფაიძეს შეგახვედრებთ.

როცა ადამიანი მიზანსწრაფული და ნიჭიერია, სურვილის შემთხვევაში ყველა სფეროში მოახერხებს წარმატების მიღწევას. შესაძლოა, მაყურებელმა თავიდან სცენიდან გაგიცნოს როგორც მომღერალი და შემდეგ უცხო ქვეყანაში სრულიად სხვა სფეროში გახდე რეალიზებული.

ასე მოხდა ირაკლი ალფაიძის შემთხვევაშიც. ერთი პერიოდი პოპულარული ჯგუფის „სეფას ბიჭების“ მომღერალმა ძალები დოკუმენტური კინოს ჟანრშიც სცადა და რელიგიურ თემატიკაზე ფილმების მთელი ციკლი გადაიღო.

დღეს ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და აქვს საკუთარი სამშენებლო კომპანია „ალფა მშენებლობა", რომელიც გერმანიის, ჰოლანდიისა და ბელგიის მასშტაბით წარმატებულად საქმიანობს. მომავალში გერმანელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტის წამოწყებას აპირებს. ირაკლის გერმანულ ქალაქ გრონაუში დავუკავშირდით.

ირაკლი ალფაიძე სცენაზე
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე სცენაზე

- ირაკლი, საქართველოში მომღერალი და შემდეგ ტელეწამყვანი იყავით, საუბარიც აქედან დავიწყოთ, როგორი იყო ის წლები?

- მუსიკა და სატელევიზიო სფერო მონათესავე დარგები არიან და ადაპტირება ნამდვილად არ გამჭირვებია. თუმცა გარკვეული ბარიერის გადალახვა, ცხადია, დამჭირდა, მაგრამ ყველაფერი ადვილად დალაგდა. გარკვეული თეორიული ცოდნა უკვე მქონდა ტელევიზიის კუთხით და მხოლოდ ამის გადატანა მჭირდებოდა პრაქტიკაში, რაც, ვფიქრობ, ნორმალურად მოვახერხე. ჩემთვის ის რამდენიმე წელიწადი ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება „სეფას ბიჭების“ პერიოდს და მუსიკასთან ჩემ ურთიერთობას, ეს, რა თქმა უნდა, წარსულს ჩაბარდა. თუმცა არ არსებობს ცხოვრებაში ეტაპი, როცა ამაზე არ ვფიქრობ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საქმიანობის პარალელურად მუსიკის სფეროში დაბრუნება ისევ მომინდეს. თუმცა ეს ჩემი ძირითადი პროფესია არასდროს ყოფილა, იმ დროსაც კი, როცა ჯგუფს საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდა. მაშინაც კი პარალელურად სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობდი.

ირაკლი ალფაიძე
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე

- საქართველოში გადაღებული გაქვთ დოკუმენტური ფილმები, მკითხველს შევახსენოთ რა თემატიკაზეა ისინი?

- ამ ფილმების ძირითადი მიმართულება ისტორიულ-რელიგიურია. იმ პერიოდმა დიდი გამოცდილება შემძინა, ასევე დამანახა ის მიმართულება, საითაც უნდა ამეღო შემდგომში გეზი. ამის შემდეგ გერმანიაში, იტალიასა და ჰოლანდიაში ადგილობრივ მართლმადიდებლურ სამრევლოებზე გაკეთდა ფილმები, რომლებიც ეკლესიის როლს ასახავს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სულიერ ცხოვრებაში. ჩემი ბოლო ნამუშევარი ყველაზე მასშტაბურია და ასეთი სახელწოდება აქვს "რვა ათასი ღვინის წელიწადი". ეს ფილმი თავიდან ბოლომდე გერმანულენოვანია და მაყურებელს უყვება იმ ტრადიციების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეღვინეობის მიმართულებით აქვს.

ირაკლი ალფაიძე დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს

- გერმანიაში რატომ გადაწყვიტეთ გადასვლა და თანაც რადიკალურად განსხვავებულ სამშენებლო სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოვიდეს და ყოველი ეტაპი საინტერესო იყოს. სწორედ ამან განაპირობა ჩემი იმ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რომ საცხოვრებლად გერმანიაში გადავსულიყავი. ამის წინაპირობა იყო ჩემი მეუღლე, რომელმაც ამ ქვეყანაში საკმაოდ დიდი დრო იცხოვრა და გერმანია ფაქტობრივად მისი მეორე სამშობლოა. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას "ალფა მშენებლობა", სადაც ახლა ვსაქმიანობ, მისი დაარსება 2017 წლის დასაწყისში მოხდა. დღეს გერმანიის, ჰოლანდიისა და ბელგიის მასშტაბით აქტიურად ვსაქმიანობთ. ამ სამი წლის მანძილზე კომპანიამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დიდ პროექტში. ვცდილობ ამ მიმართულებით საქართველოშიც გვქონდეს პროექტები და სწორედ ახლახან გერმანელ პარტნიორებთან ერთად დაისახა გეგმა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ მსხვილ ინვესტიციას გულისხმობს.

ირაკლი ალფაიძე- სამშენებლო ობიექტზე ყოფნის დროს
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე- სამშენებლო ობიექტზე ყოფნის დროს

- ქართველისთვის, ისევე, როგორც გერმანელისთვის, სახლი წმინდა ადგილია და მნიშვნელოვანია როგორ სახლში იცხოვრებს. საინტერესოა, როგორ ბინას ითხოვენ გერმანელები ქართველი მშენებლისგან, როგორია კომფორტი მათი წარმოდგენით?

- გერმანული სახლები ქართულზე ბევრად უფრო სადაა. ქართველი დამკვეთები ბევრად უფრო პრეტენზიული არიან. სხვადასხვა სახის დეკორს და ფერთა სხვაობას ითხოვენ. ქართველმა სხვადასხვა ოთხში შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული დეკორაციისა და ფერის კედელი მოითხოვოს. გერმანელები კი ძირითადად ერთ ფერს ირჩევენ მთელი სახლისთვის, ძირითადად თეთრი ან ღია რუხი ფერი უყვართ. რაც შეეხება სახლის სწორად დაპროექტებას და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ფართს, ევროპელები საკმაოდ წინ არიან ამ საკითხში. თუმცა, ბოლო პერიოდში ხარისხიანი და კომფორტული სახლები საქართველოშიც შენდება.

ირაკლი ალფაიძე მეუღლესთან ერთად
photo: courtesy of Irakli Alpaidze
ირაკლი ალფაიძე მეუღლესთან ერთად

- როგორია ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ და რასთან მოგიწიათ შეგუება?

- გრონაუ, ასე ჰქვია ქალაქს, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. პატარა, მშვიდი და ლამაზი ქალაქია. ალბათ ამ ეტაპზე ამიტომაც ვაპირებთ აქ დარჩენას და მომავალში ქალაქის შეცვლა გეგმაში არ გვაქვს. ეს ქალაქი გეოგრაფიულადაც საინტერესოა, რადგან ჰოლანდიას ესაზღვრება და ჩემი საქმიანობისთვის საკმაოდ პრაქტიკულია ამ კუთხით. შეგუება ბევრ რამესთან მომიწია და ეს პროცესი არც ახლა დასრულებულა. ასეთი ძირითადად ბიუროკრატიული მიმართულებებია, რაც ბევრ შემთხვევაში ჩემთვის ახლაც გაუგებარია. როგორც გითხარით, სამშენებლო სფეროში ვარ და ამ მიმართულებით კადრების ნაკლებობას განვიცდით, არა მარტო ჩვენი კომპანია, არამედ ადგილობრივი ფირმებიც. სამწუხაროდ, ვერა და ვერ შედგა შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის, რათა საქართველოს მოქალაქეების დასაქმება გერმანიაში ლეგალურად მოხერხდეს. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, ვსარგებლობ მომენტით და კიდევ ერთხელ ვეხები ამ საკითხს.

- „სეფას ბიჭების“ დროს როგორ იხსენებთ?

- როცა ჩემი ცხოვრების მუსიკალურ პერიოდზე ვსაუბრობ, არასოდეს ვივიწყებ იმ ადამიანებს, ვინც იმ პერიოდში დიდი თუ პატარა მონაწილეობა მიიღო ჩემ წარმატებაში. პირველ რიგში, ეს ადამიანია დედაჩემი ირმა მალანია, რომელიც ყოველთვის დიდი სითბოთი და ჩვეული პროფესიონალიზმით მედგა გვერდით. სადაც ირმას ვახსენებ, იქვეა კოტე მალანიაც, რომელსაც უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე და არა მარტო მუსიკალური კუთხით. ასევე ჩემს პარტნიორებს, მეგობრებს, ჯგუფი „სეფას ბიჭების“ მომღერლებს და ყველა იმ კოლეგას თუ პარტნიორს, რომელთან ერთადაც მიმუშავია... მუსიკასა და ზოგადად ჩემ წარსულ გამოცდილებაზე სხვა სფეროში ჩემ დამკვეთებთან იშვიათად ვსაუბრობ. მათში გაოცებას იწვევს და ვერ იგებენ, რა კავშირშია მუსიკა და სამშენებლო სფერო ერთმანეთთან. ამიტომ ამ ფაქტის ხსენებისგან თავს ვიკავებ.

- გერმანიაში ცხოვრების პერიოდში სახალისო მომენტები რასთანაა დაკავშირებული?

- სახალისო და უჩვეულოა ალბათ ის, როცა უცხოელებს ზოგჯერ ქართულად ვესაუბრები. როცა მათ გაოცებულ სახეს ვხედავ, მერე ვაანალიზებ, რაც ხდება და ვუხსნი, რომ ეს ჩემი მშობლიური ენაა. ამის პრეცედენტი ბევრია, მერე ერთად ვხალისობთ ამ ამბავზე. გუშინაც იყო რაღაც ამდაგვარი: გერმანელი ნახაზს მაჩვენებს და მიხსნის ოთახების განლაგება როგორ უნდა რომ იყოს და უცებ მე ქართულად ჩამოვუყალიბე რა, როგორ და რანაირად... მთელ ამ დროს ის პირღია მიყურებდა. ასეთი ფაქტი ხშირია. ალბათ ეს იმის გამოა, რომ ჩემი ტვინი ქართულად ფიქრობს და როცა სამუშაო პროცეში ბოლომდე ვარ ჩართული, პასუხსაც ქართულად ვუბრუნებ.

- საქართველოსთან საქმიან კავშირს არ წყვეტთ...

- ჩემი „ალფა მშენებლობა" საქართველოშიც საქმიანობს. ზემოთ ვახსენე უცხოური ინვესტიცია, მაგრამ გარდა ამისა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძო დაკვეთებზეც ვმუშაობთ, ვაშენებთ აგარაკებსა და საოჯახო სასტუმროებს. ამიტომ საქართველოში ჩასვლა ხშირად მიწევს. თუმცა იქ ცხოვრების ნოსტალგია ყოველთვის მაქვს. ამ ეტაპზე გერმანიაში ვრჩები და საქმიანობას სრული სვლით ვაგრძელებ. მინდა ჩემი ყოველი წარმატება საქართველოს მივუძღვნა და მას დავუკავშირო…

 

1466
თემები:
ქართველები უცხოეთში (73)
სცენაზე

მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს - თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია     

12
(განახლებულია 14:23 02.07.2020)
პანდემიამ სამყაროში ჩვენი არსებობის და საქმიანობის ჩვეული ფორმა რამდენადმე შეცვალა. ხელოვანმა ადამიანებმა მაყურებელთან ურთიერთობის ახალი გზების ძიება დაიწყეს.

ამ კავშირის შენარჩუნების საკმაოდ ორიგინალურ ფორმას მიაგნო ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხვიმიანმა. მან გადაწყვიტა, რომ თავის ერთგულ მაყურებელს თეატრში დადგმული სპექტაკლების კომიქსური ვარიანტი შესთავაზოს.

ლაშა ჩხვიმიანი
photo: courtesy of Lasha Chkhvimiani
ლაშა ჩხვიმიანი

- ბატონო ლაშა, როგორ „გადაინაცვლა“ თქვენმა თეატრმა კომიქსებში?

- თეატრს ხუთი სარეპერტუარო სპექტაკლი გვაქვს და ხუთივე ვაქციეთ კომპიქსად. დავამზადეთ საერთო აფიშაც, რომელზეც სპექტაკლები მნიშვნელოვან თარიღებს თემატურად დავამთხვიეთ. კომიქსებში მთავარ როლს „თამაშობს“ მუსიკა ამავე სპექტაკლებიდან, რაც ემოციურ ფონს გამოხატავს. ეს კომიქსები სპექტაკლის ფოტოების მიხედვითაა ანიმაციად გადაკეთებული.

ლაშა ჩხვიმიანის კომიქსური პერსონაჟი
photo: courtesy of Lasha Chkhvimiani
ლაშა ჩხვიმიანის კომიქსური პერსონაჟი

- სპექტაკლებიდან რა შევიდა კომიქსებში?

- კომიქსებში სპექტაკლებიდან გამოყენებულია მთავარი ფრაზები. ზოგი სპექტაკლი ორსაათნახევრიანია, მაგრამ ამდენი ხანი კომიქსის ყურება დამღლელი იქნება, ამიტომ მათში მხოლოდ მნიშვნელოვანი ფრაზები  და რეპლიკები გამოვიყენეთ. აგრეთვე ისეთი ფოტოები, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სპექტაკლების ემოციურ მდგომარეობას.

- ამ კომიქსების შექმნის მთავარი არსი მაინც ისაა, რომ მაყურებელმა არ გაწყვიტოს თეატრთან კავშირი?

- დიახ, ამის მიზანი ძირითადად ისაა, რომ მაყურებელს ჩვენი სპექტაკლები არ დაავიწყდეს. ვისაც ისინი ნანახი არ აქვს, მათთვის სარეკლამო რგოლივით იქნება, რათა ამ კომიქსის მერე, როცა თეატრი გაიხსნება, სპექტაკლის ნახვის ინტერესი გაუჩნდეს.

- მსგავსი ფორმით ამ კავშირის შენარჩუნებაზე თქვენს გარდა ვინმეს უფიქრია?

-არ ვიცი, მე ნამდვილად არ მსმენია, რომ ვინმეს სპექტაკლები გაეკომიქსებინოს. აქვე გაცნობებთ, რომ კომიქსის ჩვენება 26 ივლისს გვაქვს ჩანიშნული.

- თავად მსახიობები როგორ აღიქვამენ საკუთარ კომიქსურ პერსონაჟებს?

- ისინი ძალიან ხალისობენ და ყველაზე მეტად ეს კომიქსები, მგონი, მათ მოსწონთ, რადგან მოუთმენლად ელოდებიან.

- მხატვარზეც მითხარით თუ შეიძლება, ვინ შექმნა ეს კომიქსები?

-კომიქსების ხელოვნება თეატრთან არანაირ კავშირში არ არის. ამის ნიჭი ჩემს ძმას აღმოაჩნდა, თან კარანტინის გამო მასაც სახლიდან უწევდა მუშაობა. მოკლედ მე და ჩემი ძმა ერთად ვმუშაობდით კომიქსებზე. მას მერე რაც თეატრები ჩაიკეტა, მაყურებელთან ურთიერთობის ერთადერთი ალტერნატინა ონლაინ სივრცე დარჩა, ზოგი ამბობს, რომ სპექტაკლი მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობის გარეშე არ შედგებაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თეატრმა არ უნდა მიატოვოს მაყურებელი და საამისოდ ყველა მოსახერხებელი გზა უნდა გამოიყენოს.  

თეატრალური სტუდიის მსახიობები
თეატრალური სტუდიის მსახიობები

- ამის მაგალითად ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული შემოქმედებითი ბრიგადები გამოდგება...

- დიახ, ომის დროს თეატრის საჭიროება თითქოს არ არსებოდა, მაგრამ მაშინაც აუცილებელი გახდა რაღაცის მოფიქრება. ამიტომ მსახიობებისა და მომღერლებისგან შექმნილი იყო ბრიგადები. ისინი პირდაპირ ფრინტის წინა ხაზზე ჩადიოდნენ და ამხნევებდნენ ჯარისკაცებს. მერე რაა, რომ პანდემიაა და თითქოს ერთ სივრცეში ჩავიკეტეთ, ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ სახლში დავსხდეთ და უსაქმურობაში ავიღოთ ფული, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ჰოდა, ჩვენ მაყურებელთან  პირისპირ დარჩენის ასეთი გზა გამოვნახეთ.

დმანისის თეატრი
დმანისის თეატრი

 - სეზონის დახურვა როდის იქნება და რას აპირებთ?

- სეზონის დახურვა ღია სივრცეში გადავწყვიტეთ. ეს იქნება სპექტაკლი დმანისის ნაქალაქარზე, რომელიც ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა, ქალბატონმა თამარ ხიზანიშვილმა დადგა. ესაა სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“. რადგან სულხან-საბა ჩვენი რეგიონიდან იყო და ნაქალარი კი მას ახალგაზრდობაში მემკვიდრეობით ერგო, აქედან გამომდინარე, სპექტაკლს „სიბრძნე-სიცრუისა“ ღია ცის ქვეშ, ნაქალაქარზე ვითამაშებთ. ეს ივლისის ბოლოს იქნება. 6 ივლისის მერე შეზღუდვები იხსენება და სპექტაკლების ცოცხლად გამართვას საჭირო რეგულაციების დაცვით შევძლებთ.

 

12
ნათია კიკნაძე

„გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა, საქართველო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილი...“

626
(განახლებულია 22:05 01.07.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ნათია კიკნაძეს გაგაცნობთ.

„სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე“ – ამბობს მხატვარი ნათია კიკნაძე, რომელიც წლებია, რაც გერმანიაში დამკვიდრდა.

საქართველოში თოიძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. გერმანული ენის ათვისების მერე ოცნება აისრულა და ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში თავისუფალი მხატვრობის განხრით ჩააბარა. ხატვის დროს უპირატესობას სიურრეალიზმს ანიჭებს და თვლის, რომ მის ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. სექტემბრის თვეში გერმანიაში სადიპლომო გამოფენისთვის ემზადება.

ნათია კიკნაძე
ნათია კიკნაძე

- ნათია, როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა და გერმანიამდე გავლილი გზა?

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგი გვქონდა, ჩემი მზრუნველი დეიდებისა და ბებიების წყალობით ბავშვობა ლამაზ ფერებში მახსენდება. ბებია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, მანებივრებდა თავისი შეკერილი ულამაზესი კაბებით. თავისი იდეალური ბებიობით კიდევ უფრო მილამაზებდა ბავშვურ ფერად სამყაროს. რაც თავი მახსოვს, ანუ ორი წლიდან მოყოლებული ვხატავ. ხატვის ნიჭი გამომყვა მამისგან, რომელიც მხატვარია. დედა მიყვება – ორი წლის ვყოფილვარ, როდესაც წიგნზე ისეთი ადამიანი მიმიხატია, რომ მეორე ოთახიდან შემოსულს შეშინებია, სახლში კიდევ ვინმე ხომ არ არისო, რადგან ჩემი დახატული თურმე მოზრდილი ადამიანის ნახატს ჰგავდა. ხატვა ჩემი ნაწილია, ისევე, როგორც ჩემი სხეული და სული, როგორც სუნთქვა, ისეა ჩემთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი სად განავითარეთ?

- თოიძის სასწავლებელში, სადაც ორი წელი ტანსაცმლის დიზაინზე ვისწავლე. ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, მაგრამ ფინანსურად ამის საშუალება არ მქონდა. 20 წლის ასაკში კერამიკის საამქროში პატარა ფიგურების მხატვარად ვმუშაობდი. ძალიან მალე ის დაიხურა და მხატვრისთვის შესაფერისი სამსახური ვერ ვიშოვე. გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სამხატვრო აკადემიაში სწავლა.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის მოახერხეთ ამ ოცნების ასრულება?

- 2002 წელს გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სწავლის გაგრძელება. მაშინ 22 წლის ვიყავი. მოვემზადე გერმანულში და, მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში უკვე კარგად ავითვისე ენა და საელჩოში გამოცდაც მალე ჩავაბარე, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემები იქმნებოდა, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებდა აქ ჩამოსვლის სურვილს. საერთოდ, როდესაც რაიმე მინდა ხოლმე და არ გამოდის, შემიძლია იქამდე ვცადო, სანამ მიზანს არ მივაღწევ. ამის მერე გერმანიაში 24 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით, ანუ ოპერ-გოგონად ჩამოვედი. რის სანაცვლოდაც ის ოჯახი გერმანულის სწავლის კურსებს მიფინანსებდა. ორი წელი გერმანული ენის კურსებზე ვისწავლე, ოცნება მესამე წელს ავიხდინე. ჩემი სადიპლომო გამოფენა, რომელზე მუშაობაც აკადემიაში უნდა გამეგრძელებინა, დროებით შეჩერებულია. სექტემბრიდან, იმედია, კორონას ამბები როცა ჩაწყნარდება, მერე თავისუფლად შევძლებ მის გამართვას.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის ახდა თქვენი ოცნება გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით?

- 2007 წლის ოქტომბერში ჩავაბარე ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში, თავისუფალი მხატვრობის განხრით. ამ დროს ქალაქ ფრაიბურგში ვცხოვრობდი და ამ ქალაქში მატარებლით მიწევდა სიარული. გამოცდისთვის მომთხოვეს ჩემი ნახატების კრებული და სამშობლოდან ჩამოტანილი დიპლომის აკრედიტაცია. საბედნიეროდ, თოიძის სასწავლებელმა იმ წელს გაიარა აკრედიტაცია, ასე რომ, იმ ნახატების და დიპლომის ფონზე აკადემიაში მიმიღეს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში სწავლის ექვსი წელი როგორი იყო და თქვენი, როგორც მხატვრის მიმართულება და სტილი გერმანულმა აკადემიამ თუ შეცვალა?

- თავისუფალი მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ თავისუფალი ხარ ხატვაში. ჩვენ იქ არ გვაზომინებდნენ ნახატებს და სიმეტრიების დაცვაც არ იყო აუცილებელი. უფლებას გვაძლევდნენ, რომ ჩვენი იდეებით გვეხატა, რაც აისახება როგორც ჩემს ნახატებში, ტანსაცმლის დიზაინის სწავლაშიც. უმეტესად სიურრეალიზმს ვხატავ. იშვიათად, რომ დავხატო ის, რასაც ფიზიკურად ვხედავთ. ჩემს ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. თუმცა ძალიან ბევრი ნახატებიც მაქვს კარიკატურის ჟანში. ამჟამად ვმუშაობ ხის სპილოების სერიაზე, რომლებსაც სხვადასხვა ორნამენტებით და ხასხასა ფერებით ვაფორმებ. სპილოები ჩემი მეუღლის ხის საამქროში იჭრება. აკადემიაში გამოცდებს ყოველწლიურად ადვილად ვაბარებდი, მაგრამ იქ ნახატების გამოფენა ხდება მხოლოდ ერთხელ, სწავლების ბოლოს, სადიპლომოდ. 2011 წელს მქონდა ნახატების გამოფენა პატარა სივრცეში ქალაქ ფრაიბურგში, ოღონდ მაშინ ნახატები არ გამიყიდია, რადგან ვაგროვებდი სადიპლომო გამოფენისთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- მომავალმა მეუღლემ რითი მოგხიბლათ და როგორია თქვენი ქართულ-გერმანული ოჯახი?

- ერთმანეთი 2011 წელს, როგორც ხდება ხოლმე, ინტერნეტით გავიცანით. მან თავისი მზრუნველობით და ყურადღებით მომხიბლა. ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ადამიანია. 2012 წელს დავოჯახდით. ჩვენი ქართულ-გერმანული ოჯახი მშვიდია, რადგან ჩემს ქართულ ემოციებს გერმანული სიმშვიდე აწონასწორებს. როგორც გერმანელების უმრავლესობას, ყოველ შაბათ-კვირას ოჯახური სეირნობისა და განტვირთვის დღე გვაქვს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ქართული თემები თუ ჩნდება თქვენს ნამუშევრებში?

- ასე ზუსტად ალბათ ვერ ვიტყვი, მაგრამ ქართული სული უდავოდ დევს მათში, რადგან ხატვის დროს ჩემი გრძნობებისა და სულის ნაწილი ნახატზე რჩება. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი და მიზანი მაქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდე როგორც მხატვარი, მინდა მოვაწყო ბევრი გამოფენა და, რაც მთავარია, კიდევ უკეთესი ნახატები შევქმნა. რადგან ვფიქრობ, მეტი შემიძლია. ჩემს სადიპლომო გამოფენას, რომელიც 2013 წელს უნდა მქონოდა, დედობა ჩავანაცვლე. ჩემი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, რადგან მყავს საოცარი ბიჭი, რომელიც ახლა ექვსი წლის ხდება, გოგონა ორი წლისაა. ამის გამო შვიდი წელი შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მაგრამ ხატვა არასოდეს შემიწყვეტია. სექტემბრიდან ვბრუნდები აკადემიაში სადიპლომო გამოფენის გასაკეთებლად. იმედია, კორონას გამო ხელი აღარ შეგვეშლება.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ანუ გერმანიამ მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- გერმანიაში ცხოვრების დაწყებას შევადარებდი სინათლისკენ გადადგმულ ერთ უზარმაზარ ნაბიჯს. ამ ქვეყანამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და საშუალება მომცა, რომ ჩემი ოცნებები ამეხდინა. გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა. თუმცა რასაც ჩემი სამშობლო ჰქვია, სადაც დავიბადე, მოვინათლე, სადაც დედა, ნათესავები და ბევრი მეგობარი მყავს, ის სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ის ნაწილი ყოველთვის მაკლია, თუმცა ჩემს გულში და გრძნობებშიცაა. ამ განცდას მიმსუბუქებს ის ამბავი, რომ ჩემი და უკვე ექვსი წელია აქ, ფრაიბურგში ცხოვრობს. როდესაც ჩემთან ჩამოდის ხოლმე ბედნიერებას მანიჭებს და ნოსტალგიას მიმსუბუქებს...

626