ლანა ბენდუქიძე

ძაფებით დახატული იმპრესიონისტული ნამუშევრები და ჟურნალისტი, რომელმაც ახალი ტექნიკა შექმნა

1948
(განახლებულია 19:20 04.07.2019)
ადამიანის ფსიქიკა ამოუცნობია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარმა თავმა გაგაოცოს.

ლანა ბენდუქიძის შემთხვევაშიც ასე მოხდა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ქართულმა საზოგადოებამ ის ჯერ ჟურნალისტის ამპლუაში გაიცნო. მუშაობდა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, არის არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორი, რომელთა შორის არის „არტ-პარლამენტი“.

სულ ახლახან გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელზეც მან საოცარი ნამუშევრები წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი მხატვარი ხელოვნებაში ისეთი ახალი მიმართულების შემომტანია, რომელსაც თავად „იმპრესიონიზმი ძაფებში“ შეარქვა.

ლანა ბენდუქიძე
ლანა ბენდუქიძე

- ლანა, სანამ ერთ დღეს საკუთარ თავს გააოცებდით, სხვებს რა უკვირდათ თქვენში?

- ლაღი და მხიარული ბავშვი ვიყავი და მქონდა ერთი თვისება – ბუნებასთან საერთო ენას ვპოულობდი და შემეძლო ყვავილებთან მელაპარაკა. ხან ვწერდი, ხან ვხატავდი და ჩემ სამყაროში ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი. რადგანაც ხელოვნების მიმართ მქონდა მიდრეკილება, ამიტომ ხელოვნებათმცოდნეობაზე ჩავაბარე.

ლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- „მეოთხე ხელისუფლებაში“ მუშაობის პერიოდიდან რა გახსენდებათ?

- ჟურნალისტად მუშაობის პერიოდიდან ბევრი ფაქტი შეიძლება გავიხსენო. ძალიან რთულ და საინტერესო პერიოდში მომიწია პირველ არხზე, საინფორმაციო პროგრამა „მაცნეში“ მუშაობა (მაშინ „მოამბეს“ „მაცნე“ ერქვა), მაგრამ თქვენ შეკითხვაზე დაუფიქრებლად 1995 წლის ტერაქტი გამახსენდა. 1995 წლის 29 აგვისტოს, როცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციის მიღება უნდა აღენიშნა, თბილისის ცენტრში, "იმელის" შენობის მიმდებარე ტერიტორია ძლიერი აფეთქების ხმამ მოიცვა. ყველა ჟურნალისტი სხვადასხვა ლოკაციაზე ვიყავით. მე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სტუმრებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებს ველოდებოდი. იქ ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება უნდა გამართულიყო. ღონისძიების ოფიციალურ გახსნამდე 15 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც საშინელი ხმა გაისმა, ყველანი გარეთ გავცვივდით, სადღესასწაულო განწყობა პანიკამ შეცვალა... ასე რომ, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში კონსტიტუციის მიღების საზეიმო ცერემონიით უნდა შესულიყო, საზოგადოების მეხსიერებას ტერორისტული აქტით შემორჩა.

ლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- მკითხველს შევახსენებ, რომ წლების შემდეგ თქვენი ინიცირებული იყო პარლამენტისთვის უჩვეულო ისეთი პროექტი, როგორიცაა „არტ პარლამენტი“...

- ეს იყო 2010 წელს, ჩემ განყოფილებაში გადმოვიდა თანამშრომელი, რომელიც პროფესიით მხატვარი იყო. ამის მერე იდეა გამიჩნდა, რომ გამეკეთებინა პროექტი, სადაც პარლამენტის თანამშრომლები საკუთარ ნიჭს გამოავლენდნენ და ამ გზით იქ მომუშავე ადამიანები ერთმანეთს სხვა კუთხითაც გავიცნობდით. მაშინ პირველად წარმოვადგინე საკუთარი ნახატებიც. მას შემდეგ მქონდა სერიოზული ლუფტი და გაჩერებული ვიყავი. მახსოვს ერთ ნამუშევარი ოთხი წელი ვერ დავამთავრე. ალბათ ყველაფერს თავისი დრო, განწყობა და მუზა სჭირდება.

ლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- ზეთის საღებავები ძაფებით ხატვით როდის შეიცვალა?

- წლების შემდეგ ძაფს ზეთის საღებავები შევუერთე და ნახატების შექმნა ასე დავიწყე. იმპრესიონიზმი ჩემი შთაგონების წყაროა და ამ მიმდინარეობას მხატვრობაში ყოველთვის გამოვარჩევ. ამიტომ ჩემს ნახატებსაც ასე დავარქვი „იმპრესიონიზმი ძაფებში“. ჩემი პირველი ნამუშევარი 2001 წელს შეიქმნა. ეს იყო შემოქმედებითი ძიების პერიოდი. თავდაპირველად აპლიკაციით დავიწყე, თუმცა ეს ჩემთვის ნაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მინდოდა რაღაც ახალი და მალევე მივედი ამ ტექნიკამდე, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ძიების ეტაპებს გადიოდა.

ლანა ბენდუქუძის შემოქმედება
ლანა ბენდუქუძის შემოქმედება

- შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რამ თქვენამდე არ არსებობდა?

- ეს ტექნიკა 18 წლის წინ შევიმუშავე და, შემიძლია ვთქვა, რომ მანამდე არ არსებობდა. სიმართლე გითხრათ, ძაფებით ხატვა ჩემთვის ტექნიკურად სირთულეს არ წარმოადგენს და ნამდვილად ძალიან საინტერესო პროცესია. ძირითადი სამუშაო ხელით სრულდება და მისთვის მხოლოდ მაკრატელი და ძირითადად მულინის ძაფებია საჭირო. ზოგჯერ სხვა ძაფსაც ვიყენებ.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- ახლახან ჩატარდა გამოფენა, სადაც საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, „ლან-არტული“ გზით შექმნილი თქვენი ნამუშევრები იხილა...

- დიახ, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო გიორგი კალანდიას და ხელოვნების სასახლის გუნდს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის გამოფენაზე მოსული ყველა ადამიანის მოსაზრება საინტერესო და გასათვალისწინებელი იყო. მომავალში არ ვიცი კიდევ რა მოულოდნელ სიურპრიზს მიმზადებს საკუთარი თავი და ცხოვრება, ვიცი, რომ ხელოვნებასთან კავშირს ვეღარ გავწყვეტ, რადგან ხელოვნება ჩემთვის შთაგონებაა...

 

1948
მარიამ მაჩალაძე

„სამშობლოში ყოფნის თავისუფლება”, ანუ როგორ გახდა ყოფილი ემიგრანტი ფერმერი

899
(განახლებულია 22:33 21.01.2021)
ჩვენი პერიოდული რუბრიკა „დაბრუნებულები“ გაცნობთ მათ, ვინც დაბრუნდა სამშობლოში და აქ შეძლო საკუთარი საქმიანობა წამოეწყო.

მათ რიცხვშია პროფესიით მუსიკოსი მარიამ მაჩალაძე. მისი ისტორია ასეთია: ემიგრაციიდან დაბრუნებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ პატრიკეთში მეურნეობა მოაწყო და ფერმერი გახდა.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

მარიამს სოციალურ ქსელებში აქვს ჯგუფი „სოფლის მეურნეობის განვითარება“, სადაც ხშირად აქვეყნებს საკუთარი საქმიანობის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას. სულ ახლახან ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- მარიამ, პანდემიის პირობებში სოციალური ქსელების მეშვეობით მსურველებს აქტიურად აცნობთ დამწყები ფერმერის ცხოვრებასა და საქმიანობას, ბევრი გამოხმაურება გაქვთ?

- დიახ, მე როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ბევრი ადამიანი მეხმიანება. საკუთარ გვერდზე ჩემი საქმიანობის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად ვდებ. ვაჩვენებ როგორ ვშრომობ სოფელში და როგორია დამწყები ფერმერის ცხოვრება. ამით ვცდილობ ახალგაზრდობას მაგალითი ვუჩვენო და დავარწმუნო იმაში, რომ თუ მოინდომებენ, სოფლად შეიძლება ცხოვრება და საქმის კეთება.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- თქვენმა აქტიურობამ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ყურადღებაც მიიქცია, „ლაივ“ ჩართვაც ჰქონდათ თქვენთან...

- დიახ, პირველად შემამჩნია ამერიკაში მყოფმა ქალბატონმა მზია წულუკიძემ, რომელსაც ემიგრატების დიდი ჯგუფი აქვს და პირდაპირი ჩართვა მომიწყო. ჩემ შესახებ მას ახლობლებმა უამბეს, აქედან გაჩნდა იდეა, რომ ემიგრანტებისთვის პირადად მომეთხრო ყველაფერი. პროფესიით მუსიკოსი ვარ, მაგრამ ამ პროფილით არასდროს მიმუშავია. 2012 წელს მუშაობა ერთ-ერთ ქართულ არხზე დავიწყე ჟურნალისტად, შემდეგ მოვყევი შემცირებაში და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- საკუთარი მეურნეობა როგორ დაიწყეთ?

- სამი წლის წინ გავყიდე პირადი ნივთები, ყველაფერი, რაც მქონდა და იმ ფულით საქონელი შევიძინე. ისინი გამრავლდნენ და ახლა მყავს ბოცვრები, ათი ბოჩოლა და სპეციალური ჯიშის ღორები, რომელთაც ვამრავლებ. მანამდე ოცი ფრთოსანი მყავდა, რომელიც უკვე დავყიდე. მაქვს ასევე სამი მოქმედი სათბური, სადაც ბოსტნეული მომყავს. სათბურებისთვის საჭირო თანხის ნახევარი მქონდა, მაგრამ საკმარისი არ იყო, ამიტომ სესხი ავიღე ბანკიდან და ამით ავაშენე.

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- ახლა რვის ნახევარზე ვდგები, ზაფხულში ექვსზე მიწევს ხოლმე ადგომა. მანამდე ბავშვების გამო ვიღვიძებდი ადრე. როცა იტალიაში ვიყავი, ჩემი სამუშაო დღე შვიდ საათზე იწყებოდა, ამიტომ ექვსზე ვიღვიძებდი. ყველაფერი მიჩვევაზეა, ბოლო 13 წელი ასე ვარ...

მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად
მარიამ მაჩალაძე მამასთან ერთად

- სანამ დამწყები ფერმერი გახდებოდით ემიგრაცია გამოიარეთ...

- იტალიაში 2015 წელს ჩავედი, ეს ქვეყანა იმიტომ ავირჩიე, რომ იქ ბევრი ახლობელი მყავდა. დახმარების გარეშე უცხოეთში სამუშაოს პოვნა ძნელია. იტალიაში ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ძნელია, როდესაც არ იცი ენა, არ იცნობ უცხო ქვეყნის წეს-ჩვეულებებს, ადგილობრივ კანონებსა და ცხოვრების სტილს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევი. პირველ ხანებში ოჯახში მოხუცის მომვლელად ვიმუშავე, შემდეგ სასტუმროში.

მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს
მარიამ მაჩალაძე საქმიანობის დროს

- რა გახდა აქ დაბრუნების მიზეზი, ანუ უცხოეთში ყველაზე უფრო რთულად გადასალახი რა აღმოჩნდა თქვენთვის?

- სანამ იქ აღმოვჩნდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ იქ მყოფ ქართველებს. ყველანაირად შეზღუდული ხარ და ფაქტობრივად თავისუფლება გაქვს წართმეული, რადგან სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. ძნელია ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან მუშაობა, ღამეების თენება და მუდმივი დაძაბულობა. როცა მარტო ვრჩებოდი, მონატრება მკლავდა, განსაკუთრებით შვილები მენატრებოდა, ყოველღამ მათ ფოტოებს ვეფერებოდი. ემიგრანტობა ფიზიკურ ზიანს იმდენად არ გაყენებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურად გთრგუნავს...

მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად
მარიამ მაჩალაძე ქალიშვილთან ერთად

- თქვენი რჩევები როგორი იქნება?

- ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ უცხოეთში სამუშაოდ გაემგზავროს, ვურჩევ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად წინასწარ შეამზადოს და აქედანვე გაძლიერდეს. პირველ რიგში ელემენტარული, სასაუბრო უცხო ენა შეისწავლონ. სხვა ქვეყანაში რამდენი ახლობელიც არ უნდა დაგხვდეს, ძნელია ვინმეს იმედად ყოფნა, რადგან ყველას თავისი პრობლემები აქვს. კიდევ, მოთმინება და საკუთარი ემოციების კონტროლი უნდა შეძლონ, სხვანაირად გაუჭირდებათ….

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- პირადად თქვენ რა გასწავლათ ემიგრაციამ?

- ბევრი რამ მასწავლა. საკუთარ ქვეყანაში ბევრი ისეთი რამ დავაფასე, რასაც მანამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. პირველ რიგში ესაა სამშობლოში ყოფნის თავისუფლება, შემდეგ ოჯახის წვერების სიყვარული, ქართული სტუმართმოყვარეობა, მეგობრობა და, რაც მთავარია, შვილებისა და მშობლის ურთიერთობები. ევროპაში ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, დაკარგულია, იქ შვილი რომ დედასთან სტუმრად მივიდეს, საამისოდ მისგან ნებართვა წინასწარ უნდა აიღოს… როცა დედას სიმსივნე დაემართა, მაშინ რაც ვიშოვე, სულ სავადმყოფოებში გადავიხადე. შვიდი წელი ვიწვალეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვუშველე...

მარიამ მაჩალაძე
მარიამ მაჩალაძე

- ვიცი, რომ მარტოხელა დედა ხართ...

- დღეს უკვე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქალზე ძლიერი სამყაროში მართლა არ არსებობს, მით უმეტეს, როცა მარტოხელა დედა ხარ. შვილების გამო ასჯერ ძლიერი და მოტივირებული ხდები და გამოსავალს, თუ მოინდომებ, ყველა სიტუაციიდან მოძებნი, ეს მე საკუთარი ცხოვრებითაც დავამტკიცე...

 

899
თორნიკე ნინიკაშვილი

როგორ შეცვალა „გლოვოს" კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა

1311
(განახლებულია 19:47 21.01.2021)
შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა, 4 იანვარს მოხდა. „გლოვოს“ თანამშრომელმა თორნიკე ნინიკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფულით სავსე საფულე იპოვა.

არც უფიქრია, მაშინვე მფლობელის ძებნა დაიწყო. პოსტი ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა და ამას რაც მოყვა, თორნიკე თავად მოგიყვებათ:

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ვასრულებდი ჩემ მოვალეობას. დავტოვე შეკვეთა მომხმარებელთან და უკან ვბრუნდებოდი. როცა „სითი მოლთან“ მოვედი, დავინახე ძირს დაგდებული საფულე. ფული, ბარათები, პირადობის მოწმობა – ყველაფერი იქ იყო. თავიდან გადავწყვიტე პოლიციაში მიმეტანა, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ფაქტიურად მთელი დღე იქ უნდა გამეტარებინა და მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი საფულის მფლობელს.

დავხურე ფეისბუქი და გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა კვლავ გავხსენი სოციალური ქსელი, თვალებს არ დავუჯერე, იმდენი გაზიარება ჰქონდა პოსტს. საბედნიეროდ, მალევე ვიპოვეთ პატრონი. ძალიან აფორიაქებული და განერვიულებული იყო. როცა მოვიდა, გახარებული ჩამეხუტა და დიდი სითბო მაგრძნობინა, საოცარი მადლიერება გამოხატა. სახლშიც მიმიპატიჟა მისმა ოჯახმა. თუმცა, მგონი, მე მასზე უფრო გახარებული ვიყავი, რომ ასე გავაბედნიერე ადამიანი.

რამდენიმე მეგობარმა პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. როცა საფულე მფლობელს დავუბრუნე, ბევრი მწერდა სამინისტროდან და მადლობას მიხდიდნენ ჩემი საქციელის გამო, პატრულის თანამშრომლები მაჩერებდნენ გზაზე და ხელს მართმევდნენ. ჩემს მშობლებს ყველა სიყვარულით ხვდებოდა რაიონში და ისინიც უბედნიერესები იყვნენ.

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ცოტა თქვენ შესახებაც მოგვიყევით...                                             

- დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ალავერდში. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი. პირიქით, გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. სკოლას რომ ვამთავრებდი, რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ გვქონდა, ჩემი ძალებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და თბილისში გადმოვბარგდი. სამწუხაროდ, გრანტი ვერ ავიღე. იმ დროს ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები ჰქონდა. დღე ვსწავლობდი, ღამე ვმუშაობდი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი. თუმცა, ბევრი მცდელობის მიუხედავად, უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მომიხდა. ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ვმუშაობ „გლოვოში“ კურიერად.

- როგორ შეცვალა ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება?

- აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანის სითბოს, სიყვარულს, დაფასებას თუ დავიმსახურებდი. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ფეისბუქზე. უამრავი ადამიანი მწერდა, უამრავი საჩუქარი მივიღე. 1650-ლარიანი ფეხსაცმელი მაჩუქეს, რომელზეც ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი. ისეთი საჩუქარია, ფეხზე ჩასაცმელად არც მემეტება.

ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაბედნიერა? საოცარმა ადამიანებმა ჩამირიცხეს თანხა და სრულად მომიგროვდა სწავლის საფასური. უბედნიერესი ვარ, რომ გავაგრძელებ და შევძლებ სწავლის დამთავრებას. უკვე მივწერე უნივერსიტეტის ადმინისტრატორს, მასაც ძალიან გაუხარდა და სულ მალე მოვაგვარებთ ყველა დეტალს.

მე მაშინ ამ ყველაფერზე არც მიფიქრია, მხოლოდ იმ ადამიანზე  ვფიქრობდი, ვინც ეს საფულე დაკარგა. ერთი სული მქონდა მეპოვა, ვიცოდი როგორ იდარდებდა, რა დღეში იქნებოდა... ცოტა ფული ნამდვილად იდო იმ საფულეში, ამასთან ყველა საბუთი და ბარათი. ბედნიერი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება, სიხარული მეჩუქებინა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...

1311
ბანგურიანი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 იანვარი

0
(განახლებულია 13:11 21.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 22 იანვარია, პარასკევი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.

იღბლიანი დღეა, აქტიურობისა და მკაფიო აზრების დრო. თუმცა, თვალი მიადევნეთ, რომ თქვენი თავდაჯერებულობა ზედმეტ სიამაყესა და ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. დღე ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის. ასევე ურიგო პერიოდი არაა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ყურადღება მაინც გმართებთ – იგივე ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, შესაძლოა, სარისკო ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ და ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნათ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება მატერიალური კეთილდღეობა 2021 წელს>>

ვერძი: დღეს თქვენში წინა პლანზე გამოვა ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმტკიცე, მიზანსწრაფულობა და გამჭრიახობა. ამის წყალობით რთულ საქმეებსაც კი იოლად გაუმკლავდებით. არაა გამორიცხული, რომ ჩახლართული პრობლემიდან გამოსავალი იპოვოთ. თქვენი გეგმა მკაფიო იქნება, ხოლო მოქმედებები – ეფექტური. ეს მხოლოდ თქვენ საქმიანობას არ ეხება – პარასკევს ირგვლივ მყოფებსაც დაეხმარებით, ვინც ამის თხოვნით მოგმართავთ.

კურო: დღეს უზარმაზარი, პრაქტიკულად, უკიდეგანო პოტენციალით დასაჩუქრდებით. მთავარია, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ და ყველა მოცემული შესაძლებლობა გამოიყენოთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, სახლში არ დასხდეთ და ეცადოთ, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ. თუ ასე მოიქცევით, ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ, გექნებათ შესაძლებლოა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. თუ ასე არ მოიქცევით, როგორც ამბობენ, „არ მინდა“ მიზეზია, ხოლო „არ შემიძლია“ – საბაბი.

ტყუპი: ასტროლოგები გირჩევენ, ეს დღე სიჩუმეში გაატაროთ. დროა, მოწყდეთ მოვლენებს, ღათა ამ ყველაფერს გარედან შეხედოთ. ამისთვის საკმარისია, მოერიდოთ აქტიურ ურთიერთობებს და ქვეცნობიერის ხმას მოუსმინოთ. აუჩქარებელი ფიქრი, აბაზანა მოდუნებისთვის, არომატული სანთლები, ან, სულაც, უსაქმოდ წამოწოლა დივანზე დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავს ჩაუღმავდეთ და იპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც გაღელვებთ.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა. თქვენი გრძნობები გაწონასოწრებული და ჰარმონიული იქნება იქნება როგორც სამყაროსთან, ისე საკუთარ თავთან. ამას თქვენ გვერდით მყოფი ადამიანებიც იგრძნობენ. პოზიტიური ემოციების წყალობით ადვილად მოიპოვებთ ადამიანების სიმპათიას, მათ მხარდაჭერას. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების, რომანტიკის, მოგზაურობის, შემოქმედებისთვის. გაატარეთ დრო თქვენთვის ძვირფასი ადამიანის გვერდით – გელოდებათ დიდი სიხარული, სიყვარული და წრფელი გული.

ლომი: შესანიშნავი დღეა კარიერის საკითხების ან სხვა ამბიციური მიზნების გადაწყვეტისთვის. იქნებით ორგანიზებული, გაძლიერდება ნებისყოფა და მიზნისკენ სვლის უნარი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თუ ენერგიას სწორ კალაპოტში მიმართავს, უზარმაზარი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ წინ. ერთადერთი „მაგრამ“ ისაა, რომ ყველაფერში გარშემომყოფებზე დაყრდნობა არ ღირს – პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით, თქვენგან გასნხვავებით, ისინი ძალიან მოიკოჭლებენ.

ქალწული: დღეს გაქვთ შანსი, რომ დარწმუნდეთ ამ ანდაზის ჭეშმარიტებაში – „ზოგი ჭირი მარგებელია“. დიდი ალბათობაა, რომ ერთი შეხედვით არახელსაყრელი გარემოება თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდეს. ასე რომ არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა – პარასკევს არცთუ პოზიტიური მოვლენის უკან შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზი იმალებოდეს.

სასწორი: დღეს უზარმაზარი შესაძლებლობები გელოდებათ, რომლებიც არ იქნება დამოკიდებული გზაზე გაჩენილ დაბრკოლებებზე. განწყობა საბრძოლო გექნებათ და ბარიერები და რთული ამოცანები თქვენს აზარტს კიდევ უფრო გაახელებს. იგივე შეეხება მეტოქეებს – პარასკევს ისინი მეტ სტიმულს მოგცემენ და ხარის წინ აფრიალებული წითელი ქსოვილის ფუნქციას შეასრულებენ. ასე რომ, არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს – სწორედ ისინი მოგცემთ ბრძოლისა და გამარჯვების ბიძგს.

მორიელი: დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა, საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ასტროლოგები კარგად დაფიქრებას გირჩევენ. შესაძლოა, წინადადება მართლაც მომგებიანი იყოს, მაგრამ ასევე არაა გამორიცხული, რომ სარისკოც აღმოჩნდეს. ამის გამოსარკვევად ჯერ შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ხომ გაგიგიათ, ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

მშვილდოსანი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს საქმეებისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება არ ღირს. ეს განსაკუთრებით ყოფით საკითხებს, რუტინულ სამუშაოსა და წვრილმანებს ეხება. პარასკევს თქვენი განწყობა იმგვარი იქნება, რომ ნებისმიერ არასწორად გაკეთებულ საქმეს თქვენი სულიერი წონასწორობის დარღვევა შეუძლია. მცირეოდენი შეცდომის გამო ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. სხვათა შორის, ამის გამოსწორება სულაც არ იქნება რთული: საკმარისია, საკუთარ თავს გარედან შეხედოთ და თან იუმორიც არ დაივიწყოთ.

თხის რქა: დღეს ბედმა, შესაძლოა, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, საჩუქრის მიღება, დაუგეგმავი თანხის შემოსვლა. ერთადერთი პრობლემა გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება შეიქმნას, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე და წარმატებებზე იფიქრებთ. შესაძლოა, მიზნის მიღწევისას ვინმეს გზა გადაუღობოთ, ან ვინმეს თქვენი მიღწევების ძალიან შეშურდეს. ასეა თუ ისე, დღეს მეტი მოკრძალება გმართებთ, ეცადეთ, სხვის გრძნობებს არ შეეხოთ.

მერწყული: ემოციებითა და სულიერი კავშირებით დატვირთული დღეა. დაუთმეთ რაც შეიძლება მეტი დრო საყვარელ ადამიანს, მეგობრებს, ნათესავებს. ეს მძლავრი პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ. თუ ახლობელ ადამიანთან სერიოზული საუბარი გსურთ, პარასკევი სწორედ რომ შესაფერისი დღეა ამისთვის. სჯობს, არ გადადოთ და დაელაპარაკოთ მას. თქვენი ნათქვამი სწორად იქნება გაგებული.

თევზები: საქმიანობაში უზარმაზარი აქტიურობის ჩვენება შეგიძლიათ, თუმცა ექსპერტები გირჩევენ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და არაფერი მოიმოქმედოთ, სანამ კარგად არ მოიფიქრებთ. ამ დროს კი თქვენი განწყობა პირიქითაა – რაღაც ძალა ჯერ მოქმედებისა და შემდეგ დაფიქრებისკენ გიბიძგებთ. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებზე კარგად არ აისახება. აქედან გამომდინარე, სჯობს, ემოციებს არ აჰყვეთ და იმოქმედოთ წესით – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.

0