ილია ჭავჭავაძე

რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

491
(განახლებულია 12:02 04.07.2019)
ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა, - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის… სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვები დაეპატრონებიან

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავაძის გამონათქვამებს.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას ილია მართალი უწოდა.

უდიდესია ილია ჭავჭავაძის დამსახურება ქართველი ერის წინაშე. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

ილია დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

491
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (63)
გიული გიორგაძე

ნამდვილი ამბავი იმაზე, „ბეთჰოვენმა რა ჰქმნა?“

170
(განახლებულია 18:06 29.09.2020)
იყო დრო, როდესაც ჩვენში ბავშვები მუსიკაზე „მოდის გამო“ დაჰყავდათ და მუსიკალურ შვიდწლედს იძულებით ამთავრებინებდნენ. შედეგი სავალალო იყო: უმრავლესობა მუსიკაზე გულს იცრუებდა...

დღეს სხვა სიტუაციაა და ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაც, საბედნიეროდ, შეიცვალა. თანაც, მოგეხსენებათ, თანამედროვე ბავშვს ვერც აიძულებ, რომ სურვილის გარეშე რაიმე შეისწავლოს. ყველა შემთხვევაში მასწავლებლის როლი განმსაზღვრელია. კარგმა პედაგოგმა შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ბავშვს გამები, სოლფეჯიო და კლასიკური მუსიკა შეაყვაროს და, ამასთან, დახვეწილი გემოვნებაც ჩამოუყალიბოს...

ასეთი პედაგოგების რიცხვშია გიული გიორგაძეც, რომელსაც საჯარო სკოლასა და საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დღეს ის კერძო გაკვეთილებს ატარებს. 

გიული გიორგაძე
გიული გიორგაძე

- ქალბატონო გიული, თავის დროზე, სავარაუდოდ, მუსიკის კარგი მასწავლებელი გყავდათ...

- დიახ, ჩემი პირველი მასწავლებელი საოცარი ადამიანი ლიანა ფირალიშვილი იყო. ის უდიდესი მოთმინებითა და სიყვარულით მიხსნიდა და მასწავლიდა ნოტებს, მანვე მაზიარა ბგერების ჰარმონიას. მართალია, თავად ლმობიერი პიროვნებაა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მკაცრი და მომთხოვნიც ყოფილიყო, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე უკვე ვიცი, რომ მასწავლებელი უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლის გემოვნების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ოჯახური გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თქვენ მაგალითზე რას იტყვით?

- მართლაც ასეა, მე დედა პედაგოგი მყავს. ღრმა ბავშვობაში, შესაძლებელია, პირველ რიგში, სწორედ მან იქონია გავლენა, რომ მუსიკით დავინტერესებულიყავი და მომავალი პროფესიაც ამის გათვალისწინებით ამერჩია. სერიოზული მუშაობა და შეხება მქონდა მუსიკასთან მაშინაც, როცა ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი.

- ბავშვი რომ მუსიკით დააინტერესო, ამოსავალი მაინც რა არის?

- მთავარი ფაქტორი, რომ მოსწავლე მუსიკით დააინტერესო, ისაა, რომ დაანახო თავად როგორ გიყვარს მუსიკალური ხელოვნება და საქმე, რომელსაც აკეთებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი არ დაძაბო და მას სიმშვიდისა და კეთილგანწყობის განცდა შეუქმნა, რათა მან შენ გაკვეთილზე და ინსტრუმენტთან თავი კომფორტულად იგრძნოს. ბავშვს მცირე ასაკიდან უნდა მოვასმენინოთ გემოვნებიანი მუსიკა, რათა კარგი გემოვნება ჩამოვუყალიბოთ.

მუსიკალური სკოლის კოლექტივთან ერთად
მუსიკალური სკოლის კოლექტივთან ერთად

- ალბათ რეპერტუარსაც აქვს მნიშვნელობა...

- დიახ, რეპერტუარის შედგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რადგან გასათვალისწინებელია ბავშვის უნარ-შესაძლებლობები და დროც, რაც თანამედროვე ბავშვებს ძალიან ცოტა აქვთ. სამწუხაროდ, დღევანდელმა რეალობამ და ყოფითმა პრობლემებმა ბავშვების ინტერესი უკანა პლანზე გადასწია, ამიტომ ძალიან მიხარია, როცა მშობელი მაინც ახერხებს, რომ დაინტერესებული ბავშვი მუსიკაზე ატაროს. მოსწავლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე წარმატება და სიხარული მასწავლებლისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ ჩემი მოსწავლეების ყველა გამოსვლა უკვე წარმატებად მიმაჩნია.

ხელოვან-მეთოჯინეებთან ერთად
ხელოვან-მეთოჯინეებთან ერთად

- ხშირად მსმენია, რომ საკმაოდ რთულია საბავშვო სიმღერების წერა, თუმცა ქართველებს, საბედნიეროდ, ბევრი კარგი საბავშვო კომპოზიტორი გვყავს...

- დიახ, საქართველოში საბავშვო სიმღერების ბევრი კარგი ავტორია. შესაბამისად, რთულია გამოარჩიო და მოსწავლეს რომელიმე კონკრეტული ავტორი შესთავაზო. ამიტომ მირჩევნია ერთად მოვუსმინოთ ამა თუ იმ სიმღერას და ის ბავშვის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად შევარჩიო. ამით, რა თქმა უნდა, ბავშვსაც სწავლისადმი უფრო მეტ ენთუზიაზმსა და ინტერესს უჩენ. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ბავშვისთვის რომ წერო, უნდა წერო უფროსებისთვის, მაგრამ უფრო კარგად“. თანამედროვე ბავშვის მრავალფეროვანი ფანტაზიის დაკმაყოფილება არაა მარტივი ამბავი.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- მუსიკალური სამყარო სავსეა თანმდევი საოცარი ამბებით, რაიმე თუ გახსენდებათ?

- თქვენს კითხვაზე ერთი ახალი ამბავი გამახსენდა. მე მყავს არაჩვეულებრივი მოსწავლე, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვი გიორგი ოდიკაძე, რომელიც ბავშვობაში ძილის წინ, თურმე, ყოველთვის ერთ რომელიღაც მუსიკას უსმენდა. ის მუსიკა ჩამონტაჟებული იყო მის საწოლზე და როგორც კი წვებოდა დასაძინებლად, ისიც ავტომატურად ირთვებოდა. გიორგიმ მითხრა, რომ ის მელოდია დღემდე ახსოვს და ენატრება. ერთხელაც ბავშვმა, რომელიც შვიდი წლისაა, იმ მუსიკის დაკვრა მოინდომა, მისი თქმით, ეს ძალიან ლამაზი მუსიკა იყო. დავიწყეთ „ამოცნობა“, თუ რომელ მუსიკაზეა საუბარი. მე რამდენიმე ნაწარმოები შევასრულე და ერთ მათგანზე მან უცებ სიხარულით წამოიძახა – აი, ეს სწორედ ის მუსიკააო! მოკლედ, ამოიცნო თავისი ბავშვობის მუსიკა და ორივე ბედნიერები ვიყავით.

მეგობრეთან ერთად
მეგობრეთან ერთად

- და რა მუსიკაზეა საუბარი?

 - ის აღმოჩნდა ბეთჰოვენის „ელიზე“. ამის მერე მან სიხარულით და მონდომებით შეისწავლა ეს ნაწარმოები და სულ რაღაც ორიოდე გაკვეთილში უკვე კარგად უკრავდა. აი, ასეთი უცნაური ბიჭი და ამბავია. ამ ბავშვს სამი წლის ასაკიდან ვიცნობ. სხვათა შორის, პანდემიამდე იგი ცალი ხელით დაკვრაში ვამეცადინე. როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, აღმოჩნდა, რომ მან ორი ხელით დაკვრა უჩემოდ, დამოუკიდებლად ისწავლა. რანაირად მოახერხა, ვერ ვხვდები. ასეა, როცა მუსიკა გიყვარს, ის სასწაულებს ჩაგადენინებს...

- თქვენთვის რა იყო მუსიკა ან სიმღერა, რაც თქვენს ბავშვობასთან ასოცირდება?

- ჩემთვის მუსიკის აღქმა ქართული საბავშვო სიმღერებით იწყება. ბავშვობიდან გამოვარჩევდი არაჩვეულებრივი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის სიმღერას „ეს საწყალი კურდღელი", რომელსაც თავად ვასრულებდი და ძალიან მიყვარდა. საერთოდ, მუსიკა ჩემთვის არსებობის წყაროა, ის მეხმარება ცხოვრებას მრავალი ფერი მივანიჭო ან სულ სხვა ფორმით დავინახო. რეალური სამყაროს აღქმა საკმაოდ რთულია მუსიკის გარეშე...

170
ხათუნა ფაიქიძე

ემიგრანტი ქალის წერილები: სიტყვა მოსამსახურე არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა დაემონო

314
(განახლებულია 21:25 28.09.2020)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ეს ღია გზავნილი ქუთაისელ ხათუნა ფაიქიძეს ეკუთვნის. პროფესიით იურისტი, ერთ დღესაც იძულებული გახდა, რომ სხვა ემიგრანტების მსგავსად უცხოეთში გადახვეწილიყო და ოდესღაც საოცნებო ქვეყანაში სამუშაოდ ჩასულიყო...

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

დავიბადე ქუთაისში, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. წარჩინებით დავამთავრე 33-ე საშუალო სკოლა. თავიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. მინდოდა იურისტი გამოვსულიყავი. როცა ვაბარებდი, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო და მე 30 კაცს შორის მოვხვდი. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. 90-იან წლებში, როცა სახელმწიფო სისტემა ჩამოიშალა, პროფესიული ზრდისთვის არანაირი ასპარეზი აღარ არსებობდა, ამიტომ სხვების მსგავსად იძულებული გავხდი ემიგრაციაში წავსულიყავი. უცხო ქვეყანაში ადაპტირება ძალიან რთულია, იძულებული ხარ, რომ სხვა ქვეყნის ყოფა, ადათ-წესები და კანონები აითვისო. დღეს ზუსტად ვიცი, რომ ემიგრანტ ქალზე ძლიერი დუნიაზე არავინაა…

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

თუმცა იმასაც გეტყვით, რომ აქ ყოფნა იმდენად არ გამჭირვებია, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მომწონდა იტალია და იტალიელები. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა იტალიური ფილმები, მსახიობები და მომღერლები. მახსოვს, დამშვიდობების დროს ბავშვები როგორ ვამბობით – „ჩაო-კაკაო!" მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და იტალიაში ვიცხოვრებდი.

აქ წამოსვლის დროს ჩემთვის ერთადერთი სირთულე ის იყო, რომ ჩემი შვილის, პატარა ნინიას დატოვება გამიჭირდა. ბევრი ვეცადე და დღეს ჩემი შვილი, რომელიც უკვე 17 წლისაა, ჩემსავით იტალიის ბინადარია. უკვე მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც ფლორენციაში ვარ.

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

ადამიანების უმრავლესობა გამუდმებით ფიქრობს იმაზე, რაც მოხდა, ან იმაზე, რისი შეცვლა სურთ ან ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ. წარსულს ვერ დავაბრუნებთ, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ მეტი უნდა ვიფიქროთ აწმყოზე და მისი ყოველი წუთი უნდა შევიგრძნოთ.

თავისუფლება მიყვარს, მჯერა, რომ თავისუფლება საკუთარი თავის ფლობაშია და არა ვინმეს ან რამის მორჩილებაში. მიყვარს ყოფნა ყველგან, სადაც სიცოცხლე, სინათლე და სიყვარულია. აქ ერთ ოჯახში ვმუშაობ და სიტყვა მოსამსახურე არ მაშინებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დახარო და ვინმეს დაემონო. უბრალოდ, შენი საქმე უნდა შეასრულო კეთილსინდისიერად და პატიოსნად, რადგან არანაირი შრომა სამარცხვინო არ არის, თავაწეულმა უნდა იარო...

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

არ მიყვარს ფარისეველი, მატყუარა და მოღალატე ხალხი, რადგან ვთვლი, რომ ვინმემ ერთხელ თუ გიღალატა, აუცილებლად გიღალატებს მეორედ და მესამედაც და ეს უფრო მტკივნეული იქნება...

იტალიაში, როცა საშუალება მაქვს, სულ ვმოგზაურობ. ფლორენციაში უკვე მაქვს საყვარელი ადგილები, მათ შორისაა პონტე ვეკიო (Ponte vecchio), შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი მდინარე არნოზე. ამბობენ, რომ ეს ხიდი თავიდან რომაელებს აუგიათ, 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. შემდეგ ხიდი, უკვე ქვის, ხელახლა ააგეს. თურმე, 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს მისმა სილამაზემ ჰიტლერზეც მოახდინა გავლენა და ამიტომ ხიდი მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა.

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

რაც შეეხება ჩემს ოცნებას, მინდა, რომ საქართველო ვიხილო გამთლიანებული და ძლიერი და იქ მარტო ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ პროფესიულ კარიერაზე, სამწუხაროდ, აღარაფერს ვამბობ, უკვე დავაგვიანე...

ცხოვრება გრძელდება და მჯერა: სანამ ცოცხალი ხარ, ღმერთის და ადამიანის იმედი არ უნდა დაკარგო და შენი გზა ღირსეულად უნდა გაიარო. შესაძლოა მოვიდეს დრო და ჩემს პროფესიულ განვითარებაზე აქ, იტალიაშიც ვიფიქრო. ნათქვამია – ვერასოდეს დაინახავ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებიო...

 

314
მიგრანტების ხელშემწყობი ცენტრი

„ცვლილებების დრო“: რუსეთის შსს მიგრანტებს დასაქმებას გაუმარტივებს

0
(განახლებულია 20:02 29.09.2020)
2020 წელს დაახლოებით 600 ათასი ადამიანი შეძლებს, გახდეს რუსეთის მოქალაქე - მათი უმეტესობა დსთ-ს მოქალაქეა

რა პრეფერენციები მიიღეს მიგრანტებმა კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესების დღიდან და კიდევ როგორ გამარტივდება დოკუმენტების გაფორმება ქვეყანაში უცხოელების ლეგალურად ყოფნისათვის - ამ საკითხებზე Sputnik-ს რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვალენტინა კაზაკოვა ესაუბრა.

Начальник Главного управления по вопросам миграции МВД России, генерал-лейтенант Валентина Казакова
© photo: Sputnik / Nina Zotina
ვალენტინა კაზაკოვა

რუსეთის პასპორტი გაუჭიანურებლად

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა ზრდის ტენდენცია. ამის შესახებ  Sputnik-ს ინტერვიუში რუსეთის შსს-ს მიგრაციის საკითხთა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალენტინა კაზაკოვამ განუცხადა.

მისი სიტყვებით, 2019 წელს რუსეთის მოქალაქე 500 ათასამდე უცხოელი გახდა, 2020 წლის 8 თვეში კი რუსეთის მოქალაქეობა 400 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი 90% დსთ-ის ქვეყნებიდან არიან.

 „ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეს ციფრი გაიზრდება და 600 ათასს მიაღწევს“, - ვარაუდობს კაზაკოვა.

ასეთ მაჩვენებლებს არაერთი ფაქტორი უწყობდა ხელს. ჯერ ერთი, გამარტივდა მოქალაქეობის მიღების პროცედურა. მაგალითად, აღარ არის საჭირო სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დოკუმენტების წარმოდგენა, რაც ადრე სავალდებულო პირობა იყო. ექვსიდან სამ თვემდე შემცირდა ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის განხილვის ვადა.

გარდა ამისა, ივლისიდან ყაზახეთის, ბელარუსის, მოლდავეთისა და უკრაინის მოქალაქეები, რომელთაც ბინადრობის ნებართვა აქვთ, უფრო იოლად აიღებენ რუსულ პასპორტს. თუ ადრე ბინადრობის ნებართვის საფუძველზე აუცილებელი იყო რუსეთში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრება, ამიერიდან მოქალაქეობის მისაღებად დოკუმენტების წარდგენა იმთავითვე იქნება შესაძლებელი. ზაფხულის შუა რიცხვებში რუსული პასპორტის მიღების მსურველი 240 ათასი ადამიანი იყო.

„აღნიშნული კატეგორიის პირთა რაოდენობის ზრდას ველოდებით“, - აღნიშნავს შსს-ს წარმომადგენელი.

დამატებით კიდევ ერთი შეღავათით ისარგებლებენ ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ისინი არ გაივლიან გასაუბრებას შსს-სთან არსებულ კომისიებში რუსული ენის ცოდნაზე.

გამარტივდა ასევე ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურა მოქალაქეებისთვის, რომელთაც თანამემამულის სტატუსი აქვთ.

„ისინი დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების პროცედურის გვერდის ავლით შეძლებენ ბინადრობის ნებართვის მიღებას და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობის მიღების ვადები მათთვის შემცირდება“, - დააზუსტა გენერალ-ლეიტენანტმა.

მიგრანტების დამსაქმებელთა რეესტრი

რუსეთის შსს გამოდის ინიციატივით, შეიქმნას დასაქმებულების და იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებიც მზად არიან, უცხოელები მიიღონ სამსახურში, აღნიშნა კაზაკოვამ. ეს იდეა შეტანილია სამინისტროს მიერ შემუშავებულ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ახალ კონცეფციაში.

ამჟამად სამუშაოზე გასაფორმებლად მრავალი სახის დოკუმენტი არსებობს: შრომის პატენტები, უცხო სამუშაო ძალის მოზიდვის ნებართვა, მუშაობის ნებართვა.

„უცხოელისთვის რთულია, გაერკვეს ყველა პროცედურაში. დადგა ცვლილებების დრო. ამიტომ შევიმუშავეთ უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის კონცეფცია, სადაც ზოგიერთი ინოვაციის დანერგვის წინადადებით გამოვდივართ“, - ხაზი გაუსვა შსს-ს წარმომადგენელმა.

ახალი წესების თანახმად, მას შემდეგ, რაც მიგრანტი რეესტრის დახმარებით ახალ ვაკანსიას იპოვის, მომდევნო ეტაპი იქნება დოკუმენტების გაფორმება სახელმწიფო მომსახურების ერთიანი პორტალის მეშვეობით. მათი ონლაინშემოწმების შემდეგ უცხოელი რუსეთის ფედერაციაში შესვლის ნებართვას მიიღებს.

„ნებართვის მიღების შემდეგ უცხოელს რუსეთში ჩასვლისას უკვე ეცოდინება, რომელ დამსაქმებელთან მიემგზავრება. ჩვენი ვარაუდით, ასეთი სქემა ნებართვის დოკუმენტების გაფორმებას გაამარტივებს და მათი მიღების ვადებს შეამცირებს“, - ფიქრობს კაზაკოვა.

უფასო პატენტი და დოკუმენტების ვადის გაგრძელება

2020 წლამდე რუსეთში ყოველწლიურად 15-17 მილიონი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩადიოდა. მათ შორის, დასაქმების მიზნით - 5-6 მილიონი ადამიანი, აღნიშნა ვალენტინა კაზაკოვამ.

საკარანტინო შეზღუდვების გამო წელს დაახლოებით 1,5-მა მილიონმა მიგრანტმა მიმართა რუსეთის შსს-ს ტერიტორიულ სამსახურებს ქვეყანაში ყოფნის ნებართვის გასაფორმებლად. მაგრამ ამავე პერიოდში ზოგიერთი უცხოელი რუსეთში უმუშევარი დარჩა, ზოგი საზღვრების ჩაკეტვის გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. რუსეთში მიგრანტების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი მიიღეს, რომლებმაც ისინი უამრავი ბიუროკრატიული პროცედურისგან გაათავისუფლა.

„ამჟამად შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ უცხოელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდეს და მუშაობდეს წინასწარ გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.

15 მარტიდან 15 ივნისამდე მიგრანტებს შეეძლოთ რუსეთში მუშაობა და ცხოვრება ნებართვის დოკუმენტების გაფორმების გარეშე, თუ მათი მოქმედების ვადა ამოწურული იყო. შრომით მიგრანტებს შრომითი პატენტის ვადის უფასოდ (პატენტის შეძენის გარეშე ვადის გაგრძელება ძალაში იყო 15 ივნისამდე) გაგრძელების შესაძლებლობა რუსეთიდან გასვლის გარეშე მისცეს. პირველ რიგში, ამ შეღავათმა თანხები დაუზოგა უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და უკრაინის მოქალაქეებს, რომელთაც პატენტის გაფორმება 5350 რუბლი უჯდებოდათ.

15 ივნისის შემდეგ მიგრანტებს კიდევ არაერთხელ გაუგრძელეს დროებითი ბინადრობის ნებართვა. ამ მომენტისთვის ყველა უცხოელ მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში კანონიერად იმყოფებოდა 15 მარტამდე, დაუბრკოლებლად შეუძლია დარჩენა და მუშაობა 15 დეკემბრამდე.

ამჟამად არსებობს უცხო ქვეყნების მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია, რომელთაც რუსეთში ოფიციალურად მუშაობა შეუძლიათ. პირველი კატეგორია - ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოქალაქეები არიან. მათ რუსეთის მოქალაქეთა თანასწორი უფლებებით, ყოველგვარი ნებართვის დოკუმენტის გარეშე შეუძლიათ მუშაობა.

მეორე კატეგორია - არიან პირები, რომლებიც შრომით პატენტებს იღებენ და ავანსს იხდიან. მესამე კატეგორია - არიან ვიზების საფუძველზე ჩასული მოქალაქეები, რომლებიც შრომით ნებართვას აფორმებენ.

„2020 წლის 6 თვეში ჩვენთან 700 ათასი შეტყობინება მოვიდა დამსაქმებლებისგან უცხოელი მოქალაქეების სამსახურში მიღების თაობაზე. მათგან 50 ათასი სომხეთის მოქალაქეა, ეს დაახლოებით 7%-ია“, - აღნიშნა კაზაკოვამ.

მიგრაციის აღრიცხვა უფრო გამჭვირვალე გახდა

კიდევ ერთი სიახლე რუსეთის კანონმდებლობაში ეხება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში კერძო საკუთრებას ფლობენ. მათ შეუძლიათ მიიღონ და თავიანთ საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრირონ სხვა უცხოელები. 2020 წლის სექტემბრამდე მათ კერძო საკუთრებაში ახლო ნათესავების (მეუღლე, მშობლები, შვილები) რეგისტრაციის უფლებაც კი არ ჰქონდათ.

„როდესაც მოქალაქეს არ შეუძლია საკუთარ საცხოვრებელ ფართში უცხოელის დარეგისტრირების უფლებით სარგებლობა, ის სხვადასხვა უკანონო სქემას იყენებს და გვაწვდის არასწორ ინფორმაციას. ანუ უცხოელი ცხოვრობს ერთ მისამართზე, ხოლო რეგისტრირებულია სხვა მისამართზე. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და სწორედ მის თავიდან ასაცილებლად გამოიცა ახალი კანონი“, - განმარტავს კაზაკოვა.

დანაშაული მკვეთრად არ გაზრდილა

რუსეთში კორონავირუსის გამო სხვადასხვა აკრძალვის ამოქმედება, არაერთი პროგნოზით, მიგრანტებს შორის დანაშაულის მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა. კაზაკოვას აზრით, ყველა იმ პრეფერენციის წყალობით, რომელიც უცხოელებმა პანდემიის პერიოდში მიიღეს, ასეთი ნეგატიური სცენარისთვის თავის არიდება მოხერხდა.

„ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო. ზომებმა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე უცხოელების ლეგალიზაციისთვის დროულად იქნა მიღებული, ნაყოფი გამოიღო. როდესაც უცხოელი თავს დაცულად გრძნობს, მას დანაშაულის ჩადენა არ სჭირდება, რადგან სამართლებრივ ველში იმყოფება. დანაშაული მაშინ იმატებს, როდესაც უცხოელი თავს დაუცველად გრძნობს, კარგავს სამუშაოს, ვერ შოულობს ახალს, ეწურება ნებართვის დოკუმენტების მოქმედების ვადა“, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

მისი თქმით, გარკვეული შედეგი მოჰყვა შსს-ს ერთობლივ მუშაობას ქვეყნების, კერძოდ, უზბეკეთის და ტაჯიკეთის საელჩოებთან. დიპლომატიური უწყებები თანამემამულეებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, დასაქმებაში ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, მიგრანტებს რუსეთიდან გასვლაშიც უწყობდნენ ხელს - გასამგზავრებელი რეისების დანიშვნის გზით.  

 

 

0
თემები:
რუსეთი დღეს