ნუცი ნებიერიძე

ქართველი ჯაზმენი, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ კლუბებში მღერის

658
(განახლებულია 17:38 03.07.2019)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ ნიჭიერ მომღერალს ნუცი ნებიერიძეს გაგაცნობთ.

ჯაზს კი არ ასრულებს, თითოეულ კომპოზიციაში ჩასახლებულ საინტერესო პატარა ამბავს ჰყვება და ყოველ ჯერზე ნიჭიერად გადმოცემული ეს ამბავი განსხვავებულად და საოცრად ემოციურად ჟღერს...

მხატვრების ოჯახში გაზრდილმა, თავიდან ხატვის მიმართულებით სცადა წასვლა. თბილისის სამხატვრო აკადემიაში კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი დაამთავრა. რადგან იმპროვიზაციები ცხოვრებაშიც უყვარს, ერთ მშვენიერ დღეს ინტერესთა სფერო შეიცვალა და მუსიკის გზა აირჩია. მისი მუსიკალური კარიერა მაშინ დაიწყო, როცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტზე ჩააბარა. სტუდენტობის დროს აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებზე. ყველაფრის მოტივაცია მუსიკის სიყვარული და ამერიკაში კარიერის გაგრძელება იყო.

ნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე

გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ მისი ამერიკული ოცნება სრულად ახდა. ნუციმ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ნიუ-იორკის მუსიკალური უნივერსიტეტი დაამთავრა, საკუთარი ალბომი ჩაწერა და დღეს კონცერტების ჩატარებას სთავაზობენ ისეთ პრესტიჟულ კლუბებში, სადაც ბროდვეის ლეგენდარული მუსიკოსები გამოდიან.

– ნუცი, ქრონოლოგიას მივყვეთ, თბილისური მუსიკალური ცხოვრება გაიხსენეთ...

– თბილისში აქტიური მუსიკალური ცხოვრება მქონდა. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის პარალელურად გამოვდიოდი კონცერტებზე, კლუბებსა და ბარებში. მყავდა სხვადასხვა ბენდი, ვაკეთებდი სტუდიურ ჩანაწერებს, ვმღეროდი სხვადასხვა ფესტივალზე და დიდ კონცერტებზე. მონაწილეობა მაქვს მიღებული სატელევიზიო კონკურსებშიც. ასე თანდათან ვაგროვებდი გამოცდილებას, ვწერდი მუსიკას. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ვემზადებოდი შემდეგი დიდი ნაბიჯისთვის, რასაც ნიუ-იორკში ჩასვლა წარმოადგენდა. დიდი მზადებისა და სამწლიანი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, აქ ჩამოვედი.

ნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე

– ნიუ-იორკში საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარეთ...

– დიახ, ეს გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური უნივერსიტეტი The New School For Jazz And Contemporary Music. ისე მოხდა, რომ საკმარისი ფინანსების არქონის გამო, შემდეგ კი აშშ-ის ვიზაზე ორჯერ უარის მიღების შემდეგ ზუსტად სამი წელი ნიუ-იორკში ვირტუალურად ვცხოვრობდი. გამოცდები სამჯერ ჩავაბარე და უნივერსიტეტიდან დაფინანსებაც თანდათანობით გამეზარდა. საბოლოოდ მაღალი დაფინანსებითა და მშობლების ხელშეწყობით აქ  ჩამოვედი, ვისწავლე და ახლა ეს უნივერსიტეტიც დავამთავრე.

– როგორი იყო თავისუფალ სამყაროსთან თქვენი პირველი რეალური შეხვედრა და შთაბეჭდილება?

– ჩემი პირველი შთაბეჭდილება ნიუ-იორკზე განსაკუთრებულად მძაფრი იყო, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, სამი წელი ვოცნებობდი აქ ჩამოსვლაზე. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც პირველად გავედი მანჰეტენზე, გავიარე უნივერსიტეტთან იმ ქუჩებზე, სადაც ფოტოებით ვირტუალურად ვცხოვრობდი. პირველი წელი ძალიან ინსპირაციული იყო, მართლა ვეზიარე იმ „კულტურულ შოკს“, რითიც  ნიუ-იორკი გამოირჩევა. ახალ სამყაროსთან შეგუება სულ არ გამიჭირდა, პირიქით, აქ იმდენი ხანი ვერ ჩამოვდიოდი, რომ სწავლას და მოღვაწეობას დაგროვილი ენერგიით „შევუტიე“. სხვათა შორის, იმ ადგილზე, სადაც პირველი გასვლის დროს ყველაზე დიდი ემოციური შოკი დამემართა, ხანდახან ახლაც მივდივარ, ისევ იქ ვდგები, იმ ქუჩაზე, რომ იგივე განცდა გავიხსენო. ამ ფორმით ალბათ საკუთარ თავს მინდა შევახსენო, თუ რა გზა გამოვიარე და რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აქ ყოფნა...

– ამბობენ, ჯაზს მხოლოდ თავისუფალი სულის ადამიანები მღერიანო...

– ბავშვობიდან ვგრძნობდი კავშირს ამ მუსიკასთან, ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი გაუცნობიერებელი სწრაფვა თავისუფლებისკენ. მუდამ გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი და ჩემი შინაგანის რეალიზება სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. თუმცა ეს ეხება ზოგადად მუსიკასაც, რადგან ჯაზთან ერთად სხვა მრავალი ჟანრის გავლენაც მაქვს, რაც ახლა ერთბაშად ვლინდება ჩემ სიმღერებში და იდეებშიც. სულის გათავისუფლება მთელი ცხოვრების პროცესია, რაც, ვფიქრობ, ადამიანის მთავარი მისიაა. სწორედ ეს პროცესია ბრძოლა, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი აზრით, ჯაზიც ბრძოლაა, ბრძოლა თვითგანვითარების და შინაგანი თავისუფლებისთვის.

ნუცი ნებიერიძე
ნუცი ნებიერიძე

– როგორია ამერიკული პუბლიკა, ვისთვისაც ჯაზს მღერით?

– ნიუ-იორკის პუბლიკა მრავალფეროვანია და ძალიან კულტურული. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი კონცერტი და ღონისძიება მქონდა ნიუ-იორკის სხვადასხვა პრესტიჟულ ვენიუებში, როგორებიცაა Birdland Jazz Club, Birdland Theatre, Club Bonafide, Rockwood Music Hall, Tribeca Performing Arts Center, Consulate General Of Georgia, The Amadeus Performance Hall და სხვ. ჩემ კონცერტებზე როგორც მუსიკოსები, კოლეგები, მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები, ასევე ტურისტები და სრულიად უცხო მსმენელიც მოდის. ისინი მიუხედავად იმისა, გიცნობენ თუ არა, დიდი პატივისცემით გისმენენ და გქომაგობენ. ამასთანავე, ქართველი პუბლიკაც განუყოფელი ნაწილია ჩემი კონცერტების, რითიც ძალიან ამაყი ვარ.

– გამორჩეული, დასამახსოვრებელი, საინტერესო ამბავი ციკლიდან “ერთხელ, ამერიკაში”...

– შარშან ჩავწერე ჩემი პირველი ალბომი და პრეზენტაცია–კონცერტის ჩატარება ძალიან მინდოდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლეგენდარულ ვენიუში, სადაც ძალიან ძნელია მოხვედრა. იქ მინიმუმ ნახევარი წლით ადრე უკვე გაწერილი აქვთ პერფორმანსების ცხრილი, ისიც სულ გამოჩენილი, ბროდვეის ლეგენდარული მუსიკოსებით. ერთ დღეს, ნოემბრის დასაწყისში მიზანმიმართულად მივედი, ჯემ-სეიშენზე ვიმღერე, ვენიუს მფლობელს დაველაპარაკე, რის შემდეგაც მან თავად შემომთავაზა კონცერტის ჩატარება. არასდროს დამავიწყდება იქიდან წამოსვლისას განცდილი სიხარული, ფაქტობრივად გავბედე და მოვიპოვე ის, რაც ძალიან მინდოდა! მეორე დღეს კი მომწერეს, რომ ზედიზედ ორი დღე მომცეს, თანაც იმავე თვეში, 21-22 ნოემბერს. სიხარულისგან გადარეული ვიყავი, რომ ასე მალე მიწევდა ამხელა ივენთების ჩატარება. არანორმალურად ინტენსიური შრომის შედეგად კონცერტებმა მაგრად ჩაიარა, თანაც თითქმის სავსე დარბაზში ბევრი ქართველი იყო...

– ნიჭიერი უდავოდ ხართ, როგორ ფიქრობთ, ფორტუნაც გწყალობთ?

– უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გამომიჩნდა პროდიუსერი, რომელიც ჩემ კონცერტს დაესწრო, აღფრთოვანდა და დაინტერესდა ჩემი მუსიკალური იდეებით. შეხვედრებზე დავდიოდით, ვგეგმავდით თანამშრომლობას და განვიხილავდით შემდგომ პროცესებს. მივიღე ძალიან მაგარი შემოთავაზებები და მან მიბიძგა რომ Music Production მესწავლა, სტუდიურ პირობებში მეკეთებინა მუსიკა, ახალი სიმღერები დამეწერა და ჩამეწერა. ამისთვის კი სახლში აპარატურა მჭირდებოდა და, პირველ რიგში, შესაბამისი კომპიუტერი, რაც არ მქონდა. ზამთრის ერთ დღეს, შეხვედრის ბოლოს მან მითხრა – ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გეგმის მიხედვით, მაგრამ შენ კომპიუტერიც კი არ გაქვსო. მახსოვს, იქიდან ჩაფიქრებული წამოვედი, ერთ ბაღში სკამზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის ყველაფერი უნდა მეცადა. უცებ მეგობარმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და მუსიკოსმა დამირეკა და მომიკითხა. საუბრის ბოლოს კი ისე, უბრალოდ მითხრა, რომ მჩუქნის კომპიუტერს, თანაც ზუსტად ისეთს, როგორიც მჭირდებოდა! ასეა, როცა რაღაც ძალიან გსურს და ამისთვის იბრძვი, თითქოს სამყაროც შენკენაა…

ასე დაიწყო ახალი ეტაპი ჩემ მუსიკალურ ცხოვრებაში. დანარჩენი აპარატურაც ნელ-ნელა ჩემი შრომით შევიძინე, ოთახში მოვიწყვე პატარა სტუდია, ვისწავლე პროგრამები და დავიწყე მუსიკის კეთება. ამ პროდიუსერთან უკვე ინტენსიური თანამშრომლობა მაქვს და ბევრ ახალ ჩანაწერზე ვმუშაობ, რომლებსაც მალე გამოვცემ.

– უცხო გარემოში მოხვედრილი ადამიანი საკუთარ თავში ყოველთვის აღმოაჩენს ხოლმე მანამდე უცნობ თვისებებსა და შესაძლებლობებს, თქვენ შემთხვევაშიც თუ მოხდა ასე?

– საზღვარგარეთ სამუშაოდ და წარმატებისთვის წასული ადამიანი სულიერად გარდატეხის ეტაპს გადის. ქართველის ნიუ-იორკში ადაპტირება–რეალიზება განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ–მენტალურ მოვლენად მიმაჩნია. სოციალური იერარქიის წნეხიდან გამოქცეული ადამიანი უცებ აღმოჩნდება უზარმაზარ ფერად სივრცეში, სადაც მის იდენტობას გარემო და სოციუმი კი არ განაპირობებს, არამედ მხოლოდ თვითონ და მისი საქმე. თანაც, როდესაც ადამიანს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა გიწევს ასეთ დაუნდობელ და სწრაფ რეჟიმში, როგორიც ნიუ იორკშია, აღმოაჩენ უნარებს საკუთარ თავში და იყენებ უამრავ შესაძლებლობებს. მე ასეთ ქარცეცხლში ინდივიდუალური განვითარებისთვის ასმაგად უფრო სწრაფად და ნაყოფიერად ვმუშაობ. შინაგანი ენერგიის გამომუშავებასა და ბალანსს ვსწავლობ, რამდენადაც ბევრს ვხარჯავ, მით უფრო ულევი ენერგიით ვივსები, ვძლიერდები და ვიზრდები.

– ასეთ გლობალურ და ინტეგრირებულ სამყაროში საკუთარი იდენტობის და წარმომავლობის გაცნობიერება უკანა პლანზე ხომ არ იწევს?

– პირიქით, ასეთ მრავალფეროვან კულტურულ გარემოსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის საკუთარ კულტურასა და წარმომავლობას ბევრად უფრო ვაცნობიერებ, მისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით, რაც პირდაპირ ჩემ შემოქმედებაზე აისახება. სწორედ ეს გენი და ფესვები მამოძრავებს, თანამედროვე სახით რეალიზდება და გარკვეულ ფორმას იძენს ჩემ მუსიკაში.

მეამაყება ჩემი თაობა და მინდა, რომ საკუთარი გამოცდილებით წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის უკეთესი და პროგრესული მომავლის საქმეში. ნოსტალგიასაც ამით ვერევი, რომ აქ, ამ ბრძოლაში ჩემს მისიას ვემსახურები...

 

658
თემები:
ქართველები უცხოეთში (68)
ნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად

ქართველი თავადის ასულისა და გერმანელი ჰერცოგის სიყვარულის  ამბავი და ქართული საქმეები

9
(განახლებულია 18:36 27.05.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრები მსახიობის, პროდიუსერისა და ჟურნალისტის, ნანა ანდრონიკაშვილის ცხოვრების უჩვეულო ისტორიას გაგაცნობთ.

წლების წინ თბილისში ლეგენდასავით დადიოდა ამბავი იმაზე, თუ როგორ გაყვა ცოლად ანდრონიკაშვილების შთამომავალი საქსონიის ჰერცოგს. ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა ცხენზე ამხედრებული პრინცის ზღაპარმა რეალურად გაამართლა.. 

თეატრალურში ლილი იოსელიანის სტუდენტი იყო და რუსთაველის თეატრში, მაესტრო სტურუასთან ათი წელი იმუშავა. მის არტისტულ ანგარიშზე ათამდე თეატრალური როლი და 30-მდე კინო როლია. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში, სადაც მისი მონაწილეობით ლიტერატურული სპექტაკლები და ჩანაწერები არქივშია შემონახული.  

2008 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან ერთად, რომელიც არქეოლოგი, ისტორიკოსი და მწერალი გახლავთ. ჰყავთ ქალიშვილი, ცხრა წის მარიამი. თავიდან ამერიკაში ცხოვრობდნენ, შემდეგ ჰანოვერში გადავიდნენ, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. რაც მთავარია, მათი საქმიანობა ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა...

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- ქალბატონო ნანა, თქვენი ცხოვრება საინტერესო ფილმს ჰგავს, თავად რას იტყვით?

- შესაძლოა ასეც იყოს... დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას სამ ნაწილად დავყოფდი: პირველი- ოჯახი, ბავშვობა და პროფესია, მეორე - ჩემს მეუღლესთან შეხვედრა და მასთან ახალი ცხოვრების დაწყება და მესამე ნაწილი, ჩემი ქალიშვილის, მარიამის დაბადებიდან დღემდე. თეატრი და ხელოვნება ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. დედა, რეჟისორ-პედაგოგი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, მამა მსახიობი და პედაგოგი, ამიტომ თითქმის ყოველ საღამოს უნივერსიტეტსა თუ თეატრში რეპეტიციებზე ვატარებდი.

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- მოულოდნელად ერთმა ამბავმა მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- ნათქვამია - შემთხვევით არაფერი ხდებაო და ჩემი ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. 1997 წელს ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი “Gift”, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი. ფესტივალზე ჩამოსულმა ინგლისელმა პროდიუსერებმა ლონდონში ექსპერიმენტულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად დამპატიჟეს. იქ ერთ-ერთი ჟურნალის „იმპრესიონს” რედაქტორმა ჩემზე დაწერა სტატია, სადაც ჩემს ოჯახსა და საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრე. სტატიაში წინაპრების ფოტოებიც იყო. ის ჟურნალი საერთაშორისო იყო და ბევრ ქვეყანაში გამოქვეყნდა. მისი ერთი ეგზემპლარი „ბრიტიშ ეარვეის“ თვითმფრინავშიც მოხვდა. აქედან იწყება ჩემი მეორე ცხოვრება. ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოში მოფრინავდა, ეს სტატია თვითმფრინავში წაიკითხა. დაინტერესდა იმით, რომ საქართველოში არისტოკრატიული  საზოგადოება არსებობდა, თან როგორც შემდეგ გამომიტყდა, იქ ჩემი ფოტოც ნახა და თურმე გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლისთანავე მოვეძებნე.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- საინტერესოა, როგორ გაგეცნოთ?

- როდესაც ტელეფონზე დამირეკა, ასე გამეცნო: ჰანს პრინცი ფონ საქსენ-ალტენბურგი გაწუხებთო. იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან, სადაც იცოდნენ ჩემი არისტოკრატიული წარმომავლობა და მეგონა რომელიმე ინგლისელი მეგობარი მეხუმრებოდა. დიდი ხანი დასჭირდა იმაში, რომ დავერწმუნებინე არ ხუმრობდა. ამ საუბრის მერე ერთმანეთს შევხვდით. მოგვიანებით ჩვენს ოჯახში მოვიდა და ახლოს გაგვეცნო.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ცოლობაც განსკუთრებულად გთხოვათ?

- როდესაც საქართველოში მესამედ ჩამოვიდა, სვანეთში მთხოვა გაყოლა. იქ ნამყოფი არც მე ვიყავი და დავთანხმდი. ოქტომბრის ბოლო იყო და მოულოდნელად გზები ჩაიკეტა: სამი დღე ველოდებოდით გზის გახსნას. სწორედ იქ, იმ ულამაზეს ბუნებაში, სადაც თითქოს ღრუბლებს ზემოთ ხარ, მთხოვა ხელი. ამის მერე თბილისში, ჩინელი დრამატურგის და მათი საელჩოს მოწვევით მქონდა ჩინური სპექტაკლის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი. სპეტაკლის მერე გრანდიოზული სახალხო ნიშნობა გვქონდა. მალე ქორწილიც გადავიხადეთ. შემდეგ გავემგზავრეთ ამერიკაში, სადაც ხელი მოვაწერეთ. 

ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი
ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი

- ალბათ ბევრი საინტერესო შეხვედრა გქონდათ ცხოვრებაში...

- დიახ, ჰანსის სტატუსის გამო ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა, მაგალითად მახსენდება შეხვედრა ვაშინგტონში, უფროს და უმცროს ბუშებთან, დალასში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსსა და სოფიასთან. ერთ მიღებაზე ჰანსმა მეფე და დედოფალი ოფიციალურად გამაცნო. დედოფალი სოფია ჰანსის ოჯახს ენათესავება. ჰანსს საქართველოშიც უნდოდა ჯვრისწერის გამეორება და ბევრი სამეფო ოჯახის დაპატიჟება. მათ შორის იყვნენ ხუან კარლოსი და სოფიაც, თუმცა სამწუხაროდ ეს ნიშნობა ვერ განვახორციელეთ. სხვათაშორის ეს ამბავი საქართველოს  წაადგებოდა. მოგვიანებით ჩვენ საქართველოზე  ისტორიული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი გადავიღეთ-„სამეფო ალბომი„, რომელიც ამერიკის და გერმანიის ტელევიზიით გავიდა.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- საქართველოში როცა დაბრუნდით რას საქმიანობდით?

- ვარდების რევოლუცის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში, ჩემს მეუღლეს აქ ევროპული დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა უნდოდა. შევიძინეთ ტელევიზია, რომელიც სულ ერთი წელი ვამუშავეთ. მე მიმყავდა საავტორო გადაცემა „ნანას შოუ„ სადაც იმ დროისთვის უცნობ საინტერესო, ნიჭიერ ადამიანებს ვიწევდი. ჩემს მეუღლეს ჰქონდა გადაცემა „ჩემი სამშობლო”, სადაც იწვევდა ელჩებს, პოლიტიკოსებს, უცხოეთის მნიშვნელოვან ფიგურებს და მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხით აცნობდა. ჩვენი ტელევიზია იმდროინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა, ამიტომ იძულებული გაგვხადეს, რომ ის გაგვეყიდა. 2008 წელს საცხოვრებლად გერმანიაში, ჰანოვერში გადმოვედით.

ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად
ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად

- როგორც ჩანს, თქვენს შემოქმედებით მოთხოვნილებას ყოველ ზაფხულს იკმაყოფილებდით საქართველოში, სადაც ფილმებს იღებდით, რაზე ან ვიზეა ეს ფილმები?

-ჩემს გულში საქართველოდან არასოდეს წავსულვარ. მეამაყება, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი - ამერიკაში, ინგლისსა თუ გერმანიაში, ყველა ჩემს გადაცემაში, ფილმსა თუ ინტერვიუში ჩემი მთავარი სათქმელი- საქართველო იყო. აქ ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და ხან სპეტაკლს ვდგამ და ხან ფილმებში ვმონაწილეობ. რაც მთავარია, ვთანამშრომლობ ნინო ხოფერიასთან, „ერთსულოვნების” ტელევიზიაში და ჩემს სათქმელს ლიტერატურულ გადაცემებში ვამბობ, ანუ ისევ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვეწევი.

- თქვენი მესამე ცხოვრება როდის დაიწყო?

-2010 წელს შემეძინა ქალიშვილი, პრინცესა მარიამი და  ჩემი მესამე ცხოვრება, რომელიც მაშინ დაიწყო დღემდე გრძელდება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს - ვზრდი ქალიშვილს მარიამს, რომელსაც შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველოც ისევე უყვარს და სამშობლოდ თვლის როგორც გერმანიას. ეს კი დედაჩემის და პირადად ჩემი დამსახურებაა. მთავარი ინვესტიცია რაც არაფრით აიწონება განათლებაა, ჰოდა, მე და ჰანსი ინვესტიციას ჩვენს შვილში ვდებთ.

- ალბათ მკითხველსაც გაუჩნდება შეკითხვა: გერმანიაში პრინცთან ერთად სასახლეში ცხოვრობთ?

- სასახლეში არა, ჰანოვერის გარეუბანში ვცხოვრობთ საკუთარ სახლში ულამაზესი ბაღით. ალტენბურგის სასახლე, სადაც ჰანსის ბაბუა 1943 წლამდე ოფიციალურად ცხოვრობდა, ახლა სახელმწიფოსია და გერმანიის ათ საუკეთესო სასახლეს შორისაა. მახსოვს როცა დედაჩემი წავიყვანეთ ალტენბურგში, ჰანსმა იხუმრა: დღეს სახელმწიფოს იქით ვუხდი ბილეთის ფულს იმაში, ბაბუაჩემის სასახლე ვნახოო.

- პატარა პრინცესას, მარიამს თუ უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ქართული თუ იცის?

- რადგან მარიამი არა მარტო ჩემი, მამამისის მხრიდანაც პრინცესაა - ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და სულაც არ არის ადვილი. ის ძალიან არისტოკრატულია. ამაყი ვარ, რომ სკოლაში კარგი მოსწავლეა, რაც გერმანიაში ნამდვილად არ არის ადვილი. დადის ტაიკვანდოზე, მღერის და ცეკვავს. ჰანოვერის და ზელცეს თეატრალურ და მუსიკალურ აკადემიაშიც სწავლობს. უკვე ოთხ მიუზიკლში ითამაშა. არის სამოდელო სააგენტოს „1001 ღამის“ სახე. გერმანიის თეატრში ჰანსის წინაპარზე შექმნილ ისტორიულ პიესაში ერთად ვითამაშეთ. მარიამი ჰანოვერში ქართული სათვისტომოს „გემი“ საკვირაო სკოლაში დადის. ქართულად წერს და კითხულობს. კიდევ ქართულ ცეკვაზე დადის. როგორც ჰანსი ისიც პატრიარქის ნათლულია, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ყოველ წელს სიხარულით ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. უყვარს მეგობრები და ჩვენი სახლი თბილისში. ზაფხულობით უყვარს ურეკი, სადაც გავიცანით უნიჭიერესი ქალბატონი ლალი თავართქილაძე, რომელიც ვთვლი, რომ ურეკის სახეა.

- თქვენი ცხოვრების წიგნი უკვე დაწერეთ?

- დიახ, ეს შეიძლება ითქვას, რომ წიგნი, რომელიც დავწერე ჩემი ცხოვრების წიგნია. მისი საშუალებით მინდა თითოეულ ადამიანს ჩემი სათქმელი ვუთხრა. ის თითქმის მზად მაქვს დასაბეჭდათ. პოეტობაზე და მწერლობაზე არ მაქვს პრეტენზია. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩემ ცხოვრებას ლექსებად და მოკლე ჩანახატებად ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენაზე გადმოგცემთ.

- შეგიძლია გვითხრათ სამშობლო რა არის თქვენთვის?

- სამშობლო რა არის ჩემთვის? რა ვიცი, ეს სახლია, სადაც დავიბადე, მელიქიშვილის ქუჩაა, სადაც გავიზარდე. ჩემი წინაპრებია, სვეტიცხოველია, მთაწმინდაა, კახეთია, სიღნაღში ჩემი წინაპრების დანგრეული სახლია. სამშობლო ჩემთვის ვაკის სასაფლაოა, სადაც დედა და მამაა დაკრძალული. სამშობლო სუნთქვაა, რომელიც სულ შენთანაა და ვერავინ წაგართმევს...

 

9
თემები:
ქართველები უცხოეთში (68)
სანათი

შექმენი სიმყუდროვე ინტერიერში: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ადამიანის ცხოვრებაში

152
(განახლებულია 20:41 26.05.2020)
ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი ორიგინალური, განსხვავებული და მიმზიდველი გახადოთ.

ქეთი ნოზაძე საუცხოო და განსხვავებულ სანათებს, დეკორციებს ქმნის. ქეთის მიერ დამზადებული ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, გემოვნებაზე. ქეთი ხელოვნებათმცოდნეა. ამბობს, რომ პროფესიის მიღმაც მისი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან.

ქეთი ნოზაძე
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ნოზაძე

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროფესიის მიღმაც ჩემი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან. მარტივად და ყოველგვარი მაღალფარდოვანი საუბრის გარეშე ვფიქრობ, რომ ხელოვნება აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. ჩემი გატაცებაც, ბუნების მიღმა, სწორედ ეს არის. ერთი მხრივ არსებობს ამოუცნობი სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნის საოცრებებს და მეორე მხრივ არსებობენ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გენიალურობის თუ ნიჭის საფუძველზე ქმნიან ამ ყოველივეს. ეს არის ჯაჭვი, ციკლი, მუდმივი პროცესი, რომელიც არასდროს დასრულდება და მუდმივად ძიებაში გამყოფებს. ამ ეტაპზე, გარდა საქმიანობისა, რომელიც „ლამპინოს“ უკავშირდება, გატაცებული ვარ გრაფიკული დიზაინის შესწავლით, რაც ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის, რადგან მუდმივად ხელით მუშაობას ვარ მიჩვეული და ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მასალა და ინსტრუმენტი ერთიან, ვირტუალურ სივრცეში მაქვს, რაც თავისთავად მაძლევს განსხვავებულ შესაძლებლობებს ნამუშევრის შექმნის პროცესში.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- რა არის „ლამპინო“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- რა არის „ლამპინო"? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ეს არის ბრენდი, ჩემი საქმიანობა, ჰობი, თუ რაიმე სხვა. ჩემთვის ეს უბრალოდ იდეების განხორციელებაა. სანათებზე მუშაობა ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ბრენდის შექმნაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია. ჩვენ გარშემო არსებულმა სიტუაციამ, ხელნაკეთი ნივთების პოპულარობამ და სოციალურ ქსელში გამარტივებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მეუღლის ძალისხმევამ, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ნამუშევრები გლობალურად გამეზიარებინა, გამოიწვია „ლამპინოს“ შექმნა.

პირველი შეხება კი ხელნაკეთ ნივთებთან, როგორც საქმიანობასთან, იყო Fredo Handmade-ში, სადაც ვმუშაობ, როგორც მხატვარი (თვითნასწავლი), და თავისთავად ეს ეტაპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი წინსვლისთვის, რადგან მივხვდი, რომ ჰობი შეიძლება საქმიანობად აქციო.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- ბრენდის კონცეფციაზე გვესაუბრეთ...

- „ლამპინო“ მოიცავს ხელნაკეთ სანათებს, რომელიც იხატება ხელით და ამიტომ განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია. ჩემთვის სანათი ის ნივთია, რომელიც ინტერიერში ყველაზე დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაზე.

- თქვენ მიერ შექმნილი სანათები განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?

- მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვიყენებ როგორც ხეს, ასევე პლასტმასს და დეკორატიულ ცემენტს, ელექტროგაყვანილობის გაკეთებაც ხშირად თავად მიწევს.

სანათები
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათები

- მოხატული სანათები რამდენად უძლებს ნათურის მხურვალებას?

- სანათები დენის წყაროზე მუშაობს და თავისთავად გათვლილი და მორგებულია ელექტროენერგიაზე, მით უმეტეს, რომ დღეს გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ისეთი ნათურები, რომლებიც არ ხურდება და თავისთავად არ ქმნის ნივთის დაზიანების საშიშროებას.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- სანათებში ძირითადად კოსმოსის თემა ჭარბობს. თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სფეროა?

- სანათების თემატიკას ხშირად თავად ვარჩევ, ხშირად კი მომხმარებელი მკარნახობს რა სურს მას და შეთანხმებულად ვმუშაობთ, ან მხოლოდ მის სურვილს ვეყრდნობი. კოსმოსის თემა ჩემი არჩევანი იყო, რადგან ვთვლი, რომ კოსმოსი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი და ამასთან გასაოცარი სილამაზის სამყაროა. სანათი „კოსმოსი" კი ინსპირაცია აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და ასე შეიქმნა „სატურნის პლანეტა".

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სანათების გარდა სხვა ნივთებსაც ქმნით?

- გარდა სანათებისა ვმუშაობ უამრავ დეკორატიულ ნივთზე, მაგალითად, სასტუმროსთვის დავამზადე აბრა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს წესრიგისა და სისუფთავისკენ, ასევე ნიშანი, რომ მოწევა აკრძალულია, ქოთნები ყვავილებისთვის, მოქარგული ფარდაგი, საკიდი ფინჯნებისთვის და მრავალი სხვა...

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- რა ემოციას იწვევს თქვენში ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა?

- ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, როდესაც ნულიდან იწყებ ნივთის შექმნას და არარსებულიდან შედეგად იღებ განწყობას, ემოციას, ფანტაზიას. ამაზე სასიამოვნო ნამდვილად არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომას, ენერგიას, დაზიანებულ ხელებს, გათენებულ ღამეებს და უდიდეს დროს მოითხოვს შენგან. ხშირად რთულია მომხმარებლისთვის გაიგოს, თუ რამდენად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული მისთვის სასურველი ნივთის შექმნა და თავისთავად საქმიანობის დაფასება და შეფასება რთულდება, მაგრამ ალბათ გასულ ათწლეულებთან შედარებით, როცა ხელნაკეთი ნივთი საჭიროებას წარმოადგენდა და ფაქტობრივად ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავად უნდა ეკეთებინათ უამრავი რამ, რადგან ფიზიკურად არ არსებობდა რომ შეგეძინა, დღეისათვის იცვლება დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ხელოვნებას უფრო უახლოვდება, შესაბამისად, ფასდება იდეაც და სამუშაოც.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფრის კეთება ფაქტობრივად მარტო მიწევს, იმის პარალელურად, რომ 10 თვის პატარა მყავს და, შესაბამისად, შეუძლებელია მხოლოდ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მაგრამ, როდესაც გაქვს იდეები და მათი განხორციელების სურვილი გაწუხებს, თავისთავად წინ მიდიხარ, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ფიქრობ, რომ წინსვლის პროცესი აუცილებლად უნდა დააჩქარო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო და სასიამოვნო მომენტია, რისი გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.

152
პოლიცია ბათუმში

არეულობა ბათუმში: საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

0
აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.  

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. ბათუმში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

მობილიზებულია პოლიციის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებისგან მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და აპირებენ აქციების გაგრძელებას. პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. დააკავეს 10-ზე მეტი აქციის მონაწილე.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე ხულიგნობის მუხლით 5 მაისს დააკავეს. დაკავების მიზეზი კონფლიქტი გახდა, რა დროსაც რამდენიმე პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. 9 მაისს სასამართლომ ისინი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში