„კახელი იტალიელი“ რომელიც საქართველოსა და ქართველ მეფეებზე წიგნებს წერს

გამოწერა
„დავბრუნდი ფლორენციაში, მაგრამ ისევ გულში მაქვს ის სითბო, რაც თბილისში ვიგრძენი. მთელი გულით გიხდით მადლობას. ეს იყო პრეზენტაცია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება”.

ეს სიტყვები თავის ფეისბუქ-გვერდზე ქართულად დაწერა თბილისიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მწერალმა ფრანჩესკო ტრეჩიმ, რომლის საქართველოზე დაწერილი წიგნის პრეზენტაცია იტალიური კულტურის ცენტრში სულ ახლახან გაიმართა. წიგნის სახელწოდებაა „ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“...

იტალიელის სასიყვარულო რომანი საქართველოსთან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. ამ სიყვარულისა და სინიორ ფრანჩესკოს შესახებ შესახებ ჯერ კიდევ პრეზენტაციამდე შევიტყეთ ქალბატონ მაკა მონიავასგან, რომელიც არც ისე დიდი ხანია, იტალიიდან სამუდამოდ დაბრუნდა საქართველოში.

© photo: courtesy of Italian Cultural Centerმაკა მონიავა
„კახელი იტალიელი“ რომელიც საქართველოსა და ქართველ მეფეებზე წიგნებს წერს - Sputnik საქართველო
მაკა მონიავა

მაკა მონიავა: „ფრანჩესკო ტიპიური ტოსკანელია. მისი ურთიერთობა საქართველოსთან დაიწყო 2007 წელს, როდესაც ფრანჩესკო ფლორენციის უნივერსიტეტს ამთავრებდა. სადისერტაციო თემა საქართველოზე უნდა დაეწერა. ასე რომ, მისი პირველი შეხება საქართველოსთან ამ თემით დაიწყო. ის უკვე დაწერილი ჰქონდა, როცა მამა ანდრია (ლაცაბიძე) ფლორენციაში ჩამოვიდა, ფრანჩესკო შეხვდა მას და დაუმეგობრდა, საქართველოზე მისგან ბევრი რამ გაიგო.

- ქალბატონო მაკა, ვიცი, რომ ბატონი ფრანჩესკოს ცოდნა საქართველოზე და ქართველებზე ზედაპირული არ არის...

- მე სამი წელია, რაც სამუშაოდ და საცხოვრებლად ხონში წამოვედი. ფრანჩესკომ ხონიც იცის, წყალტუბოც და ქუთაისიც. ისიც კი იცის, რომ ჩემი გვარი მონიავა მეგრულია და მე იმერეთში ვცხოვრობ. აი, წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ამ დონეზე იცის. მას იტალიაში ოჯახი ჰყავს. ახლახან შეეძინა მეორე გოგო, რომელსაც ჯორჯა დაარქვა. რადგან ეს იტალიური სახელიცაა და თან საქართველოს დაუკავშირა.

© photo: courtesy of Italian Cultural Centerფრანჩესკო ტრეჩი
„კახელი იტალიელი“ რომელიც საქართველოსა და ქართველ მეფეებზე წიგნებს წერს - Sputnik საქართველო
ფრანჩესკო ტრეჩი

სინიორ ტრეჩის პირველივე წიგნმა, რომელიც ქართველ მეფეებზეა, დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნში საქართველოს ისტორია და მეფეთა ცხოვრებაა მოთხრობილი. ამის შესახებ იტალიელი აცხადებს: „მე არ მაქვს პრეტენზია, რომ მკვლევარი ვარ და აღმოჩენას ვაკეთებ. უბრალოდ ეს წიგნი დავწერე იმ იტალიელებისთვის, ვისაც საქართველოს ისტორია აინტერესებს. კიდევ იმ ქართველებისთვის, რომლებიც იტალიურ ოჯახებში წლებია მუშაობენ და ცხოვრობენ.

როდესაც ქართველებმა ფრანჩესკოს წიგნი მიიტანეს ოჯახებში სადაც მუშაობენ, იტალიელებს საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ და ჩვენს ქვეყანაზე ბევრი რამ (და რაც საყურადღებოა) თავად იტალიელისგან შეიტყვეს. 

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა 20 წლის წინ, იტალიურ ტელეარხზე ბატონმა ფრანჩესკომ საქართველოზე სიუჟეტი ნახა. როგორც თავად იხსენებს: „ეს ქვეყანა, რომელზეც არაფერი ვიცოდი, რაღაცნაირად დამრჩა გულში. მოვიხიბლე და ვთქვი, რომ მასზე აუცილებლად უფრო მეტი უნდა გავიგო“.

© photo: courtesy of Italian Cultural Centerფრანჩესკო ტრეჩი
„კახელი იტალიელი“ რომელიც საქართველოსა და ქართველ მეფეებზე წიგნებს წერს - Sputnik საქართველო
ფრანჩესკო ტრეჩი

მაკა მონიავა: როცა სადიპლომო თემა უნდა აიღო, დიპლომის ხელმძღვანელს უთქვამს: ორი თემა მაქვს დარჩენილი პოტს საბჭოურ ქვეყნებზე, ერთი ტაჯიკეთი და მეორე საქართველოო. ამის გაგონებაზე მე ვიყვირე, რომ საქართველოზე დავწერო. ხელმძღვანელს კი თურმე უთქვამს: ფრანჩესკო, დაფიქრდი, რადგან საქართველოზე მასალას ვერ მოიძიებ, ვიკიპედიაში კი არაფერი წერია. ერთ კვირას გაძლევ დროს, დაფიქრდი და მერე მიპასუხეო. ფრანჩესკო ამ ამბავს ასე იხსენებს: დავჯექი მოტოციკლეტზე და წამოვედი, სიხარულისაგან რა მექნა არ ვიცოდი. შუა გზაში უცებ ვიფიქრე, ვაითუ, ვინმემ წამართვას ეს თემა, რა მეშველებაო? ამიტომ შუა გზიდან მოვბრუნდი და ხელმძღვანელს ვუთხარი: გაძლევთ პირობას, რომ ამ თემას გავაკეთებო. 2007 წელს ვიკიპედიაში საქართველოზე მართლა არაფერი იყო და იძულებული გავხდი, რომ ინფორმაცია ინგლისურენოვანი საიტიდან გადმომეტანაო.

© photo: courtesy of Italian Cultural Centerფრანჩესკო ტრეჩის თბილისური შეხვედრის აფიშა
„კახელი იტალიელი“ რომელიც საქართველოსა და ქართველ მეფეებზე წიგნებს წერს - Sputnik საქართველო
ფრანჩესკო ტრეჩის თბილისური შეხვედრის აფიშა

- საქართველოში პირველად როდის ჩამოვიდა?

- როდესაც დიპლომი დაიცვა, მშობლებს უკითხავთ საჩუქრად რა გინდაო. ფრანჩესკოს საქართველოში გასაფრენი ბილეთი უთხოვია... ასე რომ, საქართველოში პირველად 20 წლის წინ ჩამოვიდა. ამის მერე ჩააბარა მაგისტრატურაში, სადაც მისი პედაგოგი გაგა შურღაია იყო. მასთან ერთად საქართველოზე სხვა თემაც გააკეთა. ფლორენციაში ფრანჩესკოს წიგნის პრეზენტაცია 2014 წელს გაიმართა.

ფრანჩესკო ტრეჩის მეორე წიგნში „ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“ იტალიელის პირადი შთაბეჭდილებებია გადმოცემული იმ ადგილებზე, რომელიც მან საქართველოში უშუალოდ ნახა. 

© photo: courtesy of Italian Cultural Centerშეხვედრა თბილისის იტალიური კულტურის ცენტრში
„კახელი იტალიელი“ რომელიც საქართველოსა და ქართველ მეფეებზე წიგნებს წერს - Sputnik საქართველო
შეხვედრა თბილისის იტალიური კულტურის ცენტრში

ჩვენი თხოვნით, ქალბატონმა მაკამ ფრანჩესკოს სამი კითხვა დაუსვა:

-საქართველოში რომ დაბადებულიყავით რომელი კუთხის ქართველი იქნებოდით?

- ალბათ კახელი ვიქნებოდი, რადგან როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი, თბილისის მერე სადაც წავედი, ეს კახეთი იყო. ამიტომ პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე სწორედ კახეთიდან ჩამომიყალიბდა.

- ჩამოთვალეთ ოთხი რამ, რაც საქართველოში ყველაზე მეტად გიყვართ?

-ოთხი რამ, რასაც საქართველოზე ვაღმერთებ ანუ ჩვენებურად რომ ვთქვა ვაფრენ, არის: რუსთაველის პროსპექტი, გურული სოფლები, სიღნაღი და ქუთაისი.

-ვინ უფრო დიდი გიჟები ვართ ქართველები თუ იტალიელები?

-ღმერთო ჩემო, ქართველები, რა თქმა უნდა, ქართველები!..

 

 

ყველა ახალი ამბავი
0