თემო ვალეტოვი

ძმები ვალეტოვები: როცა ფუნჯი სხეულის ნაწილი ხდება, ნახატები კი სულს იძენენ

2173
(განახლებულია 20:48 12.06.2019)
თემო ვალეტოვი თვითნასწავლი მხატვარია. მამაც მხატვარი ჰყავს, მისი ბავშვობა საღებავის სუნით იყო გაჟღენთილი. მხატვრობას მის ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

მხატვარია თემოს ძმაც, ანზორ ვალეტოვი. სოციალურ ქსელში ძმებს სართო გვერდი აქვთ, რომლის საშუალებითაც ხელმომწერებს თავის შემოქმედებას აცნობენ.

ძმები ძირითადად პორტრეტებს ხატავენ. ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი, რომ მათი ნამუშევრები ადამიანის ხელით არის შესრულებული. ამ ეტაპზე ძმები თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობენ და მომავალში ცოდნის გაღრმავებას აპირებენ.

თემო ვალეტოვი
თემო ვალეტოვი

- მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ მკითხველს, პირველ რიგში მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი ხელოვნებით. მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან ხატვით ვართ დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ეს პროფესია ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდა. მხატვრობა ჩვენი ჰობი, ასევე შემოსავლის წყაროა. ყოველთვის ვცდილობთ განვავითაროთ ეს ნიჭი და რაც შეიძლება წინ წავწიოთ ჩვენი შესაძლებლობები.

- ორი ძმა, ორივე მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული... თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ, როდის აღმოაჩინეს მშობლებმა, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?

- ჩვენი ბავშვობა მთლიანად მხატვრობასთანაა დაკავშირებული. სამხატვრო გარემოში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ვინაიდან მამა მხატვარია. მისი შემხედვარე ჩვენც დავინტერესდით ხატვით. პირველი ნაბიჯები ერთად გადავდგით. ამასთან ერთად პირველი ინტერესი თემოს მიერ დახატულმა ვარსკვლავმა და მისი ხატვის ტექნიკამ გამოიწვია. როდესაც ვნახე, თუ როგორ იხატებოდა ვარსკვლავი, ვეცადე მეც დამეხატა და ამის შემდეგ, როგორც იტყვიან, ფუნჯი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.

ანზორ ვალეტოვი
ანზორ ვალეტოვი

- ამ კუთხით განათლება გაქვთ მიღებული თუ თვითნასწავლი ხართ?

- თვითნასწავლი მხატვრები ვართ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა მამამ, ახლა კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობთ.

- თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის რა არის ყველაზე საინტერესო თემა?

- ყველაზე საინტერესო თემა, თუ მას არამხატვრულ ასპექტში განვიხილავთ, არის ფსიქოლოგია და საუბარი თავისუფლებაზე, ხოლო როგორც მხატვარს ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა გვსიამოვნებს ნატურიდან.

თემო ვალეტოვის შემოქმედება
თემო ვალეტოვის შემოქმედება

- თქვენი პირველი სერიოზული ნამუშევარი გაიხსენეთ.

- ყველაზე უბრალო ნახატიც კი ყველაზე სერიოზული შეიძლება იყოს. ამიტომ ამ ეტაპზე რთულია განვსაზღვროთ არის თუ არა რომელიმე ნამუშევარი იმდენად სერიოზული, რომ ის სხვებისგან გამოვარჩიოთ.

ანზორ ვალეტოვის შემოქმედება
ანზორ ვალეტოვის შემოქმედება

- ხშირად ხატავთ ცნობილი ადამიანების პორტრეტებს, თავად გიკვეთავენ თუ თქვენი ინიციატივით ხატავთ?

- ცნობილ ადამიანებს რაც შეეხება, გარკვეული ნაწილი გვიკვეთავს პორტრეტს, გარკვეულ ნაწილს თვითონვე ვხატავთ, რადგან ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პიარისთვის.

თემო ვალეტოვის შემოქმედება
თემო ვალეტოვის შემოქმედება

- ნახეს მათ ეს ნახატები? თუ იცით მათი აზრი, ამ პორტრეტების შესახებ?

- თითქმის ყველა ნახატი საჩუქრად მიაქვთ, არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი თავისთვისაც უკვეთავენ. ძირითადად ვიდეოებს გვიგზავნიან, თუ რამდენად კმაყოფილი და აღფრთოვანებული არიან ჩვენი ნახატებით. გარდა ამისა მათი უმრავლესობა გვწერს წერილებს და გვიგზავნიან ფოტოებს ნახატთან ერთად, რაც ერთგვარი სტიმულია ჩვენთვის.

- გაქვთ ნახატი, რომელსაც არასოდეს გაყიდით?

- არსებობს ნახატები, რომელსაც ის დატვირთვა აქვს, რაც არასდროს არც ერთ ნახატს არ ექნება. არსებობს ტილოები, რომლებსაც გარდა საღებავისა, დიდი სული და დიდი ისტორია უძღვის წინ. ასე რომ, ძალიან რთული და შეუძლებელიც კი არის ამ კონკრეტული ნახატების გაყიდვა.

თემო ვალეტოვის მიერ შესრულებული მომღერალი ლელა წურწუმიას პორტრეტი
თემო ვალეტოვის მიერ შესრულებული მომღერალი ლელა წურწუმიას პორტრეტი

- ხატვის დროს რა შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო, მუზას ელოდებით?

- თავისუფალ დროს, როდესაც ნახატს ვქმნით, რა თქმა უნდა, მუზა უმნიშვნელოვანესია. მაგრამ, მეორე მხრივ, იმდენად გვაქვს გამჯდარი ხატვა სულშიც და სხეულშიც, რომ შეუძლებელია ადამიანი მუზას ელოდო ყოველდღიურად და შემდეგ დაიწყო ხატვა. მაგრამ ყველა ნახატს სჭირდება ინსპირაცია, რაც ყოველდღიურად გვაქვს.

- რა როლი ითამაშა მხატვრობამ თქვენ ცხოვრებაში?

- მხატვრობა ჩვენი ცხოვრებაა, მას როლების თამაში არ დასჭირვებია.

თემო ვალეტოვის შემოქმედება
თემო ვალეტოვის შემოქმედება

- გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

- გამოფენა ჯერ არ გვქონია. ვფიქრობთ, რომ ამისთვის მზად არ ვართ, რადგან ეს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის. თუმცა დავაანონსებთ, რომ გამოფენისთვის ნახატებს ვაგროვებთ. 

ანზორ ვალეტოვის შემოქმედება
ანზორ ვალეტოვის შემოქმედება

- მხატვრობის გარდა რაიმე უცნაური ნიჭი აღმოგიჩენიათ თქვენ თავში?

- მხატვრობის გარდა ძალიან მიყვარს ცეკვა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ვსწავლობთ ფერწერას და დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებთ.

 

2173
ნათია კიკნაძე

„გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა, საქართველო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილი...“

546
(განახლებულია 22:05 01.07.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ნათია კიკნაძეს გაგაცნობთ.

„სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე“ – ამბობს მხატვარი ნათია კიკნაძე, რომელიც წლებია, რაც გერმანიაში დამკვიდრდა.

საქართველოში თოიძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. გერმანული ენის ათვისების მერე ოცნება აისრულა და ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში თავისუფალი მხატვრობის განხრით ჩააბარა. ხატვის დროს უპირატესობას სიურრეალიზმს ანიჭებს და თვლის, რომ მის ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. სექტემბრის თვეში გერმანიაში სადიპლომო გამოფენისთვის ემზადება.

ნათია კიკნაძე
ნათია კიკნაძე

- ნათია, როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა და გერმანიამდე გავლილი გზა?

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგი გვქონდა, ჩემი მზრუნველი დეიდებისა და ბებიების წყალობით ბავშვობა ლამაზ ფერებში მახსენდება. ბებია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, მანებივრებდა თავისი შეკერილი ულამაზესი კაბებით. თავისი იდეალური ბებიობით კიდევ უფრო მილამაზებდა ბავშვურ ფერად სამყაროს. რაც თავი მახსოვს, ანუ ორი წლიდან მოყოლებული ვხატავ. ხატვის ნიჭი გამომყვა მამისგან, რომელიც მხატვარია. დედა მიყვება – ორი წლის ვყოფილვარ, როდესაც წიგნზე ისეთი ადამიანი მიმიხატია, რომ მეორე ოთახიდან შემოსულს შეშინებია, სახლში კიდევ ვინმე ხომ არ არისო, რადგან ჩემი დახატული თურმე მოზრდილი ადამიანის ნახატს ჰგავდა. ხატვა ჩემი ნაწილია, ისევე, როგორც ჩემი სხეული და სული, როგორც სუნთქვა, ისეა ჩემთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი სად განავითარეთ?

- თოიძის სასწავლებელში, სადაც ორი წელი ტანსაცმლის დიზაინზე ვისწავლე. ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, მაგრამ ფინანსურად ამის საშუალება არ მქონდა. 20 წლის ასაკში კერამიკის საამქროში პატარა ფიგურების მხატვარად ვმუშაობდი. ძალიან მალე ის დაიხურა და მხატვრისთვის შესაფერისი სამსახური ვერ ვიშოვე. გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სამხატვრო აკადემიაში სწავლა.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის მოახერხეთ ამ ოცნების ასრულება?

- 2002 წელს გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სწავლის გაგრძელება. მაშინ 22 წლის ვიყავი. მოვემზადე გერმანულში და, მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში უკვე კარგად ავითვისე ენა და საელჩოში გამოცდაც მალე ჩავაბარე, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემები იქმნებოდა, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებდა აქ ჩამოსვლის სურვილს. საერთოდ, როდესაც რაიმე მინდა ხოლმე და არ გამოდის, შემიძლია იქამდე ვცადო, სანამ მიზანს არ მივაღწევ. ამის მერე გერმანიაში 24 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით, ანუ ოპერ-გოგონად ჩამოვედი. რის სანაცვლოდაც ის ოჯახი გერმანულის სწავლის კურსებს მიფინანსებდა. ორი წელი გერმანული ენის კურსებზე ვისწავლე, ოცნება მესამე წელს ავიხდინე. ჩემი სადიპლომო გამოფენა, რომელზე მუშაობაც აკადემიაში უნდა გამეგრძელებინა, დროებით შეჩერებულია. სექტემბრიდან, იმედია, კორონას ამბები როცა ჩაწყნარდება, მერე თავისუფლად შევძლებ მის გამართვას.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის ახდა თქვენი ოცნება გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით?

- 2007 წლის ოქტომბერში ჩავაბარე ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში, თავისუფალი მხატვრობის განხრით. ამ დროს ქალაქ ფრაიბურგში ვცხოვრობდი და ამ ქალაქში მატარებლით მიწევდა სიარული. გამოცდისთვის მომთხოვეს ჩემი ნახატების კრებული და სამშობლოდან ჩამოტანილი დიპლომის აკრედიტაცია. საბედნიეროდ, თოიძის სასწავლებელმა იმ წელს გაიარა აკრედიტაცია, ასე რომ, იმ ნახატების და დიპლომის ფონზე აკადემიაში მიმიღეს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში სწავლის ექვსი წელი როგორი იყო და თქვენი, როგორც მხატვრის მიმართულება და სტილი გერმანულმა აკადემიამ თუ შეცვალა?

- თავისუფალი მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ თავისუფალი ხარ ხატვაში. ჩვენ იქ არ გვაზომინებდნენ ნახატებს და სიმეტრიების დაცვაც არ იყო აუცილებელი. უფლებას გვაძლევდნენ, რომ ჩვენი იდეებით გვეხატა, რაც აისახება როგორც ჩემს ნახატებში, ტანსაცმლის დიზაინის სწავლაშიც. უმეტესად სიურრეალიზმს ვხატავ. იშვიათად, რომ დავხატო ის, რასაც ფიზიკურად ვხედავთ. ჩემს ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. თუმცა ძალიან ბევრი ნახატებიც მაქვს კარიკატურის ჟანში. ამჟამად ვმუშაობ ხის სპილოების სერიაზე, რომლებსაც სხვადასხვა ორნამენტებით და ხასხასა ფერებით ვაფორმებ. სპილოები ჩემი მეუღლის ხის საამქროში იჭრება. აკადემიაში გამოცდებს ყოველწლიურად ადვილად ვაბარებდი, მაგრამ იქ ნახატების გამოფენა ხდება მხოლოდ ერთხელ, სწავლების ბოლოს, სადიპლომოდ. 2011 წელს მქონდა ნახატების გამოფენა პატარა სივრცეში ქალაქ ფრაიბურგში, ოღონდ მაშინ ნახატები არ გამიყიდია, რადგან ვაგროვებდი სადიპლომო გამოფენისთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- მომავალმა მეუღლემ რითი მოგხიბლათ და როგორია თქვენი ქართულ-გერმანული ოჯახი?

- ერთმანეთი 2011 წელს, როგორც ხდება ხოლმე, ინტერნეტით გავიცანით. მან თავისი მზრუნველობით და ყურადღებით მომხიბლა. ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ადამიანია. 2012 წელს დავოჯახდით. ჩვენი ქართულ-გერმანული ოჯახი მშვიდია, რადგან ჩემს ქართულ ემოციებს გერმანული სიმშვიდე აწონასწორებს. როგორც გერმანელების უმრავლესობას, ყოველ შაბათ-კვირას ოჯახური სეირნობისა და განტვირთვის დღე გვაქვს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ქართული თემები თუ ჩნდება თქვენს ნამუშევრებში?

- ასე ზუსტად ალბათ ვერ ვიტყვი, მაგრამ ქართული სული უდავოდ დევს მათში, რადგან ხატვის დროს ჩემი გრძნობებისა და სულის ნაწილი ნახატზე რჩება. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი და მიზანი მაქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდე როგორც მხატვარი, მინდა მოვაწყო ბევრი გამოფენა და, რაც მთავარია, კიდევ უკეთესი ნახატები შევქმნა. რადგან ვფიქრობ, მეტი შემიძლია. ჩემს სადიპლომო გამოფენას, რომელიც 2013 წელს უნდა მქონოდა, დედობა ჩავანაცვლე. ჩემი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, რადგან მყავს საოცარი ბიჭი, რომელიც ახლა ექვსი წლის ხდება, გოგონა ორი წლისაა. ამის გამო შვიდი წელი შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მაგრამ ხატვა არასოდეს შემიწყვეტია. სექტემბრიდან ვბრუნდები აკადემიაში სადიპლომო გამოფენის გასაკეთებლად. იმედია, კორონას გამო ხელი აღარ შეგვეშლება.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ანუ გერმანიამ მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- გერმანიაში ცხოვრების დაწყებას შევადარებდი სინათლისკენ გადადგმულ ერთ უზარმაზარ ნაბიჯს. ამ ქვეყანამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და საშუალება მომცა, რომ ჩემი ოცნებები ამეხდინა. გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა. თუმცა რასაც ჩემი სამშობლო ჰქვია, სადაც დავიბადე, მოვინათლე, სადაც დედა, ნათესავები და ბევრი მეგობარი მყავს, ის სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ის ნაწილი ყოველთვის მაკლია, თუმცა ჩემს გულში და გრძნობებშიცაა. ამ განცდას მიმსუბუქებს ის ამბავი, რომ ჩემი და უკვე ექვსი წელია აქ, ფრაიბურგში ცხოვრობს. როდესაც ჩემთან ჩამოდის ხოლმე ბედნიერებას მანიჭებს და ნოსტალგიას მიმსუბუქებს...

546
ანა დედაბრიშვილი

„ნახატი ხან გენიალური გგონია, ხან გეზიზღება“: ანა დედაბრიშვილის გამორჩეული ნამუშევრები

126
(განახლებულია 20:21 01.07.2020)
უნიჭიერეს ახალგაზრდა მხატვარს ანა დედაბრიშვილს ნამდვილად უნდა იცნობდეს ჩვენი მკითხველი. ის თანამედროვე ხელოვნების სფეროში თავის სათქმელს ამბობს.

ანას სამუშაო მასალა და მიმართულება ყოველთვის განსხვავებულია. ადამიანები მის ნახატებში ყოველთვის სხვადასხვა რამეს ხედავენ. ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის შემოქმედებას.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- გაეცანით ჩვენს მკითხველს…

- პირველ რიგში ადამიანი ვარ, დედამიწაზე ვცხოვრობ, ერთი ჩვეულებრივი და თან ძალიან განსაკუთრებული, როგორც ყველა ადამიანი. ვსწავლობდი „თავისუფალ უნივერსიტეტში“, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე, სადაც მივიღე ფართო და ზოგადი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, რაც პირველ რიგში დამეხმარა პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რათა, ასე ვთქვათ, „აზრზე მოვსულიყავი“ რა ხდება სამყაროში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარკეტინგში ვმუშაობდი, სადაც აღმოვაჩინე, რომ გრაფიკული დიზაინის მიმართ მქონდა ინტერესი. შემდეგ ვისწავლე და გავხდი გრაფიკული დიზაინერი. რამდენიმე სარეკლამო კომპანიაში ვიმუშავე და შემდეგ გავბედე ის მეკეთებინა, რაც მინდოდა. თუმცა გრაფიკულ დიზაინს ახლაც ვაკეთებ „ფრილანსერად“ მუშაობით და ძალიან მომწონს. ახლა ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში, ფერწერაზე. ისე, ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა და ჩემს თავს მასში ვპოულობდი.  ცხოვრების რაღაც ეტაპზე თითქოს აღარ მჯეროდა, რომ ხელოვნებაში შემიძლია ვიყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც წარმოისახავ და მოისურვებ, შესაძლებელია. ჩემს თავში და სამყაროში უამრავი შესაძლებლობა და აღმოსაჩენი ადგილია და ვეძებ. აი, ამას ვაკეთებ ახლა.

ავტოპორტრეტი
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ავტოპორტრეტი

- Როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ხელოვნებას?

- ეს ცოტა ამოუხსნელია. როგორ გითხრათ, შინაგად ჩემში ბევრი ძალა, ენერგია, ემოციები, აზრებია. ყველაფერს ძალიან ვუღრმავდები, ბევრი რამით შემიძლია აღტაცება და ამ ჩემი შინაგანი ამბების თვითგამოხატვის მოთხოვნილება მაქვს. როცა ამას ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს სხვანაირად ვერ ვძლებ. ხელოვნება სუნთქვასავითაა.

ღრუბლები სტუმრად მთებთან
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ღრუბლები სტუმრად მთებთან

- Როგორ ფიქრობთ, თქვენი ნახატები თქვენს პიროვნებას წარმოაჩენს? Რისი თქმა გსურთ მათი საშუალებით?

- კი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ მეც კი მაცნობს ჩემს ქვეცნობიერ და დაფარულ ამბებს და ჩემს სამყაროს, თუ სამყაროებს, რაც ჩემთვისაც კი უცნობია და მხოლოდ ტილოს, ფერების, ფუნჯის ჯადოსნური შეხებით ჩნდება და ირკვევა.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- აღწევს ეს ხმა ადამიანებამდე?

- ჯერჯერობით არც ისე ბევრ ადამიანამდე, მაგრამ აღწევს. როცა ეს ხდება, ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ადამიანები ჩემს ნახატებში ყოველთვის სხვადასხვა რამეს ხედავენ, მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს კიდევ უფრო საინტერესოა და ასეც უნდა იყოს. ესეც მახარებს.

ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე, როგორ აფასებენ ჩვენს ნამუშევრებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სინამდვილეში ხელოვანები ხომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ვართ. შეიძლება ვინმეს ცუდი კომენტარის გამო უცებ ჩვენმა საქმიანობამ აზრი დაკარგოს და მერე ისევ დროა საჭირო ამ აზრის შეძენამდე, რასაც ვებრძვი. მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ რა გამოხმაურებაც არ უნდა ჰპოვოს ჩემმა ნახატებმა ადამიანებში, ის მაინც ჩემთვის ძალიან ღირებულია, რადგან მე და ტილო ერთად რაღაც ახალ სამყაროს ვხსნით. ახლა დავიწყე, მაგრამ ვხედავ რა ემოციების მიღება შეიძლება. ხატვის პროცესი უამრავ ემოციას მოიცავს. ხან მოგწონს ნახატი, ხან გენიალური გგონია, ხან გეზიზღება, ყველაფერი შეიძლება იგრძნო ხატვის პროცესში.

ისე, ძირითადად, ადამიანები პოზიტიურობას ხედავენ ჩემს ფერებში. ჩემი მიზანიც ეგაა – პოზიტივის გადაცემა და გამბედაობის შემატება იმისთვის, ვინც ნამუშევრებს ნახავს.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუ კონკრეტული მიმართულება გაქვთ არჩეული?

- არა, არანაირი მიმართულება არ მაქვს არჩეული. მგონია, რომ ხელოვანმა თავი არ უნდა შეიზღუდოს. საერთოდ ის ხელოვანები აღწევენ წარმატებას, ვინც თავს არ იზღუდავს, მაქსიმალურად თავისუფლად აძლევს საშუალებას ქვეცნობიერს, რომ გამოხატოს თავისი თავი, არ ეშინია, არ ფიქრობს იმაზე, რომ რამე ჩარჩოში ჩაჯდეს, რამე კონკრეტული მასალა გამოიყენოს და რამე მასალა არა. ხელოვანი პირველი რიგში თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ ჩემს თავს და ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რაც თავში მომივა. ექსპერიმენტს მივმართავ, ამ ეტაპზე არც იმის მეშინია, რომ ვინმეს შემთხვევით მიმამსგავსონ.

გამოხატვის ფორმებშიც არ ვიზღუდავ თავს. შეიძლება ფერწერით გამოვიხატო, შეიძლება ნაწერით, შეიძლება თვითგამოხატვისთვის ინსტალაციას მივმართო, ან ფოტოს, ან უბრალოდ სიტყვები დავწერო სხვადასხვა მასალისგან, გრაფიკული დიზაინიც და კომპიუტერული ტექნიკაც შეიძლება გამოვიყენო, ამაშიც არ ვარ შეზღუდული. შეზღუდვებს მხოლოდ ჩვენი გონება ქმნის და მასვე შეუძლია მათი გაქრობა.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ემოციური ამბავი, ისტორია, რამაც თქვენს ნახატებში ჰპოვა ასახვა?

- ხადაში ვიყავით მეგობრები კარვებით ერთი კვირის განმავლობაში და როდესაც დავბრუნდი, რამდენიმე თვის შემდეგ უბრალოდ ხატვის დროს იქ მიღებული შთაბეჭდილებები გაცოცხლდა და გადმოვიდა ტილოზე. დავხატე ნამუშევარი „ღრუბლები სტუმრად მთებთან“. აი, ეს ძალიან საინტერესო პროცესია, როდესაც ქვეცნობიერში შენახული შთაბეჭდილებები, რაღაც მომენტში თითქოს თავისით გადმოდის ფურცელზე.

ასევე მოგზაურობის დროს აღმოვაჩინე წყალტუბოში მიტოვებული სანატორიუმი, სადაც თითქოს დრო გაჩერებული იყო, რომელიც შემდეგში ფურცელზე გადმოვიდა. Ჩემთვის მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილელები მნიშვნელოვანია.

ანა დედაბრიშვილი
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილი

- ამ მოკლე პერიოდში გამოფენის გამართვა ხომ არ მოასწარით?

- აკადემიის სტუდენტებს გვქონდა გამოფენა თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და კიდევ დავგეგმე გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იმედია, ვირუსი არ შეგვიშლის ხელს და გაიმართება. ჯერ ნახატებს ვაგროვებ პერსონალური გამოფენისთვის.

ანა დედაბრიშვილის ნამუშევრები
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის ნამუშევრები

- მართალია, დედას არ ეკითხებიან რომელი შვილი უფრო უყვარს, მაგრამ მაინც გკითხავთ, შეგიძლიათ რომელიმე თქვენი ნახატი გამოარჩიოთ, განსაკუთრებულად გიყვართ რომელიმე?

- დიახ, არის ერთი ნახატი, პირველი თავისუფალი ნახატი – „საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაბრუნება“. ის ასახავს ჩემი არეული ცხოვრების დასასრულს, როდესაც მე საკუთარ თავთან ჰარმონია ვიპოვე, საკუთარ თავს ხელი ჩამოვართვი, ორივე ფიგურა, რომელსაც ნახატზე ვხედავთ, ერთი ადამიანია, რომელიც სარკეში ირეკლება და ხელს ართმევს თავის თავს. Ზოგადად, ეს არეკვლადი ერთი და იგივე საგანი ჩემს ყურადღებას იპყრობს ყოველთვის, ასევე ფიგურებში ვხედავ წრეებს, ეს ვარსკვლავებს და პლანეტებს გვაგონებს. ეს იმის გამოხატულებაა ჩემთვის, რომ ადამაინებში მთელი სამყაროა მოცემული, „ჩატვირთული“, ფიგურები საჭადრაკო დაფაზე დგანან, ეს ხელის ჩამორთმევაა ჰარმონიის პოვნის მცდელობა საკუთარ თავთან. გადაწყვეტილებაა ამ გადაწყვეტილებათა ცხოვრებისეულ საჭადრაკო დაფაზე. ასევე ღრუბლები, როგორც რაღაც ღვთიური, არაამქვეყნიური, ალბათ, ღრუბლების თვალიერება და ყურება ყოველთვის მიყვარს. მრგვალი კვერცხი, როგორც დაბადების სიმბოლო. სოკო ჩემს პიროვნულ გამოცდილებებთან ასოცირდება, მის ასე გაზიარებას რამდენად შევძლებ არ ვიცი, უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სოკო წამიერია, მალე ამოდის და ქრება, იმ ჰარმონიის წუთივით, რომელიც ყოველთვის არ გვეძლევა და ამიტომ გვეძვირფასება.

გრაფიკულ დიზაინშიც მაქვს ჩემი საყვარელი ნამუშევარი და ეგეც რატომღაც ჩემი პირველი ნამუშევარია, ღვინო „ტალავერის“ ლოგო, რომელიც არის ქართული ასო ტ-ს და ყურძნის ფორმის კომბინაცია.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- იზოლაციამ ხომ არ შეცვალა თქვენი ემოციური მდგომარეობა, ხედვის რაკურსი? ზოგადად, ამ პერიოდმა რა გავლენა იქონია თქვენზე?

- იზოლაციის დროს მომიხდა ყველა იმ უნარისა და შესაძლებლობის მობილიზება, რაც თავს კარგად მაგრძნობინებდა, ამიტომ ეს ერთგვარი ვარჯიში იყო, რამაც გამაძლიერა. ერთი თვის განმავლობაში ბუნებაში ვცხოვრობდი, ასევე უფრო მეტად დავუახლოვდი ოჯახის წევრებს და ვისწავლე იმ მომენტის დაფასება და ბოლომდე შეგრძნება, რომელშიც იმყოფები. თითქოს უფრო მეტად გავცოცხლდი, ანუ უფრო მეტად დავიწყე იმ აზრებზე დაკვირვება, რომელიც გონებაში შემოდიოდა.

ზუსტად ამ დროს კიდევ ერთხელ ვუყურე ფილმს „შუაღამე პარიზში“, სადაც ჰემინგუეი ეუბნება მთავარ გმირს, რომ თუ მას ეშინია სიკვდილის, ის ვერ გახდება ხელოვანი. კორონას შიშიც ამ განწყობით დავამარცხე, რომ თუ ხარ ხელოვანი, გამბედავი უნდა იყო.

- ალბათ წინ ბევრი გეგმა გაქვთ, თქვენს გეგმებს ხომ არ გაგვიზიარებთ?

- მინდა აუცილებლად საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა, სადაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მომეცემა იმ ისტალაციების იდეების განხორციელების საშუალება, რომლებსაც ახლა ვაყალიბებ. ისე კი, ვფიქრობ, რომ მთავარია არა შედეგი, არამედ პროცესით სიამოვნების მიღება, საკუთარ თავში ფერების, აზრების, ნახატების, სამყაროების აღმოჩენით მიღებული სიამოვნება.

 

126
სამგზავრო თვითმფრინავი

გახარია ავიაფრენებზე და ბილეთების ფასზე: უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე

0
(განახლებულია 13:07 02.07.2020)
გახარაიამ ეკონომიკის მინისტრს დაავალა, რომ 6 ივლისისთვის უკვე უნდა არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, მოქალაქეებისთვის ბილეთების მისაღები ფასებით

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს ხელისუფლებას>>

საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით, აგვისტომდე გადაავადა, ივლისში კი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რამდენიმე ჩარტერული ფრენა დანიშნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია - საქართველოს ავიახაზები (აირზენა) ასრულებს. როგორც ცნობილი გახდა, ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი რამდენიმე ათას ლარს აჭარბებს.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღადგინოს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროგრამა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დაავალა, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს.

„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში, ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან", - განაცხადა პრემიერმა.

გახარაიას თქმით, 6 ივლისისთვის უკვე უნდა არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, მოქალაქეებისთვის ბილეთების მისაღები ფასებით.

„რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პანდემიის დაწყებიდან სამშობლოში საქართველოს 13 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა>>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე დააბრუნა.

0