ლექსო დუჩიძე

ქართველი ტელეჟურნალისტი, რომელიც ესპანეთში წარმატებული სტილისტი გახდა

3519
(განახლებულია 20:40 12.06.2019)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ მოგითხრობთ ამბავს იმაზე, როგორ გახდა ქართველი ჟურნალისტი პროფესიონალი სტილისტი ესპანეთში.

ლექსო დუჩიძე ესპანეთში გამგზავრებამდე „რუსთავი 2“-ის და საინფორმაციო სააგენტო „პირველის” ჟურნალისტი იყო.

წლების წინ გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ჩასული ჟურნალისტი ვერ წარმოიდგენდა, რომ იქ ინტერესისთვის შესწავლილი სტილისტის პროფესია მისი ცხოვრების მთავარი საქმე და შემოსავლის ძირითადი წყარო გახდებოდა. მუშაობდა ისეთ პრესტიჟულ სალონებში, როგორიცაა „ისი პარი“, „მელანჯე“ და სხვ. რატომ და როგორ მოხდა, რომ „მეოთხე ხელისუფლებიდან“ აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლა, ამის გასაგებად ლექსოს ბარსელონაში დავუკავშირდით.

ლექსო დუჩიძე
ლექსო დუჩიძე

– ლექსო, თქვენ ტელევიზიით ძირითადად კრიმინალურ თემებს აშუქებდით, სად კრიმინალისტიკა და სად სტილისტიკა?

– ადრე საკუთარ თავს მეც მაგ კითხვას ვუსვამდი ხშირად... იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ იქიდან წასვლაზე არასოდეს მიფიქრია. თუმცა მხოლოდ ენთუზიაზმი და პროფესიის სიყვარული არაა საკმარისი. მე არ ვარ პირველი, არც უკანასკნელი, რომელსაც საყვარელი პროფესიისა და ქვეყნის დატოვება მოუხდა. „მეოთხე ხელისუფლებიდან“ სილამაზის სფეროში ჩემი გადასვლა სრულიად შემთხვევით მოხდა. გერმანიაში ცხოვრების დროს სავალდებულო იყო რაიმე ხელობა მესწავლა. რადგან ნაცნობი მხოლოდ სალონში მყავდა, იძულებული გავხდი, რომ სტილისტის ხელობა საბაზისო დონეზე მაინც ამეთვისებინა.

მუშაობის დროს
მუშაობის დროს

– როცა გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდით, რომელ სფეროს მიაშურეთ?

– საქართველოში დაბრუნებულმა მუშაობა პროფესიით დავიწყე, თუმცა ანაზღაურება იმდენად მცირე იყო, რომ იძულებული გავხდი ეს სფერო დამეტოვებინა და ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში გადავსულიყავი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სტილისტის პროფესიის ყველა დეტალი პროფესიონალურად შემესწავლა, რაც დღემდე გრძელდება. სიახლეებსა და ახალ პროდუქციაზე მუშაობა ეტაპობრივად მიწევდა. ეს ის სფეროა, სადაც ზრდა და განვითარება მუდმივად გჭირდება. 

ლექსო დუჩიძე
ლექსო დუჩიძე

– ესპანეთში როგორ აღმოჩნდით? 

– ესპანეთში 2015 წელს ჩამოვედით, ჩემი შვილი მაშინ სამი წლის იყო. სრულიად გაუცნობიერებლად და დაუგეგმავად მოხდა ჩვენი ჩამოსვლა ბარსელონაში, სადაც ჩემი და ოჯახით დიდი ხანია ცხოვრობს. უცხო გარემოში სწორედ გზის გაკვლევა და ადაპტირება მათი დახმარებით შევძელით. ემიგრაციაში ყოფნა ურთულესია, თუმცა ხვალინდელი დღის არ მეშინია, რადგან აქ შრომა დაფასებულია.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

– ესპანელებს როგორ მოსწონთ ქართველი სტილისტი?

– ესპანეთისგან განსხვავებით კატალონიაში განსხვავებული ხალხია. აქ მიაჩნიათ, რომ ყველამ საკუთარი პრობლემა თავად უნდა გადაჭრას, კარჩაკეტილი ცხოვრება მათი ყოველდღიურობაა. მათი ნდობის მოპოვება რთულია. თუმცა სალონში სრულიად განსხვავებულები და გულღიები არიან. ვცდილობ, რომ ყველა კლიენტს საქართველოზე, ჩვენ კულტურასა და ტრადიციებზე ვესაუბრო. კურიოზული შემთხვევები დასაწყისში მეტი იყო, რადგან ენა არ ვიცოდი და ძირითადად ინტუიციით მიწევდა მუშაობა. სალონის ძირითადი მომხმარებლები პენსიონერები არიან, ახალგაზრდები თავის მოვლას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.

ლექსო დუჩიძე
ლექსო დუჩიძე

– დიპლომი ესპანეთში დაიცავით?

– დიახ, კვალიფიკაციისა და დიპლომის დაცვა ესპანეთშიც მომიხდა. ჩემი ვარცხნილობის ნამუშევრები გადაიგზავნა ერთ-ერთ ცნობილ აკადემიაში, რომლის საფასურის 95% აკადემიის დირექტორმა დამიფინანსა. მე ტატუს და მაკიაჟის გაკეთებაც მიწევს. ერთიც და მეორეც საფრანგეთში ვისწავლე. მუდმივად ვცდილობ, რომ ამ სფეროს სიახლეებს გავეცნო.

– რომელი უფრო პრეტენზიული კლიენტები არიან – ესპანელები თუ ქართველები?

– ქართველი მომხმარებელი გაცილებით გემოვნებიანი და დახვეწილია. მათ ზუსტად იციან რა უნდათ და შეცდომასაც არ გპატიობენ. აქ კი მთლიანად გენდობიან და შენზე არიან დამოკიდებული.

მუშაობის დროს
მუშაობის დროს

– როგორ ვარცხნილობას ატარებენ ესპანელი ქალბატონები?

– ესპანეთში ძირითადად მოკლე ვარცხნილობებს ატარებენ, ზოგჯერ საკმაოდ ექსტრავაგანტული ვარცხნილობითა და ფერებითაც, რაზეც ქართველ მომხმარებელს ვერ დაითანხმებ. აქ ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, თუმცა შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივდება, ბოლომდე გენდობიან და სრულიად უპრეტენზიოები არიან.

– ესპანელი მამაკაცები რამდენად ხშირად დადიან სალონში?

– რაც შეეხება ადგილობრივ მამაკაცებს, ისინი თავს გაცილებით უკეთ უვლიან, ვიდრე აქაური ქალები. ესპანელი კაცებისთვის წარბის, ფრჩხილის, თმის და ეპილაციის გაკეთება სრულიად ჩვეულებრივი და აუცილებელი ამბავია.

ლექსო დუჩიძის ნახატი
ლექსო დუჩიძის ნახატი

– ქართველები თუ გაკითხავენ სალონში?

– აქ ჩამოსულ ქართველებს საშუალება არ აქვთ, ძვირადღირებულ სალონებში იარონ. ამიტომ სამსახურის მერე მე თვითონ დავდივარ მათთან სახლში და ადგილზე ვაწესრიგებ.

– ხატვა უცხოეთში დაიწყეთ თუ საქართველოშიც ხატავდით?

– არა, ადრეც სულ ვხატავდი, მაგრამ ბოლო ოთხი–ხუთი წელია, რაც სისტემატურად ვხატავ. ძირითადად აბსტრაქტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. ხატვის დროს ფიზიკურად და გონებრივად ვისვენებ. ახლა ვემზადები გამოფენისთვის, რომელიც ალბათ სექტემბერში ბარსელონაში გაიმართება.

ლექსო დუჩიძის ნახატი
ლექსო დუჩიძის ნახატი

– როგორია საქართველო, რომელიც შორიდან „აღმოაჩინეთ“?

– სამწუხაროდ, ეს არის ქვეყანა, სადაც შრომა და განათლება დაუფასებელია. გული მტკივა ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ასეა. იქ ყველა და ყველაფერი მენატრება – სახლი, მეგობრები, ოჯახის წევრები. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ვითარება შეიცვლება და ერთ დღესაც ყველანი სამშობლოში დავბრუნდებით...

 

3519
თემები:
ქართველები უცხოეთში (31)