მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილი
მარიამ ნინიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვობაში მამის სახელოსნოში შედიოდა ხოლმე და მამას ჩუმ-ჩუმად აკვირდებოდა. შემდეგ ინტერესი თანდათან გაუძლიერდა. დღეს თავად არის იუველირი.

მამისგან შესწავლილი მეტალზე და ბუნებრივ ქვებზე მუშაობის ხელოვნება მინანქრის ოსტატმა მარიამ ნინიკაშვილმა წლების მერე  საპატრიარქოს ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის კოლეჯში დახვეწა. მინანქრის გარდა ის ჭედვისა და ფილიგრანის ტექნიკასაც ფლობს.

დღეს საოჯახო სახელოსნოში მამასა და ძმასთან ერთად მუშაობს. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში. ამის გარდა საპატრიარქოს სახელობო სკოლაში უკვე თავად ასწავლის სხვებს. ასე გრძელდება ჩვენს დროში უძველესი ტრადიცია...

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილი
მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი - Sputnik საქართველო
მარიამ ნინიკაშვილი

- მარიამ, ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად შეიხედეთ მამის სახელოსნოში, გამოდის, რომ ოჯახში უფასო მასტერ-კლასები გქონდათ?

- დიახ, მართლაც ასე იყო, ეს ხელობა მამისგან ვისწავლე. როცა პატარა ვიყავი, სახელოსნოში შევდიოდი და დიდხანს ვუყურებდი მამას როგორ მუშაობდა, რას და როგორ აკეთებდა. ჯერ კიდევ ათი წლის ვიყავი, როცა დამოუკიდებლად შევქმენი ჩემი პირველი ნამუშევარი, ეს იყო ვერცხლის ბეჭედი, რა თქმა უნდა, მამაც დამეხმარა. თუმცა დეტალები მე დავამზადე და დამოუკიდებლადაც მე დავამუშავე. იმ დროს ჩემი ძმაც მამასთან ერთად მუშაობდა და შემდეგ ოჯახურ საქმეს და პროფესიას მეც შევუერთდი.

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი
მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი - Sputnik საქართველო
მარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი

- ამის მერე თქვენი ოსტატობა ამ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან დახვეწეთ...

- დიახ, საპატრიარქოს კოლეჯში მოვხვდი ბატონ ივანე კოკაიასთან და ქალბატონ მანაბა მაგომედოვასთან. ეს ადამიანები  მინანქრის გამოცდილი ოსტატები და ოქრომჭედლები არიან. ქალბატონი მანაბა მაგომედოვა დაღესტნელი ოსტატია. მათი გამოცდილება ძალიან დამეხმარა. მათი ქება ბავშვობიდან მესმოდა. მართლა გამიმართლა, რომ წლების მერე ქალბატონ მანაბას რეალურად შევხვდი, მას ვერცხლის დამუშავების დაღესტნული მეთოდი აქვს. ბატონი ივანე მინანქარს მასწავლიდა. ანუ მათთან ფაქტობრივად თავიდან გავიარე ის, რასაც მამა სახლში მასწავლიდა, ოღონდ უფრო დავიხვეწე.

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი
მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი - Sputnik საქართველო
მარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი

- უჩვეულო დიზაინის, სამ თითზე ჩამოსაცმელი ბეჭედი გაქვთ დამზადებული...

- ასეთი დიზაინი ჩემამდეც არსებობდა, თუმცა ნებისმიერ სამკაულს როცა ვაკეთებ ხოლმე, პირველ რიგში, ვცდილობ, რომ ის მე მოვირგო, რადგან  ბეჭედი ლამაზის გარდა კომფორტული სატარებელიც უნდა იყოს. ამის შემდეგ მასზე ქართული ლურჯი სუფრის სხვადასხვა ორნამენტები გადავიტანე.

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი
მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი - Sputnik საქართველო
მარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი

- განვუმარტოთ ჩვენ მკითხველს, რას ნიშნავს ლურჯი სუფრის ორნამენტები, რომელიც დღეს ჩვენში პოპულარულია?

- ლურჯი სუფრის ორნამენტები ჩვენში როგორც კი შემოვიდა, ძალიან პოპულარული გახდა. ლურჯი სუფრა ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ლურჯი სუფრის მოტივებიდან ცნობილია სუფრის ატრიბუტები: დანა, ჩანგალი, კოვზი, ფლორისა და ფაუნის ამსახველი დეკორატიული ფიგურები, აგრეთვე ქალისა და მამაკაცის, ქართულ სამოსში გამოწყობილი გამოსახულებები და ნადირობის თემაზე შექმნილი კომპოზიციები. ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგია ქსოვილის ხელით დამუშავებასა და შემდეგ ცივი ტექნიკით ღებვას გულისხმობს. საქართველოში ცივი წესით ღებვის ხერხს მხოლოდ ნატურალური ინდიგოს საღებავები ექვემდებარებოდა, ეს საღებავი კი ბუნებაში ლურჯი ფერისაა.

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი
მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი - Sputnik საქართველო
მარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი

- რა გამოგარჩევთ ამ დარგის სხვა ოსტატებისგან, რაც მხოლოდ თქვენ გაქვთ?

- ჩაქცეულ მინანქარზე ფილიგრანის ტიხრით მხოლოდ მე ვმუშაობ. ეს რეალურად ისაა, რაც მე სხვა დიზაინერებისგან გამომარჩევს. ტრადიციული მინანქრისგანაც იმით განსხვავდება, რომ მე ვიყენებ ვერცხლის პატარა გრანულებს, რასაც შეგიძლიათ ხელით შეეხოთ. ჩვეულებრივთან შედარებით უფრო რთული გასაკეთებელია. თანაც თავიდან ბოლომდე ფერებითაა ამოვსებული, დამუშავებული, რისთვისაც თიხის მაგივრად ფილიგრანის ტიხარს ვიყენებ.

© photo: courtesy of Mariam Ninikashviliმარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი
მამის სახელოსნოში ნასწავლი ხელობა, ოსტატი გოგო და მისი ექსკლუზიური მეთოდი - Sputnik საქართველო
მარიამ ნინიკაშვილის ნამუშევარი

- თქვენი ნამუშევრები უცხოეთშიც იხილეს?

- შარშან ჩეხეთში ჩემი პერსონალური გამოფენა გაიმართა. როცა იგებდნენ, რომ სამკაულების ავტორი გოგოა, ეს მათ ინტერესს უფრო ამძაფრებდა. თანაც იქ ჩვენგან განსხვავებით ყველაფერი ქარხნულად მზადდება. ხელით შექმნილ ნივთებს და ტიხრულ მინანქარს უცხოეთში უფრო აფასებენ. ამას წინათ იტალიელები იყვნენ ჩამოსული. ისინი ჩემთან ხალხური გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ანა შანშიაშვილმა მოიყვანა. მათ რამდენიმე სხვადასხვა რეწვის სახელოსნო დაათვალიერეს. როცა მნახეს როგორ ვმუშაობდი, პირველი, რაც აღნიშნეს და მოეწონათ, ეს ნამუშევრის ხარისხი და იდეა იყო. ჩემი ნამუშევრები თბილისის გარდა ვარძიაშიც იყიდება. ყოველდღიური მუშაობა სრულყოფილებისკენ სწრაფვაა. მინდა რაღაც ახალი და განსხვავებული შევქმნა იმ ცოდნით, რაც მამამ გადმომცა. მეტალი და ბუნებრივი ქვები კი თვითონ გკარნახობს ხოლმე, როგორი სამკაული უნდა შექმნა და როგორ გადმოსცე ამ ნივთის პატარა ისტორია...

 

ყველა ახალი ამბავი
0