მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო

გამოწერა
ცხოვრება იმითაა მშვენიერი, რომ მოულოდნელობებით ყოველთვის გვაოცებს და გვანებივრებს...

გიორგი ნინიძე სხვადასხვა დროს, გამორჩეულ პოზიციებსა და თანამდებობებზე მუშაობდა. ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც ერთ-ერთ სამინისტროში, მინისტრის მოადგილე იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ხატვას დაიწყებდა და ამაში... არც მეტი, არც ნაკლები, გენიალური ესპანელი მხატვარი, პაბლო რუის პიკასო იქნებოდა „დამნაშავე“...

სულ ახლახან თვითნასწავლმა ნიჭიერმა მხატვარმა, სხვადასხვა სტილში შესრულებული საინტერესო ნამუშევრები გამოფინა და საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა...

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძე
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძე

-ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო და უჩვეულო ცხოვრება განვლეთ- მინისტრობიდან- მხატვრობამდე. ბოლოდან დავიწყოთ: როგორია თქვენი ზამთრის გაზაფხული?

- ამ წელს 70 წლის გავხდი, მაგრამ სულით 30 წლის ვარ და ამიტომ ჩემს გამოფენას, რომელიც ახლახან იყო, „ჩემი ზამთრის გაზაფხული“ დავარქვი. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურად უკვე ზამთარია- სულში გაზაფხულია და ის არაჩვეულებრივია… გამოფენამდე შემთხვევით გავიცანი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი მეა ივანისელი. ჩვენი შემოქმედებითი იდეები ერთმანეთს დაემთხვა. როცა ჩემი ნამუშევრები ნახა მოეწონა და სურვილი გამოთქვა, რომ გამოფენა გაგვეკეთებინა. მასზე სიმბოლურად გამოვფინე 70 ნახატი, რომლებიც მისი ეპიგრამებით გავაფორმეთ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. 

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგამოფენაზე
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

-წლების წინ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდით...

-პროფესიით მხატვარი არ ვარ, განათლება მოსკოვში მივიღე. 1975 წელს დავამთავრე ტექნოლოგიური აკადემია და როცა მოსკოვიდან ჩამოვედი სპეციალობით დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთ სამინისტროში 22 წელი ვიმუშავე. ეს იყო მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტრო, რომელიც დღეს აღარ არსებობს. აქ რიგითი თანამშრომლიდან მინისტრის პირველ მოადგილემდე ავედი და სხვათა შორის, იქ მუშაობის დროს შვიდი მინისტრი გამოვიცვალე.

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგამოფენაზე
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოფენაზე

-ეჭვი მაქვს, რომ ხატვას მინისტრობის დროს არ დაიწყებდით.

-არა, რა თქმა უნდა. მაშინ არ დამიწყია. პრივატიზაციის პროცესების შემდეგ პირველად ეს სამინისტრო დახურეს. ძალიან ბევრი ვიბრძოლე მაგრამ არაფერი გამოვიდა, შემდეგ კი საკონკურსო წესით მოვხვდი ერთ სამუშაოზე, BMW-ს მთავარი იმპორტიორი ვიყავი ამიერკავკასიაში. კიდევ 22 წელი თსუ-ში ვპედაგოგობდი და ეს საქმე ძალიან მიყვარდა. ლექციებს ვკითხულობდი საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე. რაც შეეხება ხატვას, სპეციალური განათლება არ მქონდა მიღებული, სწორ ხაზსაც ვერ ვავლებდი. უცებ 43 წლის ასაკში ხელში ფუნჯი ავიღე და ხატვა დავიწყე. ხატვის დაწყების იმპულსი გაგიკვირდებათ და, არა ერთჯერადი სიზმარი-გამოცხადება გახდა...

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძის შემოქმედება
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძის შემოქმედება

- შეიძლება რომ მოგვიყვეთ?

- სხვათა შორის ეს ამბავი ჟურნალისტებისთვის არ მომიყოლია... პირველად გამომეცხადა, ოღონდ არ გაგეცინოთ.. პაბლო პიკასო!..

- ვაი..

- გაგიკვირდათ არა?- მართლა ასე იყო. წვერებში იყო და მითხრა: შენ ჩემი სტილი გექნება და უნდა დაიწყო ხატვაო. მერე როცა არ დავიწყე ძალიან გამიბრაზდა, ისევ გამომეცხადა სიზმარში და მითხრა: დღეს შენ გახვალ და იყიდი ფუნჯს, საღებავებს და ტილოებსო. საღამოს კი დაჯდები და დახატავო...

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძის შემოქმედება
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძის შემოქმედება

- ბატონო გიორგი, უკაცრავად, ეს რა ენაზე გითხრათ?

-ქართულად მითხრა... ამის მერე მე და ჩემი მეუღლე თელავში ვიყავით წასული. გზაში მანქანით გავჩერდით ერთ ადგილზე, სადაც გამოკრული იყო ტრაფარეტი: „იყიდება ტილოები“. შევედი და ეგრევე რვა ცალი ტილო ვიყიდე. ამის მერე, როცა თბილისში, სანაპიროზე, ჩვენებურ მონმარტრზე ვსეირნობდი უცნობი ქალბატონი მომიახლოვდა და მეუბნება: ეს საღებავები გუშინ ჩამომივიდა სანქტ-პეტერბურგიდანო. ვიცოდი, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღებავებია. ისინი ვიყიდე და წავედი დიდუბეში, სადაც იმ დროს ოროთახიანი ბინა მქონდა. დავჯექი, ვატრიალებ ხელში ფუნჯებს და ტილოს ვუყურებ, მაგრამ არ ვიცი რა და როგორ გავაკეთო, ანუ იმ დღეს ვერაფერი დავხატე. იმავე ღამეს ისევ გამომეცხადა პაბლო პიკასო.

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeმეგობრებთან ერთად
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად

- მოკლედ, არ  მოგეშვათ...

- ასე გამოვიდა. მითხრა: ხვალ დაჯექი და დამელოდეო. როცა ეს ამბავი მახსენდება მეცინება და ვხვდები, რომ ჩემი მეუღლე მაშინ არ იყო მტყუანი რომ შეეშინდა.. მოკლედ წავედი, ვუყურებ ამ ტილოებს და ქვეცნობიერის ხმას მივყევი: თითქოს ვიღაც მკარნახობდა. ავიღე წითელი და თეთრი საღებავები და დავიწყე... პირველივე ნახატი ისეთი გამოვიდა, რომ სიმართლე გითხრათ, მეც შემეშინდა. იმ ნახატს დავარქვი „მზესუმზირები“...

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძის შემოქმედება
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძის შემოქმედება

- ეგ უკვე ვან გოგი ხომ არ იყო?

- არა, ისევ პიკასო იყო, ეს დაახლოებით 30 წლის ამბავია. ჩვენი „ურთიერთობა“ დღემდე გრძელდება. „მზესუმზირები“ სახლში დავკიდე და დღემდე ვინც ჩემთან მოდის, მის დანახვაზე არანორმალურად დადებითი განწყობა უჩნდება. ეს ნამუშევარი ყველას მოსწონს. ამის მერე ერთი კვირა ვიმუშავე და ჩემთან სპეციალისტები მოვიდნენ, რასაც მედიის დაინტერესებაც მოჰყვა.

- თქვენ ზემოთ მეუღლის ეჭვები ახსენეთ....

- ჩემი მეუღლე ექიმი გახლავთ. როცა სახლში ჩემი პირველი ნამუშევრები მივიტანე, ის დრო იყო, ჩემი უფროსი ვაჟი უნივერსიტეტში აბარებდა. როცა მეუღლემ ეს დაინახა, მისაყვედურა, გიორგი, ბავშვი წელს აბარებს და შენ ნახატებში ხარჯავ ფულსო? მე ვუთხარი ჩემი დახატულია მეთქი. მეუღლე გაჩერდა და მათ ეჭვით დააკვირდა.

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძის შემოქმედება
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძის შემოქმედება

-სავარაუდოდ, არ დაიჯერა?

-არ დაიჯერა კი არა, მეორე დღეს ექიმთან წამიყვანა. იმ პერიოდში, 90-იანებში ძალიან მოდური იყო არაჩვეულებრივი ქალბატონი, ნუნუ ლაითაძე. როცა მასთან მიმიყვანა და ის დამელაპარაკა, ჩემს მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა: ამ ადამიანს არაფერი სჭირსო. ამის შემდეგ ჩვენი ოჯახის ახლობელი, რომლის სახელი არ მახსოვს, გვარად ბეჟუაშვილი, ჩვენთან სტუმრად მოვიდა და ძალიან დიდხანს მელაპარაკა. მან ჩემს მეუღლეს უთხრა: ქალბატონო მარინა, ადროვეთ ამ კაცს, ტყუილად ჩირქს ნუ სცხებთ, ის არაფერშია დამნაშავეო. ასეთი ამბავი ბუნების ჩვეულებრივი მოვლენაა, გოეთემ ფაუსტი 70 წლის რომ იყო მაშინ დაწერა და ასეთი მაგალითები ისტორიაში ბევრიაო. ყველა ადამიანში არის კოდი, რომელიც სხეულში ბრუნავს და შეიძლება რაღაც მომენტში  ამოხეთქოსო. ამ კაცს ისეთი მოსაზრებები აქვს თავის ნახატებთან დაკავშირებით, რომ ძალიან კარგ რამეს შექმნისო. მოკლედ ამის მერე საბოლოოდ გავთავისუფლდი მეუღლის „ეჭვისგან“ და ხატვა დავიწყე.

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძის შემოქმედება
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძის შემოქმედება

- პიკასოს ამბავი თუ მოუყევით ჟურნალისტებს?

- არა, ეს ამბავი არავისთვის მომიყოლია, თქვენ პირველი ხართ...

-პირველად რომ დაიწყეთ ხატვა ის სტილი შემდეგ შეცვალეთ?

-დიახ, ერთი სტილით დავიწყე, მაგრამ  მერე შევცვალე. ამას გამოფენები მოყვა, უკვე სამი გამოფენა მქონდა და სამივე გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები აბსოლუტურად განსხვავებულ სტილში და მიმდინარეობაშია შექმნილი. 

© photo: courtesy of Giorgi Ninidzeგიორგი ნინიძე
მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ხატვა პაბლო პიკასოს გამოცხადების შემდეგ დაიწყო - Sputnik საქართველო
გიორგი ნინიძე

- ასეთი ექსტრაორდინალური რომ ხართ, ეს გურული გენების დამსახურებაც იქნება...

- რა ვიცი, გურული კი ვარ, მაგრამ თავის ქება არ მიყვარს... თუმცა ფაქტია, რომ ჩემი 40-მდე ნახატი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია გაყიდული. მას შემდეგ რაც ისინი ინტერნეტში პირველად გამოვფინე, ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ბევრი დამიკავშირდა. ერთადერთი პრობლემაა, რომ უცხოეთში მათი გაგზავნა ძალიან ძვირი ჯდება. ჩემი ნამუშევრები დღეს არის: შტატებში, გერმანიაში, სამხერთ კორეაში, საფრანგეთში, ინგლისში. ახლა რუსეთიდანაც დამიკავშირდნენ, უნდათ, რომ იქაც მოვაწყო გამოფენა. დღეში 8-10 საათი ვმუშაობ, ჩემთვის ეს სიხარულის და სიყვარულის საათებია და თითო ნახატი შვილივით მიყვარს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ვისაც კი რაღაცის ოდნავი ნიჭი აქვს, არ გაჩერდეს და ბოლომდე დაიხარჯოს. ესაა სიცოცხლის არსი და აზრი... 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0