ბესო ცნობილაძე

რატომ არის ქუთაისში ყოველთვის ქარი ანუ არაჩვეულებრივი გამოფენა ორი

1233
(განახლებულია 19:25 27.05.2019)
თეონა გოგნიაშვილი
ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც ყველა დროში ინარჩუნებს თვითმყოფადობას, კულტურას, ხასიათსა და იუმორს...

დღეს ერთი ქუთაისელი ხელოვანი მინდა გაგაცნოთ. მხატვარი ბესო ცნობილაძე რამდენადაც ხალისიანია ცხოვრებაში იმდენად ღრმა და  დამაფიქრებელია მისი ნახატები. ქუთაისთან მთელი ცხოვრება აკავშირებს, გამონაკლისი მხოლოდ სტუდენტობაა, რომელიც თბილისში გაატარა. სხვადასხვა დროს ქუთაისის ხელოვნების ლიცეუმში და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში „ლამპარი" მუშაობდა.

2008 წლიდან დღემდე ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არტთერაპიას ატარებს. ასევე ფსიქო-სოც რეაბილიტაციის ცენტრში ხელოვნებითი და შრომითი თერაპიის პროგრამის კოორდინატორია. სხვადასხვა გამოფენებში სისტემატურად იღებს მონაწილეობას. მისი სიურეალისტური ნახატები მნახველს ბევრ საფიქრალს უტოვებს, ამიტომ კითხვებიც აქედან გამომდინარე დავუსვით...

ბესო ცნობილაძე
ბესო ცნობილაძე

- ბატონო ბესო, საუბარი ზოგადი შეკითხვით დავიწყოთ: როგორი იყო თქვენი გზა ხელოვნებისკენ?

- ჩემს გენში ხატვით არავინ იყო გატაცებული. ბავშვობაში მშობლებმა ცეკვის წრეზე და ფეხბურთზე მიმიყვანეს, მერე ჭადრაკი და ცურვაც კი მოვსინჯე, მაგრამ ვერაფერმა მიმიზიდა. მახსოვს, რომ ყველაფერს უინტერესოდ ვთვლიდი და ყველა წრიდან ვიპარებოდი. როცა ხატვის წრეზე მიმიყვანეს აი, მაშინ კი ჩემში ახალი სამყარო შემოიჭრა. სახატავად რომ დამსვეს იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. ეს იყო ადგილი, სადაც სიამოვნებით შეიძლებოდა ბევრი ახალი რამ მესწავლა, მეოცნება კიდეც და მერე ეს ყველაფერი ლამაზად გადმომეცა... როდესაც მშობლებმა დამინახეს, რომ ხატვას ინტერესით მოვეკიდე და სახლში მისული სახატავ რვეულს ვერ მომაშორეს, ძალიან გაუხარდათ, რადგან იფიქრეს, მგონი, მისთვის საინტერესო და ბედნიერების მომტან გზას მივაგენითო. ასე წავიდა ცხოვრება და მეც გავყევი დინებას, რომელმაც ხელოვნებამდე მიმიყვანა...

- თქვენს დღევანდელ ნამუშევრებში რელიგიური და მისტიური თემატიკა ჭარბობს...

- ნახატის თემა დამოკიდებულია ჩემს ხასიათსა და განწყობაზე - რასაც გონება და გული მკარნახობს, იმას ვხატავ ხოლმე. ფიგურებს ისე ვაწყობ, რომ სათაურსაც პასუხობდეს. ყოველივე ამის გამოსახატავად სიურეალიზმს ვიყენებ...

გამოღვიძება
"გამოღვიძება"

- თქვენს ერთ ნამუშევარს „გამოღვიძება“ ჰქვია. ამაში რელიგიური კონტექსტი მოიაზრება თუ ერის გამოღვიძება იგულისხმეთ?

-ამ ნახატით ერის სულიერი გამოღვიძება მინდოდა გადმომეცა. ბაგრატის ტაძარი მიუხედავად მრავალი დარბევისა, როგორც სიძლიერისა და მომავლის იმედის სიმბოლო მაღლობიდან ქალაქს მაინც სიამაყით გადმოჰყურებს. მიძინებულმა რწმენამ ქართველებში სწორედ მის მერე გამოიღვიძა.

- ნახატზე სახელად „ისინი“ ადამიანების სხეულით გამოსახული ეკლესიებია, ვინ არიან ისინი?

- ყველამ ვიცით, რომ ბაგრატის ტაძარი მეფე ბაგრატის მეფობის დროს  აიგო, მაგრამ ვიცით კი იმ ხალხის სახელები და წარმომავლობა, ვინც ფიზიკურად მუხლჩაუხრელი შრომით ქმნიდა ამ დიდ ტაძარს? „ისინი“ სწორედ ის ხალხია, ვინც ასეთ სასწაულს ქმნიდა, ჩვენ კი მათზე წარმოდგენაც არ გვაქვს. შესაძლოა, ამგვარი განმარტება ზოგადიც იყოს, მაგრამ ამ ნახატში ბაგრატის ტაძრის იერი დოგმატური სტილისგან განსხვავებულად გამოვსახე...

- ჯამბაზების მთელი სერია გაქვთ, ზოგი მათგანი ორსახოვანია...

- წლების მანძილზე აზრის გადმოცემის თვალსაზრისით განსხვავებული სტილისთვის მინდოდა მიმეგნო. ჯამბაზის სახე თითქოს მალავს მის მიმიკას, მე კი მოძრაობით მინდა, რომ ვათქმევინო ის, რაც ყველას გვაწუხებს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ცხოვრებაში ხომ ყველას გვაქვს ჩვენი როლი, რომელსაც რაიმე ნიღბით ვმალავთ ან გამოვსახავთ. მთავარია, მას სწორად მივაგნოთ. ზოგჯერ შეიძლება საკუთარ თავთან გვქონდეს კამათი და გაორება, ისეთი უჩვეულო ნაბიჯი გადავდგათ, რაც ჩვენთვისაც კი აღმოჩნდეს მოულოდნელი. ყველა ადამიანშია სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, მთავარია, რომელს გაააქტიურებ და რომელს მიენდობი... აი, ამიტომ არიან ჩემი ჯამბაზები ორსახოვანი და მოძრაობაში უფრო ბევრს გადმოსცემენ, ვიდრე სახის გამომეტყველებით.

უვიცობის კარიბჭე
"უვიცობის კარიბჭე"

- თქვენი ერთი ნამუშევრის სახელია „ცდუნების პირისპირ“...

- შეცდომა ყველა მოკვდავისთვის დამახასიათებელია. ამა თუ იმ სიტუაციაში ჩვენ უნებურად ვცდებით ხოლმე ან გამოუვალი მდგომარეობის გამო წავიბორძიკებთ. შემდეგ კი ამას სიტუაციაზე მორგებული რაიმე ქმედებით ვამართლებთ. ასეთი თემები ოდნავ შელამაზებით ნახატებზე გადამაქვს ხოლმე. ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, ცხოვრების დღეები რთული, მაგრამ საინტერესოცაა... მე ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ვმუშაობ და ყოველ დღე ვაწყდები შემთხვევას, რომელიც დღის ბოლოს საფიქრალს მიტოვებს და ჩემგან გარკვეულ ანალიზს ითხოვს. ჩემი ნახატები ასეთი დღეებისა და განსჯის მერე ჩნდება. ისინი მეხმარებიან ბევრ კითხვაზე პასუხის ძიებაში და თუკი სხვებიც აქ იპოვიან პასუხებს და გამოსავალს, ამას ჩემი შემოქმედების გამართლებად ჩავთვლი.

ბოროტი ხუმრობის სათავე
ბოროტი ხუმრობის სათავე

- როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისში თქვენი „არაჩვეულებრივი გამოფენა“?

- 2020 წელს, საქართველოს მხატვართა კავშირმა და ქუთაისის მერიამ ჩემი 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მე და ჩემს ხუთ მეგობარს გამოფენა დაუგეგმა. მინდა, რომ ეს გამოფენა მართლაც არაჩვეულებრივი გახდეს ქუთათურებისთვის და დიდხანს დაამახსოვრდეს ამ ქალაქს...

- ვიცი, რომ ქუთაისს ვერ ელევით...

- სტუდენტობა თბილისში გავატარე, მაგრამ იმ დროს სხვა ქალაქი იყო. დღეს კი ბოდიში და, თავკომბალად იქცა, მთელი საქართველო იქ ჩასახლდა და ისეთი ხმაურიანი გახდა, რომ ჩემთვის რთული წარმოსადგენია იქ ცხოვრება. ქუთაისში თავს შინაურულად ვგრძნობ, აქ ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ, ერთმანეთთან ახლოს ვართ. სულ ვამბობ: ჩემს ნესტიან და ქარიან ქუთაისს ვერც ერთ ქალაქზე ვერ გავცვლი! იცით რატომ არის ქუთაისში ყოველთვის ქარი?

ბესო ცნობილაძე
ბესო ცნობილაძე

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენი სითბო და სიყვარული ქარს მთელ საქართველოში გავაყოლოთ და ყველას გავუნაწილოთ... ქუთაისი ის ქალაქია, სადაც ჩემი ბუდეა, სადაც ჩემი მეგობრები არიან, მის გარეშე ვერსად გავძლებ. სულ მინდა, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც ღირებული გავაკეთო. მომავალ გამოფენაზე ჩემს ნახატებთან ერთად სიმბოლურად ჩემს სიყვარულსაც გამოვფენ...

 

1233