ალეკო აკოლაშვილი

პედაგოგი, მსახიობი, გიდი, მსაჯი და ტაქსისტი: როგორ იქცა კახელი მეგრული აჯიკის „მამად“

838
(განახლებულია 12:55 14.05.2019)
შარშან ზუგდიდში საქართველოში პირველად აჯიკის ფესტივალი გაიმართა. ადამიანი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ალბათ ამ ფესტივალის ყველაზე უჩვეულო მონაწილე იყო.

საუბარია თბილისელ ალეკო აკოლაშვილზე, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა. პროფესიით რუსული ენის პედაგოგი, დღეს აჯიკის ბიზნესით და ტურიზმითაა დაკავებული. მის აჯიკას, რომელსაც „კოლხური“ ჰქვია, ზუგდიდის ფესტივალზე 92 მონაწილეს შორის მეორე ადგილი მიაკუთვნეს. ეს რომ სახუმარო ამბავი არაა, ამაში ალბათ ყველაზე ამბიციური მეგრელიც კი დაგვეთანხმება.

ამას გარდა, სახასიათო გარეგნობისა და ნიჭის წყალობით ბატონი ალეკო კინო- და ტელეობიექტივშიც არაერთხელ მოხვდა. 

ალეკო აკოლაშვილი
photo: courtesy of Teona Gogniashvili
ალეკო აკოლაშვილი

- ბატონო ალეკო, თუ შეიძლება ამიხსენით, როგორ მოგივიდათ თავში კახელ კაცს აჯიკის გაკეთება?

- და თქვენ მითხარით, რატომ არ შეიძლებოდა, რომ მომსვლოდა?

- რა ვიცი, ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა ხინკლის ან ხაშლამის ბიზნესი...

- ან ჩურჩხელის, ხომ?..

- თუნდაც... მოკლედ, როგორ გაგიჩნდათ ეს ავანტიურული იდეა?

- ეს ამბავი შემთხვევით მოხდა. 80-იანი წლების ბოლო იყო. მე და ჩემი მეუღლე გაგრაში ყოველთვის ერთ ოჯახში ვისვენებდით. თუმცა როცა იმ წელს ჩავედით, ნაცნობ ოჯახს რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა შეექმნა, მგონი, მილი დაუზიანდათ, ამიტომ თავის მეზობლებთან მოგვაწყვეს. იმ ოჯახში რძალი მეგრელი იყო და დედამთილი აფხაზი. როცა საღამოს ვახშამზე მიგვიპატიჟეს, რძალმა თქვა, ამ სადილს ჩვენებური აჯიკა მოუხდებაო. სიმართლე გითხრათ, მაშინ გაგებაში არ ვიყავი, რა იყო აჯიკა. როცა გავსინჯეთ, ძალიან მოგვეწონა. მერე დედამთილმა თქვა, ახლა ჩემი გაკეთებული ნახეთო. იმანაც შემოიტანა და ისიც გავსინჯეთ, მაგრამ როგორ გინდა თქვა – ან ეს ჯობია, ან ისო?.. ამიტომ მაშინვე მოვიფიქრე და ეს ორი აჯიკა ერთმანეთში გადავურიე. მერე კი ვთქვი, თქვე დალოცვილებო, ერთად გააკეთეთ რა, ნახეთ, რა გემრიელი გამოვიდა–მეთქი.

კოლხური აჯიკა
photo: courtesy of Teona Gogniashvili
კოლხური აჯიკა

- აჯიკის რეცეპტი ჩაიწერეთ?

- ისე გამოვიდა, რომ რძალ-დედამთილმა ერთმანეთისგან ჩუმად აჯიკის დამზადების საკუთარი რეცეპტი ჩამაწერინა. თითქმის ერთნაირი იყო, მხოლოდ ტექნოლოგია იყო განსხვავებული, რაც დროთა განმავლობაში ჩვენც დავამხეცეთ. წლების მერე მივხვდით, რომ ეს შებოლილი წიწაკისგან დამზადებული აჯიკა იყო.

- ამით საკუთარი კომერციული საიდუმლო ხომ არ გაეცით?

- შებოლილი რომ იყო? არა მგონია, თან რომ გინდოდეს, დიდი რაოდენობით მაინც ვერ გააკეთებ. წარმოიდგინეთ, რამდენი გამხმარი წიწაკა, თანაც შებოლილია ამისთვის საჭირო. ამას ორ-სამ კილოს, მაქსიმუმ, ხუთ კილოს თუ გააკეთებ.

- აჯიკით გატაცება კომერციად როდის იქცა?

- ხუთი წელია, რაც ამ საქმეს კომერციული სახე მივეცით და აჯიკის ჩვენეულ ბრენდს „კოლხური“ დავარქვით. ამ საქმეს ცოლის გარეშე ვერ გავუძღვებოდი. ჩემი მეუღლე, მედეა ლომიძეც თბილისელია, წარმოშობით გორის რაიონიდანაა და ამ საქმეში ისიც ამყვა.

- აჯიკის ფესტივალზე მეგრელებს როგორ აჯობეთ?

- შარშან, სექტემბერში ზუგდიდში ჩატარდა აჯიკის პირველი ფესტივალი, სადაც 92 მონაწილეს შორის მე და ერთმა ადამიანმა მეორე ადგილი გავიყავით, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო.

აჯიკის ფესტივალი
აჯიკის ფესტივალი

- მეგრელებს არ გაუტყდათ ეს ამბავი?

- რა ვიცი, შეიძლება ასეც იყო, მაგრამ აშკარად არავის უთქვამს. ფაქტია, რომ ეს წარმატება ჩვენი პროდუქციის კარგ ხარისხზე მიუთითებს.

- აჯიკის დამზადების გარდა ტურისტული ბიზნესითაც ხართ დაკავებული...

- დიახ, ტურისტები მყავს და კახეთში ექსკურსიებს ვაწყობ. პროფესიით რუსული ენის ფილოლოგი ვარ, ამიტომ ძირითადად რუსულენოვანი ტურისტები მყავს. შარშან საფრანგეთიდანაც მყავდა ერთი ოჯახი, პარიზელი ცოლ-ქმარი იყო. მათთან დღემდე გვაქვს მიწერ-მოწერა. ღამით ჩემთან, თელავშიც დარჩნენ. ერთი ბიჭი ჰყავდათ, ჩვენთან ყოფნის მერე კი ტყუპი გოგო შეეძინათ.

- ანუ იმოქმედა კახურმა ჰავამ?

- ნამდვილად ასეა. კახური ჰავა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. აი, ჩემზე იტყვის ვინმე, რომ ორ კვირაში 69 წლის გავხდები?

- ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებით...

- რა ვიცი, ჩემ თავს წლებს ვერ ვატყობ და არც ისე ურიგოდ გამოვიყურები. 

კოლხური აჯიკა
photo: courtesy of Teona Gogniashvili
კოლხური აჯიკა

- ეს აჯიკის დამსახურებაცაა?

- შესაძლოა, ასეც იყოს. სხვათა შორის, მას სამკურნალო თვისებაც აქვს. ამას წინათ მეგობარი გრძნობდა თავს შეუძლოდ, გაცივდა. ჰოდა, სულ ცოტა აჯიკა გავხსენი არაყში და დავალევინე. თქვენ წარმოიდგინეთ, უშველა, მაგის მერე აშკარად კარგად გახდა.

- თელავში, კახელებს თუ გაასინჯეთ თქვენი აჯიკა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. თუმცა, მეზობლებს დავურიგე.

- მემრე, მოეწონათ?

- მეზობლები გაგიჟდნენ ისე მოეწონათ. ახლა ერთ-ერთის შვილი ჩამოვიდა კანადიდან და როცა გასინჯა, ეგრევე ხელიდან გამომგლიჯა. 

- ბიზნესის გაფართოებაზე არ გიფიქრიათ?

- როგორ არა. დღე და ღამე მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ძალიან რთულია, რადგან ამისთვის დიდი სახსრებია საჭირო.

- ალბათ რომელიმე მსხვილ კომპანიას უნდა შესთავაზოთ თქვენი პროდუქცია?

- ვთავაზობ, მაგრამ იმდენად კაპიკებს მეუბნებიან, რომ აზრი არ აქვს, მირჩევნია ამ საქმეს ჩემით მოვაბა თავი. სხვათა შორის, შარშანწინ მოსკოვიდან 20 ტონა აჯიკა მთხოვეს, მოსკოვისთვის ეგ არაფერია, მაგრამ, აბა, მე ამდენს როგორ შევძლებდი? ეგ საქმე რომ გამოსულიყო, ცხოვრებაში მეტი მუშაობა ალბათ არც დამჭირდებოდა. დღეს კი ამ ჩემი აჯიკით ტურისტები და მგზავრები ინტერესდებიან. ჩემგან ყიდულობენ და მერე მიკვეთავენ კიდეც. ცუდი ისაა, რომ ეს ბიზნესი სეზონურია, რადგან მთელი წლის განმავლობაში აჯიკის კეთება არ შეიძლება. ეს ძირითადად სექტემბერ-ოქტომბერში, ან ნოემბრის პირველ ნახევრამდე ხდება.

- სამაგიეროდ მალფუჭებადი პროდუქტი არ არის...

- კი, ორი წელიწადი ინახება.

- რას ურჩევთ მათ, ვინც მომავალში გადაწყვეტს აჯიკის ბიზნესს?

- ამ საქმეში მთავარი ტექნოლოგიაა. მარილი და უცხო სუნელი უნდა დააყარო. ჩემი რჩევაა, რომ ბაზარში უცხო სუნელი დაფქული არ იყიდონ. საჭიროა კაკლები, რომელსაც, სახლში რომ მომაქვს, ტაფაზე ვხალავ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი საამო სუნი აქვს! აი, ამის მერე კი ვფქვავ ხოლმე. 

- მართალია, კონკურსში გაიმარჯვეთ, მაგრამ საინტერესოა, მეგრელებს თუ მოსწონთ?

- გუშინ ორი მეგრელი ქალი მყავდა სტუმრად და დაახლოებით ნახევარი ჯამი შემიჭამეს. არა, კი არ მენანება, მაგრამ...

- მერე ვერ უთხარით, ეს აჯიკაა, ხაშლამა ხომ არ არის–თქო?!.

- ვერ ვუთხარი... ისე, ჩემ აჯიკაში კარგად იწვება წიწილა და გოჭი. კიდევ გემრიელია სალათებსა და სუპებში. მისი მეშვეობით არაჩვეულებრივი ხარჩო და „ოსტრი“ კეთდება. 

- საინტერესოა, ამდენმა ცხარემ, მისმა სინჯვა-დამზადებამ თქვენ ხასიათზეც ხომ არ იმოქმედა?

- ეს აჯიკასა და მის დაგემოვნებასთან კავშირში არაა, ნერვები ისედაც არ მაქვს მწყობრში. ყოფილი პედაგოგი ვარ, რუსული ენის მასწავლებელი ვიყავი, დღეს კი ვტაქსაობ კიდეც...

- აჯიკა გასაგებია, მაგრამ ეს პედაგოგი კაცი თავზე კიკინით რეკლამებში როგორ აღმოჩნდით?

- ერთხელ, ჩემი სამუშაოდან გამომდინარე, კინოსტუდიის ერთ-ერთი მენეჯერი სხვადასხვა ადგილზე ორჯერ შემხვდა. როგორც ჩანს, ჩემი განსხვავებული იმიჯითა და გარეგნობით მისი ყურადღება მივიქციე.

- არ მიკვირს, ისეთი სპეციფიკური ჰაბიტუსი გაქვთ, რომ ნებისმიერი რეჟისორი ჩაგავლებდათ...

- ჰოდა, ჩამავლეს კიდეც... სტუდია GDS-მა გადამიღო დოკუმენტურ-პუბლიცისტურ ფილმში „დროის მანქანა“. ჩემი მსახიობური მონაცემები არავის უკვირს, რადგან დედაჩემის მშობლები მსახიობები იყვნენ, პაპა კი სიღნაღის თეატრის დირექტორი. მოკლედ, ერთი ადამიანი შემთხევით ჩემი მგზავრი გახდა, მითხრა, ძალიან სახასიათო სახე გაქვთო. მერე ქალბატონ ეკა ანდრონიკაშვილს დაურეკა, ეს ადამიანი შენთან მოვა და თავის ფოტოებს მოიტანსო. როცა ადგილზე მივედი, ქალბატონი ეკა უკვე წასული დამხვდა და დისკი ფოტოებით დამლაგებელს დავუტოვე. მას მერე რვა თვე გავიდა და მათგან ზარი არ შემოსულა. შვიდი თვის შემდეგ მგზავრები სადღაც მივიყვანე და უცებ წინ მანქანა ჩამიდგა. უცნობმა ქალმა მითხრა, ბატონო ალეკო, არ წახვიდეთო! ეს ეკა ანდრონიკაშვილი აღმოჩნდა. თურმე, დისკებზე რომ ჩემი საკონტაქტო ნომრები მივუთითე, ვერ უნახავთ. მაგის მერე ერთ კვირაში ფილმში „დროის მანქანა“ მეფე ფარნავაზის ბიძა ვითამაშე. პირველივე სერიაში მკლავენ. მერე უკვე სხვადასხვა რეკლამაც იყო...

- მოკლედ, არ ხართ თქვენ ე.წ. „მასოვკა“: თბილისელი კახელი, რომელიც რუსულის პედაგოგი იყო, დღეს აჯიკას აკეთებს და რეკლამებსა და ფილმებში იღებენ...

- კიდევ შემოვინახე ერთი რამ – ბილიარდის სპეციალისტიც ვარ, სპორტის ამ სახეობაში მთავარი მსაჯი ვიყავი. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მით უფრო, ჩემი ცხოვრება... ასე რომ, მომავალში, ღმერთმა იცის, კიდევ რა მოხდება და სად აღმოვჩნდები...

 

838
ნიკა ჭიკაიძე

„წლების წინ, ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა"

46
(განახლებულია 15:01 11.08.2020)
როცა „დედამიწის ნახევარი შეშლილია, ნახევარიც ალბათ მალე შეიშლება“ -ის „საკუთარი მერნებიდან“ გამოდის იმიტომ, რომ „სამყაროს საიდუმლო აღასრულოს“...

ეს ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი, ნიკა ჭიკაიძეა თავისი ამბიციური სათქმელით. პოეზიის მოყვარულები მას უკვე კარგად იცნობენ. საკუთარი ლექსების კრებული, სახელწოდებით „21-ე განთიადი“  2018 წელს გამოსცა. 25 წლის ასაკში მწერალთა კავშირის წევრი გახდა. დაახლოებით ორ კვირაში, თავისი საუკეთესო ლექსების კრებულს „ქრისტეთი“ გამოშვებას გეგმავს. წერს რომანს, რომელსაც მისივე სიტყვებით, „პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე გრძნობს“...

ნიკა ჭიკაიძე
ნიკა ჭიკაიძე

- ნიკა, როგორ ფიქრობთ, მცხეთაში - ამ ქართულ წმინდა ქალაქში დაბადებამ და ცხოვრებამ თქვენს ბედსა და ნიჭზე გავლენა მოახდინა?

- ვფიქრობ, რაც ადამიანში დევს, საბოლოო ჯამში მაინც ის გამოვლინდება, თუნდაც ამგვარი მოსაზრება ამ შემთხვევაში ლიტერატურულ საქმიანობას მივაკუთვნოთ. რა თქმა უნდა, მცხეთაში დაბადებამ და აქაურმა გარემო-პირობებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა გადამწყვეტ მნიშვნელობას, ვფიქრობ, გარემო მაინც არ წარმოადგენს. პოეზია ღმერთისგან ნაბოძები ნიჭია, რომელიც ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობას და ხშირად თავგანწირვასაც მოითხოვს. ქართველებს გვყავს სწორედ ერთი ასეთი თავგანწირული პოეტი -ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელი ქართული პოეზია და ურომლისოდაც კაცმა არი იცის, ვინ იქნებოდა გალაქტიონი და დღეს როგორი პოეზია გვექნებოდა. საერთოდ წმინდა ქალაქში ცხოვრება და მოღვაწეობა უფლისგან დიდი ჯილდოა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მცხეთა ის ქალაქია, მსოფლიოს ვერც ერთ ქალაქს რომ ვერ შევადარებ და ვერც ვამჯობინებ.

ნიკა ჭიკაიძე
ნიკა ჭიკაიძე

- მოზარდობის დროს დაწერილი პირველი თქვენი ლექსი თუ გახსოვთ?

- ზუსტად არ მახსოვს - ცამეტი, თუ თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც პირველი ლექსი დავწერე, რომელიც არა სიყვარულზე, არამედ პატრიოტულ მოტივზე შეიქმნა. მახსოვს, სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, როდესაც ამ ლექსზე მუზა მეწვია.

- ძირითადად პატრიოტულ თემაზეა თქვენი ლექსები...

- როდესაც ლექსს ვწერ, რა თემაზეც არ უნდა იყოს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გულწრფელად და დამაჯერებლად გადმოვცე სათქმელი. ლიტერატურა დამაჯერებლობაა... რაც შეეხება თემატიკას -პოეზიაში მრავალფეროვნება მიყვარს ყველაზე მეტად. მრავალფეროვნება როგორც თემატიკის, ასევე ვერსიფიკაციის თვალსაზრისით. ჩემი მკითხველი გარკვეულწილად იცნობს ჩემ შემოქმედებას, თუმცა, რა თქმა უნდა, არა ბოლომდე. რადგან, ჯერ კიდევ მრავალი ლექსი მაქვს მათთვის გასაცნობი.

ნიკა ჭიკაიძე
ნიკა ჭიკაიძე

-ძალიან ბევრ მოსწონს თქვენი ლექსი „გიორგი სააკაძე“,

„ვიძახი, როდესაც იმ დღეებს ვაჯამებ:

დიდება მარტყოფს და სირცხვილი ბაზალეთს!

ვიდრემდი განგვკითხავს სიკვდილის სამკვიდრო,

მტერს გადავურჩებით - სამშობლო არ გვინდობს...

არ ვიცი, რა უცნობ წლებს გადმოენარცხე,

დრო უცხო მიწაზეც დღემდე არ გაცხოვნებს

და თუკი წარსულში გმირად არ შეგრაცხეთ,

მაშ, ნუღარც მომავლის ღალატით გაცხოვრებთ...

ეს სტროფებია ამ ლექსიდან, რთულია, მაგრამ თქვენ მოახერხეთ და დღემდე საკამათო ისტორიულ პიროვნებაზე ასეთი მართალი და ემოციური ლექსი დაწერეთ...

-  ეს ლექსი გიორგი სააკაძეზე 2018 წელს დავწერე. სააკაძის პიროვნება ბევრისთვის მართლაც საკამათო ამბავს წარმოადგენს - ერთნი გმირს ხედავენ მის პიროვნებაში, მეორენი კი სამშობლოს მოღალატეს. არის საზოგადოების გარკვეული, (მაგრამ მცირე ნაწილი) ვინც მის საქმიანობას ობიექტურად აფასებს. პირადად ჩემთვის, გიორგი სააკაძე დიდი ქართველი მამულიშვილია. რათქმაუნდა, არსებობს ისტორიაში ის შავი ლაქები, რაზეც მისი პიროვნების მოწინააღმდეგე ხშირად ხაზს უსვამენ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი მაგალითები მის დიდ ქართველობას მაინც ვერაფრით დააკნინებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკუთარი შვილი შეწირა სამშობლოს მსხვერპლად! განა შეიძლება, რომ ასეთ ადამიანს მოღალატე ვუწოდოთ?!! ამიტომ, ვცდილობდი, რომ ეს ლექსი ობიექტური გამომსვლოდა და არა რადიკალური. ვფიქრობ, მკითხველიც შესანიშნავად მიმიხვდა ამას და ლექსიც არაჩვეულებრივად შეაფასა...

ნიკა ჭიკაიძე
ნიკა ჭიკაიძე

- რაზეა რომანი, რომელსაც ახლა წერთ და მისი ფინალი თუ იცი უკვე?

- რაც შეეხება რომანს... გეტყვით, რომ შექმნის პროცესში ვარ და ფინალამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია; თუმცა შესანიშნავად ვგრძნობ იმას, თუ როგორ განვითარდება რომანში შემდგომი მოვლენები. ჯერ კიდევ დაწყებულიც არ მქონდა წერა, როდესაც პირველი სიტყვიდან უკანასკნელ სიტყვამდე ვგრძნობდი ამ რომანს... არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო იმაზე, თუ რა თემაზე ვწერ და როგორი პერსონაჟები მყავს. რამდენიმე ამონარიდი მაქვს საჯაროდ შეთავაზებული მკითხველისთვის, (ძირითადად მონოლოგების სახით). თუმცა, ეს მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ ჩემეულ ენასა და შეხედულებაზე გარკვეულწილად წარმოდგენა შევუქმნა. ამ ყოველივეს გამხელით, შესაძლოა, რომანს გარკვეულწილად მკითხველის თვალში ინტერესი დავუკარგო, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ნაწარმოებს შემოგთავაზებთ.

თენგო ხუციშვილთან ერთად
თენგო ხუციშვილთან ერთად

-  გალაკტიონი რომ შეგხვედროდათ სიცოცხლეში რას ჰკითხავდით?

-გალაკტიონი ჩემი უსაყვარლესი პოეტია ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად. მასთან რომ შეკითხვის დასმის შესაძლებლობა მომცემოდა, პირველ რიგში ვკითხავდი: როგორ შექმენით ასეთი ღვთაებრივი პოეზია?

- სიმშვიდე თუ ფორიაქი და რატომ?

- რა თქმა უნდა, სიმშვიდე! - რადგან უფალიც ამას გვეუბნება: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა". ადამიანის დანიშნულებაც ხომ სწორედ ღმერთთან მსგავსებაში მდგომარეობს... რა თქმა უნდა, ცხოვრება გარკვეულწილად ფორიაქსაც ითვალისწინებს, რადგან სამყაროში არაფერია აბსოლუტური, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ საკუთარ შინაგანში, რადგან ყოველგვარი ემოცია გულიდან მომდინარეობს...

- ემოციური ადამიანები სიზმრებსაც ემოციურს ხედავენ, სიზმარში თუ დაგიწერიათ ლექსი?

- ლექსი სიზმარში ბევრჯერ შემიქმნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხადში ვერც ერთხელ, ვერაფრით გავიხსენე.

- მეცნიერებამ სიყვარული ფსიქიკურ აშლილობად აღიარა, თქვენ რას  ფიქრობთ?

- ჩემთვის სიყვარული ღვთაებრივი გრძნობაა, რომელიც შეუძლებელია ფსიქიკურ აშლილობად წარმოვიდგინო. ვფიქრობ, შეყვარებულ პოეტს აუცილებლად ეწვევა მუზა, რომელიც თავისას ათქმევინებს. მქონდა ასეთი პერიოდიც და, დღევანდელი გადმოსახედიდან ვგრძნობ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებას და არა ტკივილს. წლების წინ, ამაზე საუბარი ჩემთვის მტკივნეული იქნებოდა...

- როგორი უნდა იყოს „ის“, რომელსაც შეიყვარებთ?..

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის შეუცდომლად გაცემა, რადგან შესაძლოა გითხრათ, გოგო ასეთი და ასეთი უნდა იყოს, რომ შემიყვარდეს მეთქი, მაგრამ ვიცი, ამ შემთხვევაში არ ვიქნები მართალი. რადგან უნაკლო და ჩემი შეხედულებით იდეალური ქალი, ალბათ, სამყაროში არც არსებობს... მაგრამ შემიძლია სამი სიტყვით ზოგადად აღგიწეროთ ამგვარი ადამიანის სურათი: პატიოსანი, ნიჭიერი და ლამაზი... სწორედ ასეთი გოგო დგას ახლოს ჩემ სულიერებასთან.

- რაზე ოცნებობს 25 წლის პოეტი?

- ძალიან ბევრ რამეზე ვოცნებობ -როგორც პირადზე, ასევე საზოგადოზე... ვოცნებობ: გაერთიანებულ, ეკონომიკურად ძლიერ და სამართლიან საქართველოში ცხოვრებაზე. ვოცნებობ, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ ერთიმეორის პიროვნებას და ვაფასებდეთ ერთურთის ნიჭიერებას...  რაც შეეხება პირად ოცნებებს: ვოცნებობ იმაზე, რომ ღირებული ლიტერატურა შევქმნა. ასევე იმაზე, რომ ვიპოვო ცხოვრებაში გოგო, რომელსაც ვეყვარები და რომელსაც შევიყვარებ...

 

46
ელინა მიმინოშვილი

ხელოვანი–დედა, მისი არტ-სიახლე სასტუმროებში და კაქტუსებით მოხატული კედლები თბილისში

559
(განახლებულია 19:18 10.08.2020)
ელინა მიმინოშვილი 24 წლისაა და უკვე ორი შვილის დედაა, ოჯახურ ცხოვრებას სიამოვნებით უთავსებს ხელოვნებას და საკუთარ განვითარებაზე სერიოზულად ზრუნავს.

ხატავს ოთხი წლიდან, სამხატვრო სკოლის მერე აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა ფერწერის განხრით. არაერთ ჯგუფურ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა და მისმა პირველმა პერსონალურმაც წარმატებით ჩაიარა.

სიამაყით ამბობს, რომ პირველმა არტ-თერაპია საქართველოში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მან დანერგა. დღეს ხატვას მოზარდებს ასწავლის. რადგან პატარა ტილოზე ხატვა არასოდეს ხიბლავდა, ამიტომ სიამოვნებით ხატავს დიდ სივრცეზე. მისი უჩვეულო კედლის მხატვრობა თბილისში არაერთ შენობას ალამაზებს.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- ელინა, როგორც ხელოვანს და დედას მინდა გკითხოთ, რას გვეტყვით არტ-თერაპიაზე, როგორც მშობლებისა და შვილების ურთიერთობის გასამყარებელ ორიგინალურ საშუალებაზე?

- არტ-თერაპია ადამიანებს ემოციების გაცვლაში ეხმარება. დღეს მშობლებს და ბავშვებს ურთიერთობის დეფიციტი აქვთ, რაც პრობლემებს ქმნის ბავშვების განვითარებაში. ამიტომ არტ-თერაპიის სეანსებს პატარებისა და მშობლებისთვის მათი ურთიერთობების გასამყარებლად ვატარებ. ხატვის პროცესის დროს ისინი ამყარებენ ახლო კავშირს, მათ შორის ხდება ემოციების გაცვლა, ფერებით თამაში, რაც ძალიან სიამოვნებთ როგორც მშობლებს, ასევე მათ შვილებს. პარალელურად აქტიურად ვხატავ, ჩემი ნამუშევრები იყიდება „სტუდიო არტის“ გალერეაში, სადაც ასაკით ყველაზე პატარა ვარ სხვა მხატვრებთან შედარებით. ჩემთვის ხელოვნება ცხოვრების წესია, მუზას არ ველოდები ხოლმე იმისთვის, რომ რაიმე შევქმნა. რადგან თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს ნახატის შესრულება.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- კედლის მხატვრობით როდის დაკავდით და რატომ დაინტერესდით, მხატვრისთვის რითია ეს საინტერესო?

- პირველად კედლის მხატვრობით ორი წლის წინ დავკავდი, რის შემდეგაც ვეღარ გავჩერდი. ზოგადად, არ მიყვარს პატარა ტილოებზე ხატვა, იმიტომ რომ სივრცეში ვიზღუდები. ყოველთვის დიდ ტილოებზე ვხატავდი. კედლებზე იმიტომ გადავედი, რომ მას ჩარჩო არ აქვს და არ გზღუდავს. თანაც ბევრად თავისუფალი ხარ დიდ მასშტაბებზე. პერსონალური გამოფენა მქონდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მიმიღია მონაწილეობა არაერთ ჯგუფურ გამოფენაში, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებსა და სასტუმროებში.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- რა სიახლე დანერგეთ სასტუმროში?

- მე პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში არტ-თერაპია შეიტანა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. დაახლოებით სამი წლის წინ მომიწია მუშაობა „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“, სადაც სტუმრებისთვის „არტ-თერაპია“ დავნერგე. სასტუმროს ტერიტორიაზე მათ ჩემი დახმარებით და მეთვალყურეობის ქვეშ საშუალება მიეცათ, რომ დაეხატათ მოლბერტზე როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე დახურულ სივრცეში. ეს ჩემი იდეა იყო და მოხარული დავრჩი, როცა სასტუმროს გაყიდვების გუნდმა მას მხარი დაუჭირა. მე შევძელი, რომ სამოყვარულო დონეზე ხატვა ბევრი ადამიანისთვის მესწავლებინა. ამის შემდეგ მქონდა ოცდღიანი პროექტი კურორტ საირმის სასტუმროში, სადაც ყოველდღიურად ვატარებდი ჯგუფურ გაკვეთილებს.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- ანუ ხატვის სწავლა ყველასთვის შესაძლებელია?

- ვფიქრობ, თუ ადამიანს სურს დაეუფლოს ფერწერას, ხატვას, ამაში შეუძლებელი არაფერია, რადგან ამ შემთხვევაში ნიჭის ფაქტორი 1%-ია, 99% კი საკუთარ თავზე მუშაობა და ხანგრძლივი შრომაა. აქედან გამომდინარე, დამებადა იდეა, რომ გამეკეთებინა არტ-თერაპია მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. დღეს არტ-თერაპია საკმაოდ პოპულარული გახდა და, როგორც ვიცი, ახლა სხვა სასტუმროებმაც დაიწყეს ამ კუთხით მუშაობა.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- ბოლოს რა მოხატეთ?

- ჩემ მიერ ბოლოს მოხატული კედლები გახლავთ ბელიაშვილზე არსებულ რესტორანში „ჩემო კარგო ქარხანა“, სადაც თითქმის მთელი ეზო ჩემი მოხატულია. ასევე მე მოვხატე სკოლა „ოლიმპის“ ეზოც. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სხვა ადამიანებს სამყარო გავუფერადო, რადგან მოხატული კედლებიდან ძალიან დიდი დადებითი ემოციები გადმოდის.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- რატომ გახდა ბოლო დროს მხატვრობის ეს ფორმა პოპულარული ჩვენში და რამდენად შემოსავლიანია?

- ზოგადად, ქუჩის მხატვრობა არ არის იაფი სიამოვნება, რადგან საკმაოდ ძვირი ღირს მასალა და, აქედან გამომდინარე, ბევრჯერ უსასყიდლოდ დამიხატავს კედელი მხოლოდ მასალის დაფინანსებით ან უბრალოდ საკმაოდ დაბალ ფასად. არიან ისეთი დამკვეთებიც, რომლებიც სათანადოდ აფასებენ ხელოვანი ადამიანის შრომას. ზუსტად ვერ გეტყვით ფასებთან დაკავშირებით დეტალებს, რადგან ყველა მხატვარი ინდივიდუალურად აფასებს საკუთარ შრომას, ასევე ფასი დგინდება ნახატის ზომისა და სირთულის მიხედვით და სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოში ასეთი პროექტები ფინანსდება და ფასდება.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- თქვენი ნება რომ იყოს, რომელ შენობებს მოხატავდით თბილისში და რას დახატავდით?

- ძალიან ბევრი კედელი მომწონს, როცა ვუყურებ, უკვე წარმოვიდგენ ხოლმე რასაც დავხატავ, მაგრამ ჯერჯერობით მათ არ დავასახელებ. თუმცა მომავალში გპირდებით, რომ ბევრ ქუჩაზე შეგხვდებათ ჩემი ნამუშევრები. ბოლო თვეები დავიწყე მუშაობა კაქტუსების სერიაზე და უკვე რამდენიმე კედელზეც კი გადავიტანე ჩემი კომპოზიციები. ამ სერიის ნამუშევრები გალერეა „სტუდიო არტში“ იყიდება. ალბათ მომავალში ძალიან დიდ კედელზეც იხილავთ ჩემს კაქტუსებს.

ელინა მიმინოშვილი
ელინა მიმინოშვილი

- რატომ მაინცდამაინც მსუსხავი კაქტუსი?

- ამ მცენარემ მომცა დიდი ინსპირაცია, რადგან ის მაღალ ტემპერატურას და საკმაოდ რთულ პირობებს უძლებს და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ულამაზესად ყვავის. სხვათა შორის, კაქტუსი შეიძლება ჩვენს ქვეყანას შევადაროთ და მასთან პარალელი გავავლოთ. რადგან ჩვენმა ქვეყანამაც ბევრ გაჭირვებას გაუძლო, მჯერა, რომ ახლანდელ პანდემიასაც გაუმკლავდება და ისე, როგორც ჩემი კაქტუსები, ისიც აყვავდება... ისე, კაქტუსებში საკუთარ თავსაც ვხედავ, რადგან არაერთი რთული პერიოდი გამივლია ცხოვრებაში, მაგრამ ისევ ვცდილობ, რომ სხვა ადამიანები ბედნიერად გავაღიმო და მათ ფერადი და ლამაზი სამყარო ვაჩუქო. ჩემს სახლში, სამწუხაროდ, არ მაქვს მოხატული კედლები, მაგრამ მომავალში, როცა მექნება ჩემი დიდი სახლი, მას აუცილებლად მოვხატავ.

ელინა მიმინოშვილის შემოქმედება
ელინა მიმინოშვილის შემოქმედება

- 24 წლის ასაკში ორი შვილის დედა ხართ, თან აქტიურად საქმიანობთ, რამდენად იცლით ოჯახისთვის, როგორია ახალგაზრდა ხელოვანი დედა ოჯახში?

- დიახ, 24 წლის ასაკში საკმაოდ ბევრი მოვასწარი, ხანდახან თვითონაც არ მჯერა, რომ ორი შვილის დედა ვარ... საკმაოდ რთულია იყო დედა და ამავდროულად აქტიური მხატვარი, თუმცა ვფიქრობ, რომ შეუძლებელიც არაფერია. რადგან ზუსტად ჩემი შვილები და ხელოვნებისადმი სიყვარულია ჩემი ყველაზე დიდი სტიმული. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო არა მარტო დედა, არამედ საუკეთესო მეგობარი ჩემი ოჯახისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლის, ნიკას მხარდაჭერის გარეშე ბევრ რამეს უბრალოდ ვერ შევძლებდი. ჩვენ ყოველთვის ვინაწილებთ საქმეს და, აქედან გამომდინარე, უფრო ადვილად ვუმკლავდებით ყოველდღიურობას. განვითარებისკენ სწრაფვა ყოველთვის მქონდა და არასოდეს მესმოდა იმ ადამიანების, ვინც ბავშვების გამო საკუთარ ცხოვრებასა და განვითარებაზე უარს ამბობს. ბავშვები მაძლევენ უზარმაზარ სტიმულს იმისთვის, რომ მათთან ერთად წინ ვიარო.

- სამომავლოდ ალბათ თქვენი ყველაზე დიდი შემფასებლებიც ისინი იქნებიან? 

- ჩემი ყველაზე დიდი შემფასებლები ჩემი შვილები დღეს უკვე არიან. ყოველთვის, როდესაც კედლებს ვხატავ ხოლმე, მის სანახავად ნიკას აუცილებლად მოჰყავს პატარები, სანი და კირა, რომლებიც ჯერ გაოცებული სახით უყურებენ ჩემს ნამუშევრებს და შემდეგ გაღიმებულები პატარა ხელებით ეფერებიან მას. ვფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენი შვილების თვალებში დედის გამო სიამაყეს ხედავ...

 

559
შორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი

15 წლის წინ მამულიჩას ჯადო გაუკეთეს? პროდიუსერის სკანდალური პოსტი

0
(განახლებულია 14:45 31.07.2020)
მამულიჩა სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ პროდიუსერმა ახლა აღმოაჩინა, რომ ჯადო აქვს გაკეთებული.

ცნობილი პროდიუსერი კახა მამულაშვილი, რომელსაც საზოგადოება „მამულიჩად“ იცნობს, სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. პროდიუსერი ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ასაჯაროებს, სადაც ქალი წერს, რომ მასთან 15 წლის წინ ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია „მამულიჩასთვის“ ჯადოს გასაკეთებლად მივიდა.

ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო. კახა მამულაშვილთან დაოჯახების შემდეგ კი მისი ოჯახი უფრო პოპულარული გახდა. წყვილმა შოუ-ბიზნესში კარიერა ერთად დაიწყო. კახა მამულაშვილი პოპ-დივას კონცერტებს ხელმძღვანელობს. წყვილს საერთო შვილი – 18 წლის მარიკო ჰყავთ.

View this post on Instagram

1-2-3-4

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელას პარალელურად მამულიჩაც გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით. მის გვერდზე სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ვარსკვლავებთან ერთად გადაღებული სახალისო ფოტო-ვიდეოები. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მისი ოჯახის წევრები იქცევენ.

View this post on Instagram

#ძირსკორონა

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება