მაკა ბერაძე

ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა

873
(განახლებულია 13:49 08.05.2019)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ მხატვარს მაკა ბერაძეს გაგაცნობთ.

მის ნამუშევრებს დღეს ამერიკაშიც ჰყავს დამფასებელი, მისი მხატვრობა მრავალფეროვანია: ხატავს აკვარელით, ზეთით, აკრილით და პასტელით, ქმნის უჩვეულო კოლაჟებს, მისი საქმიანობა ასევე მოიცავს გობელენს, ბატიკასა და თექას...

საქართველოში ახალგაზრდა მხატვრების ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის ქართულ კულტურის ცენტრში, თანამედროვე გალერეაში და სხვ. სამხატვრო აკადემიაში გობელენზე შესრულებული მისი სადიპლომო ნამუშევარი „შემოდგომა“ შარდენზე არსებულ აკადემიის მუზეუმში ინახება.

1999 წელს მხატვარმა მოწვევა მიიღო ამერიკიდან, ნიუ-იორკის გალერეა Ward–Nasse-დან, სადაც რამდენიმე გამოფენა მოაწყო. 2014 წლიდან ქართული კულტურის ცენტრში „დანსინგ ქრეინ სტუდიოში“ ქართველ ბავშვებს ხატვას ასწავლის.

ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელთან - ვიქტორ სირელსონთან ერთად
ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრის დამაარსებელთან - ვიქტორ სირელსონთან ერთად

– ქალბატონო მაკა, როდის აღმოაჩინეთ საკუთარი სამყარო ხელოვნებაში და რამ მოახდინა პირველი შთაბეჭდილება?

– ხატვა მიყვარს ბავშვობიდან, რომელიც ზესტაფონში გავატარე. მასთან ბევრი ლამაზი მოგონება გვაკავშირებს მე და ჩემ ორ დასა და ძმას, რომლებიც დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ჩვენ ურთიერთობაში ერთმანეთისგან შორს ყოფნამ ვერაფერი შეცვალა, მშობლებმა ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კარგი ბავშვობა გვქონოდა. მახსოვს, დედაჩემის ნახატმა როგორ მოახდინა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება. ჩემ მომავალზე კი დიდი როლი ითამაშა სკოლის პედაგოგმა, ბატონმა კოლია ფიჩხაძემ, რომელმაც მირჩია, რომ სწავლა სამხატვრო სკოლაში გამეგრძელებინა. დავამთავრე მოსე თოიძის სამხატვრო სკოლა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქსოვილების დიზაინის განხრით. სამხატვრო აკადემიაში ლექტორებიდან გამოვარჩევდი გობელენისა და აკვარელის უძლიერეს სპეციალისტს, ბატონ გივი ყანდარელს, რომლის აკვარელის ტექნიკა განსხვავებული იყო და ძალიან მომწონდა.

მაკა ბერაძე
მაკა ბერაძე

– ამერიკაში როდის მოხვდით?

– ალბათ სიმბოლური იყო, რომ ამერიკიდან, გალერეა Ward-Nasse-დან მოწვევა ზუსტად 1999 წლის 11 დეკემბერს, ჩემი დაბადების დღეზე მივიღე. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, ამ გალერეაში ნამუშევრები მანამდეც მქონდა გამოფენილი. 2008 წელს კი ისინი ნიუ-იორკში Artexpo-ზე გამოიფინა. ამერიკული გამოფენების ციკლი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2014 წლიდან ქართული კულტურის ცენტრში, „დანსინგ-ქრეინის სტუდიოში“ ქართველ ბავშვებს ხატვას ვასწავლი. ყოველი წელს ვაწყობთ გამოფენას, მორიგი გამოფენა რვა ივნისსაა დაგეგმილი. ბავშვები სტუმრებსა და მათ შეფასებას სიხარულით ელოდებიან.

მაკა ბერაძის შემოქმედება
მაკა ბერაძის შემოქმედება

– თქვენ კოლაჟებში რამდენიმე თემა კვეთს ერთმანეთს...

– კოლაჟებზე მუშაობა ამერიკაში დავიწყე. ჩემი პირველი ნამუშევარი „ქალის პორტრეტია“. როდესაც ამ ნამუშევრის ფასს მეკითხებიან, მიჭირს ხოლმე პასუხის გაცემა. ვფიქრობ, ის ყოველთვის ჩემთან უნდა იყოს, რადგან მას დიდი ისტორია აქვს. საქმე ისაა, რომ ეს პორტრეტი როცა ამერიკაში ჩამოვედი, იმ პერიოდშია შექმნილი. მაშინ ჩემთვის რთული დრო იყო და კონტაქტი არავისთან მსურდა. ჩემ ყოველ ნამუშევარში რეალური განცდებია ასახული, ყოველი მათგანი ინდივიდუალურია და, ასე ვთქვათ, დაუმორჩილებელი პროცესი. ხატვის დროს თავად ვსწავლობ რაღაც ახალს. მიყვარს ფიგურების ხატვა. ნატურა იშვიათად მყავს, როცა რომელიმე ფილმს ვუყურებ ხოლმე, კადრს ვაჩერებ და მათ მიხედვით ვაკეთებ ჩანახატებს, რომლებიც შემდეგ ტილოზე გადამაქვს.

მაკა ბერაძის ქალის პორტრეტი
მაკა ბერაძის "ქალის პორტრეტი"

– რომელია თქვენი ამერიკული ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბავი?

– ამერიკაში შევხვდი ძალიან კარგ ადამიანს, გვყავს ერთი შვილი, ენდრიუ, ჩვენებურად ანდრეა, რომელიც ახლა 10 წლისაა. დიდი პერიოდი გაჩერებული ვიყავი და ვერაფერს ვქმნიდი, სანამ ბავშვი 6 წლის არ გახდა. ახლა ერთი დღის გაცდენაც კი მენანება. ენდრიუმ ჩემი ცხოვრება სრულყოფილი გახადა, ჩვენ ვმეგობრობთ, მასთან შემიძლია სერიოზულ საკითხებზეც ვილაპარაკო და რჩევებიც ვკითხო. ჩემდა გასაოცრად, ამ პატარა ბიჭისგან ბევრი კარგი დარიგება მოვისმინე... ყველამ იცის, რომ ემიგრანტის ცხოვრება არ არის მარტივი, ხელოვნება ძალიან დამეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში, ხატვა ჩემთვის თერაპია იყო. მისი საშუალებით შევძელი, რომ ადვილად გადამეტანა სირთულეები. დღეს ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ და უკვე შემიძლია ძალიან უბრალო საბაბის გამო თავი ბედნიერად ვიგრძნო...

შვილთან ერთად
შვილთან ერთად

– როგორია სამშობლო, რომელსაც უცხოეთში ყველა ქართველი გულით ატარებთ?

– ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ აქ დავრჩებოდი, მაგრამ ასე მოხდა... პირველად 14 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემ ქვეყანაში და მიუხედავად დიდი სიხარულისა, ეს დიდი ტკივილიც იყო, რადგან მამა უკვე აღარ დამხვდა ცოცხალი. ეტყობა, ეს ამბავი დაამახსოვრდა და როცა წამოიზარდა, ჩემმა შვილმა ერთხელ მკითხა, დედა, მაშინ რატომ ტიროდიო. ვუთხარი, რომ ჩემს მამიკოს ვეღარ ვნახავდი. ამის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია... მამასთან ერთად ჩემი ბავშვობის ბედნიერ წლებსაც მივტიროდი. სამშობლო დღესაც ისეთივე ძვირფასია ჩემთვის, როგორც 20 წლის წინ, მასთან დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ახლაც მტკივა მისი ყველა ტკივილი. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, თურმე, ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი და ემოციურად აღსაქმელი ყოფილა...

 

873
თემები:
ქართველები უცხოეთში (73)
ნინო ორლოვსკაია

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის რა განძი დამარხეს ბახმაროს მთაზე ბავშვებმა

536
(განახლებულია 22:08 06.07.2020)
მის ძარღვებში მეამბოხე პოლონელი დეკაბრისტისა და გურული ფირალების სისხლია, ალბათ ამიტომ უყვარს თავისუფლება და არ ცნობს კლიშეებს. ასეთია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ორლოვსკაია.

მისი გაკვეთილები ერთმანეთისგან განსხვავებულ სანახაობას ჰგავს, ამიტომ პატარა მოსწავლეები სკოლის მიღმა აქტივობებზე სიამოვნებით თანხმდებიან...

ნინო ორლოვსკაია
ნინო ორლოვსკაია

- ქალბატონო ნინო, სკოლაში მისვლის პირველი დღე და იმდროინდელი შთაბეჭდილებები თუ გახსოვთ?

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ახლა ოზურგეთში ვცხოვრობ. სკოლაში თითქმის ოცი წელია ვმუშაობ. მასწავლებლობაზე კი ბავშვობიდან ვოცნებობდი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა. სკოლაში მისვლის პირველი დღე, რა თქმა უნდა, მახსოვს. რამდენიმე წყვილი გაოცებული თვალი მიყურებდა და ჩემგან საოცრებებს ელოდა... მას მერე ბევრი დრო გავიდა. თაობები შეიცვალა და მე საკლასო ოთახში ისევ იმ იმედით შევდივარ, რომ ჩემს პატარებს ცოდნის საოცარ სამყაროში ვამოგზაურებ. სამი წლის მანძილზე სამი სკოლა შევიცვალე. დიდხანს ვფიქრობდი, რადგან ძნელია ახალ ადგილზე თავის დამკვიდრება. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა, ახალი შესაძლებლობები და იდეები იყო.

ნინო ორლოვსკაია
ნინო ორლოვსკაია

- დაწყებითი კლასის მასწავლებელი მაღალი კლასის მასწავლებლისგან რითი უნდა განსხვავდებოდეს?

- სრულად ვაცნობიერებ მასწავლებლის როლს ადამიანის ჰარმონიულ ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ მასწავლებელს. აქედან იწყება უშუალო კონტაქტი სკოლასა და მოსწავლეს შორის. მიყვარს პატარებთან მუშაობა, კარგია, რადგან ისეთი სუფთები არიან... გარკვეული დროის მანძილზე ხედავ, ნელ-ნელა როგორ უყვარდებათ სკოლაში მოსვლა, როგორ უხარიათ გაკვეთილები, როგორ იძენენ სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სწავლობენ სიყვარულს, მეგობრობას, სიკეთის კეთებას და გრძნობ, რომ ამის შემოქმედი თავად ხარ...

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- თქვენ ჩამოაყალიბეთ ჯგუფი „პოპინსი და მოსწავლეები“, სადაც თქვენი მოსწავლეების აქტივობებზე წერთ...

- ამ ჯგუფის მიზანია თავი მოუყაროს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც მთელი წლის განმავლობაში გადავცემ. უამრავი ფოტო- და ვიდეომასალა დაგვიგროვდა. მოსწავლეები საკუთარ თავს „პოპინსელებს“ უწოდებენ და ამით ამაყობენ კიდეც. განსაკუთრებით მოსწონთ, როცა თავად არიან რაღაცის მაძიებლები, თავად ქმნიან, შეისწავლიან და აღმოაჩენენ. ჯგუფის არსებობა განსაკუთრებით დაგვეხმარა დისტანციური სწავლების დროს. მოსწავლეებისთვის უცხო არ იყო მსგავსი მუშაობის სტილი. საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს ხალისით ასრულებდნენ.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- რატომ მაინცდამაინც პოპინსი, რამე ისტორია აქვს ამ ფაქტს?

- აქვს. ერთხელ ბავშვები გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში წავიყვანე. შემოდგომის თბილი, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო. ფოტოებიც გადავიღეთ... ერთ-ერთ ფოტოში ჭრელა-ჭრულა ფოთლებით მორთული ქოლგა მიჭირავს და თითქოს ცისკენ მივიწევ... მერი პოპინსისეული ასეთი ფოტოს შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ჯგუფი „პოპინსი და მოსწავლეები“.

კლასგარეშე აქტივობაზე მოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე აქტივობაზე მოსწავლეებთან ერთად

- თურმე უჩვეულო თემებს აძლევთ დასაწერად, რომელიმე დავალებას ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ერთხელ მოსწავლეებს ვთხოვე წარმოედგინათ, თითქოს მესამეკლასელებმა დამარხული განძი იპოვეს და ამაზე დაეწერათ თხზულება. როცა დაიწყო პოპინსური დავალებების რეალური და გამოგონილი ამბების ისტორია, მათი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარით გაოცებული დავრჩი. ზოგმა საკუთარ ეზოში თამაშის დროს შემთხვევით აღმოჩენილ ქვევრზე დაწერა, ზოგმა ნაპოვნი საგანძური საზღვრისპირა სკოლებს დაურიგა, რათა იქაურმა ბავშვებმა ღირსეული განათლება მიიღონ, ზოგმა საინტერესო წიგნების ჩამონათვალი აქცია განძად და მიწაში ჩამარხა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, თუ ვინმე იპოვით, გირჩევთ ეს წიგნები წაიკითხოთო. სხვათა შორის, ბახმაროს მთაზე ახლაც ფრიალებს „პოპინსი და მოსწავლეების“ დროშა და თუ ვინმეს გაინტერესებთ რა ჯადოსნური „განძი“ შეინახა იქ პატარა პოპინსელმა, ადვილად მიაგნებთ.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- რომელიმე გაკვეთილიც ხომ არ გახსენდებათ?

- ვცდილობ ყოველი დღე განსაკუთრებული იყოს, ახალი აქტივობებით და სიურპრიზებით სავსე. ამას უკვე ისე მიეჩვივნენ, რომ მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. ყოველ ახალ გაკვეთილს სიხარულით ელოდებიან. მახსენდება, ერთ-ერთი გაკვეთილის ბოლოს ბავშვები როგორ მოვიდნენ ჩემთან სათითაოდ და მადლობა გადამიხადეს საინტერესო გაკვეთილისთვის. ისეთი ბედნიერი ვიყავი...

გაკვეთილზე
გაკვეთილზე

- ხაზგასმით ამბობთ, რომ თავისუფლებისმოყვარე სული გაქვთ, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ თქვენში მეამბოხე პოლონელი დეკაბრისტისა და გურული ფირალების სისხლია?

- ალბათ ასეცაა. ბაბუა მიყვებოდა, დეკაბრისტების აჯანყების დროს ჩემი წინაპარი, თურმე, პოლონეთიდან კავკასიაში გადმოუსახლებიათ. საქართველოში ჩამოსულს გურული ქალი შეყვარებია და ცოლად შეურთავს. გვარდიის ყოფილი ოფიცერი, გრაფი ორლოვსკი, თურმე, ვერც გურიაში ეგუებოდა უსამართლობას და სოფელში გაჭირვებულ ხალხს ესარჩლებოდა, ღარიბებს ეხმარებოდა. ასე რომ, მე გაქართველებული პოლონელის შთამომავალი ვარ და ამიტომაა ალბათ ჩემშიც სიცოცხლის, თავისუფლების დიდი სიყვარული და ჩემს მოსწავლეებსაც ასე ვზრდი.

- რა სიტყვებით ემშვიდობებით ხოლმე თქვენს მოსწავლეებს, როდესაც ისინი მაღალ კლასში გადადიან?

- დამშვიდობების დროს მათ ასე ვეუბნები: დაიმახსოვრეთ, რასაც უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, აკეთეთ სიყვარულით. არასოდეს დაკარგოთ თავისუფლება და ყოველთვის იყავით ბავშვივით ლაღი და სუფთა. შეიყვარეთ სიცოცხლე მთელი თავისი დიდებულებით, უცქირეთ სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით. იოცნებეთ და იბრძოლეთ საკუთარი ოცნების ასრულებისთვის...

 

536
მიზნისკენ სვლა

მამაკაცური და ქალური ლოგიკა, ანუ გაიცანი შენი მთავარი მტერი

487
(განახლებულია 21:14 03.07.2020)
სად გადის გზა წარმატებისა და წარუმატებლობისკენ? რა იცის და რა შეუძლია მოწიფულ პიროვნებას? სად ბუდობს ბედნიერება?

ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, მწერალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ ლიტვაკი – ამ და სხვა საკითხებზე ლაკონურ, ფასდაუდებელ პასუხებსა და რჩევებს გვაძლევს.

ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად, ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია>>

• მე არ ვიცი წარმატებისკენ მიმავალი გზები, მაგრამ ვიცი გზა წარუმატებლობისკენ – ესაა სურვილი, ყველას მოსწონდე

• არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არის მხოლოდ სწორად აზროვნების უნარი

• გინდა გაიცნო შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში. გაუმკლავდი მას – დანარჩენი ყველა დაიფანტება 

• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო მტრებთან – სასარგებლო

• ურთიერთობების დასრულებისა და სამუშაოდან გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი საპატიო მიზეზი არსებობს – შეუძლებელია არსებულ ვითარებაში პიროვნული ზრდა.

• უმწიფარმა პიროვნებამ ხშირად იცის, მაგრამ არ შეუძლია. მოწიფულმა არა მხოლოდ იცის, არამედ შეუძლია კიდეც. ამიტომ უმწიფარი პიროვნება აკრიტიკებს, ხოლო მოწიფული – აკეთებს

• მხოლოდ სიხარული გაუზიარე მეგობრებსაცა და მტრებსაც. მეგობარს გაუხარდება, მტერს – ეწყინება

დედობა, როგორც „გმირობა“, შვილი – „სამახსოვროდ“...>>

• ბედნიერებას ნუ გაეკიდები, არამედ იპოვე ადგილი, სადაც ის ბუდობს. და ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია გიკარნახო, სადაა შენი ბედნიერება – ეს შენ თვითონ ხარ. ხოლო მისკენ გზა – ეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა

• ბედნიერება – ეს სწორად ორგანიზებული საქმიანობის „თანმდევი პროდუქტია"

• თუ ვინმემ უმადურობა გისაყვედურა, მაშინვე გაარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაუსწორე ანგარიში და ამ ადამიანთან საქმე აღარ დაიჭირო

• თუ გინდა, ვინმეს რამე დაუმტკიცო, ეს ნიშნავს, რომ იმისთვის ცხოვრობ, ვისთვისაც ამის დამტკიცება გინდა. თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ ვინმესთვის რამის დამტკიცების საჭიროება არ არსებობს

• ოცნებები ჩვენი უნარების ხმებია. მაგალითად, მე არ ვოცნებობ ოპერაში სიმღერაზე. არც ხმა მაქვს და არც სმენა. რომ ვოცნებობდე, შესაბამისად, ამ ოცნებას ჩემი უნარები უფრო გააღვივებდა. შესაბამისად, ვეცდებოდი ოპერაში მოხვედრას. უბრალოდ, საჭიროა დაფიქრდე, როგორ განახორციელო ეს ოცნება. აქ მთავარია არ აჩქარდე, მაშინ ძალიან სწრაფად გამოვა. კარგია, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე თქვას „მარტო იმას ვაკეთებ, რომ ვცდილობ ჩემი ოცნებები განვახორციელო"

აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ>>

• იმისთვის, რომ გაიგო, როგორ გეპყრობიან ადამიანები, მოუყევი მათ საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე. ის, ვინც შენ მიმართ ფარულ სიძულვილს გრძნობს, ამას გააკრიტიკებს. ვისაც შენთვის კარგი უნდა, დაგეხმარება

• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს

• მიაღწიე წარმატებას და წყენა გაგივლის.

487
თემები:
სასარგებლო რჩევები
ისრაელი

ისრაელში ახალი შეზღუდვები დაწესდა: საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს

0
(განახლებულია 08:28 07.07.2020)
ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება . ხელისუფლებამ პრევენციის მიზნით რიგი შეზღუდვები დააწესა

 

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ამ დროისთვის იმყოფებიან, გაფრთხილებას ავრცელებს

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით ახალი ზომები დააწესა. დაიკეტა საბანკეტო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები, საცურაო აუზები.

რესტორანში დაშვებულია ერთდროულად არაუმეტეს 20 ადამიანის შეკრება, დახურულ შენობაში კი ყოფნა შეუძლია არაუმეტეს 30 ადამიანს.

ისრაელში გასული კვირის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. ორჯერ გაიზარდა კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი  და ბოლო ორ დღეში ათასს მიაღწია. ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში არსებული სიტუაციას საგანგებო უწოდა და ახალი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობაზე განაცხადა.

ისრაელში  ბოლო დღე–ღამეში ინფექციის შემთხვევებმა 962–ით მოიმატა და ორშაბათს საღამოს 30 749–ს მიაღწია, სამი პაციენტი გარდაიცვალა – გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 334–ს მიაღწია.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში