ანუკი არეშიძე

„ძალიან ბიჭური გოგო ვიყავი“ ანუკი არეშიძე ბავშვობას იხსენებს

1570
(განახლებულია 16:35 02.05.2019)
ყველასათვის ცნობილი ქართველი მოდელი, დიზაინერი და ოთხი შვილის დედა ანუკი არეშიძე ვირტუალურ ცხოვრებაშიც ისეთივე აქტიურია, როგორც რეალურში. ამას Instagram-ის 300 000 ხელმომწერიც მოწმობს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერის მეუღლე მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.

30 წლის ანუკის მოდის ექსპერტები დადებითად აფასებენ. საზოგადოებაშიც მისი ნებისმიერი ნაბიჯი პოზიტიურ ემოციებს აღძრავს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, მუდამ ფორმაშია. ერთმანეთს უთავსებს მუშაობას, მოგზაურობასა და ოთხი ვაჟის მოვლას. როგორც Instagram-ზე აქვს აღნიშნული – „Mom-in-Chief of 4„ – „დედამთავარია“.

ანუკი 12 წლის იყო, როდესაც სამოდელო კარიერა დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება: „12 წლის ასაკში მიმიყვანეს სამოდელო სააგენტოში, იმიტომ რომ ვიყავი ძალიან ბიჭური გოგო. ორ ძმასთან ერთად ვიზრდებოდი და მშობლებს უნდოდათ, რომ ხასიათში ქალური ელემენტები მქონოდა. სიმაღლეში მალე გავიზარდე და ზურგში ვიხრებოდი, ეს ყველაფერი მოქმედებდა ჩემს ვიზუალზე.“

2013 წელს კი, უკვე პოლიტიკოსის მეუღლემ, გადაწყვიტა ტანისამოსის და ფეხსაცმლის საკუთარი ბრენდი ANOUKI შეექმნა, რომელსაც მოდის ინდუსტრიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„პატარა ატელიეთი დავიწყე, სადაც ორი მკერავი მყავდა. სულ მალე ტანსაცმელზე მოთხოვნა გაიზარდა და ნელ-ნელა გავფართოვდით.“

„არ ვთვლი, რომ ვარ წარმატებული ან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული. უბრალოდ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს“.

ქართული ლიდერი ბრენდი ANOUKI 2013 წელს შეიქმნა და პოპულარობის ზენიტშია.

ანუკი საკუთარი ხელით ქმნის კაბისა და ფეხსაცმლის დეტალებს. ბრენდი აქტიურად იყო წარდგენილი ევროპულ გამოფენებსა და პარიზის შოურუმებში, რაც ზრდიდა როგორც ანუკის, ასევე მისი ბრენდის პოპულარობას.

2017 წელს ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.

 

 

1570
თემები:
სელებრითების ცხოვრება (31)