„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ

© photo: Sputnik / Stringerთამარ სხირტლაძე
თამარ სხირტლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ სხირტლაძე იმ იშვიათ მსახიობთა შორისაა, ვინც ცხოვრების ცხრა ათეული წლიდან 73 წელი სცენაზე გაატარა.

ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრებში მის მიერ განსახიერებული 70 და კინოში შესრულებული 40-მდე როლი.

დღეს ქალბატონი თამარი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, ამიტომ თადარიგი დავიჭირეთ და მას იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდით. გულახდილი საუბარი გამოვიდა, ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ – ცხოვრებაზე, თეატრზე, ადამიანებზე, სიბერესა და ოცნებაზე...

© photo: courtesy of Tako Toloraiaთამარ სხირტლაძე და თაკო თოლორაია
„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ - Sputnik საქართველო
თამარ სხირტლაძე და თაკო თოლორაია

– ქალბატონო თამარ, გილოცავთ იუბილეს, საუბრის დასაწყისშივე გკითხავთ – 90 წელი რისთვისაა ბევრი და რისთვის არ არის საკმარისი?

– იცით, რას ვფიქრობ? 90 წლის რომ გავხდები, აი, მეორე დღეს რა უნდა ვაკეთო? თუ სულიერი საზრდო არ მექნება, თუ როლს არ მომცემენ და თეატრში არ დამიძახებენ, სიცოცხლე რად მინდა?! მაგრამ თუ სულიერი საზრდო მექნება, მაშინ, კი ბატონო, ყველაფერს შევძლებ...

– ყველამ იცის, რომ დღემდე არ გაქვთ შემოქმედებითი კრიზისი, რადგან 73 წელია სცენაზე ხართ...

– მიუხედავად იმისა, რომ 90 წლის ვხდები, სამში უკვე სპექტაკლი მაქვს. როცა თეატრში მივდივარ, თითქოს დაღლილი ვარ და ძალაც არ მაქვს, მაგრამ იქიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთებს გადავდგამ. ეს არის ის, რაც ადამიანს სჭირდება და რაც მაცოცხლებს. თუ ასეთი ცხოვრება არ მექნება, მაშინ, რა თქმა უნდა, 90 წელი ბევრია.

© photo: courtesy of Marina Tsulukidzeთამარ სხირტლაძე ოჯახთან ერთად
„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ - Sputnik საქართველო
თამარ სხირტლაძე ოჯახთან ერთად

– რაც შეეხება ასაკს და სულიერ საზრდოს, თქვენ თამაშობთ სპექტაკლს, სადაც სწორედ ეს თემებია წამოჭრილი...

– დიახ, მე ვთამაშობ თამარ ბართაიას პიესაში „სარკე“. ადრე მე და მედეა ჩახავა ვთამაშობდით ამ სპექტაკლში, სადაც ჩემი გმირი სახლიდან გაიპარება და დაიკარგება იმის გამო, რომ, მისი აზრით, იქ ცუდად ექცევიან. ყველა ეკითხება – დედა, რა გნებავს? უვლიან კიდეც, მის ოთახში საჭმელიც შეაქვთ. როცა ეკითხებიან – როგორ ხარ? ის პასუხობს, რა უნდა ვთქვა, სათქმელი არ მაქვს, არაფერი მაკლიაო... მაგრამ საქმე ისაა, რომ მას სულიერი საზრდო აკლია. ამბობს, ათი წელია, ჩემთვის შვილს არ უკოცნიაო. გამოდის, რომ გარშემო მობეზრებული ჰყავთ, რადგან მოხუცი არავის უყვარს, ავიწყდებათ, რომ ერთ დღეს ყველა დაბერდება... ამას რომ მიხვდე, სარკეში უნდა ჩაიხედო. არის ოჯახები, რომლებიც მოხუცებს თავშესაფარში აბარებენ. იმ ადამიანებს საშინლად სტკივათ გული. მართალია, იქ არაფერი აკლიათ, მაგრამ ის დიდი ტკივილი, რომ თავიდან მოიშორეს, ყოველთვის თან დასდევთ...

© photo: courtesy of Marina Tsulukidzeახლობელ ადამიანებთან ერთად
„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ - Sputnik საქართველო
ახლობელ ადამიანებთან ერთად

– გავიგე, თქვენი კოლეგები ემზადებიან, რომ ეს იუბილე აღნიშნონ...

– როცა გაიგეს 73 წელი მისრულდება, რაც სცენაზე ვარ და მოქმედი მსახიობი ვარ, თან 90 წელი მრგვალი თარიღია, ამას ამბავი მოჰყვა!.. იქ თეატრალური საზოგადოება დამიკავშირდა, აქ ჩემი მეგობრები და კოლეგები... მათ შორის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ჩემი მეგობარი დიმა ხვთისიაშვილი იყო. ყველა მეკითხებდა, რას ვშვრებით, მრგვალი თარიღი გისრულდება და არაფერს ვაკეთებთო. მე ვუთხარი, მაგის მეტი დარდი არ გქონდეთ, სად მაქვს მაგის თავი–მეთქი. ეს ამბავი დიდ შრომას მოითხოვს. ჰოდა, ყველამ გაინაწილა საქმე. ნინო ლაპიაშვილმა, მაგალითად, ჩემი როლების ფოტოალბომი გააკეთა. მოკლედ, წვალობს ხალხი. მეც კი ღამე არ მძინავს, ხალხის დაპატიჟებაც მერიდება. ცხოვრებაში როლი არ მითხოვია და იუბილე გადამიხადეთ–მეთქი, ამას როგორ მოვითხოვ?! მჯერა, თუ ცხოვრებაში თავმდაბალი არ იქნები, არავის ეყვარები.

© მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმითამარ სხირტლაძე და კოტე მახარაძე სპექტაკლში "პირისპირ"
„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ - Sputnik საქართველო
თამარ სხირტლაძე და კოტე მახარაძე სპექტაკლში "პირისპირ"

– წლებია, რაც საბურთალოზე ცხოვრობთ...

– უკვე 56 წელია ქავთარაძეზე ვცხოვრობ. ჩემი სახლის წინ პატარა სკვერია, რა არ დავრგე, მაგრამ არაფერმა იხარა. მაინც ვწვალობ და ქოთნებში ვახარებ. მინდა, რომ ირგვლივ ბუნებრივი გარემო შევიქმნა... მახსოვს, როცა ჩემმა შვილმა თუთა ჩარგო, მან ისე იხარა, რომ ირგვლივ ყველაფერი გადაფარა...

– თითქოს მარტივი შეკითხვაა – რა არის საჭირო იმისთვის, რომ მაყურებელს უყვარდე, მაგრამ მაინც...

– როცა ქუჩაში მივდივარ, ადამიანების თბილ მზერას სულ ვგრძნობ ხოლმე. ისინი მოდიან და მთხოვენ, შეიძლება თქვენთან ერთად ფოტო გადავიღოო. ამ დროს უხერხულად ვარ. მე ვფიქრობ, ქვეყნად ყველაზე დიდი უბედურება ამპარტავნებაა. როცა ამბიციური ხარ და საამისო საფუძველი არ არსებობს, ეგ ხომ მთლად უბედურებაა. მე და ჩემი მეუღლე მეტისმეტად მორიდებულები ვიყავით. ამაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, როცა თეატრში მივედით, იქ მარჯანიშვილის მოწაფეები, მთელი კოჰორტა დაგვხვდა: შალვა ღამბაშიძე, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე... ჩვენ მათ გვერდზე როგორ დავსხდებოდით?! ფეხზე ვიდექით, ოღონდ კი მათთვის გვესმინა.

© photo: Sputnik / В. Соколов / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე, მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი, ლენინის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი თემურ ჩხეიძე და მსახიობი თამარ სხირტლაძე
„სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა მქონოდა“ – რა გაგვიმხილა 90 წლის თამარ სხირტლაძემ - Sputnik საქართველო
საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე, მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი, ლენინის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი თემურ ჩხეიძე და მსახიობი თამარ სხირტლაძე

– ოდესმე თუ გინანიათ საკუთარი თავმდაბლობა?

– ამას შეიძლება არ უნდა ვამბობდე... სახალხო არტისტის წოდებაზე რომ წარმადგინეს, მას შემდეგ დრო გავიდა და აღარ მომცეს. როცა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვინც ამ წოდებაზე წარმადგინა, იკითხა, რატომ არ აძლევთო, ასეთი პასუხი გასცეს – ლიმიტი მხოლოდ ორი ადამიანზე იყოო. არადა, სიაში, თურმე, ათი ეწერა. ეს ათი ტელეფონის ზარით, თხოვნით, ჩხუბით დამტკიცებული კანდიდატურები იყვნენ. რად მინდა ასეთი რამ?! დავით ოქიტაშვილმა მითხრა, რომ მირეკავენ და მთხოვენ, ვარსკვლავი გამიხსენიო. გამიკვირდა... არ მესმის... ამას ადრე არ გეტყოდით, მაგრამ ახლა ასაკში ვარ და ალბათ მიმეტევება.

– შეგიძლიათ გაგვანდოთ რაზე ოცნებობთ?

– რას ვფიქრობ, იცით? არაფერი დამსახურება და ქონება არასოდეს მქონია – არც აგარაკი, არც სოფელი. არადა, ქართული სოფელი სიგიჟემდე მიყვარს და ყოველთვის მინდოდა, რომ მქონოდა... დამპატიჟებელი ბევრი მყავს, მაგრამ ეგ სხვა საქმეა... ლაგოდეხში ვარ დაბადებული. დედა იმერელი, მაჭარაშვილის ქალი იყო ლაგოდეხის რაიონიდან, სადაც იმერლები იყვნენ ჩასახლებული. ჩვენი ირმა ნიორაძის ბაბუა დედაჩემის ძმა იყო. ყოველ ზაფხულს მათთან ჩავდიოდი. არაჩვეულებრივი ხალხი იყო. ირმას დედა თითქმის ჩემი თანატოლია, მასთან ახლაც ვმეგობრობ. დღეს თუ ჯანმრთელობა შემრჩა და რამე კარგი მახსოვს, ეს სულ იმ სოფლის დამსახურებაა...

– რომელიმე ცხოვრებისეულ დაკვირვებას ხომ არ გაგვიზიარებთ?

– გაგიზიარებთ ჩემ აზრს არაჩვეულებრივ ქართველ მაყურებელზე, რომელსაც სიყალბეს ვერ გამოაპარებ. როდესაც ცეკვაში ან სიმღერაში რაიმე კონკურსი ტარდება, რას დავაკვირდი, იცით? ზედმეტ ქულას ქართველი მაყურებელი ყოველთვის უწერს ხოლმე მას, ვინც კარგად ცეკვავს, მაგრამ მეორე მეტოქესთან შედარებით თავმდაბალია. მეორე, ვინც ყოყლოჩინობს, მე უფრო მაგარი ვარო, მას არ აძლევენ. გამოდის, რომ იმ ზედმეტ ქულას თავმდაბლობისა და მორიდებისთვის უწერენ ხოლმე...

– ამიტომ „დაგიწერათ“ თქვენმა მაყურებელმა ყველაზე მაღალი ქულები...

– მაყურებლის სიყვარულს და პატივისცემას ყველგან ვგრძნობ. შვილიშვილებს ვერაფერს დაავალებ, თავისი ოჯახები ჰყავთ. დები მოხუცები არიან, იქით უნდა მიხედო. ახლა ერთი ქალი მყავს და ის მეხმარება. ჰოდა, აქამდე მაყურებლის სიყვარულმა მაცოცხლა, ეს მაძლევს ძალას. დამცინიან ხოლმე – როცა თეატრში მოდის, კვდება, აქედან კი მერცხალივით მიდისო. სულ ვშიშობ – ვაი, რომ ვერ ვიცეკვო, ისე ვერ ვითამაშო, სულ ამ განცდაში ვარ. მერე კი, როცა სპექტაკლს ვითამაშებ, თეატრიდან გამოვდივარ და ვფიქრობ, ნეტავ, ახლიდან დაიწყოს ყველაფერი, უფრო კარგად ვითამაშებ–მეთქი. აი, როცა მაყურებელიც ტაშით გაცილებს, მეტი რა უნდა მსახიობს? მერე უკვე არაფერი გტკივა, არაფერი გაწუხებს. ესაა ჩვენი სიმდიდრე...

 

ყველა ახალი ამბავი
0