გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“

„სენი, რომელიც არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს" რას ამბობენ გენიოსები სიყვარულზე

2045
(განახლებულია 09:48 02.05.2019)
ნუ დაელოდები, რომ ბედნიერება მამაკაცთან ერთად მოვა. რამდენი ქალი უშვებს ამ შეცდომას! ბედნიერება თვითონ შენშია, უბრალოდ, უნდა დაელოდო მას...

სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ დიდი ადამიანების მოსაზრებებს სიყვარულზე, ქალზე, მამაკაცზე, ქორწინებაზე...

ჯორჯ ბერნარდ შოუ

ქორწინება მასონთა საზოგადოებას წააგავს. მან, ვინც ჯერ არ გაწევრიანებულა, არაფერი იცის მის შესახებ, ხოლო ვინც მოასწრო, იძულებულია სამუდამოდ დადუმდეს.

წაიკითხეთ აქ: თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

თუ იწყებთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით მათთვის, ვინც გიყვართ, მაშინ დაამთავრებთ მათი სიძულვილით, ვისთვისაც თავი მსხვერპლად შესწირეთ.

იდეალური ქმარი — ეს არის მამაკაცი, რომელიც მიიჩნევს, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.

გიყვარდეთ მამაკაცები. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი სიყვარული, თუნდაც არასდროს აღიარონ ეს. ყოველი დიდი მამაკაცის უკან ყოველთვის დგას ქალი, რომელსაც მისი სჯეროდა. და ნამდვილად უყვარდა.

ალბერ კამიუ

დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.

სიყვარულის ჭრილობები, ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებისგან განსხვავებით, არავის კლავს, მაგრამ არც არასდროს ხორცდება.

ზოგი სიყვარულისთვის შეიქმნა, ზოგი — ცხოვრებისთვის.

წაიკითხეთ აქ: რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი

ნუ დაელოდები, რომ ბედნიერება მამაკაცთან ერთად მოვა. რამდენი ქალი უშვებს ამ შეცდომას! ბედნიერება თვითონ შენშია, უბრალოდ, უნდა დაელოდო მას.

ჯერ სიყვარული უნდა მოვიდეს და მერე მორალი. პირიქით თუ მოხდა — ტანჯვაა.

სიყვარული ისეთი ავადმყოფობაა, რომ არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს.

ბევრს იცნობთ „მოსიყვარულე" მამაკაცს, რომელიც უარს იტყოდა ლამაზ და ადვილად ხელმისაწვდომ ქალზე? და თუ ვინმე უარს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ მას ტემპერამენტი აკლია.

ის, ვინც არაფერს გასცემს, არც არაფერი აქვს. ყველაზე დიდი უბედურება ის კი არ არის, რომ არ უყვარხარ, არამედ ის, რომ შენ თვითონ არ გიყვარს.

ასეა მოწყობილი ადამიანი, ეს ორსახოვანი არსება: მას არ შეუძლია არავის სიყვარული, თუ, ამავე დროს, საკუთარი თავი არ ეყვარება.

უილიამ სომერსეტ მოემი

მამაკაცები ჩვევების მონები არიან, ეს ქალებს მათ შენარჩუნებაში ეხმარება.

წაიკითხეთ აქ: ბედნიერებას არ ეძებენ, მას თავადვე ქმნიან

სიყვარული ყოველთვის ბრმა არ არის და, შესაძლოა, არაფერია იმაზე მტანჯველი, რომ მთელი გულით გიყვარდეს ადამიანი და აცნობიერებდე, რომ ის სიყვარულის ღირსი არ არის.

ვინ იცის, რამდენი ნაპერწკალი გამოედინება მამაკაციდან ქალისკენ და ქალისგან მამაკაცისკენ და ერთ–ერთ მათგანს მონად აქცევს. ადამიანებისთვის მოსახერხებელია, ამას სქესობრივი ინსტინქტი უწოდონ, თუმცა, თუ ეს მხოლოდ ინსტინქტია, რატომ ბადებს ის ასეთ ბობოქარ ლტოლვას ერთი არსების მიმართ და არა მეორისადმი? და ეს ლტოლვა უძლეველია: გონებას არ შეუძლია მისი ძლევა, მეგობრობა, მადლიერება, გათვლა მასთან ყოველგვარ ძალაუფლებას კარგავს.

არაფერია იმაზე უარესი წამება, ვიდრე ერთდროულად გიყვარდეს და გეზიზღებოდეს.

სიყვარულის ტრაგედია გულგრილობაა.

სიყვარული – ეს არის ტკივილიცა და ტანჯვაც, აღფრთოვანებაც, სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც… გამოუთქმელი სევდაც, თავისუფლებაცა და მონობაც, სიმშვიდეცა და განგაშიც. თუ სიყვარული ვნება არ არის, მაშინ ეს სიყვარული არაა, არამედ რაღაც სხვა; ხოლო ვნებას, რომ არ ჩაქრეს, არა დაკმაყოფილება, არამედ ბარიერები სჭირდება.

წაიკითხეთ აქ: სრულყოფილების ნაკლი, ქალის შენახული საიდუმლო და მეექვსე გრძნობა

კარლ კრაუსი

არ ენდო ქალს, რომელიც ერთგულებაში ამხილე. დღეს შენი ერთგულია, ხვალ — სხვისი.

ქალი მათემატიკური განტოლებაა, მამაკაცი — პასუხი… რომლისგანაც ფესვი ამოიღეს.

„ქალების უფლებები" — ეს მამაკაცის ვალდებულებებია.

ცუდად დათრგუნულმა სექსუალობამ არაერთი საოჯახო ბიუჯეტი დაანგრია, ხოლო კარგად დათრგუნულმა — მსოფლიო წესრიგი.

იანუშ ლეონ ვიშნევსკი

ქალს, მამაკაცთან რომ დაწვეს, სჭირდება სიახლოვის, ნდობისა და კავშირის სიმტკიცის შეგრძნება. მამაკაცს — ძირითადად, ადგილი…

შევთანხმდით, რომ მამაკაცებში უმთავრესად გონება გვიტაცებს, რადგან მხოლოდ ჭკვიანი მამაკაცი შეიძლება იყოს საინტერესო, მაშინაც კი, როცა ის გასუქდება და გამელოტდება. ყველაზე უარესია, როცა მისი პრესი უფრო რელიეფურია, ვიდრე ტვინი

ვის სჭირდება ეს ბანალური „მიყვარხარ", თუ მამაკაცი შენზე ადრე დგება, გიმზადებს საუზმეს და თეფშზე მარწყვისგან მომზადებულ გულს გიდებს? ვის და რისთვის?

ქალები წუწუნებენ, რომ მამაკაცებს მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ გონებაში, მაგრამ როდესაც მამაკაცები ამაზე აღარ ფიქრობენ, ქალები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს.

წაიკითხეთ აქ: ჭეშმარიტი ქალი არ ღელავს - ის აღელვებს

ხშირად ხდება, რომ ქალი მამაკაცს უმალავს გრძნობას, რომელიც მის მიმართ აქვს მაშინ, როცა მამაკაცი გამოხატავს იმ გრძნობას, რომელიც არ გააჩნია.

ყველაფერ მარადიულს შორის ყველაზე ხანმოკლე სიყვარულია.

გოდერძი ჩოხელი

- … გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა…

წაიკითხეთ აქ: რატომ შეჭამა ადამმა ვაშლი...

მიგელ დე უნამუნო

მიყვარს, მაშასადამე ვარსებობ! ეს სიყვარული მადლიან წვიმას ჰგავს… სიყვარულის წყალობითაა, რომ ვეხები და შევიგრძნობ ჩემ სულს. სული პირდაპირ შუაგულში ამტკივდება ხოლმე, ეს ხომ სიყვარულის წყალობითაა… და განა თვით სული სიყვარული არ არის, განსახიერებული ტანჯვა არ არის? მიდიან და მიდიან დღეები, სიყვარული კი რჩება.

ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.

ჯემალ ქარჩხაძე

საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა.

შეიძლება ადრე მიყვარდა, მაგრამ ახლა მეცოდებოდა და, რაკი მეცოდებოდა, მაშასადამე არ მიყვარდა. შეუძლებელია ქალი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს. რადგანაც სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგნება. ხოლო თუ ვინმეზე მუხლმოყრილი ლოცულობ, იქ უპირატესობის გრძნობა გამორიცხულია.

წაიკითხეთ აქ: სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

სამყაროს დასაბამიდან მამაკაცი ქმნის ყოველივეს. ავსაც და კარგსაც, შხამსაც და მალამოსაც, სიკვდილსაც და სიცოცხლესაც. ქალი კი ბიძგია. ხან ბიძგია, ხან შთაგონება, ხან საყრდენი.

ოთარ ჭილაძე

ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა — უბედობის.

ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.

სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ, გასაგები გახდეს ვინმესთვის…

წაიკითხეთ აქ: კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება

კონსტანტინე გამსახურდია

სიყვარული სხვა არაფერია თუ არა — ვერშეწვდომა.

ზოგჯერ ქალი შესაძლოა წამალი იქნეს, ზოგჯერ კიდევ საწამლავიცა.

ლევან გოთუა

ქალისთვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია!

ქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო იტანს.

განწირული სიყვარული ყოველთვის უფრო მძაფრია და მოუზომელი.

გაბრიელ გარსია მარკესი

თუ გიყვარს – გაუშვი. თუ შენია – დაბრუნდება.

როგორ ცდებიან ადამიანები, როცა ფიქრობენ, რომ სიბერეში აღარ უყვართ. პირიქით, იმიტომ ბერდებიან, რომ აღარ უყვართ.

თუ რამეში ქალია ჩართული, ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის სრულებით ნათელია, რომ სამყაროს ქალები მართავენ.

სულის სიყვარული – ქამრიდან და ზევით. სხეულის სიყვარული – ქამრიდან და ქვევით…

წაიკითხეთ აქ: ნუ გექნება ქალის სისულელის იმედი – სიყვარულში ყველა ქალი ჭკვიანია

ნაირა გელაშვილი

თუ გინდა ქალი დაკარგო (ადრე თუ გვიან), უნდა ფიზიკურად დაუახლოვდე. სულ ერთია, ცოლია თუ ისე… ცოლქმრობა ხომ ამის უტყუარი გარანტიაა. სხვაგან არა, როგორც ვხედავ, მაგრამ ჩვენში რატომღაც ასე ხდება. რატომ, არ ვიცი…

2045
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (64)
შალვა ბერიანიძე

გლაზგოს უნივერსიტეტის ქართველი ელჩი სანამ ქვიშის საათი ჩამოიცლება, ანუ „შემდეგი, სერ!"

370
(განახლებულია 21:22 25.11.2020)
„ქართველები უცხოეთში“ დღეს გაგაცნობთ შალვა ბერიანიძეს, რომელიც სასწავლო კურსს ამჟამად გლაზგოს უნივერსიტეტში გადის.

ფიგურალურად რომ ვთქვათ, „ცხოვრების ფილმის“ მეორე სეზონი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. თუმცა, მარტო იღბალი არაფერ შუაშია, საამისოდ რთული გზაც გაიარა. „წინა სერიებში“ კი იმდენჯერ გახდა ტრიუმფატორი, რომ თავი უხერხულადაც კი იგრძნო...

მისი წარმატებები სწავლაში საკუთარ ქვეყანაში დაიწყო, რის შედეგადაც საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის დაასახელეს. 2017 წელს ექვსი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით იტალიაში იყო. მაშინაც, როგორც არაერთხელ, შალვას მგზავრობის ხარჯები გაიღო ფონდმა „იავნანამ“, რომლის სტიპენდიანტიც არის. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლობს, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტია.

შოტლანდიაში კი გლაზგოს უნივერსიტეტში მოხვდა ერასმუსის პროგრამით, რაც სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. ის დღეს გლობალური შესაძლებლობების ელჩი გახდა და უნივერსიტეტის ისტორიაში ამ პოზიციაზე მყოფი პირველი ქართველი სტუდენტია.

შალვა ბერიანიძე
შალვა ბერიანიძე

- შალვა, თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა ითამაშა განმსაზღვრელი როლი, რომ ასეთი მოტივირებული და განათლებაზე ორიენტირებული ადამიანი ხართ?

- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვიტყოდი, რომ მთავარი როლი ჩემს ცხოვრებაში მოტივაციასა და განათლებისკენ სწრაფვაში მე თავად ვითამაშე. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორები, რომლებმაც არა მარტო მიმიყვანა ახლანდელ „საკუთარ თავთან“, არამედ მომავლის რწმენა და მისი იმგვარად დაგეგმვის შესაძლებლობა მომცა, როგორც მსურდა. ეს უკანასკნელი მოზარდისთვის, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს დამოუკიდებელიც ხდები და თავისუფლებისკენ ისრაფვი. მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან გამოვყოფდი ჩემს ოჯახს, რადგან 12 წლის ვიყავი, როდესაც მე, ჩემი ძმა და მამაჩემი იმ რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, რომ დედა სხვა ქვეყანაში სამუშაოდ უნდა წასულიყო. ასეც მოხდა და დაიწყო უდედო დღეები, სავსე მონატრებით და მისი ნახვის სურვილით. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ლექსების წერა და აღმოჩნდა, რომ ის დარდი მხოლოდ ამ გზით მოვინელე.

ბათუმში ერთ-ერთი აქტივობის დროს
ბათუმში ერთ-ერთი აქტივობის დროს

- როდის გააცნობიერეთ, რომ სულ სხვა გზა გელოდათ და ნამდვილ მიზნამდე როგორ მიხვედით?

- ერთხელაც ვიგრძენი, რომ ჩემი ნამდვილი ბუნების წინააღმდეგ ვირჯებოდი, მივხვდი, რომ „ზურგის ქარი“ ყოველთვის არ უბერავდა და რაც უფრო ვტოვებდი ბავშვობას, მით უფრო ნათლად აღვიქვამდი რეალობის „მკვახე ფერს“. მალე გავაცნობიერე, რომ საკუთარ თავზე გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და პრიორიტეტები განმესაზღვრა. მაშინ ჩემი თავი სადღაც შორს, მომავალში დავინახე. შემდეგ სულ ვირჩევდი გზებს, რომლებიც ჩემს მიზნებთან მიდიოდა, მაგრამ ეს გზები არ იყო მარტივად გასავლელი. განათლების მიღების სურვილიც ერთ-ერთი ამ გზათაგანია, ის, რამაც ჩემში მოტივაცია გაზარდა. ამ გზაზე ბევრი მქომაგობდა: მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები, ვინც გულითადად იზიარებდა თითოეულ ჩემს ნაბიჯს. განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ჩემი მშობლების: დედის, რომელიც უკვე მეთორმეტე წელია ემიგრანტია და, სიშორის მიუხედავად, ცდილობდა, რომ უდედობა არასდროს მეგრძნო. დედა ყოველთვის ჩემ გვერდზეა და როცა ვეცემი, ფეხზე წამოდგომაში მეხმარება. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ მამისაც, ვინც მე და ჩემი ძმა უდედოდ გაგვზარდა და თავისი ქცევებით მასწავლა, როგორ უნდა მიყვარდეს. ეს გრძნობა ჩემთვის შეუფასებელი და ყველაზე წმინდაა.

- სკოლის პერიოდი რას გაგონებთ და იმ წლებიდან რა გახსენდებათ?

- იცით, სკოლის პერიოდი რას მახსენებს? – ორსეზონიან ფილმს. აი, პირველ სეზონში ნაკლებად მდიდრულად რომ აცვიათ მსახიობებს და აშკარად გრძნობ ფილმის ბიუჯეტის სიმცირეს, ხოლო მეორეში ამჩნევ, რომ მსახიობები უფრო გალამაზდნენ, ძვირფასი მანქანებიც ჰყავთ და უფრო ძვირფასადაც აცვიათ. ანუ გრჩება განცდა, რომ პირველმა სეზონმა რეჟისორს გარკვეული წარმატება მოუტანა და ეს ფილმის ბიუჯეტზეც აისახა. ეს განცდა ექნება ალბათ ყველა მოზარდს, ვინც ორიათასიანებში მივიდა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში. კარგად მახსოვს, პირველი ხუთი კლასი ქურასთან ვთბებოდით, ბევრჯერ შეშაც წაგვიღია სახლიდან, „ფონდის ფულს“ ვაგროვებდით... შემდეგ ჩვენთან ერთად სკოლაც იცვლებოდა, შენობა გარემონტდა და გალამაზდა, ცენტრალური გათბობაც გაკეთდა, თუმცა განათლების სისტემა ისევ ხარვეზებით სავსე დარჩა...

შალვა ბერიანიძე
შალვა ბერიანიძე

- როგორც ჩანს, „ცხოვრების ფილმის“ მეორე სეზონმა თქვენ შემთხვევაშიც გაამართლა - 2016 წელს საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის დაგასახელეს...

- კი, გაამართლა. მანამდე თბილისში დავამთავრე სკოლა „კანდიდი“ და ამავე წელს ჩავაბარე დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2016 წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და წარჩინებული სწავლის გამო, უნივერსიტეტის სტიპენდიანტი გავხდი და სწორედ მაშინ დამასახელეს საქართველოს მასშტაბით შვიდ საუკეთესო სტუდენტს შორის, რის გამოც ფონდმა „იავნანამ“ ექვსთვიანი სტიპენდიაც დამინიშნა. 2019 წელს სწავლა წითელ დიპლომზე დავასრულე და სოციალურ მეცნიერებებში (ჟურნალისტიკა) ოთხწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მივიღე. ამ დროის მანძილზე არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები, არამედ მთელი ჩემი სანაცნობო თუ საახლობლო ისე მიეჩვია ჩემს წარმატებებს, რომ ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, ხომ არ გადავღალე-მეთქი ისინი ამ ყველაფრით.

პრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე

- პირიქით, დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებებით ძალიან ამაყობენ. შემდეგ წლებში თქვენი სასწავლო მარათონი როგორ წარიმართა?

- 2017 წელს ექვსი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით იტალიაში ვიყავი. ჩემი მგზავრობის ხარჯები გაიღო ფონდმა „იავნანამ“, რომლის სტიპენდიანტიც უკვე გახლდით. 2018-2019 წლებში ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გავხდი. ხოლო 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როგორც ერთ-ერთმა წარჩინებულმა სტუდენტმა, სახელმწიფო სტაჟირება გავიარე აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში, სადაც თითქმის ორი წელი ვიმუშავე როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა. 2019 წელს ჩავაბარე და დღემდე ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი გავხდი.

შალვა ბერიანიძე
შალვა ბერიანიძე

- გლაზგოს უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდით?

- დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, შოტლანდიაში 2020-21 წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის განსახორციელებლად მოვხვდი ერასმუსის პროგრამით, რაც სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. თუმცა იმ პერიოდში ჩემს ოჯახს სამგზავრო ბილეთებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა. დედა, როგორც გითხარით, ემიგრანტია, მამა კი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში უმუშევრად დარჩა. ამიტომ ისევ ჩემს ერთგულ ფონდ „იავნანას“ მივმართე თხოვნით, რათა სამგზავრო ხარჯები დაეფარა. ფონდმა ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა და სწორედ მათი შეწევნით ჩამოვედი დიდ ბრიტანეთში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მის ფონდს გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა.

მომავალ ჟურნალისტებთან ერთად
მომავალ ჟურნალისტებთან ერთად

- შოტლანდია უძველესი ტრადიციების ქვეყანაა, როგორი იყო მისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება?

- შოტლანდიაში ჩამოსვლის დღიდან მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოვჩდი, მაგრამ ყველა მათგანი დავძლიე. მანამდე დიდ ბრიტანეთში არასდროს ვყოფილვარ. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, სულ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ მდიდარი ოჯახის შვილები სწავლობდნენ. პანდემიის გამო შოტლანდია ისეთივე დაცლილი და უფერული დამხვდა, როგორიც დღეს უმეტესი ქვეყნებია. კორონავირუსმა მთელი მსოფლიო შეცვალა და ჩვენც ამ ცვლილებებს ვეგუებით. მისი ნახვით ე.წ. „კულტურული შოკი“ ნაკლებად მქონდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გლაზგო ზედმიწევნით ასახავს როგორც უძველესი კულტურის, ასევე თანამედროვე ცხოვრების მომენტებს. შენობებზე აშკარად ჩანს კავშირი წარსულსა და თანამედროვეობას შორის. ჩემი აღტაცება გამოიწვია გოთიკურმა არქიტექტურამ, რამაც შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოს.

ბიბლიოთეკაში
ბიბლიოთეკაში

- ქართველები ნისლიანი ალბიონის ამინდებს ძნელად ვეგუებით ხოლმე და თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?

- დიახ, დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ოკეანესთან სიახლოვის გამო უფრო მეტად წვიმს და ცივი ამინდებიც ბევრად ადრე დგება, ვიდრე საქართველოში. ეს წინასწარ ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა, თუ კვირაში 5-6 დღე იწვიმებდა. აქ ჩამოვედი 8 სექტემბერს და 14-დღიანი თვითიზოლაციის მერე, როდესაც გარეთ გასვლა დავაპირე, იმდენად ციოდა, რომ ზამთრის ტანსაცმელი ჩავიცვი. ამ დროს ქუჩაში ადგილობრივები მოკლე შორტებით დადიოდნენ. თავი იმდენად უხერხულად ვიგრძენი, რომ მეგონა სიცივის განცდას ვაზვიადებდი, თუმცა ეს უხერხულობა ნელ-ნელა მომეხსნა. ახლა ნოემბერია და აშკარად ძალიან ცივა, თუმცა ადგილობრივები ისევ შორტებით დადიან...

გლაზგოს უნივერისტეტის შენობასთან
გლაზგოს უნივერისტეტის შენობასთან

- სავარაუდოდ, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ალბათ გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლაც ონლაინ გიწევთ, მიუხედავად ამისა, მაინც სასიამოვნო მომენტი იქნება...

- დიახ, დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლამდე წინასწარ ვიყავი ინფორმირებული, რომ სწავლა მხოლოდ ვირტუალურად იქნებოდა შესაძლებელი და ასეც არის. ლექციებიც და სემინარებიც ონლაინ გვიტარდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან შესაძლებლობა მაქვს, რომ უცხოელ სტუდენტებთან და პროფესორებთან მქონდეს კომუნიკაცია, რაც, ვფიქრობ, უთუოდ მნიშვნელოვანია. აკადემიური პერსონალიც და გლაზგოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტუდენტებს არაფერი დაგვაკლდეს – იქნება ეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული თემა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. მიუხედავად ონლაინ სწავლებისა, გლაზგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ადგილობრივი ბიბლიოთეკით ვისარგებლოთ, სადაც თითქმის მთელ დღეს ვატარებ. ბიბლიოთეკაში ყველა ის რესურსია, რაც სტუდენტს სასწავლო პროცესის წარმატებულად გავლისთვის სჭირდება.

გლაზგოს უნივერსტეტის ეზოში
გლაზგოს უნივერსტეტის ეზოში

- ვიცი, რომ ელჩად დაგასახელეს, რა გევალებათ?

- ასეა, შესაძლებლობა მომეცა, რომ გლობალური შესაძლებლობების ელჩი გავმხდარიყავი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აქ არიან, ან მომავალში აპირებენ ჩამოსვლას. თუ არ ვცდები, პირველი ქართველი სტუდენტი ვარ, ვინც აქ ამ პოზიციაზე მოხვდა. ვიმედოვნებ, რომ ამ მხრვ ინიციატივას სამომავლოდ სხვა ქართველი სტუდენტებიც გამოიჩენენ. მოკლედ, კორონავირუსის გამო შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში ვცადე, რომ მაქსიმალურად საინტერესოდ გამომეყენებინა დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა. აქტიურად ვარ ჩართული სასწავლო პროცესში და ვცდილობ ბრიტანული განათლება გააზრებულად მივიღო, რათა შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას და ხალხს მოვახმარო. როგორც ელჩი ჩართული ვარ გლაზგოს უნივერსიტეტის სოციალური მედიის არხების მართვასა და მათი კონტენტის შექმნაში, რაც საერთაშორისო სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. აგრეთვე ვცდილობ წარმოვაჩინო მშობლიური უნივერსიტეტი და აქტიური კომუნიკაცია დავამყარო ამ ორი უმაღლესის სტუდენტებს შორის.

იტალიელ სტუდენტებთან ერთად
იტალიელ სტუდენტებთან ერთად

- რომელია ამბავი, რომელსაც შოტლანდიიდან ჩამოსვლის მერე მეგობრებს მოუყვები?

- მახსენდება ის მომენტი, როდესაც გლაზგოს უნივერსიტეტის მუზეუმს (Hunterian Museum) ვესტუმრე და იქ აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ უნივერსიტეტის დაარსებიდან (1451) XIX საუკუნის შუა ხანებამდე ყველა სტუდენტი ზეპირ გამოცდას უჩვეულოდ აბარებდა. ისინი ამ დროს სხდებოდნენ ე.წ. „შავი ქვის სკამზე". 1775-76 წლებში ნახატზე ასახულია სკამი, რომელიც დოლერიტისგან (ეფუზიური მაგმური ქანი) დაამზადეს და მუხის კონსტრუქციაშია ჩასმული. სკამის ზედა ნაწილზე მოთავსებულია ქვიშის საათი, რომელიც დაფნის ფოთლებითაა გარშემორტყმული. გამოცდის დაწყებისთანავე აკადემიური საბჭოდან მოწვეული პირი ქვიშის საათს გადააბრუნებდა. შესაბამისად, სტუდენტს დაახლოებით 20 წუთი ჰქონდა, რომ დასმული კითხვებისთვის ეპასუხა. როდესაც ქვიშა მთლიანად ჩამოიცლებოდა, ზემოთ აღნიშნული პიროვნება დაიძახებდა: Fluxit! – „დრო ამოიწურა!“. მაშინ სტუდენტი იწყებდა პასუხის გაცემას, მერე კი დაიძახებდნენ: Ad alium, Domine! - ანუ „შემდეგი, სერ!". ეს „შავი ქვის სკამი" დღესაც გამოიყენება Cowan-ის მედლის მოსაპოვებლად, რაც კლასიკური და საპატიო კურსდამთავრებულთათვისაა განკუთვნილი.

- შალვა, პირველი საერთაშორისო გამოცდილება იტალიაში მიიღეთ და რა თემაზე კითხულობდით სემინარებს?

- დიახ, 2017 წელს ექვსი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაცია „აისეკის“ გაცვლითი პროგრამით იტალიაში ვიყავი. ამ დროის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთ სკოლაში IX–XI და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ჩამეტარებინა სემინარები კულტურის, განათლებისა და ევროპის კავშირის შესახებ. ეს იყო ჩემთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება, რომელმაც ჩემზე გავლენა იქონია. ასე თუ ისე, შევძელი იმ ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნისა და დადებითი ემოციების გაზიარება. ამის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ადამიანებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა მართლა შემიძლია. როდესაც იტალიის მერე საქართველოში დავბრუნდი, როგორც ადამიანური რესურსების ვიცე-პრეზიდენტმა, ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთ ადგილობრივ კომიტეტში მთელი წელი მოხალისედ ვიმუშავე. მაშინ მომეცა შესაძლებლობა, რომ ურთიერთობა დამემყარებინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ თანატოლებთან, რამაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში უფრო მეტად გამიფართოვა თვალსაწიერი და გადავწყვიტე სწავლა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა.

- როგორც საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სპეციალისტი, რას ფიქრობთ საქართველოს მომავალზე, რა მოსაზრებები გაგაჩნიათ?

- საქართველოში არსებული პოლიტიკური ფონის გამო იმის განცდა და სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იმსახურებს უკეთეს მომავალს. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა საზოგადოების თვითგამორკვევა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ახალი ადამიანური რესურსით გადახალისება. შესაბამისად, მსურს საფუძვლიანად შევისწავლო საგარეო პოლიტიკისა და სახელმწიფოთშორისი ურთიერთობები იმ საერთაშორისო სისტემაში, სადაც საქართველოს ადგილი და როლი თითქმის შეუმჩნეველია. სამომავლოდ ჩემი წილი პასუხისმგებლობა მინდა ავიღო საკუთარ თავზე და საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში აქტიურად ჩავება. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ამაზე მართლა ბევრს ვფიქრობ ხოლმე...

370
თემები:
ქართველები უცხოეთში
მეუღლესთან ერთად სინგაპურში

„ყველაფერი ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა“ რას გვიყვება ჩინეთში მცხოვრები ქართველი

382
(განახლებულია 21:12 24.11.2020)
თავიდან მკითხველს შევახსენებ, რომ ამ წლის 27 იანვარს, როცა ჩინეთის ქალაქ შენჟენში მცხოვრები ქართველი თამარ კაჭკაჭიშვილი ჩავწერე, COVID-19-ის შესახებ მსოფლიოში ბევრმა არაფერი იცოდა...

იმ მასალის სათაურში მაშინ თამარის სიტყვები ავიტანე: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებს“. მას შემდეგ თითქმის მთელი წელი გავიდა და მსოფლიოში ბოლომდე ჯერაც ვერ გამოუკვლევიათ ამ ვერაგი ვირუსის წარმოშობა და ხასიათი. ამდენად, COVID-19 კაცობრიობის თავზე ისევ დამოკლეს მახვილად რჩება.

თუმცა იმავე ჩინეთში ამ მხრივ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დამაიმედებელი სიტუაციაა. ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ამ თემის სამედიცინო ჭრილში გარკვევა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ ისევ თამარს დავუკავშირდეთ და ჩინეთში ახლა არსებული სიტუაციის შესახებ ისევ უშუალოდ მისგან გავიგოთ...

თამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი

- თამარ, როგორც ჩანს, შენი სიტყვები გამართლდა: „ჩინეთი ამ პატარა ვირუსს თავს არ დააჩაგვრინებსო“...

- დიახ, მართლაც ასეა და ნეტავ საქართველოსაც მალე ეშველოს.

- მართლა მაინტერესებს, ჩინელებმა რის ხარჯზე მიაღწიეს ასეთ შედეგს, იქნებ ჩვენც გავითვალისწინოთ?

- დიახ, გეტყვით. ჩინელები ბუნებით წესრიგის მოყვარული და კანონმორჩილი ხალხია და ამის ხარჯზე დაავადებასთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა გაუადვილდათ. ისინი საპროტესტოდ ქუჩაში კი არ გამოდიან ხოლმე, ყველა საჭირო შეზღუდვას ემორჩილებიან. თავის მხრივ, მთავრობაც ყველა კეისს ბოლომდე მიჰყვება და ასე ერთად აღწევენ დადებით შედეგს.

თამარ კაჭკაჭიშვილი
თამარ კაჭკაჭიშვილი

- რამდენადაც ვიცი, ვაქცინა ჯერ არ არის გამოგონილი და ვინც დაავადებული იყო, რით მკურნალობდნენ?

- არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება, სიმპტომური მკურნალობა ისევეა, როგორც საქართველოში.

- ანუ ამ შემთხვევაში სავალალო შედეგი ჩვენ უპასუხისმგებლობაში უნდა ვეძიოთ?

- ქართველები ძნელად დასამორჩილებელი ხალხი ვართ. ზოგადად, გვინდა–არ გვინდა, ჩვენი მეამბოხე ბუნებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვაპროტესტებთ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. ამ კერძო შემთხვევაშიც ჩვენი დაუმორჩილებლობა ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- ჩინეთში შეზღუდვები უკვე მოიხსნა?

- კი, მოიხსნა, მაგრამ ყველა ახალ შემთხვევას ძალიან აკონტროლებენ და ძირამდე მიჰყვებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე შემთხვევის გამო მილიონიან ქალაქებს კეტავენ.

- ანუ პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო?

- არა, პირბადეც აღარ არის სავალდებულო, ჯერჯერობით ყველაფერი ძველ, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მომავალში ვნახოთ რა იქნება.

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- ანუ ამ ეტაპზე ფაქტობრივად აღარ არის დავირუსების შემთხვევა?

- ალბათ სადღაც არის, ოღონდ ერთეული შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, მგონი, შანხაიში იყო რამდენიმე ფაქტი, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ აფიშირებად ღირდეს.

- რამდენად მართალია, რომ ჩინეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა?

- არა, ტურისტული სეზონი არ გახსნილა, პირიქით, ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებია დაწესებული. მარტო საოჯახო ვიზა მოქმედებს და დიდ კომპანიებში ვინც არიან დასაქმებული, რიგი ქვეყნებიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ აქ სამუშაოდ შემოსვლა.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- ანუ საზღვრები არ გაუხსნიათ...

- არა, რეგულარული რეისები არ ხორციელდება, საზღვრები დაკეტილია. ბოლოს მინდა საქართველოს ვუსურვო, რომ მალე დააღწიოს თავი ვირუსს, რასაც, ვიმეორებ, ისევ რეგულაციების მკაცრად დაცვით თუ მიაღწევს. ღმერთი თქვენკენ!..

 

382
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში