ფოლკლორისტის მიერ შესრულებული ჯაზი და ქართული ხალხური საკრავებით აჟღერებული მორიკონე

გამოწერა
დავით ქავთარაძე – პროფესიონალი მუსიკოსი, ფოლკლორისტი. მისი სახელობის სტუდია „მერმისმა“ არაერთი მუსიკოსი გაზარდა.

სხვადასხვა დროს ბევრ ფოლკლორულ ანსამბლში გამოდიოდა და დღემდე არაერთ მუსიკალურ კოლექტივთან თანამშრომლობს. მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით – ფოლკლორში, კლასიკაში, ჯაზში, ეთნოსა და სხვა მიმდინარეობებში. ალბათ ამიტომაც ნიჭიერი მუსიკოსი შემოქმედებაში სიახლეებსა და ექსპერიმენტებს არ გაურბის...

© photo: courtesy of Nugzar-David Kavtaradzeდავით ქავთარაძე
ფოლკლორისტის მიერ შესრულებული ჯაზი და ქართული ხალხური საკრავებით აჟღერებული მორიკონე - Sputnik საქართველო
დავით ქავთარაძე

– ბატონო დავით, წლებია, რაც ხალხურ მუსიკას და შემოქმედებას ემსახურებით, შევახსენოთ ჩვენს მკითხველს საიდან დაიწყეთ?

– ადრე ვიყავი საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის ანსამბლში, რომელსაც მაშინ „იავნანა“ ერქვა. როდესაც მისი ხელმძღვანელი, ბატონი ომარ კელაპტრიშვილი დაიღუპა, ანსამბლს სახელი შევუცვალეთ და მის პატივსაცემად და უკვდავსაყოფად „კელაპტარი“ დავარქვით. ეს პირადად ჩემი იდეა გახლდათ. 2005 წელს სიმფონიური და საესტრადო ანსამბლები, მათ შორის „კელაპტარიც“ ტელევიზიიდან გამოუშვეს და რაღაც პერიოდი ენთუზიაზმზე და უანგაროდ ვიმუშავეთ. ამის მიზეზი ხელოვნების სიყვარული იყო. 2012 წელს 20 წლის იუბილე კიევში არსებულმა ქართველთა სათვისტომომ გადაგვიხადა ეროვნულ ფილარმონიაში. სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე, რომ უცხოეთში უფრო გვაფასებენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში...

– ანსამბლი „კელაპტარი“ ერთადერთი არ არის, თქვენ სხვა მუსიკალურ კოლექტივებთანაც მუშაობთ...

– დიახ, სხვადასხვა კოლექტივებთან ერთად ვმუშაობ. „კელაპტრის“ გარდა მაქვს დუშეთში არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქალილო“, ასევე მყავს ანსამბლი „მერმისი“, რომელიც ჩემი სტუდიის ანსამბლია. პარალელურად ვთანამშრომლობ კოლექტივთან „ირიაო“, რომელიც ეთნო-ჯაზს ასრულებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ანსამბლია, რომელმაც „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა. ასევე ვარ კვინტეტი „ურმულის“ ხელმძღვანელი.

© photo: courtesy of Nugzar-David Kavtaradzeმოსწავლეებთან ერთად
ფოლკლორისტის მიერ შესრულებული ჯაზი და ქართული ხალხური საკრავებით აჟღერებული მორიკონე - Sputnik საქართველო
მოსწავლეებთან ერთად

– თქვენი მუსიკალური მოღვაწეობა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა...

– დღეს სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ: ფოლკლორში, კლასიკაში, ჯაზში, ეთნოში და ასე შემდეგ. რაც უფრო მეტ მიმართულებაში ვიქნები, როგორც მუსიკოსი, მით უფრო მეტად გავიზრდები. თანაც, ხომ გსმენიათ: „სწავლა სიბერემდეო“. დღესაც სულ ვმეცადინეობ და ყოველთვის რაღაც ახალს ვეუფლები ხოლმე. ჩემი ცოლი ხშირად მეუბნება, რა გააჭირე საქმე, სულ როგორ სწავლობო.

– ვიცი, რომ ოჯახში ყველა მღერით...

– ჩემი მეუღლე მარინე გიორგაძე ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი იყო და ფანდურს უკრავდა. ის კვარტეტ „კესანეში“ ლელა თათარაიძესთან ერთად მღერის. ჩვენ ოჯახში, როცა ვქეიფობთ, დიდიან-პატარიანად ყველა ვმღერით. ჩემი შვილი პროფესიონალი მუსიკოსია და მუშაობს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“, ასევე დავით ქავთარაძის აკადემიურ სტუდიაში პედაგოგად და ამას გარდა სხვადასხვა ბენდებთან ერთად გამოდის ხოლმე. სულ რამდენიმე დღეში ის ამერიკაში მიდის. ექვსი შვილიშვილი მყავს და ექვსივე მღერის. მათაც ჩემი სტუდია დაამთავრეს. ჩემი პატარა შვილიშვილი, ოთხი წლის თომაც კი მღერის. მეხუთე შვილიშვილმა კატომ კი სულ ახლახან მცხეთაში ჩატარებულ ფესტივალზე დიპლომიც აიღო. ეს მისი ცხოვრების პირველი დიპლომია.

© photo: courtesy of Nugzar-David Kavtaradzeსტუდია "მერმისი"
ფოლკლორისტის მიერ შესრულებული ჯაზი და ქართული ხალხური საკრავებით აჟღერებული მორიკონე - Sputnik საქართველო
სტუდია "მერმისი"

– შემოქმედებაში სიახლეები გიყვართ. ინოვაციაა, რომ ქართული ხალხური საკრავების ანსამბლმა უცხოურ ანიმაციურ ფილმებში გაჟღერებული მელოდია შეასრულა...

– დიახ, ეს მართლა სიახლეა. კვინტეტმა „ურმულმა“ უცხოურ ანიმაციურ ფილმში „ვარდისფერი პანტერა“ გაჟღერებული სიმღერა ქართული ტრადიციული საკრავებით შეასრულა. ყველას ძალიან მოეწონა. ეს პროექტი პირველმა არხმა შემომთავაზა. კვინტეტი „ურმული“ უცხოეთში ხშირად გამოდის და სამომავლოდ ამ სიახლეს უცხოელ მსმენელსაც შევთავაზებთ. ამას გარდა ენიო მორიკონეს ცნობილ მუსიკას ფილმიდან „ერთხელ ამერიკაში“ სხვაგვარი მუსიკალური ჟღერადობა შევმატეთ. ეს პროექტი ისევ ტელევიზიამ, ამჯერად „რუსთავი 2“-მა შემომთავაზა და ძალიან საინტერესო გამოვიდა.

© photo: courtesy of Nugzar-David Kavtaradzeდავით ქავთარაძე
ფოლკლორისტის მიერ შესრულებული ჯაზი და ქართული ხალხური საკრავებით აჟღერებული მორიკონე - Sputnik საქართველო
დავით ქავთარაძე

– ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ მაშინ გახვედით, როცა ე.წ. „რკინის ფარდა“ არსებობდა, რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა ხომ არ დაგამახსოვრდათ?

– დიახ, მსოფლიო გზებზე მოძრაობა ჯერ კიდევ 1987 წლიდან დავიწყე. ახლა უცებ გამახსენდა ამბავი, რომლიდანაც უკვე ბევრი წელია გასული. თუ არ ვცდები, 2000 წელი იყო. ჩვენ გასტროლებით შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ვიყავით. კონცერტის შემდეგ ჩვენთან საგრიმიოროში შემოვიდა ასაკოვანი, დარბაისელი ქალბატონი, რომელიც თავის დაქნევით მოგვესალმა და მერე ქართულად დაგველაპარაკა. გარეგნულად ქართველს ნამდვილად არ ჰგავდა. ისეთი საოცარი ქართულით გვესაუბრებოდა, რომ ასეთი გამართული ქართულით საქართველოშიც იშვიათად საუბრობს ვინმე. წარმოიდგინეთ, აქცენტიც კი არ ეტყობოდა. ეს ქალბატონი შვეიცარიელი აღმოჩნდა. მან გვითხრა, რომ სრულიად დამოუკიდებლად შეისწავლა რამდენიმე ენა. უძველესი კულტურისა და უნიკალური ტრადიციების გამო ქართული ენაც შევისწავლეო. თავად გვითხრა, რომ ქართულ-გერმანული ლექსიკონიც კი შეუდგენია. ის ქალბატონი საქართველოში არ იყო ნამყოფი. ჩემი ასაკის მიუხედავად, იქნებ, თქვენ ქვეყანაში ერთხელ მაინც მოვხვდეო. რა თქმა უნდა, დავპატიჟეთ, დავპირდით, რომ ჩვენ პირადად ვიქნებოდით მისი მასპინძლები და საქართველოს ახლოდან გავაცნობდით. ასეთია ქართული კულტურა და ისტორია, ასეთი ანდამატით იზიდავს ის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი...

 

ყველა ახალი ამბავი
0