„ბუა“ თემა, ანუ „სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლის ეტლი“

© photo: courtesy of Lali Jafaridzeჟესტური ენის ფლეშმობის დროს
ჟესტური ენის ფლეშმობის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბედნიერებას არ შეიძლება რაიმე შეზღუდვა დაუწესო და სიყვარულის უფლებაც ყველა ადამიანს აქვს, სულ ერთია, ის ფეხით მოსიარულეა თუ ეტლით სარგებლობს...

არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენში ყველასთვის შეურაცხმყოფელი სიტყვა ინვალიდი შშმ პირის განსაზღვრით შეიცვალა, მაგრამ ამით ასეთი პირებისადმი დამოკიდებულება ბოლომდე მაინც არ შეცვლილა. გაიხსენეთ, როდის გსმენიათ საქართველოში ასეთი ადამიანების ქორწილის შესახებ? პირადად მე არა. ძირითადად ასეთი ფაქტები უცხოეთში ხდება, სადაც ისინი ჩვეულებრივ ამბად აღიქმება.

ბათუმში სულ ახლახან გაიმართა უჩვეულო ფილმის „სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლის ეტლი“ ჩვენება. ვესაუბრებით ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგს, ბათუმის N4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელს ლალი ჯაფარიძეს, რომელიც ფილმის ჩვენებას დაესწრო. მასთან საუბარს ზოგადად შშმ პირებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე, მათ ინტეგრაციასა და აღზრდაზე დავიწყებთ. რადგან ყველა პრობლემა სათავეს ბავშვობიდან იღებს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ და როგორ შეაღებს პირველად შენი სულის კარებს...

© photo: courtesy of Lali Jafaridzeლალი ჯაფარიძე
„ბუა“ თემა, ანუ „სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლის ეტლი“ - Sputnik საქართველო
ლალი ჯაფარიძე

– ქალბატონო ლალი, ერთი წელია, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის ფარგლებში ინკლუზიურ განათლებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა და სპეციალური მასწავლებლის ტერმინი შემოვიდა, თუმცა ჩვენში მაინც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ მასზე...

– სპეცმასწავლებელი სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება ბავშვზე მორგებული ინდივიდუალური საგაკვეთილო გეგმაა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონედ კი ითვლება ბავშვი, რომელიც ეროვნულ საგაკვეთილო გეგმის მინიმუმს დამოუკიდებლად ვერ ძლევს და დახმარება სჭირდება. აქ შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აუტიზმის მქონე, სხვადასხვა დარღვევის მქონე სხვა ბავშვები. იგულისხმება გონებრივი ჩამორჩენა, ცერებრალური დამბლა და სხვ. ჩამონათვალი ძალიან დიდია, სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებს, შესაბამისად, განსხვავებული დახმარება სჭირდებათ. ხუთ ბავშვთან ერთი სპეცმასწავლებელი მუშაობს.

© photo: courtesy of Lali Jafaridzeკონგფერენციაზე კოლეგებთან ერთად
„ბუა“ თემა, ანუ „სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლის ეტლი“ - Sputnik საქართველო
კონგფერენციაზე კოლეგებთან ერთად

– თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ, აქ რომელიმე ერთ საგანზე არ არის საუბარი, არამედ გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენაზეა?

– ჯერ გეტყვით, რომ დაწყებითი განათლების პედაგოგი ვარ და სპეცმასწავლებლად წელს პირველად გადმოვედი. ვერ წარმოიდგენთ, ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის რა ბედნიერებაა. რაც შეეხება განმარტებას, ამ ტერმინის ახსნა ხშირად მიწევს. სპეცმასწავლებელზე რატომღაც მაინც არასწორი წარმოდგენა აქვთ. ის არ მუშაობს ბავშვებთან როგორც რომელიმე საგნის მასწავლებელი. მართალია, განათლებით ერთი რომელიმე საგნის პედაგოგია, მაგრამ ბავშვებთან აკადემიური უნარების განმტკიცებაზე მუშაობს. აკადემიური უნარის დახვეწა კი მარტო წერა-კითხვა არ არის, იქ არის თხრობის უნარი, ამბის გადმოცემა, ურთიერთობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და კიდევ ბევრი რამ. ყველაზე კარგ შედეგს ასეთ ბავშვებთან არაფორმალურ გარემოში სწავლება იძლევა. ზოგი მშობელი დღემდე ერიდება ქცევის პრობლემების მქონე ბავშვის ხალხში გამოყვანას. 

– აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოებისთვის ალბათ უფრო უჩვეულო იქნებოდა აღქმა იმ ფილმისა, რომლის თემაც გარკვეულად ტაბუდადებულია...

– ასეცაა, ჩვენთან ეს მართლაც ძალიან ტაბუდადებულია თემაა. ბათუმში პირველად მოეწყო გერმანელი რეჟისორის სუზანა ვიუსტნეკის დოკუმენტური ფილმის „სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლის ეტლი“ ჩვენება, რომელიც შშმ პირთა სექსუალურ ცხოვრებაზეა. ქართველი მოსწავლეები ამ ფილმს არ დასწრებიან. ის „თავისუფალ სივრცეში“ უჩვენეს. რეჟისორი თავად იყო ბათუმში ჩამოსული და თავისი ნამუშევარი მანვე წარმოადგინა. ძალიან საინტერესო ფილმია. საქართველოში ეტლით მოსარგებლე ადამიანის გათხოვებასა და დაქორწინებაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელია, იგივე ითქმის სექსუალურ აღზრდაზეც. მშობლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი ადამიანი შეიძლება გათხოვდეს და დაქორწინდეს. არადა, მას აქვს ყველანაირი უფლება, რომ ოჯახი შექმნას და ბედნიერი იყოს. გერმანელი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ამ თემაზეა. უცხოეთში არსებობს შესაბამისი საგნები სექსუალური აღზრდის შესახებ და იქ ამ განათლებას აძლევენ.

– როგორ თვლით, საჭიროა მსგავსი საგნის შემოღება ჩვენთან?

– მე ვთვლი, რომ გარკვეულ ასაკში ასეთ ბავშვებს რაღაც დოზით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს არ უნდა იყოს მათთვის რაღაც „ბუა“, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ვერ წარმოიდგენთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა რა საინტერესოა. ნებისმიერი ბავშვი, რომელსაც აქვს დარღვევა და რომელთანაც უშუალოდ კონტაქტს ამყარებ, ძალიან მიმნდობია, მისთვის როგორც ღმერთი ისე ხარ.

– განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში როგორ იქცევით?

– ჩემი ბავშვებიდან ერთი ცერებრალური დამბლით გოგონაა, რომელსაც ღრმა ჩამორჩენა აქვს. როცა პირველად შევედი საკლასო ოთახში, უცხო რომ დამინახა, კივილი ატეხა. მასწავლებელმა მითხრა, გამორიცხულია, ეგ გამოგყვესო. მე კი იმდენი მოვახერხე, რომ ნელ-ნელა დავუახლოვდი და დავიმეგობრე. ბოლოს ისე წამოვიდა კონტაქტზე, მასწავლებელმა მითხრა, საკლასო ოთახის კარებზე ყველა დაკაკუნებაზე შენ ჰგონიხარ და გეძახისო.

© photo: courtesy of Lali Jafaridzeლალი ჯაფარიძე
„ბუა“ თემა, ანუ „სიყვარული, სექსი და როკ-ენ-როლის ეტლი“ - Sputnik საქართველო
ლალი ჯაფარიძე

– როგორ მოგმართავთ?

– ყველა სხვა ლალი მასწავლებლით მომმართავს, ეს კი ლალის მეძახის. მისთვის ასეთი კონტაქტი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ის შემთხევაა, როცა მშობელი ძალიან აქტიურადაა ჩართული ბავშვის განვითარების საქმეში და გააზრებული აქვს მისი მდგომარეობის სიმძიმე. მე მოვიძიე სპონსორები ბათუმში და გადავწყვიტე, რომ ეს ბავშვები სკოლის გარეთ გამეყვანა. ზღვაზე გასვლა, რომ დათბება, მაშინ გვაქვს დაგეგმილი. კვების ერთ-ერთ ობიექტზე დაგვპატიჟეს და ხუთივე ბავშვი წავიყვანე. ეს გოგონაც იყო მათ შორის. ის რთული ქცევისაა და ახლა 11 წლისაა. ჩემ მანქანაში ჩავსვი და როცა საჭესთან დამინახა, ამაზე გაგიჟდა. მას მერე სულ „ლალი პიპია“ იძახა. მას ქცევის გამოხატული თავისებურებები აქვს და რომ იცინის, ისეთ ხმებს გამოსცემს, გეგონებათ ტირისო. ბავშვებთან ყოფნა ძალიან გაუხარდა. იქ მუსიკა იყო და არც მიფიქრია, რომ ის იცეკვებდა, წამოდგა, იცეკვა და ძალიან გაერთო. ბოლო წლებია რაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინკლუზიურ განათლებას, რომელიც მუდმივად ვითარდება. დღეს რაც კარგი გვგონია, ხვალ შეიძლება მოძველდეს. სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული და ასევე ძალიან გვეხმარება „თავისუფლების სივრცის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ჩხაიძე, რომელიც მსგავს შეხვედრებს ხშირად უწყობს ხელს.

– ზოგადად თავისუფალ სივრცეში ალბათ მხოლოდ თავისუფალი ადამიანი იგრძობს თავს კარგად...

– პიროვნული თავისუფლება განათლების ხარისხს, ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჩვენში სოციუმის დამოკიდებულება ასეთი პირებისადმი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის, რომ ადრე ეტლით მოსიარულეს ფულს აძლევდნენ, ეგ აღარ ხდება. ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ მათ არ უყვართ, როცა სიბრალულის თვალებით უყურებენ. სიბრალულზე მეტად ჩვეულებრივი თანაგრძნობა და ნორმალური დამოკიდებულება, სითბო და სიყვარული სურთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0