ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი"

გამოწერა
ლევან ცინცაძე არა მარტო უჩვეულო ბიოგრაფიის და გამორჩეული გენეტიკის ადამიანია, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მისი საქმიანობაც ექსკლუზიურია...

ბატონი ლევანი ერთადერთია, ვინც 90-იან წლებში იტალიის ქალაქ კრემონაში სტრადივარიუსის სახელობის ხემიან საკრავთა გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა. დღეს საქართველოში კლასიკურ ვიოლინოს მხოლოდ ის ამზადებს. შეკვეთებს უცხოეთიდანაც იღებს.

ამ საქმეში გენებმაც ითამაშა თავისი როლი, რადგან მისი დიდი ბებია, ივანე ჯავახიშვილის მეუღლე ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი საქართველოში პირველი პროფესიონალი მევიოლინე­ ქალი იყო – პაგანინის მოსწავლის მოსწავლე.

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeგასაშრობად გამოფენილი ვიოლინოები
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
გასაშრობად გამოფენილი ვიოლინოები

– ბატონო ლევან, გამორჩეულ ადამიანებთან გქონდათ შეხება ჯერ კიდევ ბავშვობიდან და ამას არ შეიძლება თქვენზე არ ემოქმედა...

– მართლაც ასეა. ბავშვობიდან ბევრი რამ არა, მაგრამ კარგად მახსოვს, ჩემი ორივე ბებია „ბეხშტეინის" ფირმის როიალზე ერთად როგორ უკრავდა. მახსოვს როგორ უკრავდა ვიოლინოზე ჩემი დიდი ბებია – ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც პირველი პროფესიონალი მევიოლინე­ ქალი იყო. სხვათა შორის, ასეთი ამბავია ცნობილი, რომ ზაქარია ფალიაშვილს თავისი ოპერების ვარიანტები­ ივანე ჯავახიშვილისთვის პირველად მის სახლში არსებულ როიალზე დაუკრავს. ისიც ცნობილია, რომ ვიოლინოზე კარგად უკრავდა ივანეს ვაჟი, ალექსანდრე ჯავახიშვილიც, რომელიც შემდეგ ისტორიკოსი გახდა. 

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeმუშაობის დროს
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
მუშაობის დროს

– ამბობენ, რომ თავად ივანე ჯავახიშვილიც უკრავდა ვიოლინოზე...

– დიახ, ამბობდნენ. სამწუხაროდ, მას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მსმენია, რომ ის მართლაც კარგად უკრავდა ვიოლინოზე. მე პროფესიით მუსიკოსი ვარ. თბილისის კონსერვატორია ვიოლინოს სპეციალობით დავამთავრე. იყო დრო, როცა მუსიკალურ სკოლაში ვასწავლიდი და კამერულ ორკესტრშიც ვუკრავდი, მაგრამ მივხვდი, რომ სოლისტობას ვერ შევძლებდი, ამიტომ ვიოლინოების კეთება დავიწყე. თავიდან ჩემი შესაძლებლობა ამ საქმეში საქართველოშივე ვცადე, მერე მოსკოვში თვითნასწავლი ოსტატებისგან შევისწავლე.

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeიტალიაში სწავლის დროს
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
იტალიაში სწავლის დროს

– სტრადივარიუსის სამშობლოში, კრემონაში როგორ მოხვდით?

– იქ წასვლა ჩემი მოსკოველი მასწავლებლის ვიქ­ტორ ნიკიფოროვის რჩევა იყო. 1992 წელს მოვახერხე და იტალიაში ხემიან საკრავთა გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში სწავლის ვიზა მივიღე. კრემონაში ჩემი გაკეთებული ვიოლინოებიც წავიღე. იქ საბოლოო ჯამში ცხრა წელი ვიყავი. ჩვეულებრივი სასწავლებელია, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან სწავლის მსურველები, მერე იფილტრება და ვინც ხვდება, რომ ეს საქმე მისი მოწოდება არ არის, უკან ბრუნდება. დღეისათვის ერთადერთი ქართველი მუსიკოსი ვარ, ვინც ეს სასწავლებელი დაამთავრა.

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeლევან ცინცაძის სახელოსნო
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
ლევან ცინცაძის სახელოსნო

– საინტერესოა, რით გამოირჩევა სტრადივარიუსის ვიოლინო, სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით რა უპირატესობა აქვს?

– ეგ რთული საკითხია. ვიოლინო, როგორც კლასიკური ფორმის ინსტრუმენტი, სამასი წელია რაც კეთდება. მანამდე სხვა ინსტრუმენტი იყო. მას იტალიის ბევრ ქალაქში აკეთებდნენ, მაგრამ ამ მხრივ კრემონა უფრო განვითარდა. იტალიის ამ მხარეში ჭირი იყო მოდებული და ბევრი ქალაქი, სადაც წარმოება იყო, განადგურდა, მათთან ერთად ძველი ტრადიციებიც. მერე თანდათან აღადგინეს ისინი. კრემონაში ძირითადად ტექნიკურ მხარეს ასწავლიან, ანუ იმას, თუ როგორ აგებენ ინსტრუმენტს.

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeმუშაობის დროს
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
მუშაობის დროს

– თუ საიდუმლო არ არის, რა მასალისგან მზადდება ასეთი ვიოლინო?

– არავითარი საიდუმლო ამაში არ არის, ცნობილი ფაქტია. სამასი წელია, რაც ეს ინსტრუმენტი ჩამოყალიბდა და სულ ისე მოდის, რომ ერთსა და იმავე მასალისგან მზადდება. საჭიროა ნეკერჩხლისა და ნაძვის ურთიერთშეხამება. მე საქართველოში არსებულ მასალას ვიყენებ.

– სიმები რისგან მზადდება?

– ადრე ცხოველის ნაწლავისგან კეთდებოდა. მერე ტექნოლოგიები დაიხვეწა და ახლა ინდუსტრიულად კეთდება, ხელოვნური და ასევე ბუნებრივი მასალისგან. ძვირადღირებული სიმები ბუნებრივი მასალისგან მზადდება. საერთოდ, ყველაზე კარგი ჟღერადობა ალპურ ნაძვსა და მთის ნეკერჩხალს აქვს. მე ძველებურად ვეღარ ვუკრავ ვიოლინოზე, მაგრამ ჩემი ნამუშევრის შემოწმება ყოველთვის შემიძლია. ვიოლინოს დასამზადებლად ასევე საჭიროა სპეციალური ხელსაწყოები, რაც ძალიან ძვირია. ისინი თავის დროზე კრედიტით შევიძინე.

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeლევან ცინცაძის მიერ დამზადებული ვიოლინო
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
ლევან ცინცაძის მიერ დამზადებული ვიოლინო

– თქვენ თუ გაქვთ ვიოლინოს კოლექცია?

– მე მაქვს ჩემი ინსტრუმენტები, მაგრამ რომ გითხრათ, რომ საუკეთესოებია, არა. ჩემ კოლექციაში, თუმცა, სიტყვა კოლექცია საკმაოდ ხმამაღალი ნათქვამია, რაღაც ნიშნით გამორჩეული ექვსი ინსტრუმენტია, დანარჩენი ყველა შეკვეთილია და უცხოეთში მიდის.

– სულ რამდენი გაქვთ დამზადებული?

– დაახლოებით ასი ცალი, ან ცოტა მეტი.

© photo: courtesy of Levan Tsintsadzeსაახელოსნოში
ივანე ჯავახიშვილის შთამომავალი „ქართველი სტრადივარიუსი - Sputnik საქართველო
საახელოსნოში

– ასეთი ვიოლინოს შექმნა ალბათ ხანგრძლივი, მაგრამ შემოქმედებითი პროცესია?

– ვიოლინოს შექმნა რთულიცაა და საინტერესოც. თითო ვიოლინოს დასამზადებლად 200 საათია საჭირო. ეს ხანგრძლივი პროცესია, რადგან მუზა ყოველთვის არ მოდის. რა თქმა უნდა, მუზა უნდა იყოს შესაბამისი, განწყობა შემოქმედებაში საჭიროა.

– ალბათ პაგანინის მოსმენა უფრო „წაადგება“ საქმეს?

– კი, ნამდვილად მოქმედებს, რაღაცნაირად... 

– რომელია კომპოზიტორი, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ ხოლმე?

– იოჰან სებასტიან ბახი!

ყველა ახალი ამბავი
0