ერიკ-ემანუელ შმიტი

მამაკაცის სარკე, შინაგანი ურჩხული და ორნაირი თავისუფლება

710
(განახლებულია 11:54 21.11.2018)
მონსტრად რომ იქცე, ძალზე ადვილია. ჩვენ ყველა ვატარებთ ბოროტებას ჩვენ შიგნით, და ეს ურჩხული გალიაში უნდა ჩასვა...
710
თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (88)
ჯაბა გეგეშიძე

პრაღის ნაციონალური თეატრის ქართველი მომღერალი, ანუ როცა ოცნებაზე უარს არ ამბობ

684
(განახლებულია 21:20 05.05.2021)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად პრაღის საოპერო თეატრის ქართველ მომღერალს ჯაბა გეგეშიძეს გაგაცნობთ.

რაც თავი ახსოვს, მუსიკით ცხოვრობდა, სცენა მისი ოცნება იყო. ამიტომ, შეიძლება ითქვას, მხოლოდ გარკვეულ გარემოებებს გაუწია ანგარიში, როდესაც საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მუსიკაზე ფიქრს სწავლის წარჩინებით დამთავრების მერეც ვერ შეელია და მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ამიტომ ერთ დღესაც ახლობლები ფაქტის წინაშე დააყენა – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე სოლო აკადემიური სიმღერის, ანუ მისთვის საოცნებო სპეციალობაზე ჩააბარა.

თბილისის კონსერვატორიის შემდეგ იყო ლისტის მუსიკის აკადემია... დღეს კი ჯაბა გეგეშიძე პრაღის ნაციონალური თეატრის წარმატებული საოპერო მომღერალია და თითქმის ყველა სპექტაკლშია დაკავებული.

რაც მთავარია, ახლა ზუსტად იცის: თუ გინდა ბედნიერი და შემდგარი პიროვნება იყო, საკუთარ ოცნებაზე უარი არასოდეს უნდა თქვა!

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- ბატონო ჯაბა, როცა გავიგე, რომ სცენამდე იურისტობა გქონდათ გადაწყვეტილი, გამიკვირდა...

- საქმე ისაა, რომ ბავშვობიდან ვიზრდებოდი მამიდასთან, რომელსაც საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. იგი უაღრესად ნაკითხი და განათლებული პიროვნებაა. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო, რომ საშუალო განათლების დამთავრებისთანავე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და მეც წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. მას სურდა არა იურისტი, არამედ, როგორც თავად ამბობდა, „მცოდნე ადამიანი აღეზარდა“. აღნიშნული ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე. სიმღერა კი ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ მამიდაჩემი მუსიკისადმი ჩემ დამოკიდებულებას სერიოზულად ვერ აღიქვამდა.

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- კონსერვატორიაში ჩაბარების გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?

- ერთ დღეს განვაცხადე, რომ მსურდა კონსერვატორიაში ჩაბარება, რაზეც მამიდამ მიპასუხა, რომ ეს იყო შეუძლებელი – ეს იურისტობისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიააო. თუმცა ამავე დროს მიხვდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება გულწრფელი და საბოლოო იყო. მისთვის დაუჯერებელი იყო, როდესაც შევატყობინე, რომ მე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო-აკადემიური სიმღერის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, თანაც უფასოზე. აი, მაშინ ყველა დარწმუნდა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და მეც დიდი ხნის ოცნება ავისრულე.

ჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე
ჯაბა გეგეშიძე პრაღის საოპერო სცენაზე

- ვინ არის ის ხალხი, ვინც შემოქმედებით გზაზე შემოგხვდათ და თქვენ პროფესიულ ჩამოყალიბებაში გარკვეული წვლილი შეიტანა?

- ადამიანები, რომელთაც ჩემ პიროვნულ ზრდაზე გავლენა იქონიეს, ბატონი გოჩა ბეჟუაშვილი და ქალბატონი მანანა დოიჯაშვილია. ჩემი, როგორც მომავალი მომღერლის, განვითარება–ჩამოყალიბებაში მათი უდიდესი დამსახურებაა. მოსამზადებელ პერიოდში ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა ქალბატონები ვალენტინა ნაკაიძე, ჟუჟუნა ახობაძე, მაია ტაბლიაშვილი, ეკა ონიანი, მარიკა ნადარეიშვილი, ნანა კალანდაძე, ნანა შარიქაძე, რომელიც დღეს კონსერვატორიის მოქმედი რექტორია. უღრმესი მადლობა მათ გაწეული შრომისათვის. ამავე პერიოდში მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგებთან მარინა ჭანიშვილთან, თემურ ელიავასთან და მარინა შენგელიასთან, ასევე უღრმესი მადლობა მათ გაწეული ღვაწლისთვის. სწავლის ოთხწლიანი პერიოდი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ უსამართლობას შევეჩეხე. თუმცა ამან უდიდესი ბრძოლისუნარიანობა შემმატა, რათა ჩემი გადაწყვეტილების სიზუსტე დამემტკიცებინა ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდგომ მათთვის, ვინც მუდმივად მიქმნიდა ბარიერს, ძალა შემმატა, რომ წინ წავსულიყავი.

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- კონსერვატორიის შემდეგ იყო ლისტის მუსიკის აკადემია, როგორ აღმოჩნდით იქ?

- ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. სწორედ ამ დროს გაცვლითი პროგრამებისა და უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა შარიქაძემ შემომთავაზა, რომ დეპარტამენტის საიტზე დავრეგისტრირებულიყავი და ჩემი მონაცემები და ჩანაწერები გამეგზავნა. სიმართლე გითხრათ, გამარჯვების იმედი არ მქონდა, მაგრამ მალე მაცნობეს, რომ ფერენც ლისტის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში გაცვლითი პროგრამით მოვხვდი და მეც უნგრეთში, ბუდაპეშტში გავემგზავრე.

ჯაბა გეგეშიძე
ჯაბა გეგეშიძე

- რა მოგცათ ლისტის მუსიკის აკადემიაში სწავლის პერიოდმა?

- ეს იყო ცხოვრებაში დაუვიწყარი პერიოდი, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა. ამავე აკადემიაში დავესწარი მსოფლიო ხუთეულში შესული და აღიარებული სოპრანოს ევა მარტონის ღია მასტერ-კლასს, რამაც ჩემ პროფესიულ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მახსოვს, მას ისე ყურადღებით ვუსმენდი, რომ პირველივე მასტერ-კლასზე შემამჩნია, თავისთან მიხმო და გამესაუბრა. როდესაც მომისმინა, უფასოდ და სრულიად უანგაროდ ჩამიტარა რამდენიმე გაკვეთილი და მითხრა, ძალიან მუსიკალური ხარ და ლამაზი ხმა გაქვსო.

ჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად
ჯაბა გეგეშიძე კოლეგებთან ერთად

- თბილისში მიღებული ცოდნა-გამოცდილება თუ დაგეხმარათ?

- აკადემიაში სწავლის პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა რეჟისორებსა და დირიჟორებთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას. ამაში უდავოდ გამომადგა საქართველოში, საოპერო სტუდიაში სწავლის დროს მიღებული გამოცდილება. ეს დიდი დამსახურებაა იმ ადამიანებისა, ვისი საშუალებითაც შევიძინე ამგვარი ცოდნა-გამოცდილება, ესენი არიან: დირიჟორები ზაზა აზმაიფარაშვილი, გოგი ჭიჭინაძე, პაპუნა ღვაბერიძე, რეჟისორები მაია გაჩეჩილაძე და ლელა გვარიშვილი, კონცერტმაისტერი მაია რეხვიაშვილი. სწორედ მათთან მიღებული ცოდნა დამეხმარა იმაში, რომ იმ უდიდეს აკადემიაში წარმატებისთვის მიმეღწია.

ჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე
ჯაბა ხერხეულიძე სპექტაკლის დასრულების შემდეგ სცენაზე

- პრაღის ნაციონალურ თეატრში როგორ აღმოჩნდით?

- უნგრეთში სწავლის პერიოდში გავიცანი რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მოვასმენინე ჩემი ნამღერი, მათ მაცნობეს, რომ შემდგომი სეზონისთვის კონკურსი ჩეხეთში, ქალაქ პრაღის ნაციონალურ თეატრში ცხადდებოდა და თუ მექნებოდა სურვილი, საბუთების მომზადებაში დამეხმარებოდნენ. სწორედ იმ პერიოდში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი წყდებოდა. ამის მერე მათთან მუდმივი კავშირი მქონდა. გარკვეული დროის მერე ისინი დამიკავშირდნენ და მე მივიღე მონაწილეობა კონკურსში. მათ ძალიან მოეწონათ ჩემი მონაცემები და მეც გადავწყვიტე, არ გამეშვა ხელიდან ეს შანსი, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვწირავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მაშინ მხარდაჭერა აღმომიჩინა.

- პრაღის ეროვნული თეატრის რომელ სპექტაკლებში ხართ დაკავებული?

- პრაღის ნაციონალური თეატრი მოიცავს სამ სფეროს – ოპერა, ბალეტი და დრამატული თეატრი. ამიტომ მათი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. მე თითქმის ყველა ენაზე განხორციელებულ სპექტაკლში ვარ დაკავებული. პირველ რიგში, ესაა ჩეხური, გერმანული, იტალიური, ფრანგული და ა.შ. ყველა მათგანი წარმატებულია, თუმცა რამდენიმე ოპერას მაინც გამოვყოფ. ესაა ბიზეს „კარმენი, პუჩინის „ტურანდოტი" და ახლახან ახალი რეჟისურით დადგმული მოცარტის ოპერა „დონ ჯოვანი". რეჟისორების მადლობა სწორედ ამ უკანასკნელ ოპერაში მონაწილეობის დროს დავიმსახურე. საერთოდ, გარშემო ძალიან ყურადღებიანი ადამიანები მყავს. რამდენიმე კოლეგა ვმეგობრობთ და ერთმანეთთან ხშირად დავდივართ სტუმრად. თეატრს მიღმაც ძალიან საინტერესოა ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლისთვისაც საოპერო კულტურა მნიშვნელოვანია.

- სამშობლოდან შორს მყოფი როგორ გრძნობთ თავს?

- არ ვიქნები გულწრფელი, თუ გეტყვით, რომ შორს ვგრძნობ თავს სამშობლოდან, რადგან არსებობს კავშირი და არა მანძილი. შეიძლება ცოტა რთულად ვთქვი, მაგრამ შევეცდები ავხსნა: ჩვენ თავად ვქმნით ისეთ გარემოს, როგორიც გვსურს. ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო, რადგან დედამიწა ერთია და ერთია სამყარო. პირადად მე სწორედ ამგვარი დამოკიდებულება მეხმარება იმაში, რომ თავი უცხოდ არ ვიგრძნო. მიუხედავად ამისა, ახლა სიამოვნებით ვესტუმრებოდი ქალაქ სენაკს, სადაც დავიბადე. მენატრება ჩემი მეგობრები, რომელთაც ვუყვარვარ და ინტერნეტის საშუალებით მათთან ხშირად მაქვს ურთიერთობა.

ჯაბა გეგეშიძე პაატა ბუეჭულაძესთან და ანანო ხერხეულიძესთან ერთად
ჯაბა გეგეშიძე პაატა ბუეჭულაძესთან და ანანო ხერხეულიძესთან ერთად

- საუბარი ოპერით დავასრულოთ, რომელია თქვენი საყვარელი არია?

- ჩემი უსაყვარლესი არიაა პუჩინის კავარადოსის მეორე არია ოპერიდან „ტოსკა". ესაა ჩემი სევდა და სიყვარული. საერთოდ, ყველა მუსიკალურ ნაწარმოებს ყოველთვის გულით ვაჟღერებ და თითოეულ ბგერაში ქართულ გულსა და სულს ვდებ...

 

684
თემები:
ქართველები უცხოეთში
თამარ ჯაბადარი

„ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს“ სახლი, რომელიც „სულის სავანეა“

305
(განახლებულია 18:54 05.05.2021)
„ეს სახლი მოსასვენებელი ადგილია, სადაც საინტერესო ადამიანებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი ,,იჩორკნება“ – ასე ფიქრობს კულტურის მუშაკი, საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ ჯაბადარი.

ის წლების მანძილზე მუშაობს ამ თანამდებობაზე და მის ხელში არაერთი, მომავალში წარმატებული ადამიანი დაფრთიანებულა. ამ სახლის მნიშვნელობა დღეს რაიონში მცხოვრებ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს გაცნობიერებული.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- ქალბატონო თამარ, რადგან აღდგომის დღეებია, თავდაპირველად მინდა ბავშვობა გაიხსენოთ. ბავშვობის დროინდელი აღდგომა როგორ გახსენდებათ?

- ბავშვობასთანაა ასოცირებული მთელი ჩვენი ცხოვრება. მახსოვს, ბავშვებს აღდგომის ღამეს არ გვათევინებდნენ - ძილი დააკლდებათო, გაიზრდებიან, გაიგებენ და თავად ისწავლიანო. მაგრამ დღისით ყველას გამოგვპრანჭავდნენ - ახალ კაბას და ფეხსაცმელს გვაცმევდნენ, გოგონებს ახალ ბაფთებს გვიკეთებდნენ. მერე კი წინაპრების საფლავებზე მივყავდით და იქ ყვავილებს, წითელ კვერცხებს და პასკებს ვაწყობდით...  

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოში, თქვენს უბანში რა ხდებოდა?

- ჩვენი უბანი საგარეჯოში დიდი და ახალი ნაშენი იყო, ყველა ოჯახი კი თვითმყოფადი, რადგან თავისი ტრადიციები გააჩნდა და მათ ერთმანეთს ვუზიარებდით. უბნის მშობლები ბავშვებისთვის ცალკე ღებავდნენ კვერცხს და სუფრას ცალკე გვიშლიდნენ. გვასწავლიდნენ როგორ მოვქცეოდით ერთმანეთს, იმას, რომ პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ლაღი დღეები. ასე დავფრთიანდით და გავედით ცხოვრების გზაზე.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- პროფესიის არჩევას თქვენ შემთხვევაში რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი?

- პროფესია ავირჩიე საკუთარი სურვილით. სახლში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდით, რადგან მასწავლებლების ოჯახში ვიზრდებოდი და სხვანაირი ვერ ვიქნებოდი. ჩემი კუთხის ისტორიით და კულტურით დაინტერესება მისმა ძველმა ისტორიამ და ამ ადგილებმა განაპირობა. მიყვარდა ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდე და იმ ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, კულტურა არ იცოდე. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ვარ. ადამიანს თუ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აკისრია საკუთარი პიროვნების, ქვეყნის და ქალაქის წინაშე, მაშინ ვინ არის ის?! 

უცხოელ სტუმართან ერთად
უცხოელ სტუმართან ერთად

- როგორია საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ისტორია, ორი სიტყვით რას გაიხსენებთ?

- თავიდან მას საგარეჯოს პიონერთა და მოსწავლეთა სახლი ერქვა და ის დაარსდა 1953 წელს, როცა დაბადებულიც არ ვიყავი. იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლს დიდი ტრადიციები ჰქონია. აქ იმართებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები გიორგი ლეონიძესთან, თეიმურაზ ჯანგულაშვილთან, ლევან თედიაშვილთან, გარი კასპაროვთანაც კი... ეს სასახლე ყველა დროში სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აქ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თავისი „კვალი ნათელი“ დატოვა. ვთვლი, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესით სამაგალითონი არიან ახალგაზრდებისთვის.

თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად
თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად

- დღეს რამდენად ინარჩუნებს ეს სახლი იმ ძველ, კეთილ ტრადიციებს?

- შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი სულის სავანეა, მოსასვენებელი ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანებს, ახალგაზრდებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი „იჩორკნება“. წლების გასვლის მერეც, ცხოვრების გზაზე ბევრჯერ შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებსაც უთქვამთ, თქვენ ჩემი მომავლის განსაზღვრაში დიდი როლი შეასრულეთო. დიახ, ამ ერთი შეხედვით უხილავი სფეროს მუშაკებს დიდი როლი გვენიჭება.

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- ვიცი, რომ თქვენი სახლის არსებობის მანძილზე უცხოელებთანაც გქონდათ საქმიანი კონტაქტები...

- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი 2004 წლიდან თანამშრომლობს ამერიკის მშვიდობის კორპუსთან. 2013 წელს სტუმრად გვყავდა მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისე ემილი ნიუ, რომელიც ძალიან კრეატიული, საქმიანი და ნიჭიერი გოგო იყო. ქართულს არაჩვეულებრივად ფლობს. ემილიმ აქ დააარსა ლიდერთა კლუბი. მაშინ შევქმენით დღის თემატური ბანაკი, სადაც ემილიმ ადგილობრივი გოგონების წახალისების მიზნით მოაწყო სამდღიანი ბანაკი თავისი ტრენინგ-კურსით.

თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად
თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად

- საგარეჯოში ამერიკის ყოფილი ელჩის მოწვევაც მისი ინიციატივა იყო?

- დიახ, მანვე მოიწვია ამერიკის მაშინდელი ელჩის რიჩარდ ნორლანდის მეუღლე მერი ჰარტნეტი. მაშინ მხარდაჭერის მიზნით თავად ელჩიც გვეწვია ვიზიტით, რომელიც, ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი ერთი საათისა, ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან ლამაზი დღე იყო. ელჩის მეუღლემ მერი ჰარტნეტმა წიგნები უსახსოვრა ჩვენს გოგონებს. სხვათა შორის, ის გოგონები დღეს უკვე ბაკალავრები და მაგისტრები არიან. ჩვენ ლიდერთა კლუბის არსებობით ვამაყობთ. მასში 14-18 წლის ახალგაზრდები არიან, იქ ჩვენ ვატარებთ ევროპარლამენტის და გაეროს მოდელირებებს, ვასწავლით საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნებას. 1 ივნისის შემდეგ ევროპარლამენტის ორდღიანი მოდელირების ღონისძიება გვექნება.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სცენიდან ალბათ არაერთ ახალგაზრდას დაულოცეთ გზა, რომელია რჩევა, რომელსაც მათ დიდ გზაზე აყოლებთ?

- პირადად ჩემი და მთელი კოლექტივის მიერ ახალგაზრდების მიმართ გამოთქმული რჩევა-მოწოდება შეიძლება ამ ფრაზით გამოვხატოთ: ჩვენ გაძლევთ წარმატების ფორმულას, გინდათ? ისარგებლეთ ამით და გააგრძელეთ გზა მომავალი წარმატებებისკენ, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენი არჩევანით და ქართული საქმეებით! საგარეჯოში ბევრი პროფესიის ადამიანი დაფრთიანებულა. ისინი მისაბაძი ხდებიან თავიანთი ცხოვრებით და საქმიანობით. ბედნიერი ვიქნები, თუ მათთვის ცხოვრების ამოსავალი გახდება პრინციპი – „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- სამშობლოს ცნება საკუთარი კუთხის სიყვარულით იწყება ხოლმე...

- საგარეჯო ჩემთვის დიდი კულტურისა და ისტორიის ადგილია. არასოდეს შემრცხვენია და შემრცხვება იმისი, რომ საგარეჯოელი ვარ! ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ბებერი დავით-გარეჯით, ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უჯარმის ციხე, მანავის ციხე - კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ან „ნინოწმინდა - პალატები მეფეთა“? შეიძლება, ღამით ნინოწმინდის საეპარქიო ტაძრის ეზოში იყო და სამრეკლოდან არ ჩაგესმას გიორგი ლეონიძის ხმა?!. სამშობლოც ყველაფერ ამით შეიმეცნება და მისი სიყვარულიც აქედან მოდის... 

 

305
მიშა ანდღულაძე

„ცოლს თვითონ ღალატობდა...“ - მიშა ანდღულაძეს ოჯახის წევრები პასუხობენ

0
(განახლებულია 21:19 05.05.2021)
იუმორისტ მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები მისმა სკანდალურმა ინტერვიუმ აღაშფოთა. ისინი მიშას განცხადებებს უარყოფენ და საპირისპიროს ამტკიცებენ

მას შემდეგ, რაც მიშა ანდღულაძემ თავისი მძიმე ცხოვრების შესახებ ეკა ჩხეიძის გადაცემა „ყვითელი ყუთში“ ისაუბრა, ჟურნალმა „სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა.

მიშა ანდღულაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ იუმორისტის ყოფილი ცოლი ძალიან ნერვიულობს. მიშა ანდღულაძის დედა და ძმა კი მისმა სატელევიზიო აღიარებამ შოკში ჩააგდო.

მიშა ანდღულაძის ძმა ამბობს, რომ მათთვის მტკივნეულია რასაც იუმორისტი ყვება, რადგან ყველაფერი გაზვიადებულია. „თუ ჩემგან რამე ძალადობა ახსოვს, მაშინ ისიც გაიხსენოს, რომ მუდამ მისი დამცველი ვიყავი. ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი, რომ ცოლს თვითონ ღალატობდა. თავად ამბობს, მინდა, ერთად შევყარო მისი კაცები და დავწვაო და კიდევ სხვა არის მოძალადე?!“, - ამბობს დათო ანდღულაძე.

იუმორისტის დედა ლალი ხომასურიძე ამბობს, რომ აბსურდია, თითქოს ოჯახის წევრები მუდმივ კონფლიქტში იყვნენ, მიშას კარგი ბავშვობა ჰქონდა და მან და მისმა მეუღლემ შვილების წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ იუმორისტმა სკანდალურ ინტერვიუში ილაპარაკა მამის ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა, რომ ის ციხეში გაეშვა, ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს.

მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ გახსნილი ურთიერთობები ექნებოდათ, მაგრამ მეუღლის ღალატს არაერთხელ, ვერაფრით შეეგუა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები