როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი
გურამ გორდეზიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამ გორდეზიანს რაჭაში სიყვარულით მგოსანს ეძახიან, ხუთი პოეტური კრებულის ავტორია. ლექსების წერა დაიწყო ციხეში, სადაც სრულიად უდანაშაულოდ ჩასვეს. აი, მაშინ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით...

სხვადასხვა დროს იყო ამბროლაურის კულტურის განყოფილების გამგე, გაზეთ "საქართველო XXI"-ს რედაქტორი, შპს „გულანის" დირექტორი. მის მიერაა დაფუძნებული ორი ძალიან ცნობილი პროექტი: ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი" და მხატვრული სიტყვის სახალხო ზეიმი „ნიკორწმინდობა". მის ცხოვრებაზე ტელევიზიის პირველმა არხმა თავის დროზე ფილმიც გადაიღო.

მშობლიური კუთხიდან წასული საკუთარ ფესვებს პატრიარქის კურთხევით და რაჭველების თხოვნით დაუბრუნდა. ამჟამად იქ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს ხელმძღვანელობს. ბატონ გურამს რაჭაში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი
როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი - Sputnik საქართველო
გურამ გორდეზიანი

– ბატონო გურამ, ისეთი პიროვნება ხართ, რაც თქვენამდე იყო, ალბათ იმასაც საინტერესოდ გვიამბობთ...

– რა გითხართ, დავიბადე 1970 წლის რვა აგვისტოს, ხუთი კილო და 600 გრამი. დედა თურმე მაშებით ამშობიარეს... საკითხი ასე იდგა: ან დედა, ან შვილი! მამამ დედა აირჩია, დედამ: ან ორივე, ან არც ერთიო... ღვთის ნებით ორივე გადავრჩით. როგორც დედა ჰყვებოდა, მას მუცელი ჩემ დაბადებამდე ორჯერ მოეშალა და ექიმებისგან წოლითი რეჟიმი „მიესაჯა“. ჩემთვის გურამი რომ უნდა დაერქვა – ანგელოზმა უკარნახა.  როგორც მოგეხსენებათ, დედებს შვილების შესახებ მუდამ ანგელოზები ჰკარნახობენ. გინეკოლოგის, სულგანათლებული სადიკოს წინასწარმეტყველებით, ჩემი დაბადებით დედაჩემის წამება იწყებოდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ კენწეროში აუცილებლად გატკბილდებოდა... ასე მოვევლინე სამყაროს...

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი
როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი - Sputnik საქართველო
გურამ გორდეზიანი და ჯანსუღ ჩარკვიანი

– ამბობენ, ადამიანი ბოლომდე ის რჩება, რაც ბავშვობაში იყოო, თქვენში ბევრი გადარჩა იმდროინდელი?..

– ჩემი ბავშვობის ამბებსაც მოგიყვებით. რიონის პირას გავიზარდე, ძალიან კარგად ვცურავდი და ცხენზეც დიდებულად ვჯირითობდი. კარგი მოჭიდავეც ვიყავი. ზაფხულობით მანქანის კამერას ვბერავდი, მკერდით წინ გავიგდებდი და ასე თითქმის ქუთაისში ჩავდიოდი ჭრებალოდან, რაც დაახლოებით 71 კილომეტრია. იქიდან კი ამბროლაურის სატვირთო მანქანებს მოვყვებოდით, რომლებსაც გვიშტიბის ბლოკი მოჰქონდათ ოტია იოსელიანის სოფლიდან. ცხენების გულისთვის რაჭიდან ლეჩხუმში გადავდიოდით და თითქმის გაველურებულ ბედაურებს ვიტაცებდით, ქარებივით ვაქროლებდით. ნეტავ იცოდეთ, როგორ მენატრება ის დრო... უზომოდ მიყვარდა წიგნების კითხვა, რის გამოც მასწავლებლებს არასოდეს ვაწვალებდი, რადგან გაკვეთილებზე სულ ვკითხულობდი.

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი სცენაზე
როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი - Sputnik საქართველო
გურამ გორდეზიანი სცენაზე

– შევარდნაძის რეჟიმის დროს დაგაპატიმრეს, მაგრამ შემდეგ გაგამართლეს...

– „მამა აბრამის ბატკანი“ არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ სხვებს არასოდეს ვადანაშაულებ, რადგან ღმერთი მწამს და მან იცის – ვის როგორ... ამბავი კი ასეთია: რაჭაში მაშინდელი პარლამენტის წევრი, დეპუტატი სოსო მახალდიანი ოჯახის თვალწინ სადისტურად მოკლეს და ჩემთვის იმ მკვლელობის „შემოტენა“ უნდოდათ. ასე რომ, შევარდნაძის დროს ასეთი საშინელი ბრალდებით ვიჯექი. მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი – აცხონოს ღმერთმა – ნუგზარ საჯაია იყო. მან მოითხოვა სამართლიანი გამოძიება, თორემ აუცილებლად მომკლავდნენ, რადგან პირდაპირ მეუბნებოდნენ – შენ თავზე უნდა აიღო ეს დანაშაულიო. ბოლოს იარაღის უკანონო შენახვისთვის გამასამართლეს.

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი კოლეგებთან ერთად
როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი - Sputnik საქართველო
გურამ გორდეზიანი კოლეგებთან ერთად

– თქვენ ამბავთან დაკავშირებით მოსამართლე მართლა საუკეთესოდ დასახელდა?

– ასე იყო. როცა ციხიდან გავთავისუფლდი, მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა დაწყებულიყო და შევარდნაძის მსტოვრებმა მტრად მიმიჩნიეს. მანქანაში იარაღი და ნარკოტიკი ჩამიდეს და ისევ დამაპატიმრეს. სწორედ მაშინ წავიდა მოსამართლე რეჟიმის წინააღმდეგ და გამათავისუფლა. მივხვდი, რომ ცუდკაცობის, შურისძიებისა და პატარაკაცობის უფლება არ მქონდა. სასჯელიდან ჩემი გათავისუფლების გამო 2004 წლის საუკეთესო მოსამართლედ ქალბატონი ლეილა გურგუჩიანი დაასახელეს. მაშინ ფილარმონიის სცენაზე წლის ადამიანებად დაჯილდოვდნენ მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, ბიძინა კვერნაძე, სამების ტაძრის არქიტექტორი და სხვა დიდი ადამიანები... მოსამართლის ამ კონტექსტში დაჯილდოება უპრეცედენტო ფაქტი იყო...

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი
როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი - Sputnik საქართველო
გურამ გორდეზიანი

– მომიყევით როგორ გეწვიათ მუზა ციხეში და როგორ გახდით რაჭველების საყვარელი მგოსანი?

– ახლა რომ მოგიყევით, სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიბადა პოეტი გურამ გორდეზიანი, რადგან სიკეთე და სამართალი ისევ იყო ქვეყანაზე. რაჭველები მგოსანს რომ მეძახიან, ვიფიქრებდი დამცინიან–მეთქი, მაგრამ იმხელა სიყვარულს ასხივებენ ჩემ მიმართ, რომ ამ ფიქრს გულში არ ვიკარებ. ლექსების წერა ციხეში დავიწყე, თუმცა ნიჭიერი ბიჭი სულ ვიყავი. სანამ დამაპატიმრებდენ ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე. შევეცადე მუზა უფლისგან გამომეთხოვა, პირველი ლექსი დედაზე დავწერე. მერე წავიდა და წავიდა... ვწერდი და მოვუხმობდი მსმენელს: ნახეთ, ბიჭებო, რა დავწერე–მეთქი, და ხმამაღლა ვკითხულობდი. ჩემი პოეტად ხელდასხმა შავნაბადას მონასტერში მოხდა. მაშინ ბევრი ვისაუბრეთ სამშობლოზე, მის გასაჭირზე, თითოეული ადამიანის საჭიროებაზე და პატრიარქმა მითხრა, კარგი კაცი მაშინ ვიქნებოდი, თუ რაჭაში დავბრუნდებოდი და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ კუთხეს ჩემ წილ სიკეთეს შევაწევდი... როგორც პოეტი, ჩემი თავი საქართველოს არქიმანდრიტმა შიომ წარუდგინა შავნაბადიდან. აქამდე რაც ჩემი წიგნები გამოვიდა, ერთი ოთარ კერვალიშვილმა, ორი ნიკო ლეკიშვილმა და ორიც გოჩა ენუქიძემ დამიბეჭდეს.

© photo: courtesy of Guram Gordezianiგურამ გორდეზიანი ფესტივალზე
როცა პატარაკაცობის უფლება არ გაქვს – რაჭველების საყვარელი მგოსანი და ციხეში დაწერილი ლექსი - Sputnik საქართველო
გურამ გორდეზიანი ფესტივალზე

– რაჭაში თქვენების თხოვნითაც დაბრუნებულხართ...

– ერთხელ „არტ-გენის“ ფესტივალზე გამოვედი სიტყვით. როცა ლექსი წავიკითხე, ატყდა ერთი ამბავი, მომესია ხალხი ავტოგრაფებისთვის, მომვარდა ათი კამერა და აიღეს ინტერვიუები... უცებ ვიღაცამ ზურგიდან მომქაჩა – ჩემი სოფლელი ანტონ ფრუიძე აღმოჩნდა, ბიძად მეკუთვნის... რა გინდა–მეთქი, შევეკითხე და პასუხი არ გაინტერესებთ? – ამ ხალხის თავებში ჩამახედა გურამიკა და მეტი არაფერი მინდაო!.. მოვკვდი სიცილით, თან გული ამიჩუყდა, მაშინ იფიქრეს რაჭველებმა, რომ ეს, მგონი, მართლა ვარგა კაცად და სასწრაფოდ დავაბრუნოთ რაჭაშიო. ჰოდა, კი ვარ ახლა აქ, ამბროლაურში.

– რა ატრიალებს დედამიწას, თუ იცით?

– დედამიწას პოლიტიკოსები ატრიალებენ, ან მათი შიშით ბრუნავს საწყალი, პოლიტიკოსებმა ერთად რომ არ მოიყარონ თავი, თორემ ღერძიდან მოწყვეტენ და ეგ მთლად სასიამოვნო ფაქტი არ იქნება... მიყვარს სიცოცხლე, ოღონდ სამშობლოზე მეტად არა. მიყვარს იუმორი, რომლის ნაკლებობასაც არ ვუჩივი... არც ფულის ნაკლებობას ვუჩივი, მაგრამ, სამაგიეროდ, ამისთვის მიჩივიან მეუღლე და ორი შვილი, რასაც ერთ ყურში რომ შევუშვებ, მეორედან გამოვუშვებ ხოლმე. ისე, ფული რომ მართლა მქონდეს, წიგნებს მაინც დაბეჭდავდა კაცი და მერე გააჩუქებდა...

 

ყველა ახალი ამბავი
0