ნანა ბეღელაძე პარტიარქთან

სიურპრიზი პატრიარქისთვის და NBA-ს ბურთი პატარა ლუკასთვის

662
(განახლებულია 12:34 09.11.2018)
თეონა გოგნიაშვილი
პროფესიით იურისტის ნანა ბეღელაძის ცხოვრება რიგითმა შემთხვევამ შეცვალა, როცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ ადგილზე აღმოჩნდა. მანამდე ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ბევრი ადამიანის დახმარებას შეძლებდა და ზოგს ოცნებასაც აუსრულებდა.

 ვერც იმაზე იფიქრებდა, რომ უწმინდესისთვის მისი საყვარელი თეთრი ვარდების ბაღის გაშენებაზე იმუშავებდა...

ნანა ბეღელაძე
photo: courtesy of Nana Begheladze
ნანა ბეღელაძე

– ქალბატონო ნანა, საუბარი პატრიარქის ბაღზე დავიწყოთ, როდის გაჩნდა მისი გაშენების იდეა?

– პატრიარქის ბაღის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა და მას მერე ვცდილობთ მის განხორციელებას. იანვარში მივწერეთ რუსთავის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას ამ იდეის შესახებ და ის დაგვთანხმდა, რომ რუსთავის პარკში ადგილი გამოეყო მის გასაშენებლად. თავიდან გრანდიოზული ბაღის გაშენება გვინდოდა, მაგრამ რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ჯერ მცირედით დავიწყეთ. მის უწმინდესობას ძალიან უყვარს თეთრი ვარდები და, აქედან გამომდინარე, ამ ბაღში თეთრი ვარდი იქნება დომინანტი.

პატრიაქრის ბაღში დასადები ქვა, რომელზეც წარწერა ჭედურობით შესრულდა და შემდეგ მთლიანად მოივერცხლა
photo: courtesy of Nana Begheladze
პატრიაქრის ბაღში დასადები ქვა, რომელზეც წარწერა ჭედურობით შესრულდა და შემდეგ მთლიანად მოივერცხლა

– უწმინდესის ვარდების ბაღს სიმბოლური დატვირთვა ექნება?

– დიახ, აქ გაიმართება ღია ხელმოწერები წყვილებისთვის, და ზოგადად ეს ბაღი სიმბოლოებითაა დატვირთული. ბაღში დასადები საინფორმაციო ლოდიც კი მისი უწმინდესის სოფლიდან ჩამოვიტანეთ, ასევე მისი ეზოს კარებიდან წამოვიღეთ კლდის ქვები, რომლებსაც გამოვიყენებთ ბაღში დეკორისთვის, რა თქმა უნდა, ბერების ლოცვა-კურთხევით. ასევე ვეცდებით, რომ ამ პატარა ფართში მისი უწმინდესობის ყველა კურთხევა ჩავატიოთ. წარწერებისთვის სამივე ქართული დამწერლობა იქნება გამოყენებული. ბაღში იქნება ქვა ხელნაკეთი წარწერით, რომელიც მის უწმინდესობას ეძღვნება. ის ლითონზე ჭედურობით დაიწერა და შემდეგ მთლიანად მოივერცხლა. წარწერა ასეთია: "ბაღი ეძღვნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის დაბადებიდან 85 და აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს". სხვათა შორის, მისმა უწმინდესობამ ამ ბაღის შესახებ არ იცის, გვინდა, რომ ეს მისთვის სიურპრიზი იყოს.

ნანა ბეღელაძე
photo: courtesy of Nana Begheladze
ნანა ბეღელაძე

– ვიცი, რომ გეუხერხულებათ თქვენი და თქვენი მეგობრების საქველმოქმედო საქმიანობაზე საუბარი, მაგრამ იქნებ ჩვენი მკითხველისთვის მაინც გაიხსენოთ კონკრეტული ამბები...

– აქამდე რაც გაგვიკეთებია, მათგან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსთავში სოციალური მაცივრის დადგმა, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ დახმარებით განვახორციელეთ. ეს მაცივარი დღესაც ფუნქციონირებს და მომავალში მის უფრო გააქტიურებას ვგეგმავთ. კონკრეტული ამბებიდან კიდევ ორს გავიხსენებ: სიმსივნით დაავადებული პატარა ბიჭუნა ზაზა ფაჩულიას ხელმოწერასა და NBA-ს ბურთზე ოცნებობდა. უფლისა და კეთილი ადამიანების წყალობით შევძელით, რომ ჩვენი ხმა ამერიკაში ზაზამდე მიგვეწვდინა. ზაზამ გაგვაოცა გულისხმიერებით და ამ ბიჭუნას NBA-ს ხელმოწერილი ბურთის გარდა მაისურიც გამოუგზავნა. ეს იყო სიკეთისგან განცდილი ყველაზე დიდი სიხარული, რომელმაც დაგვანახა, რამხელა ძალაა სიყვარული და ერთობა... და მეორე ამბავი: ეს იყო სურამში მცხოვრები მშრომელი ბიჭის რაგულის საახალწლო წერილი. მას მარტო უხდებოდა ოჯახის შენახვა და ამისთვის ყოველდღე ტყეში მარტო სიარული უწევდა. რაგულმა გვთხოვა ჰასკის ლეკვი და მობილური, რათა ტყეში მარტო წასულს მგლების არ შეშინებოდა და ხალხთან კონტაქტი ჰქონოდა. ამ ბიჭს უამრავი ადამიანი, ქართველი ემიგრანტი დაეხმარა და დღეს მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაშინ ამ ბიჭის სახელზე მივიღეთ, იყო ავღანეთში წასულის ჩვენი ჯარისკაცების წერილი. მათ საახალწლო წერილი გამოუგზავნეს რაგულის და ყოველ თვეში ანგარიშზე თავისი ხელფასიდან თანხას ურიცხავდნენ...

პატარა ლუკა, რომელსაც ზაზა ფაჩულიამ თავისი მაისური გამოუგზავნა საჩუქრდა
photo: courtesy of Nana Begheladze
პატარა ლუკა, რომელსაც ზაზა ფაჩულიამ თავისი მაისური გამოუგზავნა საჩუქრდა

– სიკეთე რა არის თქვენთვის – „მადლი, რომელსაც ქვაზე დადებ და წინ დაგხვდება“ თუ გაუცნობიერებლად ჩადენილი საქციელი?

– თუ გულწრფელად გაინტერესებთ ჩემი პასუხი, გეტყვით, რომ სიკეთე იქ მთავრდება ადამიანისთვის, როცა მის გაცნობიერებას იწყებს. სიკეთე სპონტანურად, გულიდან წამოსული სურვილი, საქმეა, რომელსაც არანაირი მიზეზი და მიზანი არ უნდა ჰქონდეს, გარდა იმ ადამიანის გახარებისა, ვისთვისაც მას აკეთებ. მე ვფიქრობ, როცა ისეთი ქვეყნის შვილი ხარ, როგორიც საქართველოა, კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გეკისრება შენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ძალიან რთულია ჩაიკეტო მხოლოდ პირად სივრცეში და არ იზრუნო ადამიანებზე. ზუსტად ამან გვაიძულა მე და ჩემი მეგობრები, რომ ხუთი წლის წინ გადაგვედო ჩვენი საქმეები და სულ მცირედით მაინც დავხმარებოდით მათ, ვინც ამას საჭიროებდა. ამ ძალამ მოგვიყვანა აქამდე, მართალია, ბევრ სიხარულთან ერთად ზოგჯერ სიმწრის ცრემლიც გვაღვრევინა (იმ შეძენილი საოცარი მეგობრების დაკარგვის გამო, ვინც ვერაგი დაავადების გამო გამოგვეცალა ხელიდან), მაგრამ ზუსტად ამ ძალამ გვასწავლა ცხოვრებასთან  ბრძოლა და გამარჯვება...

 

662