ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
სოსო მეშველიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოსო მეშველიანი – ცხოვრებაზე, სამყაროზე, პოეზიაზე...

ვინც მას კარგად იცნობს, აღიარებს, რომ მისი პიროვნებისთვის ჩვეული პირველყოფილი გულწრფელობა ლექსებშიც შენარჩუნებულია, მოთხრობებში კი მთისთვის დამახასიათებელი სიბრძნე და სისუფთავეა. დღემდე სათქმელი ოთხ კრებულში მოაქცია, აქედან სამი ლექსებისა და ერთი პროზაული კრებულია. გიორგი ლობჟანიძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა „პოეტების პროზა გამართლებულია, მისი მინიატურები კი ლექსებივით იკითხება“... 

გადავწყვიტეთ შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ დღეს სოსო მეშველიანს გავესაუბროთ – ცხოვრებაზე, სამყაროზე, პოეზიაზე...

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი

– გახსოვთ როგორ დაიბადა პოეტი და მწერალი სოსო მეშველიანი, რა ხდებოდა მაშინ თქვენში?

– ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც უცნაური რამ ხდებოდა, თუმცა ბავშვობაში ამის გააზრება მიჭირდა. შემდეგ რაღაც ჩემთვის გაუგებარი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ბუნებასთან, სამყაროსთან, ადამიანებთან მიმართებაში. რაც უცნაურ ჩვევებში გადაიზარდა. მხოლოდ ეს თუ განმასხვავებდა თანატოლებისგან. თანდათან ვუცხოვდებოდი ყველასთვის. რაღაც გაშტერებები დამჩემდა, მინდოდა ყველაფერი ჩემში შემეწოვა. დროსა და სივრცეში ყველაფერის სამუდამოდ აღბეჭდვა მინდოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ეს როგორ მომეხერხებინა. ნეტარებისგან თავბრუხვევას ვგრძნობდი, როცა ნისლში აყვავებულ პანტა–მსხლებს ვუყურებდი. ასე მგონია, ის პირველი, გადმოუცემელი გრძნობები იყო სწორედ ნამდვილი პოეზია. სასწაული განცდები, ის წამოუდგენელი ნეტარება, ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, თითქოს ბუნებასთან სექსუალურ კავშირს განვიცდიდი, მაშინ, როცა ამ ყველაფრის გააზრების უნარი არ შემწევდა. მერე უცებ ხატვა მომინდა, ვხატავდი გაუთავებლად, ჩემებურად, სხვადასხვა დანჯღრეული ფანქრებით, ძლივს რომ ვაგროვებდი. მერე მივხვდი, რომ ხატვას ყველგან ვერ შევძლებდი და ლექსების ზეპირად წერა დავიწყე. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გადამქონდა ისინი სადღაც გადამალულ რვეულში. ეს ჩვევა დღემდე გამომყვა. ასე დავიწყე პოეტობა, რომელიც წლობით არავისთვის გამიმხელია.

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი

– თქვენი წიგნების სახელწოდებად სვანური სახელები წარმომავლობის ერთგვარი ხაზგასმაა თუ?..

– წიგნების სათაურები რედაქტორმა შეარჩია. მე, რატომღაც, ყოველთვის მიჭირს სათაურის შერჩევა, თან წიგნის გამოცემის პროცესი ისე მძაბავს, რომ არაფრის უნარი აღარ შემწევს. ვარ ასე, ბოლომდე რედაქტორებს მინდობილი. თუმცა ეს სათაურები მომწონს, მხოლოდ ლექსების ბოლო კრებულის ესპანურმა სათაურმა დამაბნია ცოტა, რადგან ბევრმა კარგმა, ნაცნობმა ლიტერატორმა ზედმეტად ჩათვალა. თუმცა ეს კრებული მართლა კარგი გამოვიდა, ჩემთვის რაღაცნაირად განსაკუთრებული.

– რატომ გაუჩნდა ერთ მშვენიერ დღეს პოეტს იმის მოთხოვნილება ან სურვილი, რომ პროზაულად გამოეთქვა სათქმელი?

– ეს პროზაული კრებული ერთგვარი პოეტურ პროზაა, ალბათ თვალის ერთი გადავლებითაც ეტყობა, რომ პოეტის დაწერილია, მაგრამ მაინც დოკუმენტური პროზაა. თუმცა არის მანდ ნამდვილი პროზაული ტექსტებიც, თითქმის ბოლომდე გამოწურული პოეზიისგან. ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი წაუკითხავი დარჩა, რამდენიმე ძალიან კარგმა ლიტერატორმა კარგი შეფასება მისცა. მანდ ისეთ თემებზე ვწერ, რა თემებზეც მანამდე არავის არ გაუმახვილებია ყურადღება. ამიტომ საჭირო მგონია, რომ უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხოს. არ ვდებ თავს მის მხატვრულ ღირებულებებზე, რაც არის ის არის, მაგრამ წაკითხვას ნამდვილად საჭიროებს. მე წიგნების არანაირი რეკლამის თავი არ მაქვს, მაგრამ მეტი დაინტერესება ნამდვილად საჭიროა, ალბათ მეტი გაანალიზებაც.

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი კოლეგა- მწერლებთან ერთად
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი კოლეგა- მწერლებთან ერთად

– სხვა პოეტებისგან განსხვავებით თქვენ უარი თქვით გარკვეულ პოზასა და პომპეზურობაზე...

– ეს ალბათ თავისდაუნებურად მოხდა, აზრადაც არ მომსვლია ამაზე მეფიქრა. იმაზე ფიქრი, რომ ისე წერო, ვინმეს ყურადღება მიიქციო, არა მგონია რამე სერიოზული შედეგის მომტანი იყოს. თუმცა ეს პომპეზურობა თუ პოზიორობა ერთგვარი სენია თანამედროვე ავტორების, ზოგადადაც. გულწრფელობას ყველაზე მეტად ვაფასებ შემოქმედში, ადრე გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ეს თავისთავად იქნებოდა, მაგრამ ბოლოს სახტად დავრჩი, როცა დავინახე, რომ გულწრფელობა შემოქმედ ადამიანებში იშვიათობა ყოფილა. ისინი დიდ დროს და ენერგიას უთმობენ "გულწფელობანას" თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ ქება ყურად არ ვიღო, ეტყობა, ჩვენ (ქართველურ) ხასიათში მაინც ღრმად არის გამჯდარი რაღაცნაირი ამბიციურობა, რომელიც, როგორც ჩანს, ჩემშიც იყო და ვერ ვხვდებოდი.

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი

– თქვენი შემოქმედების რომელიმე გამორჩეული, განსხვავებული შეფასება ხომ არ დაგამახსოვრდათ?

– ამის წინათ, ერთ ცოცხალ კლასიკოსს მივაკითხეთ მე და ჩემმა მეგობარმა, შემოქმედს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ. მან საუბრის დროს სხვათა შორის ჩემ მეგობარს უთხრა: "მეგონა ამის ლექსები სვანურობის გამო მომწონდა, მერე დავაკვირდი და კარგია, იცი". ამ ცნობილი ხალხისგან ქებას მიჩვეულ კაცს ასე ძუნწად და თითქოს არაფრისმთქმელად ნათქვამი "კარგია, იცი" ისე ჩამესმა, როგორც "არც ისე ცუდია"... რაღაცნაირად ავიწურე უხერხულობისგან. მერე, როცა თანამედროვე პოეზიაზე ლაპარაკს შევყევით, ეს დიდი შემოქმედი ისე მკაცრად უდგებოდა ყველაფერს, რომ ეს "კარგია, იცი" უზარმაზარ კომპლიმენტად გადაიქცა. ცოტა ხნის წინ ერთმა ცნობილმა ლიტერატორმა აღნიშნა თავის წერილში, სოსო მეშველიანი ლექსებს უაღრესად ექპრესიულად წერსო. დიახ, ასეა. და კიდევ, ჩემთვის თემა იმპულსურად იბადება. ბევრს ვმუშაობ ლექსზე, ჯერ გონებაში (ლექსებს ზეპირად ვწერ) ბოლომდე ვწნეხავ, მერე ფურცელზე რომ გადამაქვს, მერე კიდევ მონიტორზე აკრეფის დროს. დღემდე ასე ხდება...

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი

– თქვენი ლექსები რეალისტურ სურათებში მოქცეული პოეზიაა. მაგალითისთვის ერთი გავაცნოთ მკითხველს:

ქალაქი.

ქუჩა.

შუქნიშანი.

ფოსტა.

მარკეტი.

და ეს კაჭკაჭი მარტოსული (კაჭკაჭიც მე მგავს)

ამ სისხამ დილით, ნაწვიმარზე, ჯერაც დაკეტილ

ბართან, პლასტმასის მაგიდაზე, შავ თუთას კენკავს.

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი და რატი ამაღლობელი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი და რატი ამაღლობელი

– თუ იცით ბედნიერებისთვის რა სჭირდება ადამიანს?

– პირველ რიგში, მგონი, სრული თავისუფლება...

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი

– რას ნიშნავს სრული თავისუფლება და რისგან თავისუფლებაა ეს?

– ერთხელ დათო წერედიანს ვუთხარი, თუ ფიზიკურად არ დავიღალე, ვერაფერს ვწერ–მეთქი. შენ ლექსებს ეტყობა კიდეც, რომ თავისუფალი გონებით ნაწერიაო, გონება თავისუფლდება მაგ დროს, ფიქრით მარტო ლექსზე ფიქრობო. ზოგადად, ჩემთვის თავისუფლება არის, როცა არავისზე არაფრით ხარ დამოკიდებული. მე ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებ.

© photo: courtesy of Soso Meshvelianiსოსო მეშველიანი
ზეპირად დაწერილი ლექსები, პოეტური პროზა და რეალობისგან ვერ გაქცევა - Sputnik საქართველო
სოსო მეშველიანი

– ისე, რეალობისგან გაქცევას რამდენად ახერხებთ?

– ჩემ პროზაულ კრებულში უფრო მძაფრადაა აღწერილი ეს რთული, ყოველდღიური რეალობა. თავიდან მეგონა, რომ ლექსებში მაინც შევძლებდი ამ რთული რეალობიდან გაქცევას, ზოგჯერ ვახერხებ კიდეც. საბოლოოდ, როგორც ამ პატარა ლექსიდანაც ჩანს, ბოლომდე მაინც ვერ შევძელი...

 

ყველა ახალი ამბავი
0