სცენოგრაფი, რომელიც პიესებს წერს და სცენაზე ოცნებობს – ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა

© photo: courtesy of Lela Feradzeლელა ფერაძე სცენაზე
ლელა ფერაძე სცენაზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაღიაროთ, ჟურნალისტები ვცოდავთ, როდესაც თეატრის შესახებ ძირითადად რეჟისორებსა და მსახიობებს ვესაუბრებით. არადა, სპექტაკლის სრულად აღსაქმელად ვიზუალური ფონი არანაკლებ მნიშვნელოვანია.

უკვე 25 წელია, რაც მესხეთის თეატრში დეკორაციებს, ანუ საინტერესო და გამორჩეულ ფონს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ქალბატონი ლელა ფერაძე ქმნის. მხატვარ-ფერმწერს თეატრი წლების წინ „შემოეყვარა“ და ამ სფეროში, როგორც სცენოგრაფს, რამდენიმე გრან-პრიც აქვს მინიჭებული.

© photo: courtesy of Lela Feradzeლელა ფერაძე ტარიელ ხარხელაურთან ერთად
სცენოგრაფი, რომელიც პიესებს წერს და სცენაზე ოცნებობს – ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა - Sputnik საქართველო
ლელა ფერაძე ტარიელ ხარხელაურთან ერთად

– ქალბატონო ლელა, რა ხდება დღეს პროვინციის თეატრში და საერთოდ ქართულ პროვინციაში, რომელიც ქალაქს ტრადიციულად ინტელექტით ამდიდრებდა?

– არ ვიცი რა ხდება საერთოდ პროვინციების თეატრებში, მაგრამ ვიცი რა ხდება ახალციხის თეატრში. ზოგადად მაინტერესებს ტერმინი „პროვინციის თეატრი“ დედაქალაქელებს როგორ ხვდებათ ყურში? მე ვიცი ეს რა შეგრძნებაა. ესაა თეატრი, რომელიც პროვინციაშია, მაგრამ არ გახლავთ პროვინციული თავის წარმოდგენებით. აქ იდგმება კარგი, გემოვნებიანი სპექტაკლები, მაგრამ იმის გამო, რომ მართლაც პერიფერიაში ვართ, საუკეთესო სპექტაკლები „ხელში გვაკვდება“. შორს ვართ დედაქალაქიდან და თეატრმცოდნეებს ჩვენ პრემიერებზე ჩამოსვლა უჭირთ. არადა, როგორ გვჭირდება მათი აზრის მოსმენა, გამხნევება, ერთგვარი სტიმული, სულ პატარა მოფერება, რომ ჩვენც ვთქვათ “ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“... ხშირად გასტროლის საშუალებაც არ გვაქვს და საქართველოში თითქმის ყველაზე ნაკლებად დაფინანსებული თეატრი ვართ.

– არადა, თეატრი ისეთ ისტორიულ კუთხეში, როგორიც მესხეთია...

– თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ლია სულუაშვილმა კარგად იცის, რას ნიშნავს თეატრი მესხეთ-ჯავახეთში. ამიტომ ყველა ღონეს ხმარობს თეატრის გასაძლიერებლად. უნიჭიერეს რეჟისორებსა და მსახიობებს იწვევს სპექტაკლების დასადგმელად. ჩვენი მსახიობები საუკეთესოდ თამაშობენ და საოცარ სახეებს ქმნიან, რეპერტუარიც მრავალფეროვანი გვაქვს.

© photo: courtesy of Lela Feradzeმესხეთის თეატრსი მსახიობები
სცენოგრაფი, რომელიც პიესებს წერს და სცენაზე ოცნებობს – ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა - Sputnik საქართველო
მესხეთის თეატრსი მსახიობები

– როგორც საქართველოს ყველა კუთხე, გაზაფხულობით ალბათ ისიც გამოცოცხლებულია და ზამთარში საკუთარ სულს შემოქმედებითი ადამიანები რით კვებავთ?

– გაზაფხულზე ჩვენი თეატრიც ბუნებასავით იწყებს გამოცოცხლებას. ვიდრე არ დათბება, მსახიობები რეპეტიციებს ვერ გადიან (რადგან შენობა ვერ თბება – მის გათბობას მთელი წლის სადადგმო თანხა არ ეყოფა). ჰოდა, გაყინული ბეღურებივით ველოდებით გაზაფხულის მოსვლას. თუმცა წელს, ამ შემოდგომით „ჩვენი გაზაფხულიც“ დადგა და თეატრში მცირე სცენაც გაიხსნა. პირველი სპექტაკლი „გადაგდებული პორტრეტი“ რეჟისორმა ვახტანგ ბერიძემ დადგა. ეს მისი მეორე სპექტაკლია ჩვენ სცენაზე და იგი ჩვენ ახალ პატარა სცენას ძალიან მოუხდა. მაყურებლის და მსახიობების სიახლოვე თითქოს აუცილებელ ფაქტორად იქცა იმისთვის, რომ მთავარი გმირის გრძნობები განგვეცადა. სპექტაკლი საკმაოდ ფაქიზი და რეჟისორულად საინტერესო გახლდათ. მაყურებელმა შეიყვარა და ეს უკვე გამარჯვებაა. რადგან უკვე შესაძლებელია, რომ სპექტაკლები ზამთარშიც ითამაშონ, ალბათ ქალაქიც გამოცოცხლდება. თანაც, ჩვენ თეატრს ნამდვილად კარგი და ერთგული მაყურებელი ჰყავს. ისინიც ზამთარში თბილ გარემოში გამართულ სპექტაკლებს ჩვენსავით ელოდნენ.

© courtesy of Lela Feradzeლელა ფერაძე
სცენოგრაფი, რომელიც პიესებს წერს და სცენაზე ოცნებობს – ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა - Sputnik საქართველო
ლელა ფერაძე

– აკადემიის ფერწერის სტუდენტი თეატრით პირველად როდის „მოიწამლეთ“?

– დიახ, აკადემიაში ფერწერა დავამთავრე და სტუდენტობა ულამაზესი დრო იყო. ჩემი პედაგოგები იყვნენ ზურა ნიჟარაძე და ავთო პოპიაშვილი. როცა ასეთი მხატვრები გასწავლიან, არ შეიძლება ბედის მადლიერი არ იყო, რომ მათთან მოხვდი. შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ნანა ყორანაშვილი ახალციხის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე პედაგოგებად ჩამოვედით. ამას მოჰყვა მესხეთის თეატრი, სადაც ქალბატონმა ლია სულუაშვილმა ძალიან ახალგაზრდებს და გამოუცდელებს სცენოგრაფია გვანდო და ჩვენც თეატრით, ასე ვთქვათ, „მოვიწამლეთ“. როცა ჩემზე ვსაუბრობ, როგორც სცენოგრაფზე, არ შემიძლია იქვე ნანა ყორანაშვილი არ ვახსენო, რადგან სპექტაკლზე ყოველთვის ერთად ვმუშაობთ. ნანა მართლაც არაჩვეულებრივი პროფესიონალია. ალბათ რომ არა ნანა, მარტო ვერ ვიმუშავებდი სცენოგრამაზე, ვერ გავბედავდი. ეს საკმაოდ რთული ხელოვნებაა. პიესას თავისი სათქმელი აქვს, რეჟისორს – საკუთარი კონცეფცია, მსახიობს კი თავისი მიზანსცენა. და ამ ფონზე სცენოგრაფს მაყურებელთან თავისი სასაუბრო ენა აქვს. 

© photo: courtesy of Lela Feradzeლელა ფერაძე- კოლეგებთან ერთად
სცენოგრაფი, რომელიც პიესებს წერს და სცენაზე ოცნებობს – ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა - Sputnik საქართველო
ლელა ფერაძე- კოლეგებთან ერთად

– სპექტაკლზე თქვენი ნაფიქრიცაა „წარმოდგენილი“ დეკორაციის სახით...

– დიახ, ვიდრე ფარდა გაიხსნება, მეც მსახიობივით განვიცდი, თითქოს სცენაზე დეკორაცია კი არა, მე ვდგავარ და მაყურებელი მათვალიერებს. ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მეც რეჟისორი ვარ და ჩუმად, უხმოდ ვდგამ ხოლმე სპექტაკლს – ეს მხოლოდ მე ვიცი. მოკლედ, ამირანივით გულში ვმღერი ხოლმე. არასოდეს მიფიქრია თეატრის მხატვრობაზე. ახლაც არ ვთვლი თეატრის მხატვრად თავს. ეს სფერო ამოუწურავია. ყოველი პიესის წაკითხვისას ისეთივე შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად ვაფორმებ სპექტაკლს, არადა, მგონი, უკვე 25 წელია, რაც მესხეთის თეატრში ვმუშაობ სცენოგრაფად. არ ვიცი, რატომ ვფიქრობ ასე. იქნებ იმიტომ, რომ ჩემი სცენოგრაფიული წარმატება არავის აღუნიშნავს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გრან-პრის. თუმცა რეჟისორები ხშირად გვიქებენ ნამუშევარს, მაგრამ მერე ისინიც გვტოვებენ და ვრჩებით ასე გულდაწყვეტილები, ეგზიუპერის მოშინაურებული მელაკუდასავით... მათ ხომ მხოლოდ ჩამოსვლისას ვახსენდებით.

– აქვე მკითხველს  შევახსენოთ სპექტაკლები, რომელზეც სიამოვნებით გიმუშავიათ...

– მაქვს რამდენიმე საყვარელი სპექტაკლი, ესენია: „ბამბაზიის სამოთხე“ – რეჟისორი სოსო ნემსაძე, კონფლიქტის ზონაში“, „ტოკიოს სასტუმროს ბარში“ – რეჟისორი სოსო ნემსაძე, „ანტიგონე“ – რეჟისორი სოსო ნემსაძე, „ჩრდილი“ – რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი, „დედილო კურაჟი“ – რეჟისორი ლია სულუაშვილი, „წამებაი დედოფლისაი“, რომლის რეჟისორი გახლდათ გოგი გაბელაია. ეს ჩემი მეორე სპექტაკლი იყო და ვთვლი, რომ პირველად გამომივიდა კარგი. შეუძლებელი იყო არ გამომსვლოდა, რადგან გოგი, როგორც პედაგოგი, ისე მედგა გვერდში და მამხნევებდა, მარწმუნებდა, რომ სწორად მივდიოდი, და ბოლოს მართლა მივიღე შედეგი. ალბათ გოგის დამსახურებაა, რომ გავაგრძელე სცენოგრაფიაში მუშაობა. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში იშვიათად გვხვდებიან, ხელოვნებაში კი – მით უმეტეს. ჩვენ ხომ ყველანი საკუთარი სიტყვის თქმას ვცდილობთ და იმისთვის ვერ ვპოულობთ დროს, რომ სხვებსაც შევაშველოთ ხელი. გოგი კი სწორედ ამას აკეთებდა. ასეთივე სიყვარულით მახსენდება უნიჭიერესი მხატვარი გურამ ნემსაძე. სამწუხაროდ, გურამიც აღარაა ამ ქვეყნად. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უფრო მეტი მომცა, ვიდრე აკადემიაში გატარებულმა ექვსმა წელმა. უამრავი სპექტაკლი გვაქვს გაფორმებული მე და ნანა ყორანაშვილს. ამასობაში დიდი დრო გავიდა და თეატრიც... შემომეყვარა.

© photo: courtesy of Lela Feradzeლელა ფერაძე სცენაზე
სცენოგრაფი, რომელიც პიესებს წერს და სცენაზე ოცნებობს – ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა - Sputnik საქართველო
ლელა ფერაძე სცენაზე

– რადგან სცენასთან შეხება გაქვთ, შეუძლებელია მსახიობობაზეც არ გეფიქრათ, ან სხვა ამპლუაზე სცენოგრაფის გარდა...

– მსახიობობაზე ახლაც ვოცნებობ. თითქმის ყველა სპექტაკლში მაქვს ჩემი როლი. როცა რეპეტიციას ვესწრები და ამ როლზე მსახიობს ვუყურებ, სულ მგონია, რომ მას უკეთესად შევასრულებდი. რა თქმა უნდა, სასაცილოა, სცენაზე ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ. რამდენიმე პიესაც დავწერე. სულაც არ მერიდება იმის თქმა, რომ ეს გავბედე – მეწერებოდა და რა მექნა?! თანაც ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა, სადღაც ყოფნის განცდა, იქ, სადაც პიესის პერსონაჟები ჩემთან ერთად იყვნენ, მათი ნაფიქრი ვიცოდი, ყველგან აჩრდილივით დავყვებოდი და მერე ამ ყველაფერს ვყვებოდი. აი, ასეთი განცდა მქონდა პიესის წერისას. ასეთი სიამოვნება ფერწერაში მუშაობის დროს არ მქონია. ახლა ვეღარ ვწერ, მგონი, ვეღარც ვფიქრობ. რატომ? – იმიტომ... ცხოვრების სიმძიმე... არ ვიცი ამას ვინ როგორ უძლებს, მაგრამ... ერთი სტროფი გამახსენდა ლექსიდან: „ჯერ ქალად ყოფნამ დამღალა, მერე პოეტად ყოფნამა“... ძალიან ძნელია „ცხოვრებასა და პოეზიას შორის ყოფნა“. ალბათ ყველაზე მეტად საკუთარ თავზე უნდა გაიმარჯვო, ეს კი უწყვეტი ბრძოლაა. მთავარზე მიფიქრია, როგორ არა. არ მოვყვები ახლა იმას, რომ მთავარი უფალია, სამშობლო, შვილები და შემოქმედება...

– რა გშველით, როცა უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხართ?

– აი, დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვიფიქრე, რომელიმე მეგობართან წავალ და დავმშვიდდები–მეთქი. გავედი გარეთ, თვალი გადავავლე ვისთან მივსულიყავი და აღმოვაჩინე, რომ არავის ეცალა... კიდევ უფრო დამძიმებული გამოვბრუნდი სახლისკენ და უცებ გზაზე ლია კვესელავა შემომხვდა, ჩვენი თეატრის სადადგმოს უფროსია. საოცარი ადამიანი, ამ შემთხვევას როგორ გავუშვებდი ხელიდან – წამოვიყვანე სტუმრად. დავსხედით, „დავიდგით სამოვარი და ვისაუბრეთ ხელოვნებაზე“, რაღა თქმა უნდა, თეატრზეც და, აი, ბატონო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანთანაც მივედი – ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ადამიანები! – ამისთვის ღირს ბევრი რამის ატანა და ესაა უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი...

 

ყველა ახალი ამბავი
0