წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან”

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
ნათია სირაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, როდესაც ადამიანები ეკონომიკურ და სულიერ კრიზისს განიცდიან, ალბათ ჩვენი რესპონდენტის ამ კუთხით წარმოჩენა მათთვის ერთგვარი სტიმული გახდება...

ის 18 წლიდან მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე კერძო და საჯარო სექტორში, არის საოცრად აქტიური და ყველა დროში ცდილობს აქტუალური იყოს. სახელმწიფო სექტორიდან კერძო სექტორში გადასვლა მისთვის სირთულე არ გამხდარა. სამი უმაღლესი აქვს დამთავრებული, ახლა მეოთხეში სწავლობს და ამავე დროს სხვებსაც ასწავლის, როგორც ლექტორი...

ასეთია მოკლედ ნათია სირაბიძის მოკლე პორტრეტი. რაც შეეხება იმ სამუშაოებსა და პოზიციებს, რაზეც უმუშავია: არის მასობრივი კომუნიკაციის სპეციალისტი, ამჟამად ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, ასევე საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის, EPAG-ის ბორდის და მედიამენეჯერთა საერთაშორისო კლუბის წევრი. არის სან-დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე და წარდგენილი იყო ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე „პეგასის ორდენი“. ჩვენ რესპონდენტს მის მშობლიურ ბათუმში დავუკავშირდით.

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე

– ქალბატონო ნათია, თქვენ იმ ადამიანების რიცხვში ხართ, ვინც ყველა დროში აქტიური და აქტუალურია, როგორ ახერხებთ ამას?

– ბევრს უთქვამს და გავიმეორებ: “ბედნიერება მოქმედებაშია”. თუ არასოდეს დანებდები და სულ მოქმედებაში იქნები, ყოველთვის აქტუალურიც დარჩები. ერთი საქმე არ გამოვა? მეორეს მოჰკიდებ ხელს. რა თქმა უნდა, ავტორიტეტიც ბევრს ნიშნავს, რა მიმართულებით მოქმედებ და რამდენად სასარგებლო ხარ ადამიანებისთვის, მაგრამ ყველა წარმატება უფრო ბრძოლით მიიღწევა. რომ იცოდეთ, რამდენჯერ მიტირია უსამართლობის, ორმაგი სტანდარტის, უყურადღებობისა და დაუფასებლობის გამო, მაგრამ მეორე დღეს ისევ მითქვამს – არ უნდა დავნებდე, უნდა ვიბრძოლო, და ისევ თავიდან დამიწყია. არასოდეს მიმიღია რაიმე მარტივად, იმდენი შრომა მიწევს, დროისა და ენერგიის იმდენი ხარჯვა, რომელსაც გარეშე თვალით ვერ დაინახავ... კიდევ ერთ საინტერესო ფენომენს წავაწყდი: თუ ფიქრობენ, რომ ძლიერი ხარ, დახმარების ხელს მეგობრებრებიც არ გიწვდიან. “არ დაიკარგები” – გეუბნებიან და მიზანს ისევ საკუთარი ძალისხმევით უნდა მიაღწიო.

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე

– სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციები გეკავათ…

– თუ ჯერ ჟურნალისტობის პერიოდს არ გავიხსენებ, სადაც „ცვლილების აგენტად” ვთვლიდი თავს და ბევრი საინტერესო სტატია, რეპორტაჟი და გადაცემა მომიმზადებია, მაშინ დავიწყებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოთი, რომლის ხელმძღვანელს გიორგი პაპუაშვილს დღესაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. საკონსტიტუციო სასამართლოში კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოვხვდი. პრეს-მდივანი ვიყავი და აქ მუშაობის დროს სხვა საზოგადოებრივ სამუშაოებთან ერთად დავამზადეთ შემეცნებითი ვიდეორგოლები და დოკუმენტური ფილმი, რომელიც გასაგები ენით განმარტავდა, თუ რა არის კონსტიტუცია და რა დატვირთვა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამის შემდეგ გადავედი აჭარის მთავრობაში პიარის დეპარტამენტის უფროსად.

– ანუ, გამოდის, რომ მეოთხე და პირველ ხელისუფლებაში მუშაობას ითავსებდით...

– დიახ, თანმიმდევრულად... მთავრობაშიც ძალიან კარგი ხელმძღვანელი მყავდა, სწორედ მისი კეთილი ნებისა და ჩემი გუნდის დამსახურებით მთავრობა გამჭვირვალე, ღია და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა, გაიზარდა მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შევქმენით პიარ–სახელმძღვანელო და სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მასმედიისა და საზოგადოების აქტიურ ინფორმირებას. ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა ისიც, რომ აჭარის ტელევიზიის წლობით  საკითხი, რომელზეც მსჯელობა მიდიოდა, ბოლოს და ბოლოს დადებითად გადაწყდა და მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაიქცა. ამის შემდეგ თბილისში, საერთაშორისო ორგანიზაციაში გადმოვედი.

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე

– თქვენი კარიერული წინსვლა სწრაფად ხდებოდა და ერთ დღესაც მინისტრის მოადგილის პოსტიც შემოგთავაზეს.

– დიახ, როცა თბილისში ვმუშაობდი, მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მემუშავა. აქაც, ვფიქრობ, ჩემი წვლილი შევიტანე ხელოვნების განვითარებასა და მის კომერციალიზაციაში. საერთოდ ასე მწამს, რომ სადაც ხარ, საქმე უნდა აკეთო და ინიციატივა გამოიჩინო. სამწუხაროდ, ბევრ ხელმძღვანელს ინიციატივა ამბიცია ჰგონია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იმის სურვილია, რომ მუდმივად აკეთო შენი საქმე.

– რომელი იყო ყველაზე რთული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში და როგორ გადალახეთ?

– მე 18 წლიდან ხან სად ვმუშაობდი და ხან სად, არანაირი შრომა არ მეთაკილებოდა, ჟურნალებიც კი დამირიგებია დიდი სიამაყით, სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული და მეოთხეში ახლა ვსწავლობ, ამავე დროს ვასწავლიდი აშშ-ის და საქართველოს უნივერსიტეტებშიც, მაგრამ მიუხედავად განათლებისა, გამოცდილებისა და პატიოსანი შრომისა, მაშინ ახალმა მინისტრმა გამომიცხადა, რომ თურმე სადღაც გამოშვებაზე მისთვის გამარჯობა არ მითქვამს და ამიტომ ერთად ვერ ვიმუშავებდით... მე ვუთხარი, რომ თავს არავის მოვახვევდი და მთავარი ის იყო, რომ ჩემი დაწყებული პროექტები გაეგრძელებინათ. იმ დროს მარტოხელა დედა სამი თვე უმუშევარი ვიყავი და ოჯახის გარდა მხოლოდ ერთი-ორი ადამიანი გამოჩნდა, ვინც მორალურად დამიდგა გვერდით, სხვებმა უბრალოდ დამივიწყეს… მახსოვს, რომ არავინ შეიწუხა ჩემ გამო თავი, არავინ მოითხოვა პასუხი და არავის დასჭირდა აქტიური კადრი. სამსახურის დაკარგვაზე მეტად დაუფასებლობა და უსამართლო დამოკიდებულება მკლავდა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების თანადგომით ეს პერიოდიც გადავლახე... კიდევ ჩემი შვილის მომავლის გამო გაჩერების უფლება არ მქონდა. დავიწყე ახალი საქმის ძებნა. მოულოდნელად ჩემთვის ცოტა უჩვეულო სფეროში, მაგრამ საინტერესო სამსახური შემომთავაზეს. დავაკვირდი, რომ ასეთ წუთებში ერთი რამ მაძლევს ხოლმე სტიმულს: როცა ცუდად იგრძნობთ თავს, გულში ჩაიკარით ძვირფასი ადამიანი და ბედნიერების იმპულსი ძალას შეგმატებთ. 

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე მამასთან ერთად
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე მამასთან ერთად

– დღეს კერძო სექტორში გადაინაცვლეთ, კომპანიაში, რომელმაც ბათუმის ფასადების გამწვანება დაიწყო…

– ეს გახლავთ „მარდი ჰოლდინგი“, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობით ნამდვილად გამოირჩევა. ამ კომპანიას ევალება სახლების ფასადების გამწვანება და შშმ პირებზე ზრუნვა. ახლახან პლაჟზე გადასასვლელი ბილიკი დავაგრძელეთ, რომ მათთვის ეტლით ზღვასთან ახლოს მისვლა შესაძლებელი გამხდარიყო. შშმ პირების გვერდით ხშირად თავად ვმუშაობ ხან მიმტანად და ხანაც მზარეულად, რათა მათთვის თანხა შევაგროვოთ. შეიძლება გონებრივ შრომას რომ ვარ მიჩვეული, მომეჩვენა, რომ მიმტანად და მზარეულად მუშაობისას მუდმივად ფეხზე დგომა, მობილიზება და მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა საკმაოდ შრომატევადია. “მარდი ჰოლდინგი“ აერთიანებს როგორც სამშენებლო, ასევე სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესებს, ჩვენ ახალ-ახალ სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, მოკლედ, ძალიან საინტერესო სამუშაოა.

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე

– ერთხელ ასეთი რამ თქვით: „პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არანაირად არ ვიქნები, რადგან მაქვს ჩემი ავტორიტეტი და არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მას შელახავს”. თუ ახერხებდით ამას და რის ხარჯზე?

– მე ასე მიცხოვრია და, იმედია, მომავალშიც ისე არ გამიჭირდება, რომ ჩემ პრინციპებს ვუღალატო. ეს ყველაფერი ნამდვილად ძვირად მიჯდებოდა, თუნდაც უსამსახუროდ დარჩენის ფასად. 25 წლის ვიყავი, როცა ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დავტოვე, რადგან იქიდან რომ არ წამოვსულიყავი, იმ პროცესების მონაწილე თავად გავხდებოდი. ვარჩიე სამჯერ ნაკლებ ანაზღაურებაზე საგანმანათლებლო გადაცემები მეკეთებინა და ამ მხრივ ვყოფილიყავი სასარგებლო, რადგან სხვას ვერაფერს ვცვლიდი. ცხოვრებაში მუდმივად ვეძებ ხოლმე გამოსავალს, თუ საქმე ერთგან არ გამომივა, წარუმატებლობას განვიცდი, ფიქრს და მუშაობას სხვა მიმართულებით წარვმართავ...

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე

– ოპტიმიზმის კრიზისს თუ განიცდით ხოლმე?

– ალბათ, რადგან ხშირად მეუფლება იმედგაცრუება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შერჩევით სამართლიანობას ვაწყდები. ბოლოს ძალიან საინტერესო ფესტივალის თანაორგანიზატორი ვიყავი, სადაც უნიჭიერეს ადამიანებს შევხვდი, რომლებსაც ნიჭი და შრომა არ უფასდებათ. ყველას არ აქვს იმის ძალა და უნარი, რომ იბრძოლოს. განსაკუთრებით განვიცდი თინეიჯერების განწყობას და მათ პესიმიზმს. შრომის და პიროვნების დაფასებას უნდა გრძნობდეს ადამიანი…

– დღეს ახალი საქმე გაგიჩნდათ – მურაბების სტარტაპი, საიდან წამოვიდა ეს იდეა?

– ბებია მყავდა მეგრელი და მას ვგავარ – ხელსაქმე და კულინარია მეხერხება. დედა 16 წლისას გარდამეცვალა და სწავლის პარალელურად ოჯახზე ზრუნვა მიწევდა. მამა ყოველმხრივ მეხმარებოდა, მაგრამ ისე მინდოდა ის გამეხარებინა, რომ 50-60 კაციან სუფრებსაც ვშლიდი. მურაბებსაც ხშირად ვხარშავდი, მაგრამ მათ სახლში ნაკლებად ეტანებოდნენ და ამიტომ სულ ახლობლებს ვჩუქნიდი. შემდეგ იდეა გამოჩნდა – იქნებ გაიყიდოს–მეთქი. ლამაზად შევფუთე და დავარქვი „მურაბები ნათიასგან”, ანუ საქმიანი ქალისგან, და ისინი გამოფენაზე გავიტანე. უბედნიერესი ვიყავი, როცა ადამიანებს ისინი მოეწონათ, ბევრიც სტარტაპის მხარდასაჭერად ყიდულობდა. გადავწყვიტე ვაწარმოო განსხვავებული მურაბები – წაბლის, გოგრის, ნიგვზის, საზამთროს და ასევე ბეთმეზი (ხილის უშაქრო ჯემი). თუ ერთი ადამიანი მაინც მომბაძავს და ერთი დიასახლისისთვის მაინც ვიქნები სტიმული, რომ მათი ჰობი ბიზნესად აქციონ, მაშინ ჩავთვლი, რომ დიდი საქმე გავაკეთე.

© photo: courtesy of Natia Sirabidzeნათია სირაბიძე
წარმატებული ქალის ბედნიერება, ოპტიმიზმის კრიზისი და „მურაბები ნათიასგან” - Sputnik საქართველო
ნათია სირაბიძე

– ბათუმი თქვენი მშობლიური ქალაქია, სადაც ბევრი გიცნობთ…

– მერწმუნეთ, სად არ მიცხოვრია, სად არ ვყოფილვარ, მაგრამ ბათუმივით ლაღი და თბილი ქალაქი არსად მეგულება. ამ ქალაქს აქვს უნარი, ყველა ჩამოსულ სტუმარს თავი აგრძნობინოს როგორც საკუთარ სახლში. ბათუმის გარდა ალბათ ვერსად ვიცხოვრებდი. სადაც უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად აქ ვბრუნდები...

 

ყველა ახალი ამბავი
0