ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“

© photo: courtesy of Marina Gelashviliმარინა გელაშვილი
მარინა გელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უფროსი თაობის ქართველებს კარგად ემახსოვრებათ მწერლისა და დრამატურგის გურამ ბათიაშვილის პიესა „ვალი“, რომელიც ქუთაისისა და რუსთავის თეატრებში 1976 წელს დაიდგა და სცენიდან წლების მანძილზე არ ჩამოდიოდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ პიესის მთავარი სათქმელი ახლაც აქტუალურია.

დღესაც იგივე სიყვარული და ტკივილი აკავშირებს ქართველ ებრაელებს იმ მიწასთან, რომელიც მეორე სამშობლოდ კარგა ხანია აღიარეს. რაც მთავარია, ასეთი სიყვარული ორმხრივია და ამის დასტურად ისრაელში არსებული ეს ორგანიზაცია და მისი საქმიანობაც გამოდგება.

ჩვენ ორგანიზაციის „ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ დამფუძნებელსა და ქართული პროექტების ავტორ-რეჟისორს, ქალბატონ მარინა გელაშვილს გავესაუბრეთ.

© photo: courtesy of Marina Gelashviliმარინა გელაშვილი
ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“ - Sputnik საქართველო
მარინა გელაშვილი

– ქალბატონო მარინა, არ გეკითხებით რატომ, გკითხავთ - როდის გაგიჩნდათ ასეთი ცენტრის დაარსების იდეა და ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები?

– ჯერ კიდევ ისრაელში ჩამოსვლამდე განვიზრახე, რომ აუცილებლად დავაფუძნებდი რაიმე კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელშიც გავაერთიანებდი, გარკვეული თვალსაზრისით, სულიერებას მოკლებულ უნიჭიერეს, წიგნიერ ემიგრანტებს და საქართველოს ღვიძლ შვილებს – ქართველ ებრაელობას, რომელთაც დარდი გამოჰყოლიათ იმ მიწა-წყლისა, სადაც ღუზასავით ჩაშვებულა მათი წინაპართა საფლავები. თავად კი აქედანაც არ აკლებენ ზრუნვას იმ ფასეულობების გადარჩენას, რომლებიც საქართველოდან გამოიყოლეს. თანამოაზრეების ძებნა ჩამოსვლისთანავე დავიწყე. დღეს უკვე მძლავრი, მოზრდილი, ერთმანეთზე მზრუნველი, ერთი სულისკვეთებით გაერთიანებული ორგანიზაცია ვართ, სახელად – “ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“. ორგანიზაციის დირექტორი, ბატონი ზურაბ ბერიაშვილი, უკვე 20 წელია, რაც ოჯახით ისრაელში ცხოვრობს და აქ ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. მას ჰყავს საბავშვო-მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ამავე სახელით – “ქართული ხელოვნების ცენტრი ისრაელში“ ფუნქციონირებს და რომელსაც მისი მეუღლე, ქალბატონი ირინა დევდარიანი ხელმძღვანელობს.

© photo: courtesy of Marina Gelashviliქართული ცენტრის ერთ-ერთ შეხვედრაზე
ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“ - Sputnik საქართველო
ქართული ცენტრის ერთ-ერთ შეხვედრაზე

– თუ შეიძლება, ჩვენ მკითხველს გააცანით ის საინტერესო პროექტები, რაც ამ ცენტრის ბაზაზეა განხორციელებული...

– ცენტრის დაფუძნების დღიდან ჩვენ დროისა და პრობლემების საპასუხო ბევრი საგანმანათლებლო პროექტი შევქმენით. განვახორციელეთ საკონცერტო პროგრამა „ემიგრანტის ნოსტალგია“, რომელსაც ქართველი ებრაელობაც ესწრებოდა. ამ კონცერტში უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა ცნობილმა მომღერლებმა – ბატონმა ალექსანდრე პელეგმა და იუზა მოშიაშვილმა, ასევე რუსულმა აკაპელამ, რომელმაც პატივისცემის ნიშნად “სულიკო“ მოგვიძღვნა. ამ დღისთვის საგანგებოდ იყო მოწვეული „ნუცას სკოლელი“ ნათია სუდაძე, რომელიც საკუთარი ხარჯებით ჩამოფრინდა, რათა ხელოვნების ცენტრისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. ამ დღეს საზოგადოებას წარვუდგინეთ და დავაჯილდოვეთ მრავალშვილიანი დედები და პოეტები, ასევე აღმოვაჩინეთ და ისრაელში გზა გავუკაფეთ ახალგაზრდა მომღერალს, სამი შვილის მამას, სულიკო კოროშინაძის ნამოწაფარს ვასო მელექსიშვილს.

© photo: courtesy of Marina Gelashviliმწერალ და დრამატურგ გურამ ბათიაშვილთან ერთად
ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“ - Sputnik საქართველო
მწერალ და დრამატურგ გურამ ბათიაშვილთან ერთად

– როგორც გავიგე, ისრაელის სახელმწიფო რადიო „რეკას“ ქართული განყოფილება აქტიურად აშუქებს თქვენ საქმიანობას...

– ისრაელის სახელმწიფო რადიო “რეკას“ ქართულმა განყოფილებამ გადაცემები მოგვიძღვნა, როცა ჩვენ გადავიწყვიტეთ გაგვეხსენებინა უსაყვარლესი მწერლის ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. მაშინ ჩვენ მოწოდებას ემიგრანტული ორგანიზაციები თუ ცალკეული ემიგრანტები ვიდეო-რგოლებით აქტიურად გამოეხმაურნენ თურქეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ისრაელიდან. მწერლის ქალიშვილთან, ქალბატონ მანანა დუმბაძესთან ერთად, საქართველოს საელჩოსა და დიასპორული ორგანიზაცია “მამულის“ ხელშეწყობით, ქალაქ ლოდში, საქართველოს საპატრიარქოს სახლში გაიმართა ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელსაც ქართველი ებრაელობა ესწრებოდა. რადიოს რედაქტორი მერი ამშიკაშვილი ქართული ფასეულობების ქომაგი და პატრიოტია და მისი ძალიან მადლიერი ვარ. ამ ქალბატონის შემოთავაზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით გალაკტიონისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსები წავუკითხეთ. ცალკე გადაცემა მივუძღვენით ქართველი კლასიკოსი მწერლის, ეროვნებით ებრაელი ჯემალ აჯიაშვილის მოღვაწეობა-შემოქმედებას. სულ ახლახან ვესტუმრეთ ჯვრის მონასტერს, სადაც ჩავატარეთ ლექცია-საუბრები და კალიგრაფიის კონკურსი. ერთმანეთს გავეჯიბრეთ რუსთაველის პოემის საზეპიროების კითხვაში. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, პირადი ფინანსებით და ენთუზიაზმით განხორციელდა. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მომავალში გამოჩნდებიან გულმართალი და საქართველოს მოყვარული ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაგვიწევენ.

© photo: courtesy of Marina Gelashviliსცენაზე იუზა მოშიაშვილთან ერთად
ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“ - Sputnik საქართველო
სცენაზე იუზა მოშიაშვილთან ერთად

– ამ ეტაპზე თქვენ საქმიანობაში ჩართული არიან ქართველი ებრაელები, ოფიციალური პირები და საქართველოდან ჩასული ემიგრანტები...

– დიახ, ჩვენ გარშემო გაერთიანდნენ საინტერესო და ჭკუამოსაკითხი ადამიანები, რომელთა შორის ქართველი ებრაელობაა. მოკლე დროში ძალიან ნაყოფიერი შედეგები დავდეთ. ცენტრის საქმიანობა უყურადღებოდ არ დარჩენია ისრაელში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს, ახლად დაფუძნებულ დიასპორულ ორგანიაცია “მამულს“, რომლებმაც საელჩოში საგანგებო შეხვედრა მოგვიწყვეს. მათ შესაძლებლობის ფარგლებში თანადგომა გამოგვიცხადეს და დღემდე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ჩვენი საქმიანობა ვრცლად გააშუქა გაზეთმა “მენორამ“, რომლის რედაქტორი გურამ ბათიაშვილია. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ეროვნებით ებრაელი, ყველაფერ ქართულზე უსაზღვროდ შეყვარებული და ისრაელშიც ქართულ-ებრაული ტრადიციების თანაბრად ქომაგი, მხატვარი იოჰევედ-ციალა იოსებაშვილია. საორგანიზაციო საბჭოს წარმოადგენენ ზურაბ პოპიაშვილი, გოჩა ბაბუნაშვილი და კობა ბერიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფებიან და სამშობლოს ახლა ამ სარბიელიდან ემსახურებიან. ბატონი ზურაბ პოპიაშვილი მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას ხელმძღვანელობს. საბჭოს აქტიური წევრია ექიმი და პოეტი, საქართველოს სვე-ბედზე ჩაფიქრებული ქართველი-ებრაელი, ბატონი გია მოშიაშვილი, ასევე ჩვენ გვერდითაა ამჟამად ისრაელის მოქალაქე, მაგრამ საქართველოს ჭირისუფალი ქალბატონი თამარ წერეთელი.

© photo: courtesy of Marina Gelashviliკომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამოზე ისრაელში
ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“ - Sputnik საქართველო
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამოზე ისრაელში

– ისრაელი სასწაულების ქვეყანაა, რაიმე მოულოდნელ შეხვედრას ხომ არ გაიხსენებთ?

– ერთ ამბავს გავიხსენებ: ახალი ჩამოსული ვიყავი ისრაელში და ქართველი ებრაელი ქალბატონების ორგანიზაციის მორიგ ღონისძიებას ვესწრებოდი. ჩემ გვერდით მსხდომი გამომსვლელები საინტერესოდ საუბრობდნენ. ყურადღებით ვისმენდი და ვინიშნავდი თითოეულის გამოსვლას. ჩემ გვერდით მჯდომმა უფროსი თაობის წარმომადგენელმა ქალბატონმა მკითხა, საიდან ბრძანდებით, ჟურნალისტი ხართო? საქართველოდან ვარ, ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ თუ რამე მაინტერესებს, ხანდახან ვწერ და ვინიშნავ–მეთქი. ვუთხარი, მარინა გელაშვილი ვარ–მეთქი. მან უცებ გაიხსენა, ერთ მარინა გელაშვილს ვიცნობ საქართველოშიო. დავინტერესდი, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი სეხნია, რომელსაც ასეთი სიყვარულით იხსენებდნენ ისრაელში. ქალბატონმა განაგრძო – ათი წლის წინ ჟურნალში “ჩვენი მწერლობა“ მან გამოაქვეყნა ინტერვიუ რუბენ ენოხთან (რუბენ ენუქაშვილი - პროფესორი, ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს). არაჩვეულებრივი წერილი იყო, რომელსაც დღემდე ვინახავო. მე გული ამიფრიალდა და აღელვებულმა ვუთხარი, რომ სწორედ ის მარინა გელაშვილი ვიყავი... ქალბატონმა სიმა თავდიმ (თავდიდიშვილმა) სიყვარულით ჩამიკრა გულში, ხელი ჩამჭიდა და იქ მყოფებს მიმართა: იცით, ეს ვინ არის, ხომ გახსოვთ ინტერვიუ რუბენ ენოხთან?! - მისი ავტორიაო. მე ამ წერილის ასე დამახსოვრებამ გამაოცა და ძალიან გამახარა. თუმცა იმ წერილს საქართველოშიც კარგი გამოხმაურება მოჰყვა თავის დროზე. საქმე ის არის, რომ ის წერილი რუბენ ენოხის ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მოღვაწეობას და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს ეხებოდა. იმ საღამოსვე გავიცანი პოეტი ქალბატონი ნანა დვირი, რომელიც „ქართული ხელოვნების ცენტრს“ ისრაელში დაფუძნების დღიდან გვერდში უდგას.

© photo: courtesy of Marina Gelashviliმარინა გელაშვილი რეზო ჩხეიძესთან ერთად
ქართული საქმეები ისრაელში და „საქართველოში დაკარგული საქართველო“ - Sputnik საქართველო
მარინა გელაშვილი რეზო ჩხეიძესთან ერთად

– რა ენატრებათ ქართველ ებრაელებს საქართველოში?

– რა ენატრებათ ქართველ ებრაელებს ისრაელში? – წაიკითხეთ გია მოშიაშვილის ლექსი “რა არის სული ქართული, ნეტავ ვინ ახსნის ამასა?!“ და მიხვდებით და იგრძნობთ... ამას წინათ პოეტმა გია მოშიაშვილმა ოჯახში მიგვიპატიჟა, გვიმასპინძლა და გვითამადა. მან იქ თავისი უნიჭიერესი, კაფანდარა დედა გაგვაცნო. ეს ქალბატონი ქუთაისიდანაა, ქართველი ებრაელი, რომელიც 84 წლის ასაკშიც კი ქართული პოეზიის ენით საუბრობს. ამ ქალბატონის მოსმენის შემდეგ ყველა მიხვდება – რა ენატრებათ... მათ ენატრებათ ისეთი საქართველო, როგორიც მათ წამოსვლამდე დატოვეს, რომლის განვითარება-გაძლიერებაში საკუთარი შრომაც ჩააქსოვეს. ქართული მიწის სურნელი, ტყის შრიალი და წყაროთა ჩუხჩუხი ენატრებათ, ყველაფერი, რაც ქართულ-სურნელოვანია. ბევრი მათგანი დღესაც ხშირად დადის საქართველოში მოსაფერებელად და მშობლებისა და წინაპართა საფლავების მოსავლელად, მაგრამ უკან გულნატკენი ბრუნდებიან… ამის მიზეზი ის არის, რომ დღეს საქართველოში საქართველო იკარგება და ამას ქართველი ებრაელებიც ჩვენსავით განიცდიან...

 

ყველა ახალი ამბავი
0