ჯგუფი „დრო“ და მისი სიმღერით მოხიბლული ამერიკელი დედა-შვილი

გამოწერა
დრომ დიდი ხანია, დაამტკიცა, რომ ქართულმა ტრადიციულმა მუსიკამ ყველანაირ გამოცდას გაუძლო და ის უცხოეთშიც სარგებლობს პოპულარობით.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველი მომღერლების შემოქმედება უცხოეთში მყოფი პუბილიკისთვისაც გახდა ადვილად ხელმისაწვდომი, ბევრი ქართველი მომღერალისა თუ ჯგუფის ცნობადობა ორჯერ გაიზარდა.

გვსურს წარმოგიდგინოთ ჯგუფი „დრო“, რომელიც ქართულ სიმღერებს ტრადიციული მანერით ასრულებს. ჰყავს საკუთარი აუდიტორია და მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა ივენთებსა და თუ შემოქმედებით საღამოებზე. ჯგუფის რეპერტუარი ჟანრობრივი მრავალფეროვნებით  გამოირჩევა. ისინი ასრულებენ: ჯანო კახიძის, გოგი ცაბაძის, რევაზ ლაღიძის, რუსუდან სეფისკვერაძის, ნიაზ დიასამიძისა და ირაკლი ჩარკვიანისა და სხვა კომპოზიტორების სიმღერებს...

ამას წინათ ისევ სოციალური ქსელების მეშვეობით მათი ნამღერი შორეულ ამერიკაში მოისმინეს და ამ ამაღელვებელ ამბავს ახლა ჯგუფის ერთი წევრი, გიგა ჯალაღონია მოგვიყვება.

© photo: courtesy of Group "Dro"ჯგუფი "დრო"
ჯგუფი „დრო“ და მისი სიმღერით მოხიბლული ამერიკელი დედა-შვილი - Sputnik საქართველო
ჯგუფი "დრო"

- გიგა, როგორც გავიგე, ერთი ქალბატონი, რომელიც შორეულ ამერიკაშია ძალიან მოიხიბლა ჯანო კახიძის მიერ დაწერილი სიმღერით „ხმა ვედრებისა”, რომელიც ფაქტობრივად, თქვენი ჯგუფის სავიზიტო ბარათია გახდა. მოგვიყევით ეს ამბავი...

- ერთ საღამოს, ჩვენთვის უცნობმა პიროვნებამ ფეისბუკზე მომწერა, რომ მოისმინა ჩვენი ნამღერი, რითაც მთელი ოჯახი აღფრთოვანებული იყო. ამ ადამიანს ერქვა ჯონ ჰეერსი (John Heers) და ის ამერიკიდან იყო. თურმე მის დედას როცა მოუსმენია სიმღერა „ხმა ვედრებისა” მას შემდეგ ასეთი რამ ხდებოდა: ამ სიმღერას ყველა მის მეზობელს თუ მეგობარს, თურმე სახლში შემოსვლისთანავე ასმენინებდა, თან ეუბნებოდა: „ნახეთ, რა კარგი რამ აღმოვაჩინე, აუცილებლად უნდა მოისმინოთო!“.  ჯონმა გვითხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა და ჩვენი ნახვის გარეშე არ წავიდოდა. როცა ჯონმა დააპირა საქართველოში ჩამოსვლა, მისი დედა ავად გამხდარა და ასაკიდან გამომდინარე, მისთვის ფრენა აუკრძალავთ. ჯონი და მისი მეუღლე კი მაინც ჩამოფრინდნენ საქართველოში და ჩვენი შეხვედრაც დაინიშნა. როცა ერთმანეთს შევხვდით მათი გადამეტებული აღფრთოვანების გამო ცოტა არ იყო, დავიბენით, მაგრამ ამავდროულად ძალიან გვიხაროდა.

-ამერიკელ ქალბატონთან თქვენი ვირტუალური შეხვედრა მაინც შედგა?

- ახლავე მოგახსენებთ: უამრავი სადღეგრძელოს, ხუმრობისა და სიმღერის შემდეგ, ჯონი წამოდგა და დედის სადღეგრძელო წარმოთქვა. ის მანამდეც იყო საქართველოში ნაყოფი და ჩვენი სუფრის ტრადიციები კარგად ჰქონდა შესწავლილი. მან დედაზე მთელი გრძნობით ისაუბრა და სუფრის თითოეული წევრი განაბული უსმენდა. საუბრის დასასრულს გადაწყვიტა დედისთვის დაერეკა და საქართველოდან სიყვარული აეხსნა. შემდეგ კი დედას სთხოვა, რომ არ გაეთიშა ტელეფონი, ხმამაღალ საუბარზე ჩართო და დასძინა: დედა, თხოვნა შეგისრულე და ახლა შენი ოცნების ახდენის დროაო. დედამისმა იკითხა: „რას გულისხმობ, ჯონ? '' ჯონმა ჩუმად გადმოგვაწოდა მობილური და გვთხოვა ის სიმღერა იმღერეთო. ჩვენც დავიწყეთ სიმღერა ,,ხმა ვედრებისა'' და უცბად ტელეფონიდან მოგვესმა: „ღმერთო ჩემო, ჯონ, ეს ხომ ჩვენი ბიჭები არიან, რა ბედნიერებაა''. სიმღერის დროს ჯონის საქციელმა მიიქცია ჩვენი ყურადღება - მას ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და ბავშვივით ტიროდა. ჩვენი სიმღერისთვის ხელი რომ არ შეეშალა, ჟესტიკულაციით გვიხდიდა მადლობას და თავს გვიხრიდა. ამ ფაქტმა ისე მძაფრად იმოქმედა ჩვენზე, რომ სიმღერა ძლივს ჩავამთავრეთ. ვფიქრობ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამ შემთხვევის შემდეგ არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ და აღარ ვიმღეროთ.

- გიგა, როდის და სად შეიკრიბეთ ჯგუფის წევრები?

-ჯგუფი „დროს" მუსიკალური მოღვაწეობა რა თქმა უნდა ემსახურება ქართული ტრადიციების გაგრძელებას. ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე შეიძლებს ითქვას, ის არის, რომ ახასიათებს მუსიკალურ - ჟანრობრივი მრავალფეროვნება. დავაკონკრეტოთ, ესენია: ტრადიციული ხალხური სიმღერა, ტრადიციული გალობა, ქალაქური სიმღერა, ფოლკ როკი და რეგის სტილის მუსიკა, რასაც უფრო  ექსპერიმენტულ მუსიკას დავარქმევდი. თავიდან ვიყავით შემადგენლობა, რომელიც მუსიკალურად აფორმებდა საღამოებს და სწორედ ამ შემადგენლობას რაღაც პერიოდის მერე გაგვიჩნდა იდეა, რომ ჯგუფად ჩამოვყალიბებულიყავით.

© photo: courtesy of Group "Dro"ჯგუფი "დრო"
ჯგუფი „დრო“ და მისი სიმღერით მოხიბლული ამერიკელი დედა-შვილი - Sputnik საქართველო
ჯგუფი "დრო"

ექვსი წელია, რაც ჯგუფი „დრო“ არსებობს. მის პირველ შემადგენლობაში ვიყავით ხუთი წევრი: ილია ნონიკაშვილი, ლაშა სიხარულიძე, ბექა კოვზიაშვილი, ვახტანგ ცეცხლაძე, გიგა ჯალაღონია, ამჟამადაც ხუთი წევრი ვართ, უბრალოდ, ილია ნონიკაშვილის მაგივრად (რომელიც უცხოეთში წავიდა) შემოგვემატა ახალი წევრი, მამუკა ხუციშვილი. ჯგუფში გიორგი მთაწმიდელის სახელობის ტრადიციული სიმღერის და საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები ვართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯგუფი „დრო“ მხოლოდ ლამაზი და მელოდიური სიმღერებით დაამახსოვრებინებს თავს ქართველ და უცხოელ მსმენელს...

 

ყველა ახალი ამბავი
0