მარი აზნარაშვილი

უცხოეთში ჩამოსულმა ვიგრძენი, რა ძალიან მყვარებია ჩემი ქვეყანა...

633
(განახლებულია 15:24 09.08.2018)
თეონა გოგნიაშვილი
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ბარსელონაში მცხოვრებ მარი აზნარაშვილს გაგაცნობთ.

უკვე 11 წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობს და შვიდი წელია ბარსელონას ტურისტულ სააგენტოში მუშაობს. სამსახურებრივად ევალება, რომ უცხოელებთან ესპანეთსა და ესპანურ კულტურას გაუწიოს პროპაგანდა, რასაც კარგად ართმევს თავს, მაგრამ… დროდადრო, ვერ ითმენს და უცხოელებს საქართველოზე ესაუბრება. მისი წყალობით ქართულ კულტურას და ტრადიციებს ბევრი ეზიარა და ბევრმა უკვე მოინახულა კიდეც საქართველო…

მარი აზნარაშვილს ბარსელონაში დავუკავშირდით.

მარი აზნარაშვილი
მარი აზნარაშვილი

გზა ბარსელონამდე

— ვერ ვიტყვი, რომ თელავიდან ბარსელონამდე გავლილი ჩემი გზა ია-ვარდით იყო მოფენილი, უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ უფლის მადლობელი ვარ იმისთვის, რაც და როგორც გავიარე. იყო ტკივილი, ცრემლი, მონატრება, იმედგაცრულება, მაგრამ ადამიანი თურმე ყველაფერს ეჩვევა. დავამთავრე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი ისტორია-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და ამ პროფესიით ჯერ კიდევ სტუდენტმა დავიწყე სკოლაში მუშაობა. ამის შემდეგ საკრებულოშიც  ვიმუშავე. პირველად იტალიაში წავედი, მაგრამ რადგან ჩემი ძმა ბარსელონაში ცხოვრობდა, მასთან ჩამოსვლა გადავწყვიტე, ვიფიქრე, მის გვერდით უფრო გამიადვილდებოდა უცხო ქვეყანაში ყოფნა და არც შევმცდარვარ…

მარი აზნარაშვილი
მარი აზნარაშვილი

-ქალბატონო მარი, ესპანელებს თურმე საქართველოზეც ბევრს ესაუბრებით და თქვენი წყალობით ბევრს გაუჩნდა სურვილი, რომ აქ ჩამოვიდეს…

— სამწუხაროდ ესპანეთში უმეტესობამ საქართველოს შესახებ არაფერი იცის. როდესაც ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, ზოგს ამერიკის შტატიდან ვგონივარ და ზოგიც რუსეთთან გვაიგივებს. მეც მონდომებით ვაცნობ მათ საქართველოს კულტურას, ჩვენს ისტორიას და ტრადიციებს, ვესაუბრები ქართული დამწერლობის შესახებ. მიხარია, რომ ჩემი წყალობით დღეს უკვე ბევრმა იცის ღვინის კულტურის შესახებ. იციან, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ღვინოს ქვევრში ვაყენებთ. ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და წელს ხუთი ესპანური ოჯახი წამოვიდა საქართველოში.

მარი აზნარაშვილი
მარი აზნარაშვილი

- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული ესპანელებს საქართველოს ტურს როგორ დაუგეგმავდით?

— ზოგადად ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩამოსულმა ესპანელმა პირველ რიგში, გერგეთის სამება უნდა ნახოს, გადახედოს ქვეყანას და სიტყვების გარეშეც მიხვდება ვინ ვართ, ვურჩევდი, მთაწმინდიდან გადახედოს ღამის თბილისს და ამ ქალაქის სულს ჩაწვდება, მერე ვურჩევდი, ჩემს კახეთში ჩავიდეს, კახელები გაიცნოს და მიხვდება — როგორ გავუძელით ამდენ მტერს და დუშმანს…

- ბარსელონაში რის ნახვას ურჩევთ ტურისტებს?

— უკვე შვიდი წელია, რაც ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობ. ტურისტი თითქმის ყველა ქვეყნიდან გვყავს. ბარსელონა ძალიან ლამაზი ქალაქია და აქ უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია. ესპანეთში ჩამოსულმა აუცილებლად უნდა ნახოს გაუდის ულამაზესი ქმნილებები, პირველ რიგში, საგრადა ფამილია (sagrada familia), მუბჯუიკის მთა, სადაც მეფის სასახლეა და მოცეკვავე შადრევანი, აგრეთვე უმშვენიერესი არქიტექტურით აშენებული წმ. პავლეს (ესპანურად პაუ) სახელობის საავადმყოფო, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. აგრეთვე ლაბირინთის პარკი, რამბლა კატალონია, კოლუმბის ქანდაკება, ცვილის ქანდაკებების მუზეუმი და კიდევ უამრავი რამ…

მარი აზნარაშვილი
მარი აზნარაშვილი

-  რა შეცვალა თქვენში ამ ქვეყანამ და ესპანელებთან ურთიერთობამ?

— ამ 11 წლის განმავლობაში ჩემში ბევრი არაფერი შეცვლილა. დავრჩი ის რაც ვიყავი, ერთი მომენტის გარდა —ადვილად აღარ ვენდობი ადამიანებს… არ აქვს მნიშვნელობა სად იქნები, უნდა იყო ის, რაც ხარ. პატიოსნებასა და ერთგულებას ყველგან აფასებენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს თვისებები ესპანეთში უფრო ფასდება. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით ვერავინ გვჯობნის და ეს მეამაყება.

„ცხოვრება ბრძოლაა და მას მოიგებ, თუკი“…

— ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის საკუთარი თავის პოვნა და ჩემი შვილის მომავლის უზრუნველყოფაა — მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ. მე მას შევუქმენი ყველა პირობა საიმისოდ, რომ წარმატებისთვის მიეღწია და დღეს ამაყი დედა ვარ. ვიპოვე საკუთარი თავი და მივხვდი, რომ ცხოვრება ბრძოლაა. ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებ- თუკი მოთმინების უნარი გაქვს. იქნები ის, ვინც ყოველთვის გინდოდა რომ ყოფილიყავი. პირად ცხოვრებაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: მართალი ყოფილა გამოთქმა:,,სიყვარულმა ასაკი არ იცისო''. არასდროს იცი როდის და სად გეწვევა ის ნანატრი გრძნობა, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდი…

მარი აზნარაშვილი და მისი ვაჟი
მარი აზნარაშვილი და მისი ვაჟი

- თელავური ამბებიდან რომელი გახსენდებათ?

— ძალიან  მენატრება ოჯახი და მეგობრები, ჩემი ლამაზი სოფელი, ბავშვობის უდარდელი წლები. მეგობრებთან ერთად ხშირად ვაწყობდი ექსკურსიებს, დავდიოდით კახეთის სხვადასხვა მხარეში, უკან დაბრუნებულები იმ დღეს ყოველთვის ძველი შუამთის მონასტრით ვამთავრებდით. აი, მერე იწყებოდა “მეორე განყოფილება“-კახურ სუფრაზე ერთმანეთს არ ვაცლიდით შთაბეჭდილებების გაზიარებას, მერე საუბრით დაღლილები სიმღერას ვიწყებდით და ჩვენზე ბედნიერი არავინ გვეგულებოდა. ასე გრძელდებოდა წლები… დღეს კი, მშობლიურ კუთხეს და მეგობრებს მოწყვეტილი უცხო ქვეყანაში ვარ და ის წლები უზომოდ მენატრება…

მარი აზნარაშვილი
მარი აზნარაშვილი

- ამბობენ, შორიდან უფრო კარგად ხვდები ამ ყველაფრის ფასს…

— პარადოქსია, მაგრამ ასე ყოფილა… თურმე სამშობლოს სიყვარული რომ უფრო ნათლად შეიგრძნო — უნდა მოგენატროს. ისე მოგენატროს, როგორც შორს წასული შვილი გენატრება. ამ გრძნობას სიშორე ვერ ახუნებს. ასევეა სამშობლოს სიყვარულიც. უცხოეთში ჩამოსულმა ვიგრძენი რა ძალიან მყვარებია ჩემი ქვეყანა. არ ვიცი, ალბათ ყველა ადამიანს აქვს ამოჩემებული რაიმე სიმღერა, რომელსაც როცა მარტოა, თავისთვის, ჩუმად ღიღინებს. მეც მაქვს ასეთი სიმღერა და დღემდე ვერ ვხვდებოდი ამის მიზეზს… ესაა ჯანსუღ კახიძის „ჰერიო ბიჭებო”, დღეს უკვე ვხვდები რატომ „ამოვიჩემე“… ამ სიმღერაში გადმოცემული ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ტკივილი და სიამაყე — ყველაფერია ერთად. დღესაც როცა განვმარტოვდები ხოლმე, ხშირად ვფიქრობ რა გადავიტანეთ, რის წყალობით გადავრჩით და უნებურად ვღიღინებ: „ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო, არ გაახაროთ მტერიო”….

633