პანკისი საშიში არ არის!

© photo: courtesy of Pankisi Camping მანო ქავთარაძე პანკისის ხეობაში
მანო ქავთარაძე პანკისის ხეობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა, რომელმაც პანკისში პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი მოაწყო

მანო ქავთარაძე ლაშქრობაზე და მთებზე შეყვარებული ეკონომისტია. საბანკო სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მთების სიყვარულმა ის კემფინგამდე მიიყვანა.

მანომ პანკისის ხეობის, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრ  ბეგი ბორჩაშვილთან ერთად იდეა რეალობად აქცია და რეგიონში პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი მოაწყო. მეგობრებმა USAID-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით  კარვები, საძილე ტომრები, ძირსაგებები, ჰამაკები, სალაშქრო ჩანთები შეიძინეს და დღეს უკვე ვიზიტორებს მასპინლობენ. „პანკისი არ არის საშიში“ – ეს ის მესიჯია, რომელსაც მანო ქართველ მოლაშქრეებს უგზავის.

© photo: courtesy of Mano Qavtaradzeმანო ქავთარაძე
პანკისი საშიში არ არის! - Sputnik საქართველო
მანო ქავთარაძე

- პროფესიით ეკონომისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ბანკში. ჩემი პროფესიული გამოცდილება მთლიანად უკავშირდება ფინანსურ სექტორს. სამსახურის პარალელურად ყოველთვის დავდიოდი ლაშქრობებში. შვებულებას ვატარებდი მთაში. შარშან წავედი ათ დღიან ლაშქრობაში პანკისში. იქიდან გადავედით თუშეთში და თუშეთიდან ხევსურეთში. ამ ლაშქრობის დროს გავიცანი პანკისელი ახალგაზრდები. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ქისტებთან. მანამდე არაფერი არ მქონდა გაგებული პანკისზე, გარდა იმ ცუდისა, რაც ტელევიზიით ისმის. ეს ათი დღე გავატარეთ ერთად მთაში. ძალიან დავმეგობრდით. როცა თბილისში დავბრუნდი, გავაგრძელე მათთან მეგობრობა.

სამწუხაროდ ტურიზმის მხრივ პანკისში აბსოლუტურად არაფერი არ არის, რელურად კი ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ხეობას. ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რომ შეგიძლია პანკისის მთებიდან თუშეთში გადახვიდე, ასევე ხევსურეთში, უკანა ფშავში. ერთი სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი იმიჯი აქვს, ქართველებიდან არავინ ჩადის, უცხოელები კი მხოლოდ ერთეულები.

© photo: courtesy of Pankisi Camping პანკისის ხეობა
პანკისი საშიში არ არის! - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობა

ლაშქრობის შემდეგ, როცა ეს ადგილები ვნახე, ძალიან მომეწონა. საქართველოში თითქმის ყველგან ვარ ნამყოფი, ყველა მთა მაქვს მოვლილი. ეს ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. რადგან ასეთი საინტერესო ადგილი აღმოჩნდა, გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდებისთვის ამ ადგილას რაიმე გასართობი, დასასვენებელი გამეკეთებინა.  ეს იდეა გავანდე ჩემს პანკისელ მეგობრებს. ამასთან ერთად მინდოდა, რომ ის სტერეოტიპი, რაც პანკისის შესახებ არსებობდა დამემსხვრია. თავიდანვე გაჩნდა იდეა, რომ ქემფინგის მსგავსი რამე გაგვეკეთებინა. სწორედ ამ დროს USAID-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი პანკისის რეგიონში. 4 000 ლარი იყო დაფინანსება. გადავწყვიტე ქემფინგზე დამეწერა პროექტი. ამ თანხით რა თქმა უნდა კოტეჯს ვერ ააშენებ, მაგარმ ქემფინგისთვის ინვენტარს შეიძენ. გავიმარჯვეთ  და მივიღეთ დაფინანსება.

© photo: courtesy of Pankisi Camping პანკისის ხეობა
პანკისი საშიში არ არის! - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობა

- თუმცა მოხოლოდ ინვენტარი არ კმარა. მიწის საკითხი როგორ მოაგვარეთ?

-  ადგილი გვაქვს ხადორის ხეობაში, ალაზნის პირას, ხადორის ჩანჩქერთან. თავის დროზე გავარკვიეთ, რომ ეს ადგილი შპს-ს საკუთრება იყო. დავუკავშირდით დირექტორს, რომელმაც უსასყიდლოდ დაგვითმო ეს ადგილი.  წელს ასე იქნება, მომავალ წელს როგორ იქნება არ ვიცი, ჯერ არ გვისაუბრია. ბეგი ბორჩაშვილი არის ჩემი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს პანკისში. ტერიტორიაზე ერთად ავაშენეთ ხის პატარა შენობა, შევიყვანეთ დენი და სხვა კომუნიკაცია. ესე საკითხი ბეგიმ ითავა.

© photo: courtesy of Pankisi Camping პანკისის ხეობა
პანკისი საშიში არ არის! - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობა

- გიდები გყავთ?

- დიახ, გიდები გვყავს. ახლახან პანკისში ჩატარდა სამთო-საფეხმავლო გიდის კურსები, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა, ასევე ბეგიმ და  ჩვენმა სამმა მეგობარმა. ყველამ ავიღეთ სერთიფიკატები, ანუ ოფიციალურად გვაქვს საფეხმავლო გიდის სერთიფიკატები. ასევე გვაქვს პირველადი სამედიცინო დახმარების სერთიფიკატები. სამთო-საფეხმავლო გიდის პროფესიას მე მაღალ დონეზე ვსწავლობ სახელმწიფო კოლეჯში, ბიჭებისთვის კი ეს სიახლე იყო. ძალიან კარგად იციან გზები, ბილიკები, ცხენზე ჯდომა და ეს დამატებითი ცოდნა ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო მათთვის.

© photo: courtesy of Pankisi Campingპანკისის ხეობა
პანკისი საშიში არ არის! - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობა

- რა მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?

- სტუმრებს ვთავაზობთ ერთიდან-ხუთ დღემდე ტურებს. შეგვიძლია პანკისიდან თუშეთში, ხოლო თუშეთიდან ხევსურეთში გადავიყვანოთ. გვყავს ჩვენი ცხენები და გვაქვს ასევე ცხენების გაქირავების სერვისი. გვაქვს ჯირითის შემსწავლელი გაკვეთილები. სტუმრები ხშირად გამოუცდელები არიან, არ იციან ცხენზე ჯირითი, ამიტომ პირველ დღეს ახლო ადგილებში დავატარებთ ცხენით და ვასწავლით ცხენზე ჯდომას. გარდა ამისა სტუმრებს ვთავაზობთ კულინარიულ ტურს. შესაძლებლობა აქვთ გასინჯონ ქისტური ტრადიციული კერძები, ქისტური ჰალვა და უალკოჰოლო ლუდი.

© photo: courtesy of Pankisi Camping პანკისის ხეობა
პანკისი საშიში არ არის! - Sputnik საქართველო
პანკისის ხეობა

- ამ ეტაპზე რამდენი ადამიანის მასპინძლობა შეგიძლიათ?

- ჩვენი ინვენტარით ამ ეტაპზე შეგვიძლია 45 ადამიანის მასპინძლობა, მაგრამ ტერიტორია არის დიდი და თუ ვინმეს ენდომება საკუთარი კარვით სტუმრობა, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0