ესპანელი ჩინოვნიკი, ბარსელონის ქართული ტაძარი და ბორჯომის ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ესპანეთში, ბარსელონაში „ჩადის“, რათა იქ მცხოვრები ერთი ქართველი ემიგრანტი გაგაცნოთ.

როდესაც ბორჯომის რაიონის მკვიდრი დიტო ბლიაძე რაიონულ თეატრში „თეთრი ბაირაღების“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს თამაშობდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს, მისი გმირის მსგავსად, უკვე მას ეტყოდა ცხოვრება: „მოშიაშვილი, ს ვეშჩამი!“ და ისიც სამშობლოსგან შორს აღმოჩნდებოდა…

პროფესიით ინფორმატიკის სპეციალისტია, საქართველოში პატარა ბიზნესი ჰქონდა და ბევრი ხალხი ჰყავდა დასაქმებული. პარალელურად ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სხვადასხვა შემოქმედებით და კულტურულ ღონისძიებებზე ხშირად გამოდიოდა.

© photo: courtesy of Dito Bliadzeკონცერტზე
კონცერტზე - Sputnik საქართველო
კონცერტზე

დიტო ბლიაძე: მარტო ბიზნეს–საქმიანობა არასოდეს მაკმაყოფილებდა, რადგან ცოტა შემოქმედებითი ადამიანი ვარ და სულიერებაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვმღეროდი ხალხურ სიმღერებს და რაიონის თეატრში სპექტაკლებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ყველაზე სახასიათო როლი ვითამაშე “თეთრ ბაირაღებში“, სადაც გიგლა მოშიაშვილი ვიყავი.

© photo: courtesy of Dito Bliadzeდიტო ბლიაძე კოლეგებთან ერთად
დიტო ბლიაძე კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
დიტო ბლიაძე კოლეგებთან ერთად

– ბატონო დიტო, ესპანეთს და უცხო ქვეყნის წესებს როგორ შეეგუეთ?

— აქ რომ ჩამოვედი, თავიდან ყველაფერი ადვილად და კარგად არ აეწყო, მაგრამ ბევრი შრომისა და სწავლის შემდეგ (ენის შესწავლა მაქვს მხედველობაში) ცხოვრება კარგისკენ შევცვალე. ესპანეთში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში ვგალობ. სხვადასხვა შეხვედრებზე გამოვდივარ და ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებ. ამ საქმეში მთელი ოჯახი – მეუღლეც და ბავშვიც ვართ ჩართული. თავიდან ნებისმიერ სამსახურს ვეძებდი, ხან რას ვპოულობდი და ხან რას. უკადრისი არასოდეს მიკადრია, რადგან ვიცი, პატიოსნება ყველა ქვეყანაში ერთნაირად ფასობს. ამჟამად მშენებლობის სფეროში ვარ დაკავებული, ვცდილობ ყველაფერი ავითვისო. ვმუშაობ ძალიან ბევრს, ვცდილობ ყველას დავეხმარო რითიც შემიძლია, განსაკუთრებით ახალ ჩამოსულებს. მყავს მეუღლე და ორი შვილი. მალე ტყუპებს ველოდებით…

© photo: courtesy of Dito Bliadzeდიტო ბლიაძე
დიტო ბლიაძე - Sputnik საქართველო
დიტო ბლიაძე

 ესპანელ ჩინოვნიკთან ურთიერთობა

დიტო ბლიაძე: ესპანეთში ბევრი ისეთი რამაა, რასაც ჩემ სამშობლოშიც ვისურვებდი. მაგალითად, აქაურებს წესრიგის და კანონის დაცვა უყვართ. აქ ერთი ესპანელი ჩინოვნიკი, კატალონიის აუდიტის უფროსი გავიცანი და მასთან ურთიერთობა მომიწია. ვერ წარმოიდგენთ, როგორი თავმდაბალი ადამიანია, ყველასთან მოკრძალებული და ბუნებრივი დამოკიდებულება აქვს. კარგი იქნებოდა, რომ ქართველი ჩინოვნიკებიც ასეთები იყვნენ, მაშინ ხალხის პრობლემებიც უფრო კარგად ეცოდინებოდათ და მათზე უფრო იზრუნებდნენ. მის ოჯახში პატიოსნებას ძალიან აფასებენ და ჩემმა მეუღლემ ძალიან შეაყვარა თავი. ბევრ რამეში დაგვიდგნენ გვერდში, ყველაფერს გვასწავლიდნენ, ადგილობრივ კანონებსაც გვიხსნიდნენ. მისი ძალიან მადლიერი ვართ. ძალიან კარგი და გულიანი ხალხია. საერთოდ, ეს არის ქვეყანა, რომელიც სამშობლოს მონატრებას გიმსუბუქებს. თუმცა სამშობლოს მონატრებას და სიყვარულს მაინც ვერაფერი გაანელებს…

© photo: courtesy of Dito Bliadzeდიტო ბლიაძე ოჯახთან ერთად
დიტო ბლიაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
დიტო ბლიაძე ოჯახთან ერთად

– რა გიადვილებთ ნოსტალგიას?

– სამშობლოს მონატრების შემსუბუქებაში ძალიან დამეხმარა აქ არსებული გარემო და ის დიდი ოჯახი, რასაც ქართული ტაძარი ჰქვია. ეს ის ადგილია, სადაც შენ ქვეყანაში გრძნობ თავს. ამაში ჩვენი სულიერი მოძღვარი, ჩემი ოჯახის და ყველასთვის საყვარელი ადამიანი, არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი გვეხმარება. მან აქ შექმნა ქართული საკვირაო სკოლები, სადაც ჩვენი შვილები ქართულად და ქართველებად იზრდებიან.  ისინი მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას, ისტორიას, ცეკვა-სიმღერას სწავლობენ და ქართულ კულტურას და ტრადიციებს ითვისებენ. გულახდილად ვამბობ, საქართველოში ყველაფერი მენატრება. როცა აქ პირველად ჩამოვედი, უცნაური რაღაც დამემართა, ვერ წარმოვიდგენდი ასეთი მგრძნობიარე თუ ვიქნებოდი: ვიგრძენი, რომ ჩემი ქვეყნის სურნელი მენატრებოდა. არ ვიცი როგორ ავხსნა – მანდ მიწას სპეციფიკური სუნი აქვს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მიწა შრება და გარემოში ყვავილებისა და კვირტების სუნი ტრიალებს. თუმცა, მანდ ყველაფერი სხვანაირია… ყველაზე მეტად ჩემი კუთხე – ბორჯომი მენატრება, სადაც სხვანაირი ცა არის, ვარსკვლავებით მოჭედილი… ასეთი რამ, რაც აქ ვარ, არასოდეს მინახავს. ოდესღაც დავბრუნდები და მანდ ახალ კეთილ საქმეს დავიწყებ… 

მე ქართველი ვარ და უცხოეთშიც ვცდილობ და ვახერხებ ქართულად ვიცხოვრო. მომავალში სადაც უნდა წავიდე, საქართველო სულ ჩემ გულში იქნება…

 

ყველა ახალი ამბავი
0