მევიოლინე, რომელიც ოთხი წლის ასაკში საოპერო სპექტაკლებზე დაჰყავდათ

© photo: courtesy of Irina Rostomashviliირინა როსტომაშვილი და მაესტრო ვახტანგ კახიძის ორკესტრი
ირინა როსტომაშვილი და მაესტრო ვახტანგ კახიძის ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „თინეიჯერი“ პერიოდულად ნიჭიერ ქართველ მოზარდებს გაცნობთ. დღეს მევიოლინე ირინა როსტომაშვილის გატაცებას, მის მთავარ არჩევანს და ცხოვრების პატარა და საინტერესო ამბებს გავეცნობით.

– ირინა, შენ ის კატეგორია ხარ, ვინც მუსიკის გაკვეთილებიდან არასოდეს გაპარულა…

— არა, რა თქმა უნდა, მუსიკა ძალიან მიყვარს. ვიოლონოს სწავლა ჩემთვის არავის დაუძალებია, პირიქით, სრული თავისუფლება მქონდა – რა პროფესიაც მინდოდა ის ამერჩია. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და ალბათ ეგონათ, რომ ჩემგან ექიმი უფრო დადგებოდა, ვიდრე მევიოლინე. ექიმი იმიტომ, რომ ეს სტანდარტული ქართული ვარიანტია და სხვების მსგავსად ჩემ მშობლებსაც უნდოდათ მათი შვილი ექიმი ყოფილიყო.

© photo: courtesy of Irina Rostomashviliირინა როსტომაშვილი
ირინა როსტომაშვილი - Sputnik საქართველო
ირინა როსტომაშვილი

– „ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდეს“ ვარიანტი იყო?

— დიახ, ნამდვილად ეგ იყო. თანაც ჩემ ოჯახში მუსიკოსი არავინაა. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, 4-5 წლის როცა ვიყავი, მამიდას ოპერაში ხშირად დავყავდი. მუსიკისადმი ჩემი ინტერესიც ალბათ იქ ჩაისახა. ოთხი წლის ასაკში თითქმის ყველა ბალეტს და ოპერას ვესწრებოდი.

– ეს ამბავი გახსოვს თუ გიყვებიან?

— თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი მახსოვს. მაგალითად, რა სპექტაკლებზე დავდიოდი. ბალეტი „ჟიზელი“ მაქვს ნანახი, ოპერა „რიგოლეტო“, ყველაზე მასშტაბურად კი ვერდის „აიდა“ მახსოვს, რადგან საოცარი სანახაობა იყო. კიდევ საორკესტრო ორმოსკენ მქონდა მთელი ყურადღება. მაინტერესებდა ის ადგილი, საიდანაც მუსიკა ისმოდა, მინდოდა გამეგო იქ რა ხდებოდა… ანტრაქტის დროს პირველ სართულზე ჩავდიოდი და საორკესტრო ორმოში ვაკვირდებოდი როგორ აწყობდნენ მუსიკოსები ინსტრუმენტებს. უკვე მაშინ მიიქცია ჩემი ყურადღება ვიოლინომ. თუმცა ნიჭიერთა ათწლედის მისაღებ გამოცდაზე უნდოდათ, რომ ფორტეპიანოზე ჩამებარებინა. ეს უკვე დაძალება იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ფორტეპიანოზე ადგილები შევსებული დაგვხვდა, ანუ გამიმართლა და ვიოლინოზე მოვხვდი.

© photo: courtesy of Irina Rostomashviliირინა როსტომაშვილი კოლეგებთან ერთად
ირინა როსტომაშვილი კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ირინა როსტომაშვილი კოლეგებთან ერთად

– დარწმუნებული ვარ, ვიოლინოსაც გაუმართლა, რომ ასეთ კარგ ხელში მოხვდა…

— გმადლობთ, იმედი მაქვს… ათწლედში რომ ვიყავი, მნიშვნელოვანი კონცერტები მქონდა. გასულ წელს, ორ მაისს კახიძის მუსიკალურ ცენტრში დავუკარი ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის საიუბილეო კონცერტზე. მაესტრო ვატო კახიძემ მთხოვა, რომ ამ კონცერტზე შემესრულებინა ებრაული მუსიკა, მაშინ დიდ დარბაზში დავუკარი. მანამდე პატარა კონკურსივით ჩაატარა და მოგვისმინა, რის შემდეგაც მე ამირჩია.

– ამ ეტაპზე „ნახევრადსტუდენტი“ ხარ…

— ახლა ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ, მაგრამ წესი ასეთია – ჯერ კონსერვატორიის გამოცდები ჩავაბარე, ასე ვთქვათ, ნახევრად სტუდენტი ვარ. ივლისში კონსერვატორიის შიდა ტური ბარდება და მერე სახელმწიფო გამოცდა. მე თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. საერთოდ მეგობრებთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. როცა საშუალება მაქვს, მათთან ერთად ქალაქიდან გავდივარ ბუნებაში, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ფუფუნებაა.

© photo: courtesy of Irina Rostomashviliირინა როსტომაშვილი
ირინა როსტომაშვილი - Sputnik საქართველო
ირინა როსტომაშვილი

– უფროსი თაობის ადამიანებზე რას იტყვით?

— მე დიდ ოჯახში ვცხოვრობ. ჩემი ბებია და ბაბუა 87-89 წლის არიან, მამა 50 წლისაა, ასე რომ, აქტიური შეხება მაქვს ჩემზე უფროს ადამიანებთან. ვიტყოდი, რომ უმეტესობას მოდერნიზაცია უჭირს, რათა სიახლეებს შეეგუოს. თუმცა ეს ყველას არ ეხება, რადგან არიან ისეთები, რომლებიც დროს უსწრებენ. ჩემ თაობაში ბევრია ასეთი. ჩემი აზრით, დროს უნდა უსწრებდე, მაგრამ ამავე დროს რეალობასაც უნდა უწევდე ანგარიშს. რთულია, რომ ორივე შეძლო. უფროსებს ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ, ცხოვრებაში ბევრი რამ აქვთ ნანახი და სწორი რჩევა-დარიგებების მოცემა შეუძლიათ. ხშირად მსმენია, რომ ჩემ თაობას უფროსები ხშირად აკრიტიკებენ. ვიცი, ჩემ თაობაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ და ქვეყნის მომავალზე რეალურად ზრუნავენ. მაგრამ არის ნაწილი, ვისაც არაფერი აინტერესებს და მათი მიზანია, ოღონდ კი ქვეყნიდან წავიდეს.

– „ოღონდ კი ქვეყნიდან წავიდე“ — თუ დადგება შენი დღის წესრიგში?

— არ ვიცი, ალბათ დადგება მომენტი, რომ სწავლის გაგრძელება უცხოეთში მომინდება, მაგრამ მერე დავბრუნდები. წელს მეც მქონდა „ოღონდ წასვლის“ ვარიანტი, მაგრამ არ მოვინდომე, იმიტომ რომ არ გამომადგებოდა და არ იყო ის ქვეყანა, რომელიც რაიმე ღირებულებას და ცოდნას მომცემდა. ვარჩიე აქ ჩამებარებინა.

– რა არის შენთვის ბედნიერება?

— რაც უფრო დიდ სცენაზე ვდგავარ, უფრო ბედნიერი ვარ. დღეს ორკესტრშიც ვუკრავ და ანსამბლშიც, რათა ბოლოს გავიგო, რომელია ჩემი ნამდვილი გზა, ჯერ ხომ 17 წლის ვარ… გაგიკვირდებათ და 15 წლის რომ გავხდი, ის ასაკი ძალიან განვიცადე, ვიფიქრე, ბავშვობა უკვე დამთავრდა–მეთქი. ახალი ცხოვრება კი დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა. დღეს ვოცნებობ იმაზე, რომ ნამდვილი მუსიკოსი გავხდე და დიდ სცენაზე გამოვიდე…

 

ყველა ახალი ამბავი
0