რეპრესირებული ბებიის თოჯინებად ქცეული ისტორია და „სიყვარულით შექმნილი“ ყოველი დღე

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილის ნამშევრების გამოფენა
თეა გუნთაიშვილის ნამშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარმა თეა გუნთაიშვილმა თოჯინების კეთება პატრიარქის ქადაგების შემდეგ დაიწყო. მისი პერსონალური გამოფენა, რომელსაც „მარგალიტები“ დაარქვა, ქართული კინოფილმების საყვარელი პერსონაჟი ქალბატონებისგან შედგებოდა.

იგი სალონი „მარიგოლდის“ პიარ-მენეჯერია და დაძაბული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად სახლში მინიმუმ სამ საათს მაინც თოჯინებთან ატარებს. საქართველოს გარდა არაერთი საერთაშორისო გამოფენის და ფესტივალის მონაწილეა: სტრასბურგში, ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინაში, ლონდონში, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში. მის კოლექციაში უკვე 70-მდე თოჯინაა, მათგან ყველაზე დიდი, ჩარლი ჩაპლინი 1.20 სმ-ია, ყველაზე პატარა კი 25 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილი და მისი ნამუშევრები
თეა გუნთაიშვილი და მისი ნამუშევრები - Sputnik საქართველო
თეა გუნთაიშვილი და მისი ნამუშევრები

– ქალბატონო თეა, ოჯახში მეოთხე თაობა ხართ, ვინც ხელოვნებას ემსახურება…

— დიახ, ხელოვნებისადმი სიყვარულს ბავშობიდან მინერგავდნენ. ჩემი ოჯახი რომ არა, ალბათ ასეთი გიჟური სიყვარული ხელოვნების მიმართ არ მექნებოდა. ჩემი დიდი ბაბუა ერმილე გორდელაძე ხელოვნების სამმართველოს უფროსი და რუსთაველის თეატრის დირექტორი იყო. იგი 1937 წელს დახვრიტეს. ბაბუა, ირაკლი გორდელაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, პლაკატის სახელოსნოს ხელმძღვანელი იყო. დედა მანანა გორდელაძე ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი, მოსე თოიძის სასწავლებლის დამსახურებული პედაგოგი გახლდათ.

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილის ნამუშევარი
თეა გუნთაიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თეა გუნთაიშვილის ნამუშევარი

– ანუ მათ „სხვა გზა არ დაგიტოვეს“ და მხატვარი გახდით?

— დიახ, მართლაც ასე იყო. ხატვა რომ დავიწყე, სამი წლის ვიყავი. ეს იყო ჩემი თამაშიც და გართობაც. ბაბუას უთქვამს, ეს ბავშვი ჩემ გზას გააგრძელებსო. ამის გამო სკოლის პარალელურად მიმიყვანეს სამხატვრო სკოლაში, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემ ჩამოყალიბებაში. შემდეგ იყო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. ეს იყო პერიოდი, როცა მქონდა ბედნიერება, რომ წლები უდიდეს მხატვრებთან გამეტარებინა. როგორც პროფესიონალი, მათთან ერთად ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი. ესენი იყვნენ: ბაბუა – ირაკლი გორდელაძე, დინარა ნოდია, გოგი წერეთელი, დიმა ერისთავი, ქეთი სანებლიძე, ემირ ბურჯანაძე და სხვები. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დავიწყე სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კათედრაზე მუშაობა. ეს დრო ჩემთვის ერთდროულად დიდი გამოცდილებაც იყო და გამოცდაც. მე მათ გვერდით ვიდექი როგორც კოლეგა.

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილის ნამუშევარი
თეა გუნთაიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თეა გუნთაიშვილის ნამუშევარი

– პარალელურად მოდის სამყაროშიც მოსინჯეთ ძალები. როგორ გახდით ერთ-ერთი წარმატებული ქართული ბრენდის პიარი?

— მეგობრების რჩევით გადავწყვიტე პიარ-სკოლაში მესწავლა, რადგან ყოველთვის გამოვირჩეოდი ორგანიზატორობით, მიყვარდა დღესასწაულების დაგეგმვა და გამორჩეული, ზოგჯერ გიჟური იდეებიც მაწუხებდა. დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. წლების განმავლობაში ქართული ბრენდი „მარიგოლდის“ პიარ-მენეჯერი ვარ. ასევე ორგანიზაციის ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის“ პიარ-მენეჯერიც ვარ. საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროექტებს ვწერ. „მარიგოლდი“ მეორე დიდი ოჯახია, სადაც მხოლოდ სიყვარულით კეთდება საქმე. ამიტომაც გვაქვს ასეთი სლოგანი: „სიყვარულით შექმნილი“. ჩემი დილა საყვარელი საქმით იწყება და ასევე საყვარელი თოჯინებით მთავრდება…

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილის ნამუშევარი
თეა გუნთაიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თეა გუნთაიშვილის ნამუშევარი

– მეთოჯინე როგორ გახდით?

— ჩემი მეორე სიცოცხლე მას შემდეგ დაიწყო, რაც თოჯინებს მოვკიდე ხელი. ეს უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ქადაგების შემდეგ მოხდა. ჩემი ოთხი თოჯინა — ქართული დედოფლები პატრიარქს გადავეცი საჩუქრად. მან დამლოცა და მირჩია, რომ ეს საქმე არასოდეს მივატოვო. ქალბატონ ელისო ბოლქვაძესაც ვაჩუქე თოჯინა, ასევე ვუსახსოვრე ის ჩემ პედაგოგს, ბატონ ზურაბ წერეთელსაც. ცხოვრებაში მქონდა მძიმე პერიოდი, როცა სამ წელიწადში მამა და ბებიები დავკარგე. ეს იყო ტკივილი, რომელსაც თავზე ვერავის მოვახვევდი. როცა თოჯინების კეთება დავიწყე ძალიან შევიცვალე. დღეს ადამიანებს უკვე სხვა თვალით ვუყურებ და მათში მხოლოდ კარგს ვეძებ.

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილის ნამუშევრები
თეა გუნთაიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
თეა გუნთაიშვილის ნამუშევრები

– თქვენს ერთ ნამუშევარს ჰქვია „ბებიისა და შვილიშვილის პატარა ისტორია"…

— ჩემი პირველი თოჯინა იყო ნოდარ დუმბაძის ოლღა ბებია. იქიდან გამომდინარე, რომ გურული ბებიები მყავდა, ოლღა ბებიას თოჯინა მათ ხსოვნას მივუძღვენი — ის ხომ მთელი საქართველოს ბებია იყო. ჩემი უსაყვარლესი თოჯინების კომპოზიცია, რომელიც მუზეუმების გაერთიანების პროექტის „უთქმელის“ მიხედვით გავაკეთე, ჩემი დიდი ბებიის ოლია დადიანის ოჯახის ისტორიაზეა. ზემოთ აღვნიშნე, რომ ჩემი ოჯახი რეპრესირებულია, როცა დედაჩემის ბებია გადასახლებიდან ჩაბრუნდა, ერთადერთი შვილი უკვე დაოჯახებული დახვდა. ჩემი ეს კომპოზიცია ბებიისა და შვილიშვილის უთქმელ სიყვარულს გამოხატავს.

© photo: courtesy of Tea Guntaishvili's dollsთეა გუნთაიშვილის ნამუშევრები
თეა გუნთაიშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
თეა გუნთაიშვილის ნამუშევრები

ხელსაქმის სიყვარული დედას ბებიამ ასწავლა. კომპოზიციის ოთახის დეკორაცია შეძლებისდაგვარად დედის მოგონებებით გავაკეთე. მაქვს მამაკაცი თოჯინები, რომლებიც სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში არიან გამოწყობილი. როგორც გითხარით, თოჯინები ბავშვობას მაგონებს და მათთან ურთიერთობით მეც დიდი ბავშვი გავხდი. ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობის მოგონებებია, დღეს ისეთივე ლაღი ვარ, როგორიც მაშინ ვიყავი. მე მათ ველაპარაკები და ყველა საიდუმლოს ვანდობ. ისინი კი ჩემთან ერთად იცინიან და ტირიან…

 

ყველა ახალი ამბავი
0