ალექსანდრე თექთუმანიძე

ქართველმა თინეიჯერმა სიზმრის მართვის ხელსაწყო გამოიგონა

694
(განახლებულია 18:07 11.06.2018)
თეონა გოგნიაშვილი
სიზმრების მართვა, როგორც ჩანს, არც ისე უტოპიური ყოფილა...

ზღაპრებში რომ რაციონალური მარცვალია, ამის შესახებ დღეს ყველამ იცის. ალბათ გახსოვთ ანიმაციური ფილმი „სიზმარა“, რომლის ფრაზებით ბავშვობაში ხშირად ვსარგებლობდით. მაგალითად, „რა ამბავია სულ ვირთხები რომ მესიზმრება?! ერთი ნორმალური სიზმარი მომენატრა“, ან „ჩემი სიზმარი – შენ, ჩემი სიზმარი – შენ!..“ იმ ფილმში ძილის მინიტრიც არის, იმედია, მსგავსი სამინისტრო საქართველოს რეალობას ასცდება, მაგრამ…

ეტყობა, 17 წლის თბილისელ ალექსანდრე თექთუმანიძეს ამ თემაზე სხვებზე მეტი უფიქრია, რადგან სიზმართან დაკავშირებულ საკუთარ პროექტზე ფაბლაბის ელექტრონიკის ლაბორატორიაში უკვე აქტიურად მუშაობს. მომავალში მას სურს ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბაროს, რადგან ასტროფიზიკა, თერმოდინამიკა და კვანტური ფიზიკა აინტერესებს. გადავწყვიტეთ, რომ მისი უჩვეულო იდეის შესახებ უფრო კონკრეტულად გაგვეგო.

ალექსანდრე თექთუმანიძე
ალექსანდრე თექთუმანიძე

– ალექს, მოდი, თავიდანვე გკითხავთ მთავარს, მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ გამოგონილი ხელსაწყოთი სიზმრების მართვა გახდება შესაძლებელი?

— დიახ, საბოლოო შედეგი ეგ არის… ანუ, ჩემი მოწყობილობა სიზმარში შეგახსენებს, რომ გძინავს და შედეგი არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ სიზმრის მართვას. ოთხი წლის წინ დავიწყე ვარჯიში, რომ ე.წ. ლუციდური სიზმარი გამომსვლოდა და ამ იდეაზე დღემდე ვმუშაობ. გადავწყვიტე, რომ გამომეგონებინა მოწყობილობა, რომლითაც ადამიანისთვის სხვადასხვა სენსორების საშუალებით REM ფაზის გამოცნობა გახდებოდა შესაძლებელი, ანუ მას მიანიშნებდა, რომ სძინავს.

ალექსანდრე თექთუმანიძე
ალექსანდრე თექთუმანიძე

– ეს მოწყობილობა ტექნიკურად როგორ გამოიყენება?

— ეს იქნება თავზე გასაკეთებელი ნიღაბი, თვალებზე იქნება განლაგებული დიოდები, ანუ პატარა ნათურები, რომლებიც ძლიერად ანათებს. ამ იდეის განხორციელება ელექტრონიკის ლაბორატორიაში დავიწყე. აქ პროდუქტის ტექნიკურ მხარეზე მუშაობა ხდება. თუმცა, ჯერ, მოდი, უბრალოდ სიზმარზე გეტყვით, რომ მკითხველისთვის უფრო გასაგები გახდეს ის, რაზეც ვსაუბრობ. 20-იან წლებში ჩიკაგოში მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, სიზმარი ოთხ-ექვს ციკლად იყოფა. გააჩნია, ადამიანს რამდენი ხანი სძინავს. თითო ციკლი დაახლოებით საათნახევარი გრძელდება. ყოველი ციკლის ბოლოს ადამიანი სიზმარს ხედავს. ეს ციკლი თავისთავად ფაზებადაა დაყოფილი. სიზმრის ციკლი ხუთი ფაზისგან შედგება და ყველა მათგანს თავისი სახელი აქვს. მეხუთე ფაზას თვალების ჩქარი მოძრაობის ფაზა ჰქვია, ან ჩქარი ძილის ფაზა, რომლის დროსაც ადამიანი სიზმარს ხედავს. ამ დროს იზრდება ადამიანის ტვინის აქტივობა და პულსი ჩქარდება, ცხადში გაცილებით ნელი პულსი აქვს. თუ ჩვენ სენსორებს დავაყენებთ, რომელიც შეძლებს დააფიქსიროს, რომ ადამიანი უკვე ამ ფაზაშია, შეგვიძლია რაღაც ნიშანი მივაწოდოთ, რათა ადამიანმა სიზმარშივე იცოდეს, რომ სძინავს. ნიღაბში იქნება სენსორის პლატა, რომელიც მთელ ამ მოწყობილობას აკონტროლებს. არის myo–სენსორი, რომელიც პულსის სიჩქარეს და „დაჭიმულობას“ ზომავს. როცა პულსი დაჭიმულია, თვალის კუნთების დაჭიმულობასაც და თვალის მოძრაობასაც დავადგენთ.

ალექსანდრე თექთუმანიძე
ალექსანდრე თექთუმანიძის სამუშაო მაგიდა

– შეიძლება, რომ უფრო კონკრეტულად განვმარტოთ — რას ნიშნავს სიზმრის მართვა?

— სიზმრის მართვა — ეს ტერმინი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში გაჩნდა. ცნობილია ლუციდური, ანუ გაცნობიერებული სიზმარი. ამას ძალიან ბევრი მეცნიერი იყენებდა. არსებობს სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები. თავიდან, სანამ ელექტრონიკის უფრო ღრმად შესწავლას დავიწყებდი, მეც მაგას ვიყენებდი. ამას გარდა სხვადასხვა ვარჯიშები არსებობს. როცა სიზმარს ვსწავლობდი, ვნახე, რომ არსებობს ბევრი ვარჯიში, მაგალითად, რეალობის შემოწმების ვარჯიში და თუ ამგვარი ვარჯიში ჩვევაში გადავიდა, მერე ადამიანი სიზმარშიც შეძლებს, რომ ეს შეამოწმოს. თუ ერთხელ შეამოწმებს და მიხვდება, რომ სძინავს, ამის მერე უკვე იმასაც შეძლებს, რომ საკუთარი სიზმარი მართოს.

– მართოს, ანუ სიზმრის შინაარსიც შეცვალოს?

— დიახ, ზუსტად ასეა. დაესიზმროს ის, რაც მას უნდა. სიზმარი ხომ წარმოდგენის ნაწილია? თქვენ ხომ შეგიძლიათ რაღაც სურათი წარმოიდგინოთ? სიზმარშიც იგივეა. მაგრამ სიზმარში ადამიანის ტვინი ერთ საგანზეა კონცენტრირებული და ადამიანი იმას ხედავს, რაზეც ფიქრობს. ზოგადად, ჩვეულებრივი, ანუ არაკონტროლირებადი სიზმარი, რომელიც თავისით გვესიზმრება, იქიდან გამომდინარეობს, რაზეც ადამიანი ფიქრობს. აქ ბევრი ასპექტია შეუსწავლელი, სწორედ ამიტომაა ჩემთვის ეს თემა საინტერესო.

ალექსანდრე თექთუმანიძე
სიზმრების სამართავი ხელსაწყო

– ალბათ ამას რაღაც პრობლემებიც ახლავს თავისთავად…

— რასაკვირველია, ახლავს. როცა ადამიანი აცნობიერებს რომ სძინავს, მაგ დროს ძალიან იზრდება ტვინის აქტივობა, იმიტომ რომ ღელავს. თუ ეს აქტივობა საკმარისად გაიზარდა, ადამიანს უკვე გაეღვიძება, რადგან არსებობს გარკვეული ლიმიტი და თუ ის ამოიწურა, ადამიანს უბრალოდ გაეღვიძება. სწორედ მაგის შენარჩუნებაა რთული, რომ ეს გავახანგრძლივოთ. ეს აქტივობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, მაგრამ არც იმდენად, რომ ადამიანს გაეღვიძოს. აი, ამის გაკონტროლებაა ცოტა რთული, მაგრამ ადამიანი თუ მოისურვებს, ამასაც ადვილად შეეჩვევა. მაგალითად, რუსეთში არსებობს ასეთი სკოლა, სადაც მწვრთნელები ადამიანებს სიზმრების მართვაში ავარჯიშებენ. ამისთვის თვეებია საჭირო.

– თავად ბევრ სიზმარს ხედავთ?

— კი, ბევრს ვხედავ და მათ შორის ფერად სიზმრებსაც. საერთოდ, სიზმარს ყველა ხედავს, ახალშობილი ბავშვებიც კი. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანი ღამეში ხუთ–ექვს სიზმარს ხედავს, თუმცა მხოლოდ ბოლო გვამახსოვრდება, იმიტომ რომ ყველაზე ახლოსაა გაღვიძებასთან.

– თქვენმა იდეამ მსოფლიო ოლიმპიადაზე ინტერესი გამოიწვია?

— დიახ, ეს იდეა წარვადგინე ოლიმპიადაზე, რომელზეც მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ეს ოლიმპიადა ამჯერად საქართველოში ჩატარდა. ამ იდეამ ინტერესი გამოიწვია და ფინალშიც გავედი, მაგრამ ეს მოწყობილობა ზუსტად სამ დღე-ღამეში უნდა ამეწყო. საჩვენებელი ვერსია ავაწყვე, მაგრამ ფინალში მსაჯებს ვერ დავუმტკიცე, რომ ასეთი სიზმარი არსებობს…

694