ჩემი ერთადერთი სამშობლო – დედამიწაა, ხოლო ერთადერთი ერი, რომელსაც ვცნობ – კაცობრიობა

© Photo: Courtesy of David Boteraდავით ბოთერა შოთა წვენიაშვილის ქართული ფოლკლორული ცეკვების ანსამბლის წევრების გარემოცვაში
დავით ბოთერა შოთა წვენიაშვილის ქართული ფოლკლორული ცეკვების ანსამბლის წევრების გარემოცვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავიდ ბოთერა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლექციები აქვს წაკითხული ხაიფის, სორბონის, ჯავახიშვილის, ჰაიდელბერგისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების პოლიტოლოგიის კათედრებზე. 14 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა და დღემდე უნაკლოდ საუბრობს ქართულად და თავის სამეცნიერო თუ სხვა სახის ნაშრომებსა და პუბლიკაციებს ამ ენაზეც წერს.

ბატონი დავიდი წლების განმავლობაში ავსტრიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

როგორ თავად ამბობს: „დასავლეთში მე მხოლოდ ფიზიკურად ვარსებობდი, სულიერად და გონებრივად კი დღემდე საქართველოში, თქვენთან ერთად ვიმყოფები“… მას ისრაელში დავუკავშირდით.

© Photo: Courtesy of David Boteraდავიდ ბოთერა
დავიდ ბოთერა - Sputnik საქართველო
დავიდ ბოთერა

– ბატონო დავიდ, თქვენ 45 წლის წინ, 14 წლის ასაკში დატოვეთ საქართველო, სადაც ახალციხეში ცხოვრობდით და ის წლები აღწერეთ ნარკვევში "ჩანახატები რაბათის ებრაელთა ყაიდებისას", რა წლები იყო ეს?

— მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის წინ დავტოვე საქართველო, ჩემში დღემდე არ ჩამქრალა იმედის ის ნაპერწკალი, რომ თუ რამ ცოდნა, გამოცდილება და ხედვა გამაჩნია, ჩემ ხალხს მოვახმარო. ახალციხეში ჩვენ ოჯახს საბჭოთა ხელისუფლებამ ბინად გურამიშვილის ქუჩის 19 ნომერში ერდოიანი სახლი მიუჩინა. ბაბუაჩემი სამამულო ომის დასრულების წინა პერიოდში ქუთაისის საპატიმროში იქნა გამწესებული, სადაც ქაშერული საკვების უქონლობის, დაქვეითებული იმუნიტეტისა და კვების უკმარისობის გამო 1952 წელს ციხეშივე გარდაიცვალა. რაოდენ საოცრადაც უნდა ჟღერდეს, ჩვენ უბანში პირველი ოჯახი ვიყავით, ვისაც რადიომიმღები, პატეფონი და, ყოვლად დაუჯერებელია, მაგრამ "რუბინის" ფირმის კომბინირებული ტელევიზორი გვედგა სახლში, რომლის გამართვაც ერდოს მანსარდზე ხუთი მეტრის სიმაღლის ანძის მონტირებას საჭიროებდა, რაც, თავისთავად, მეზობლების ცნობისმოყვარეობას იწვევდა. ბაბოჩემი, გეოთ რახელა უამრავ სურნელოვან კერძებს შორის ფაშვბუმბარს, ჩანახს, ყაურმას, ყაზანგუფთას, ხენაგს, ხოლო შაბათობითა და სადღესასწაულოდ – ყალიასა და შეჭამანდს ამზადებდა. ბავშვობიდან ბევრი რამ შემორჩა მეხსიერებას, რაც აღწერილი მაქვს ჩემ ნარკვევში „ჩანახატები რაბათის ებრაელთა ყაიდებისას".

© Photo: Courtesy of David Boteraმეგობრებთან ერთად, 1987
მეგობრებთან ერთად, 1987 - Sputnik საქართველო
მეგობრებთან ერთად, 1987

– გაიხსენეთ გამორჩეული პერსონაჟები თქვენი „ბავშვობის წიგნიდან“…

— ერთ-ერთი საინტერესო „პერსონაჟი“ სონა იყო. არ არსებობდა ისეთი დაავადება, ან ავადმყოფი, რომლის განკურნვაც ბუჟოთ სონას მიერ სარეველებით დამზადებულ მალამოს ვერ შეძლებოდა. როგორც მას ვეძახდი, "სონა ტოტა" ოთხმოც წელს გადაცილებული და მაინც წარმოუდგენელი ხიბლითა და სილამაზით შემკობილი მანდილოსანი ბრძანდებოდა. მისი ზღვისფერი, ელვარე, მბურღავი და თანაც აზრიანი თვალების მზერას ფეხის თითებშიც კი იგრძნობდი. ბაბოჩემის ძმას ბინიას უსწავლებია სონა ტოტასთვის ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე წერა–კითხვა და ბინიასვე უზიარებია სონა ტოტასთვის მარქსის,  ფურიეს, კამპანელას, მორუსის, სენ სიმონის, ბაირონისა და სხვა მრავალი გენიალური მოაზროვნეების იდეები, რომელთა კრებულების ორიგინალური ასლებიც სათუთად შემოენახა სონა ტოტას და რომლებსაც ყოველდღიურად მიკითხავდა.

© Photo: Courtesy of David Boteraახალციხეში გატარებული ბავშვობა
ახალციხეში გატარებული ბავშვობა - Sputnik საქართველო
ახალციხეში გატარებული ბავშვობა

– როგორ ცხოვრობდა რაბათის ებრაელობა და თუ აღნიშნავდნენ ებრაულ დღესასწაულებს?

— რა თქმა უნდა, აღნიშნავდნენ. რაბათის უბანში ყველაზე მეტი ჟრიამული და მომხიბვლელი ხანუქისა და ფურუმის დღესასწაულებში იყო, განსაკუთრებით, თუ მათი თარიღები შობისა და აღდგომის დღესასწაულებსაც ემთხვეოდა, რადგან მთელი უბნის ქალები ერთი კვირით ადრე სადღესასწაულო სამზადისს იჭერდნენ და ნაშუადღევს მდელოზე იკრიბებოდნენ, სადაც ხინკლის ვახშამზე დანაძლევებულები გარემოს შეძახილებითა და სიცილ-ხარხარში ჩაშკობანას თამაშით იკლებდნენ. სალოცავად იმდენი ჯამაათი იყრიდა თავს, რომ ზემოთა ლოცვაზე ტევა არ იყო. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვედა ლოცვა ახალგაზრდულ კლუბად გადააკეთა, სადაც კლუბად ამოქმედების პირველ დღეს კინოფილმები "სპარტაკი" და "დაკები" ერთდროულად გაუშვეს, რასაც მთელი უბნის ბავშვები ვესწრებოდით. უფრო მოგვიანებით ქვედა ლოცვის შენობაში მუშტი-კრივის სავარჯიშო დარბაზი განათავსეს…

© Photo: Courtesy of David Boteraდავიდ ბოთერა იუზა მოშიაშვილთან ერთად
დავიდ ბოთერა იუზა მოშიაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
დავიდ ბოთერა იუზა მოშიაშვილთან ერთად

– ისრაელში გამგზავრების წინ სახელმწიფო უშიშროებამ, თურმე, თავისებური გამოცდა მოგიწყოთ, რაც „ხუთიანზე“ ჩააბარეთ, შეგიძლიათ მკითხველს უამბოთ რა მოხდა?

— ამბავი ასეთია: ისრაელში გამომგზავრების წინ ბავშვები სკოლიდან სათაფლიაზე წავედით ექსკურსიაზე. დედამ წინასწარ გამაფრთხილა, რომ მსგავს სიტუაციებში ხშირი იყო შემთხვევა, როცა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი შეცდომაში შეიყვანდა ისრაელში მიმავალ ახალგაზრდებს, რაღაც მიზეზს გამოუძებნიდა და აპატიმრებდა. ამიტომ სანამ მშვიდობიანად გავაღწევდით საბჭოთა კავშირის საზღვრებს, სიფრთხილე მმართებდა, ხათაბალას რომ არ გადავყროდი. მართლაც, „კაგებემ“ ჩვენი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის ახალგაზრდა მდივანი ციცინო მომიჩინა. მათი განზრახვით, შემოთავაზებაზე ჩემი თანხმობის შემთხვევაში მასთან სქესობრივი კავშირი უნდა დამემყარებინა, ხოლო სპეციალურად ჩასაფრებული სუკის გადაცმული თანამშრომლები მცდელობისთანავე გაუპატიურების ბრალდებით დამაკავებდნენ. უნდა გენახათ მათი იმედგაცრუება, როცა ციცინო ავტობუსამდე საღ-სალამათი დავაბრუნე. უფრო გამაოგნებელი კი ჩემი საქციელი მათთვის მაშინ გახდა, როცა ისრაელში გამგზავრების დღეს, მეშვიდე კლასის დამთავრების ცნობის გადაცემისას ციცინოს  ვუთხარი, ეს საბუთი სათაფლიაზე რომ მქონოდა, დამიჯერე, არ გაწყენინებდი–მეთქი…

© Photo: Courtesy of David Boteraდავიდ ბოთერა ოჯახთან ერთად
დავიდ ბოთერა ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
დავიდ ბოთერა ოჯახთან ერთად

– მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის წინ დატოვეთ საქართველო და გარკვეული წლები ავსტრიაშიც ცხოვრობდით, ბევრი ენა შეისწავლეთ, ქართულად დღემდე უნაკლოდ საუბრობთ…

— იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო 14 წლის ასაკში დავტოვე, ჩემი ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობის ფაქტი ბევრს აკვირვებს. ამისთვის კი უნდა იცოდეთ, რომ სხვა მრავალ აღმზრდელ მასწავლებელსა და საზოგადო მოღვაწესთან ერთად მე პატივცემული პედაგოგების მურმან ანჯაფარიძისა და აგნესა მასწავლებლის აღზრდილი ვარ. ხაიფის, სორბონას, ჯავახიშვილის, ჰაიდელბერგისა და კიდევ სხვა მრავალი ცნობილი უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრებზე სწავლისა და ლექციების წაკითხვისას ხშირად მოვიშველიებდი ხოლმე მურმან ანჯაფარიძისა და დედაჩემის ეთერ ბოთერაშვილის, მეტსახელად „ლამაზი ეთერას“ მცნებას: „თუ გსურს გაიგო ამა ქვეყნის არსი, არ დაიზარო შრომა და ისწავლე“. დასავლეთში მე მხოლოდ ფიზიკურად ვარსებობდი, სულიერად და გონებრივად კი დღემდე საქართველოში, თქვენთან ერთად ვიმყოფები. სხვა მრავალ ენებს შორის, გადაუთარგმნელად ვმეტყველებ და ბრწყინვალედ ვფლობ ივრითს, გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურს და რუსულს.

– სიზმრებს რა ენაზე ხედავთ?

— სიზმარს დღემდე მხოლოდ ქართულად ვხედავ და მწამს: როცა დრო მოვა, დედამიწაზე თითოეულ ბავშვს ეცოდინება ხუთი ძირითადი ენა და მათ შორის სალაპარაკოდ, უწინარესად ყოვლისა — ქართული იქნება! ეს ენა ყველაზე მკაფიო ანბანით გამოირჩევა. ქართული ენის უპრეცედენტო მახასიათებელი მაინც მახვილია, მისი ხახისეული ჭ,ძ,წ,ყ თანხმოვნებია, რის ნიადაგზეც ქართულ ენაზე მეტყველება, ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ბიო-ქიმიური რეაქციის მეშვეობით ტოქსიკური ნივთიერებების განმუხტვას იწვევს. შედეგად – ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხეულისა და მენტალური კონსტიტუციის ჰარმონიულ შერწყმას აწონასწორებს…

© Photo: Courtesy of David Boteraდავიდ ბოთერა
დავიდ ბოთერა - Sputnik საქართველო
დავიდ ბოთერა

– როგორ მიგაჩნიათ, რომელი გზაა სწორი – პიროვნების თავისუფლებიდან ქვეყნის თავისუფლებისკენ თუ პირიქით?

— პიროვნული თავისუფლების მცნება ილუზიის დონეზეა მოსაზრებული და იგი როგორც ყოველგვარი შეფერხებისა და ბერკეტების გარეშე მდგომარეობის ნიშნით განიმარტება. ყოველი თავისუფლების მცნება, ან მოპოვება, თუ იგი მოკლებულია შემეცნებითი აზროვნების უნარებს, ჩემი მოკრძალებული აზრის თანახმად, სხვა, ახალი ან დამატებითი მონობის განსაზღვრული ფორმის საწყისს განაპირობებს და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ბრძენს უნდა ენიჭებოდეს თავისი ცხოვრების წესით პიროვნული სიცოცხლისა და ქვეყნის მართვის უფლებამოსილება და არა ბრბოს, ვინაიდან მხოლოდ ინტელექტუალური ღირებულებები ანიჭებს ადამიანს თავისუფლების მცნების აღქმის უნარებსა და შესაძლებლობებს. მასების „ხოშის“ დამაკმაყოფილებელ და ამშვებ საზღვრებსაც ამავე დონეზე გააზრებული სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო სისტემა უნდა ამუხრუჭებდეს და არეგულირებდეს.

– რა ცნებებია თქვენთვის სამშობლო და პატრიოტიზმი?

— ჩემი ერთადერთი სამშობლო — დედამიწაა, ხოლო ერთადერთ ერს, რომელსაც ვცნობ — კაცობრიობა! თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მეამაყება, რომ იმ თვალწარმტაცი ბუნების შვილი ვარ, რომელსაც საქართველო და გალილეა ეწოდება. განგებამ წილად მარგუნა ის ღირსება, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის კალთაში აღვზრდილიყავი. არა მწამს არც ჯინგოიზმის, არც ნაციონალიზმისა და არც არა ურაპატრიოტიზმის. უბრალოდ მიყვარს ჩემი ხალხი და ქვეყანა, ამიტომ მივაგებ მათ პატივს და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თუ თავგანწირვა სასიკეთოდ წაადგება, მათთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ. ოცნებასა და რეალობას შორის აღმართული დიქოტომია ჩემში იმ პატრიოტული გრძნობების დაოკებასა და სიდუხჭირეს იწვევს, რომლის წინააღმდეგადაც ესოდენ სკეპტიკური განწყობილებით ვილაშქრებდი ჩემ შემოქმედებაში. ამ მხრივ დასავლელი იტელექტუალების მთელი პლეადის აზრსაც კი გამოვხატავ, რადგან ოცნების საწყისს განაპირობებს ყოველი მისწრაფება. თუმცა ქაღალდზე მოლაპარაკეთა დრო მართლაც დამთავრებულია და საქმეა საჭირო, მაინც მწამს, რომ ჩვენ „აუცილებლად გავფრინდებით“! ამ ხალხს ვერ გაუგია, რომ „სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი“…

ყველა ახალი ამბავი
0