საბავშვო მწერალი, რომელიც საკუთარი ზღაპრების სიუჟეტებს ქარგავს

© photo : Courtesy of Mzia Mekerishviliმზია მექერიშვილი
მზია მექერიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ დაფიქრებულხართ, ჩვენ ცხოვრებაზე რა კვალი დატოვეს იმ წიგნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიკითხეთ? ამბობენ, დღევანდელი ბავშვები წიგნებს ნაკლებად კითხულობენო, მაგრამ ალბათ ამის მიზეზი მშობლებში უნდა ვეძიოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას წაუკითხავენ ისინი პატარებს, ანუ რომელი იქნება მათი ცხოვრების პირველი ზღაპარი...

მზია მექერიშვილი — საბავშვო მწერალი, გამოცემული აქვს ზღაპრების წიგნი. ზღაპრების წერა ცხოვრებისეული სიტუაციის გავლენით დაიწყო და პირველ ზღაპრებს შვილებს უკითხავდა. ერთ დღესაც ჟურნალ „დილას“ მიაკითხა და რედაქციაში მიტანილი პირველივე ზღაპარი დაუბეჭდეს.

© photo : Courtesy of Mzia Mekerishviliმზია მექერიშვილის საბავშვო წიგნის ყდა
მზია მექერიშვილის საბავშვო წიგნის ყდა - Sputnik საქართველო
მზია მექერიშვილის საბავშვო წიგნის ყდა

– ქალბატონო მზია, როგორი ზღაპრები უნდათ ახლანდელ ბავშვებს და, საერთოდ, სჯერათ კი ზღაპრების?

— ძალიან ადრეულ ასაკში სჯერათ, ისევე, როგორც  თოვლის ბაბუის თუ სანტა კლაუსის. თუმცა ჩვენზე ეშმაკები არიან და ყველაფერს იმაზე მალე იგებენ, ვიდრე წინა თაობის ბავშვები. ზღაპრებისა და, ზოგადად, ლიტერატურის სიყვარული დედისგან გადმომეცა. დედა – ელენე ჯავახიშვილი, პროფესიით პედაგოგი იყო, ლექსებს წერდა, მაგრამ ძალიან თავმდაბალი იყო და მათ არსად აქვეყნებდა. მახსენდება, როცა პატარა ვიყავი, თავისი სცენარით დადგმულ სპექტაკლებზე როგორ დავყავდი. სახლში კი ყოველთვის მისი ნიჭით აღტაცებული ვბრუნდებოდი. მაშინ მეგონა, რომ რაღაც ზებუნებრივს აკეთებდა. დედა ახალგაზრდობაში კარგად ქარგავდა. თუმცა მე არასოდეს მინახავს, ამას როგორ აკეთებდა. პირველი ზღაპარი ჟურნალ „დილაში“ დაიბეჭდა. ამ ჟურნალში დღესაც ზღაპრების გარდა ჩემი საბავშვო ლექსებიც იბეჭდება.

© photo : Courtesy of Mzia Mekerishviliჟურნალ „დილის“ მწერლები სტუმრად ბავშვებთან
ჟურნალ „დილის“ მწერლები სტუმრად ბავშვებთან - Sputnik საქართველო
ჟურნალ „დილის“ მწერლები სტუმრად ბავშვებთან

– თქვენი დიდობის პერიოდის „ზღაპრული ხანა“ როდის დაიწყო?

— ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა პირველ კლასში ჩემი შვილის მასწავლებელმა, ქალბატონმა ცისია ფურცელაძემ მთხოვა, რომ საშემოდგომო ღონისძიებისთვის სცენარის დაწერაში მივხმარებოდი.  ალბათ იფიქრა, რომ მასალები უნდა მომეძებნა, მე კი ძებნაში დრო არ დავხარჯე და თავიდან ბოლომდე თვითონ დავწერე. ცისია მასწავლებელს ძალიან მოეწონა. სცენარი შემდეგაც ბევრჯერ დავწერე, თან გადავწყვიტე, რომ ჩემი შემოქმედების გამოქვეყნებაზეც მეზრუნა. ეს ქალბატონი რომ არა, ალბათ უფრო გვიან დავიწყებდი წერას.

© photo : Courtesy of Mzia Mekerishviliმზია მექერიშვილის ნაქარგი ციყვები
მზია მექერიშვილის ნაქარგი ციყვები - Sputnik საქართველო
მზია მექერიშვილის ნაქარგი ციყვები

– თქვენ ზღაპრებში რეალობაცაა?

— როცა რეალობაში რაღაც გაწუხებს, ის ზღაპარზეც აისახება. მაგალითად, ერთ ზღაპარში შშმ პირია მთავარი გმირი და მისი სამყაროა ნაჩვენები. მეორე ზღაპრის გმირი ბავშვია, რომელიც რთული ხასიათის გამო თანატოლებთან ვერ თამაშობს. ესეც ხომ პრობლემაა. თითოეული ზღაპარი კონკრეტულმა პრობლემამ დამაწერინა.

– თქვენ მიერ გამოგონილ პერსონაჟებზე რას იტყვით?

— მთავარი გმირები კეთილი და გულისხმიერი არსებები არიან. მაგალითად, ერთი ზღაპარი მაქვს „კოკოსა და ბიბის თავგადასავალი“, რომლის მთავარი გმირია კოკო — შავტუხა, ცისფერთვალება ბიჭუნა. ის პატარა ქალაქში, ზღვის კლდოვან ნაპირზე გაშენებულ უბანში ცხოვრობს და როცა გასაჭირში ჩავარდება, მეგობარი თევზი გაუწევს დიდ დახმარებას. ეს ზღაპარი ექვსი თაბახის ფურცელზეა და სიდიდის გამო ჯერჯერობით ვერ გამოვეცი, რადგან, რედაქტორების აზრით, ბავშვები დიდ ზღაპრებს არ კითხულობენ…

– წერის გარდა საკუთარი ზღაპრების სიუჟეტებს ქარგავთ კიდეც…

— დიახ, ჩემი რამდენიმე ზღაპარი მოქარგული მაქვს. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. ქარგვა ჩემთვის არავის უსწავლებია. 23 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა გამოუცემელი საბავშვო წიგნების გამოფენა მოაწყო. იქ წარვადგინე ჩემი დაქარგული ზღაპრები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა, გამოვცემო, არავის უთქვამს. მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა დაბეჭდილი ნაქარგი ასეთი ლამაზი არ გამოჩნდესო. ჩემი აზრით, დღევანდელი ტექნიკის პირობებში ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

– თავად ვის ზღაპრებზე გაიზარდეთ?

— მე ძალიან მიყვარდა ქართული ხალხური ზღაპრებიც და მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებიც. არა მარტო ბავშვობაში, დიდობაშიც სხვადასხვა ლიტერატურის პარალელურად ზღაპრებსაც ვკითხულობდი. მათი კითხვა, როცა დაძაბული ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ მიყვარდა, ზღაპრები ხომ ამშვიდებს ადამიანს…

© photo : Courtesy of Mzia Mekerishviliზღაპრის პერსონაჟი ბაჭია მზია მექერიშვილის ნაქარგზე
ზღაპრის პერსონაჟი ბაჭია მზია მექერიშვილის ნაქარგზე - Sputnik საქართველო
ზღაპრის პერსონაჟი ბაჭია მზია მექერიშვილის ნაქარგზე

– იმის მიუხედავად, რომ ქართულ ხალხურ ზღაპრებში ამდენი აგრესიაა?

— საუკუნეების წინ დაწერილ ზღაპარში გასაკვირი არ არის, რომ ამაზე არ იფიქრეს. თანამედროვე ავტორებმა ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ერთხელ ერთ რედაქციაში მქონდა დაახლოებით მსგავს თემაზე საუბარი, რომ ბავშვები სიამოვნებით უყურებდნენ ანიმაციურ ფილმებს, სადაც გმირები ერთმანეთს დაუნდობლად ექცევიან, მშვენივრად ხალისობენ ამაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ აგრესიაა?!. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დააჩნდება ეს ბავშვის ფსიქიკას. მე ზღაპრებში აგრესიის გამჟღავნების სურვილი არ მაქვს, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ჩემი დაწერილი ხომ ბავშვებმა უნდა წაიკითხონ?  მათგან ბავშვებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ. ჩემ ყველა ზღაპარში ბოლოს სიკეთე იმარჯვებს, მე მათ დედის ხსოვნას ვუძღვნი…

 

ყველა ახალი ამბავი
0