საბავშვო ტანსაცმელი

„რკო“ პატარების რჩეული ქართული ბრენდი

165
(განახლებულია 18:40 15.05.2018)
მერი ბლიაძე
ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „რკო“ სამმა ახლობელმა ადამიანმა – თამუნა მესარკიშვილმა, ნინო მესარკიშვილმა და თაკო მეგრელიშვილმა დააარსეს. თავდაპირველად მოდელებს საკუთარი შვილებისთვის ქმნიდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ ექციათ.

ბრენდ „რკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამუნა მესარკიშვილი საქმიანობის შესახებ  „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

— ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის — ჩვენი შვილებისთვის გვინდოდა შეგვექმნა ლამაზი და ამავე დროს კომფორტული ტანსაცმელი. მე მარკეტოლოგი ვარ, ჩემ დას ნინოს და ასევე თაკოს ეკონომიკური განხრით აქვთ განათლება მიღებული. ბავშვის ტანსაცმლის ბრენდის შექმნის იდეა მეც და თაკოსაც ორსულობის დროს მოგვივიდა.

ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს ბავშვებისთვის, რადგან ისინი არიან ჩვენი შთაგონება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში. შესაბამისად, სურვილი გვაქვს მათ ეცვათ ლამაზად და ამავე დროს კომფორტულად.

თაკომ სწორედ ორსულობის დროს დაიწყო ქსოვა და სურვილი ჰქონდა მისი შექმნილი ტანსაცმელი ჩაეცვა პატარას. იმდენად კარგად გამოუვიდა ეს საქმე, რომ მხოლოდ თვითონ კი არა, მისი მეგობრებიც იყენებდნენ. ჩვენ პირველ მოდელებს ხშირად თაკო თავად ქმნის. ჩემი ჰობი ფოტოგრაფიაა და უმეტეს შემთხვევაში თავად ვიღებ ფოტოებს. ნინო ჩართულია სამკერვალო საქმიანობაში და აქტიურად აკონტროლებს კერვის პროცესს.

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

– სახელი „რკო“ რატომ შეურჩიეთ?

— ჩვენი ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე გვინდოდა სახელი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო იმასთან, რასაც ვქმნით. ჩვენი აღქმით, რკო ჯანსაღ ბუნებასთან ასოცირდება. სახელიც სწორედ აქედან გაჩნდა. ამით ბავშვების ბუნებასთან სიახლოვეს გამოვხატავთ. ასევე ქსოვილები და ძაფები, რასაც ჩვენ ვიყენებთ, არის ბუნებრივი. ამავე დროს „რკოს“ ქუდი ნაქსოვს წააგავს, რაც ახლოს არის იმასთან, რასაც ვაწარმოებთ.

– ამ ეტაპზე მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელს კერავთ?

— დიახ, ჩვენ ვკერავთ მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელს. ასევე ვაწარმოებთ ნაქსოვ პროდუქციას და აქსესუარებს. ტანსაცმლის გარდა გვაქვს სხვადასხვა აქსესუარები – ქუდები, შარფები, ხელთათმანები, საყელოები, პლედები და ა.შ.

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

– რით არის „რკო“ სხვა ბრენდებისგან გამორჩეული?

— ჩვენ მიერ გამოყენებული ქსოვილები არის ბუნებრივი, უმეტესად 100% ბამბა, რომელსაც საზღვარგარეთ ვიძენთ, რადგან საქართველოს ბაზარზე, სამწუხაროდ, არ არის ის პროდუქცია, რომლითაც შესაძლებელია ბავშვებისთვის კომფორტული ტანსაცმლის წარმოება.

ძალიან გვიხარია ამჟამინდელი საბაზრო ტენდენცია. საბედნიეროდ, მიდის ქართული კომპანიების პოპულარიზაცია. მშობლებიც ხშირად არჩევანს  ქართულ პროდუქტზე აჩერებენ.

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

,

 

– ტანსაცმლის დიზაინი ვის ეკუთვნის?

— ტანსაცმლის დიზაინი ჩვენ გვეკუთვნის. პირველადი მოდელების შექმნაში სამივე პარტნიორი ერთდროულად ვართ ჩართული.

– დიზაინის შექმნის დროს ხშირად კამათობთ თუ თქვენი გემოვნება ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს?

— საბედნიეროდ, ძალიან ემთხვევა ჩვენი გემოვნება და ერთმანეთთან კამათი არ გვიწევს. გააზრებულად ვქმნით თითოეულ მოდელს და ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლისთვის იყოს კომფორტული, ფუნქციური და ამავე დროს ლამაზი.

,

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

– თქვენი ნაწარმის რეალიზებას მხოლოდ საქართველოში ახდენთ თუ საზღვარგარეთაც გაგაქვთ?

— ჩვენი პროდუქცია იყიდება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. გვაქვს შოუ-რუმი მრგვალ ბაღთან,  ბარნოვის 94 ნომერში. ძალიან ხშირად იძენენ ჩვენი მომხმარებლები საჩუქრებად და ასევე საზღვარგარეთ გასაგზავნად. ამას გარდა ჩვენი ტანისამოსი იყიდება მოსკოვში.

– რამდენად რთული იყო ბაზარზე გასვლა?

— ბაზარზე ძალიან ბევრი საბავშვო ტანსაცმლის ხაზია, მათ შორის დიდი ბრენდები და ასევე რამდენიმე კომპანია, რომელიც საქართველოში აწარმოებს ბავშვის ტანსაცმელს. ჩვენ ბრენდს აქვს თავისი კონცეფცია, სტილი. ჩვენი სამოსი იმდენად დამახასიათებელია, რომ როცა ქუჩაში მიდის ბავშვი, მაშინვე მიხვდები, რომ მას ჩვენი ტანსაცმელი აცვია ან ჩვენ აქსესუარს ატარებს.

– მოდელებს როგორ არჩევთ გადაღებისთვის?

— ბავშვების გადაღება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. გადაღებას უმეტესწილად ვნიშნავთ შაბათ-კვირას, თუმცა ამ დღესაც ისინი სხვადასხვა წრეებზე დადიან, სხვაგან მიჰყავთ და ა.შ. პროცესის გასამარტივებლად ფოტოებზე უმეტესად არიან ჩვენი და ჩვენი მეგობრების შვილები.

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

– როგორც ვიცი, ფოტოებსაც თქვენ იღებთ. რამდენად სასიამოვნო პროცესია?

— დიახ, ძალიან ხშირად მე ვიღებ ფოტოებს. გვქონდა ერთი–ორი დაგეგმილი ფოტოსესია ცნობილ ფოტოგრაფებთან, მაგრამ უმეტესწილად პროცესის სირთულიდან გამომდინარე თავად ვიღებ ფოტოებს, თანაც ეს ჩემი ჰობია, რომელიც ძალიან მიყვარს და პროცესი, შესაბამისად, სიამოვნებას მანიჭებს.

– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

— ჩვენი აზრით, ჩვენი წარმატება არის იმაში, რომ ვცდილობთ მაქსიმალურად დახვეწილი პროდუქტი შევქმნათ როგორც ხარისხის, ასევე სტილის კუთხით და მოვარგოთ ის ჩვენ მომხმარებელს. გვაქვს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, უფასო საკურიერო მომსახურება, რათა ჩვენ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.

საბავშვო ტანსაცმელი
საბავშვო ტანსაცმელი

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ დიდი გეგმები გავქვს, როგორც ახალი ობიექტების გახსნის კუთხით, ასევე პროდუქციის ხაზის გაზრდის კუთხით. ვგეგმავთ ასევე ვებ-გვერდის გაკეთებას და ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

 

 

165