კონდიტერი „ნინა ჯორჯიანა“ და ემიგრანტების დასახმარებელი კულინარიული საიტი Donna Emigrata

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრებ ნინო მიქაძეს გაგაცნობთ, რომლის საქმიანობა უცხოეთში ბევრ ქართველს უადვილებს ცხოვრებას.

საქართველოდან მოშორებით აღმოაჩინა, რომ თურმე შეუძლია ბევრ ადამიანს რეალურად გაუადვილოს ცხოვრება. იტალიელები პატივისცემით „ნინა ჯორჯიანას“ ეძახიან. მედიცინის ყოფილ მუშაკს დღეს საინტერესო საავტორო კერძების რეცეპტები აქვს. მისი საიტებით სარგებლობენ უცხოეთში ახალ ჩამოსული ქართველები, რადგან აქ სხვადასხვა ქვეყნის ქართულად ნათარგმნი კულინარიული რეცეპტებია.

© Photo: Courtesy of Nino Mikadzeნინო მიქაძე
ნინო მიქაძე - Sputnik საქართველო
ნინო მიქაძე

ემიგრაციის სირთულე შეძლებული იტალიელი ქალბატონის ოჯახში

— პროფესიით ექთანი ვარ, გარკვეული წლები ვიმუშავე ფსიქო ნარკოლოგიის სფეროში ისეთ ცნობილ ექიმებთან, როგორებიც არიან: ნინო თალაკვაძე, მარინა ჭელიშვილი და ვახტანგ სიხარულიძე. მალე კრიზისი დაიწყო და გადაწყვეტილება მივიღე, რომ უცხოეთში, კერძოდ, იტალიაში  წამოვსულიყავი. ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ოჯახს არ შევატყობინე. იტალიაში მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ შეძლებულ ოჯახში, სადაც ქალბატონი საჭმელს მხოლოდ მაშინ მაჭმევდა, თუკი მას და მის შვილებს რაიმე მორჩებოდა. დღეს ვმუშაობ ოჯახში და თითქმის იმ სამუშაოს შესრულება მიწევს, რასაც ჩემი პროფესიით საქართველოში ვაკეთებდი…

© Photo: Courtesy of Nino Mikadzeნინო მიქაძე კოლეგასთან ერთად
ნინო მიქაძე კოლეგასთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო მიქაძე კოლეგასთან ერთად

-ქალნატონო ნინო, ამის გარდა, იტალიაში კულინარიით სერიოზულად დაკავდით. როგორია იტალიელების კულინარიული გემოვნება?

— თავიდან ვიმუშავე სამხრეთ იტალიაში, სადაც ძირითადად ზღვის პროდუქტებს მიირთმევენ. ახლა ვმუშაობ ჩრდილოეთში, სადაც ხორცის პროდუქტი უყვართ. იტალიური თითქოს ჰგავს ჩვენს სამზარეულოს, მაგრამ ჩვენ კერძებში ბევრ სანელებელს ვიყენებთ, აქ კი ამ მხრივ შედარებით მსუბუქი კერძებია. რა თქმა უნდა ამზადებენ ნიგვზის სოუსებს, მაგრამ არა იმ  დოზით, როგორც ჩვენთან. ისინი ნიგოზს როგორც ხილს ისე მიირთმევენ.

© Photo: Courtesy of Nino Mikadzeნინო მიქაძე
ნინო მიქაძე - Sputnik საქართველო
ნინო მიქაძე

- ქართული კულინარიის კერძებიდან რა მოსწონთ იტალიელებს?

— ქართული სამზარეულოდან იტალიელებს ძალიან მოსწონთ ხაჭაპური და ყველა სახის ყველი: იმერული, მეგრული, აჭარული. ხაჭაპურს „პიცა ჯორჯიანას“ ეძახიან, კიდევ ხინკალი მოსწონთ. დესერტები მინი პორციებით უყვართ და მათ „პასტიჩინებს“ ეძახიან, ეს არის სხვადასხვა ნამცხვრის ასორტი. მახსოვს, ერთხელ „კლასიკური იდეალი“ გამოვაცხვე და როცა დაინახეს, დიდ საცხობ ფირფიტაზე გამომცხვარი ნამცხვარი, გაგიჟდნენ: ნინა, ეს რა არის, ქორწილი ხომ არ გვაქვსო?! მათ ნაკლებად უყვართ კარაქი, კრემში ძირითადად ნაღებს იყენებენ. დღეს მეც დავიწყე, ზოგიერთი ქართული დესერტის გადაკეთება. თუკი მათ უცხოეთს გავაცნობთ, ვთვლი, რომ ასეთი უფრო მოეწონებათ და ეს სახელსაც მოგვიტანს.

© Photo: Courtesy of Nino Mikadzeნინო მიქაძე
ნინო მიქაძე - Sputnik საქართველო
ნინო მიქაძე

- რომელიმე ქართული კერძის ანალოგს ხომ არ წააწყდით?

— ჩრდილოეთში აღმოვაჩინე პოლენტა, ანუ ჩვენებური ღომი. მართალია, ჩემი ბებოს მომზადებულს არ ჰგავს და ღერღილით არ მზადდება, მაგრამ მაინც გემრიელია და თანაც, სამეგრელოში გატარებულ ბავშვობის წლებს მახსენებს. არასდროს უარვყოფ ქართულს და ტრადიციულს, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩვენი სამზარეულოს კულტურა და ტრადიცია  წარმოვაჩინო. თუმცა, იტალიამ ძალიან დიდი ცოდნა მომცა კულინარიულ სფეროში, დღეს საავტორო რეცეპტებიც მაქვს… თუმცა, დამეთანხმებით ალბათ უმჯობესია, რომ ყველა კერძი და დესერტი მიირთვათ იქ, საიდანაც მისი ფესვებია. იტალიაში ვაცხობ ხაჭაპურს, მაგრამ ის არასდროს იქნება ისეთი გემრიელი, როგორც ჩემს დალოცვილ საქართველოშია…

Donna Emigrata —ქართველი ემიგრანტის დასახმარებელი კულინარიული საიტები

— ჩემი საიტების გახსნა სწორედ იმ შემთხვევამ განაპირობა, რაც თავს გადამხდა და ვიწვნიე. არ მინდა მსგავს შემთხვევაში სხვა ქართველიც აღმოჩნდეს, უცხოეთში ახლად ჩამოსული ემიგრანტები მყავს მხედველობაში. დღეს სამი საიტი მაქვს და ერთ ჯგუფს ვამუშავებ. „ემიგრანტი ქალი“, რომელსაც 44000 მოწონება აქვს, „ტკბილი ცხოვრება“, რომელსაც 23000-ზე მეტი მოწონება აქვს. ეს უკანასკნელი სულ რაღაც, შვიდი თვეა არსებობს და უკვე 30 000-მდე წევრს ითვლის. ასევე მაქვს საიტი „მარჯვე ხელები“, რომელსაც 4000-მდე წევრი ჰყავს. ამ საიტებით სარგებლობენ უცხოეთში ახალ ჩამოსული ქართველები, რადგან იქ სხვადასხვა ქვეყნის რეცეპტებს ვთარგმნი. ბევრი მეკითხება რომელი ქვეყნიდან ვარ და რა სახის კერძები შედის ჩვენს სამზარეულოში. მყავს პროფესიონალი, არა პროფესიონალი და ახლად დამწყები, მოყვარული მზარეულები…

- ქალბატონო ნანა, კულინარიის გარდა ხელსაქმისთვისაც იცლით…

— დიახ, კულინარიის გარდა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია ქსოვა, ქარგვა და რაიმე ახლის შექმნა. ჩემს თითოეულ ნამუშევარს ვუძღვნი ჩემს გამზრდელ ბებოს, (ბებო და ბაბუ მშობლებს ეხმარებოდნენ ჩვენს გაზრდაში) რომელიც თითქოს დღესაც აჩრდილივით დამყვება და განსაცდელიდან ბევრჯერ გამომიყვანა. სწორედ ამ ადამიანმა ჩადო ჩემს და ჩემი ძმის ცხოვრებაში (ძმა პროფესიონალი შეფ-მზარეულია)კულინარიის მიმართ დიდი სიყვარული.

© Photo: Courtesy of Nino Mikadzeიტალიური ფაგოტინების ნინო მიქაძის მიერ მომზადებული ვარიანტი
იტალიური ფაგოტინების ნინო მიქაძის მიერ მომზადებული ვარიანტი - Sputnik საქართველო
იტალიური ფაგოტინების ნინო მიქაძის მიერ მომზადებული ვარიანტი

- საინტერესო იტალიური ამბები გაიხსენეთ- სახალისო ამბები თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

— არ ვიცი რამდენად სახალისო იქნება, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი, ცნობილი შეფ-მზარეული, დანიელა ტიმონი კურიოზულად გავიცანი. ერთ დღეს რატომღაც მარტო აღმოვჩნდი, მეგობრების გარეშე და ერთ-ერთ კაფეს შევაფარე თავი. კაფე გადაჭედილი იყო იტალიელებით. ვეძებდი ადგილს, უეცრად ჩემი ჩანთა საშაქრეს გამოედო და დაიმსხვრა. მას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა. გავწითლდი, დავიხარე, რომ ამეკრიფა. უეცრად გამოჩნდა კაფეს მფლობელი და მეუბნება: ქალბატონო, ხელი არ მოკიდოთ, რა მოხდა, გატყდაო! მე თანხა ამოვიღე, რათა საშაქრის საფასური გადამეხადა, მაგრამ მან ღიმილი მითხრა: მაგას თავი დაანებეთ და მითხარით, რა მოგართვათო!.. ის დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი, რადგან ძალიან თბილი მეგობარი შევიძინე. წამოვედი და ვფიქრობდი, როგორც  ქართველებს გვჩვევია როგორ გადამეხადა მისი პატივისცემა. მეგობრებს ვუთხარი, რაც შემემთხვა და ვიკითხე სირცხვილი ხომ არ იქნებოდა, რაიმე დესერტი მიმერთმია. შობა ახლოვდებოდა. გამოვაცხვე მინი-ტორტები საშობაო ყვავილებით. მის გაბრწყინებულ თვალებს და კმაყოფილ სახეს ვერ გადმოვცემ, როცა ერთ დღეს, მასთან მივედი ჩემი ძღვენით. მან ასე თქვა; „ჩემი კონდიტერი ნინა ჯორჯიანა მოვიდაო“. ამის მერე მას გავაცანი ქართული დესერტები და კერძები, რაც ძალიან მოსწონს. დამპირდა, როდესაც საქართველოში რამეს გახსნი, მე ჩამოვალო. სურვილი აქვს მის გვერდით ვიყო, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვახერხებ, რადგან ოჯახს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა ჩემი ოცნება ამესრულებინა, ვერ დავტოვებ. იმ ოჯახის წევრები მეხმარებიან, მათ ჰყავთ მეგობარი კონდიტერები, ვისთანაც თავისუფალ დროს მივდივარ და გამოცდილებებს მიზიარებენ.

© Photo: Courtesy of Nino Mikadzeნინო მიქაძის ნიგვზიანი პრასის კალათები
ნინო მიქაძის ნიგვზიანი პრასის კალათები - Sputnik საქართველო
ნინო მიქაძის ნიგვზიანი პრასის კალათები

ის, რაც ქართველს უცხოეთში აძლებინებს — „გრაცია იტალია“!

— საქართველოში დაბრუნებულს, მინდა აქ გატარებული ყველა წელი, საათი და წუთი ჩემს სამუშაოსთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენო. ზოგი ემიგრანტი ტირილით ამბობს თავის სათქმელს, ზოგი პოეზიით, მე კი პირადად ამ ფორმით შევძელი, ჩემი სათქმელი მეთქვა, რადგან პროფესიიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ ადამიანის ფსიქოლოგიას.  ვიცი თუ რამდენი ნაბიჯი აშორებს მას ფსიქიკურ აშლილობამდე. ამ წლების მანძილზე, მხოლოდ ოთხი წელია, რაც ადამიანად ვიგრძენი თავი. მადლობა ჩემს იტალიელ მეგობრებს, რომ მომცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავი წარმომეჩინა და რაღაც გამეკეთებინა ხალხის სასარგებლოდ. მადლობა ჩემს ოჯახს აქ ყოფნას რომ მაძლებინებენ და დღე არ არსებობს, რომ არ  შემეხმიანონ ან წერილი არ დამხვდეს შვილებისგან: „დე, როგორ ხარ?“… მთავარი, რაც ემიგრანტს უცხო მიწაზე აძლებინებს —  ოჯახური სითბოა…

ნაცნობი „ესეც ჩაივლის“ და დაბრუნების იმედით

…ემიგრანტი ტკბილ-მწარე მოგონებებით ცხოვრობს. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ალბათ ჩემს ცხოვრებაზე წიგნი დაიწერება, ამ ყველაფერს ვფუთავ და ვინახავ… როდესაც წინააღმდეგობას წავაწყდები ხოლმე, გადავხედავ ჩემს ტკბილ-მწარე მოგონებებს და საკუთარ თავს ვეუბნები: „ძლიერი ვარ და ესეც ჩაივლის მეთქი“… სიტყვა ოპტიმისტი ჩემთვის ბევრის მთქმელია, რადგან მჯერა, რომ ერთ დღეს, მეც მომიყვანს ჩემი მერცხალი ლამაზ გაზაფხულს და დავბრუნდები…

 

ყველა ახალი ამბავი
0