ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები

სევდიანი ჯამბაზების ავტორი, რომელიც მეგაპოლისს გაექცა

230
(განახლებულია 13:09 17.04.2018)
თეონა გოგნიაშვილი
ყველანაირი მასალისგან შეუძლია ნივთებისა და თოჯინების შექმნა. ხელსაქმე პატარაობიდან უყვარს. მისი ბავშვობის ყველაზე ნათელი მოგონება, მამიდა, ხელოვანი ზაირა სვიმონიშვილია, რომლის სახლ-მუზეუმიც თბილისშია.

 ხელოვნების მიმართ სიყვარული სწორედ მამიდის ზეგავლენა იყო, თორემ მისი პროფესია ხელოვნებისგან საკმაოდ შორსაა. გაიცანით, პროფესიით საბანკო-საფინანსო საქმის სპეციალისტი, თბილისელი ნინო სვიმონიშვილი, რომელიც არც ისე დიდი ხანია, განერიდა მეგაპოლისის ხმაურს და ოჯახთან ერთად ცხოვრება რაიონში გააგრძელა.

ნინო სვიმონიშვილი
ნინო სვიმონიშვილი

-ქალბატონო ნინო, თავიდან მინდა გკითხოთ, რატომ შეეხეთ ასე აქტიურად ჯამბაზების თემას-მთელი სერია გაქვთ გაკეთებული?..

— ეს კითხვა ყველას უჩნდება. საქმე ისაა, რომ ეს ჯამბაზები მე მგვანან: ზოგი- მოწყენილია, ზოგი მხიარული, ისინი ალბათ ჩემს ცხოვრებას ასახავენ. ვერ გეტყვით, ხშირ შემთხვევაში, უფრო რომელ განწყობას გამოხატავენ: მხიარულს თუ მოწყენილს, მაგრამ არც ერთ მათგანი ბრაზიანი გამომეტყველების არ არის, რადგან გაბრაზება არც მე მჩვევია. წინასწარ არასოდეს ვფიქრობ რა გამომივა, ყველაფერი თავისით მოდის. ისიც არ ვიცი, დაწყებული ჯამბაზი საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს. ბევრი ჯამბაზი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ჩემთვის ცოტა დავიტოვე. ზოგი გავაჩუქე, ზოგი უცხოეთში გავაგზავნე. თოჯინების კეთება მეგობარმა მეთოჯინემ, მაკომ მასწავლა. ჩემს ნახელავს უმეტესად ვასაჩუქრებ, მართალია, მათ ჩემი გული მიჰყვება თან, მაგრამ ვცდილობ, ამ ფორმით ახლობლები გავახარო.

ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები
ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები

- თქვენს ხელოვან მამიდაზე მინდა მოგვიყვეთ…

— მამიდა, ზაირა სვიმონიშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის. მან სამხატვრო მოსკოვში დაამთავრა, შემდეგ თბილისში ასწავლიდა. ხატვის საღებავების გარდა უნიკალური ნახატები შესრულებული აქვს სხვადასხვა,ერთი შეხედვით, შეუფერებელი მასალებით: თვალის ფანქრით, ძვლებით, ღილებით, ბრინჯით, მზესუმზირით. მოკლედ, რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფრით აკეთებდა ნახატებს. გული მწყდება, რომ მისი სახლ-მუზეუმი თბილისში უყურადღებოდაა… ვერ ვიტყვი, მისნაირი ნიჭი მაქვს მეთქი, მაგრამ მეც გამომდის სხვადასხვა მასალიდან ნახატები: ღილებისა და ყავისგან შევქმენი დეკორაციები. ადრე თექის ნაწარმს ვაკეთებდი და გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. „არტ-გენზე“ ორჯერ მივიღე მონაწილეობა, ასევე ქუთაისობაზე და თბილისობაზეც გავიტანე ჩემი ნაწარმი, ელჩის მეუღლეების მიერ ჩატარებულ გამოფენებზეც გავედი.

ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები
ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები

 — ასეთი ნიჭი გაქვთ და პროფესიულ საქმიანობად საბანკო სფერო რატომ აირჩიეთ?

— დიახ, პროფესიით ეკონომისტი ვარ და საბანკო-საფინანსო განყოფილება მაქვს დამთავრებული. ძალიან ვნანობ, რომ ხელოვნების კუთხით არ წავედი. საქმე ისაა, რომ ამ სპეციალობაზე მოსახვედრად მაშინ დიდი ბუმი იყო. ჩემი კლასიდან მაქსიმუმ, 99 % —მა ამ ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ალბათ უფრო მშობლების ზეგავლენით მოხდა. ამ ამბავს მეც მშობლებს „ვაბრალებ“. პროფესიით ძალიან ცოტა ხანი ვიმუშავე და დიდად არც დღეს მაქვს იმის სურვილი, რომ ამ სფეროში დავსაქმდე…

ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები
ნინო სვიმონიშვილის ნამუშევრები

- ქალბატონო ნინო, მარტო პროფესია არ შეგიცვლიათ, დღეს საცხოვრებლად თბილისიდან რაიონში გადმოხვედით…

— საჩხერეში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ და ოჯახური ბიზნესი გვაქვს: კაფეს და საკონდიტროს ვამუშავებთ. რაც აქ ვართ, სხვადასხვა გამოფენებში მივიღე მონაწილეობა, ახალ წელს დამაჯილდოვეს, როგორც რაიონში ყველაზე ლამაზი ნაძვის ხის ავტორი. კიდევ იცით, რა არის? რაც წლები გადის, რაიონში უფრო გვაქვს ცხოვრების სურვილი, თბილისის ქაოსს ვეღარ ვეგუებით. აქ არაჩვეულებრივი ბუნებაა, სიწყნარე და სუფთა ჰაერი. მაქსიმალური პირობებია ცხოვრებისა და საქმიანობისთვის, ურთიერთობებიც სუფთა და სასურველია…

230