სახლში დარჩენილი პასპორტი და გაფრენილი თვითმფრინავი - ანუ ყველაფერი მოგზაურობად ღირს

გამოწერა
მეგობრებისთვის უბრალოდ ბაიაა, ესპანელები კი ტამარას სახელით იცნობენ. პროფესიით ესპანური ენის ფილოლოგია. მეხუთე წელია, რაც ესპანეთში საცხოვრებლად წავიდა. მუშაობს ერთ-ერთ აგრარულ კომპანიაში და პარალელურად ლიტერატურულ ტექსტებს თარგმნის.

უყვარს მოგზაურობა და შესაბამისად ბევრს მოგზაურობს. დაახლოებით ერთი თვეა რაც ბლოგი გააკეთა, სადაც თავის მოგზაურობებზე და თავგადასავლებზე წერს.

„Sputnik საქართველო“ ესპანეთში მცხოვრებ ქართველ ფილოლოგს, თამარ ბუიძეს წარმოგიდგენთ.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

— მოგზაურობის გარდა ჩემი ჰობია ანტიკვარული, ლამაზი და ორიგინალური ნივთების შეგროვება. ბავშვობიდან მიყვარს კითხვა და ამაყი ვარ ჩემი პირადი ბიბლიოთეკით, რომელიც ასეულობით წიგნს იტევს, როგორც ქართულ, ისე ესპანურ ენაზე. მხოლოდ ის მადარდებს, ესპანეთიდან როგორ ჩავიტან ამდენ წიგნს, რაც აქ ყოფნისას შევიძინე და რასაც აწი შევიძენ.

- როდის იქცა მოგზაურობა თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად?

— უკვე სამი წელია ოფიციალურად „ვოიაჟდამოკიდებული“ გავხდი. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია დამეთანხმება,  რამხელა ემოცია და ბედნიერება მოაქვს,,უცხო მიწების“ აღმოჩენას. მოგზაურობა ჰაერივით მჭირდება. წელიწადში რამდენჯერმე თუ არ წავედი, დიდი ალბათობით დეპრესია დამემართება.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

- პირველად სად იმოგზაურეთ?

— პირველად 11 წლის ასაკში გადავაკვეთე საზღვარი, როცა ჩემი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე წლის შემდეგ ესპანეთში წამოვედით საცხოვრებლად. თამამად შემიძლია ვთქვა,  რომ ნახევარი ცხოვრება საქართველოს ფარგლებს გარეთ გავატარე.

დამოუკიდებელი მოგზაურობა საკმაოდ გვიან 28 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე სახლი ავაშენე, შვილი გავაჩინე და ხეებიც დავრგე. მოკლედ მისია შევასრულე, მერე კი ახალი სამყაროების აღმოსაჩენად გავიჭერი.  დღესდღეობით ცხრა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. განსაკუთრებით იტალიით და პორტუგალიით მოვიხიბლე. (ესპანეთზე აღარაფერს ვამბობ, ჩემს მეორე სამშობლოდ ვთვლი და განსაკუთრებით მიყვარს). პორტუგალიაში ყოფნისას ისეთი უცნაური შეგრძნებები  და ემოციები მქონდა, უეჭველად წინა ცხოვრებაში  პორტუგალიელი ვიყავი.

- მარტო მოგზაურობა გირჩევნიათ თუ მეგზურებთან ერთად?

— მარტო მოგზაურობა საჩემო საქმე არაა. ყოველთვის მეგობრებთან ერთად  დავდივარ. ასე ბევრად მხიარულ და დაუვიწყარ თავგადასავლად ვაქცევთ ყოველ ვოიაჟს.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

- თქვენს შვილთან ერთად წასულხართ სამოგზაუროდ?

— ჩემი შვილი შვიდი წლისაა. რამდენიმე წელიწადში, როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება, მასთან ერთად შემოვივლი მსოფლიოს.

- ტურისტულ კომპანიებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? სარგებლობთ ხოლმე მათი მომსახურებით?

— არასოდეს მისარგებლია ტურისტული კომპანიებით. ვფიქრობ, თუ ინტერნეტთან კარგად მეგობრობ, სულაც არ არის რთული თავად დაგეგმო მოგზაურობის ყველა საკითხი და დეტალი. მე პირადად ავია ბილეთებს edreams.es საიტზე ან თავად ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვყიდულობ. სასტუმროებისთვის კი booking.com ვიყენებ.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

- თქვენი მოგზაურობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და „მიჯაჭვულობა“ ალბათ იმ თავგადასავლებმა და ემოციებმა განაპირობა, რასაც ვოიაჟის დროს განიცდიდით. შეგიძლიათ ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა გაიხსენოთ?

— ყველა ჩემი ვოიაჟი იმდენად ემოციებით სავსე და შთამბეჭდავია ჩემთვის, მიჭირს რომელიმე გამოვარჩიო. ყველა ქვეყანა თუ ქალაქი თავისებურად მომხიბვლელი და საინტერესოა. ხშირად მითქვამს აღფრთოვანებულს, აი, ამის მერე რა უნდა ვნახო ისეთი, რომ გამაოცოს და მომაჯადოვოს მეთქი, მაგრამ ადამიანის ხელით და ბუნების წყალობით შექმნილ საოცრებებს რა გამოლევს დედამიწაზე. ერთი სიცოცხლე არ მეყოფა ამ ყველაფრის სანახავად.

- როგორ ქვეყნებს და ქალაქებს გამოარჩევთ?

— ეგზოტიკური და განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყნები, რა თქმა უნდა მიზიდავს. თუმცა, ჯერ ჩემი მოგზაურობები ევროპის ქვეყნებით შემოიფარგლება. ახლოსაა და არც დიდ თანხებს მოითხოვს. ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ მეგაპოლისებს და დიდ, ხმაურიან ქალაქებს მშვიდი, პატარა ქალაქები და სოფლები მირჩევნია. როცა ევროპას დავიპყრობ, აი მერე კი აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებისკენ გავილაშქრებ.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

- ანუ ჯერ არ თვლით, რომ მსოფლიო აღმოაჩინეთ?

— ვფიქრობ ჯერ ძალიან ცოტა მინახავს იმისთვის, რომ ვთქვა,,მსოფლიო აღმოვაჩინე“. ვიცი, ეს ყველაზე მძაფრი და ბედნიერი განცდა წინ მელოდება და ალბათ, ამიტომაც განძის მაძიებელივით  მიასმაგდება სურვილი რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო.

- უცნაურ სიტუაციაში ჩავარდნილხართ, ან რაიმე საფრთხე გიგრძნიათ მოგზაურობის დროს?

— ბოლო მოგზაურობისას, მილანიდან მატარებლით ღამის 12 საათისკენ ვენეციაში დავბრუნდით მე და ჩემი მეგობარი. გადავწყვიტეთ სასტუმრომდე ფეხით მისვლა, რომელიც არც თუ ისე შორს იყო. ინტერნეტმა მიღება დაკარგა და ჩვენც დავიკარგეთ ღამის ვენეციის ლაბირინთში. კაცის ჭაჭანება არ იყო ვინმეს, რომ შევკითხოდით და დავეკვალიანებინეთ. თან თებერვალში ღამით ისე ციოდა გარეთ, გალურჯებულ-აკანკალებულებმა ორი საათი მაინც ვიბოდიალეთ ვენეციის ვიწრო და ბნელ  ქუჩებში. რაღაც საშინელებათა  ფილმს ჰგავდა. ბოლოს ერთი ღვთისნიერი იტალიელი ბაბუ შეგვხვდა და მიგვასწავლა საით უნდა წავსულიყავით.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

- ექსტრემის მოყვარული ხართ? რამდენად საინტერესოა თქვენთვის ექსტრემალურ სიტუაციაში მოგზაურობა?

— ექსტრემალური სიტუაციებიც ხშირია მოგზაურობის დროს. ერთხელ სტამბულში მივფრინავდი და მადრიდის აეროპორტში რეგისტრაციის გავლის დროს აღმოვაჩინე, რომ პასპორტი სახლში დამრჩა. გადავრეკე ატირებულმა ჩემს ძმასთან, სასწრაფოდ მომიტანე პასპორტი თორე ფრენას დავკარგავ თქო. სანამ ჩემი ძმა მადრიდის საცობში იდგა, მე ნერვიულად დავიჭამე ყველა ფრჩხილი. სამწუხაროდ ვერ მომისწრო. თვითმფრინავმა გამასწრო და შემდეგი რეისის  ბილეთის ყიდვა მომიწია. მას მერე, სახლიდან გასვლამდე საგულდაგულოდ ვამოწმებ  ბილეთი ან  პასპორტი არ დამრჩეს ისევ.

- გურმანი თუ ხართ და რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებთ უცხო ქვეყნების სამზარეულოს?

— სადაც მივდივარ ვცდილობ იქაური ტრადიციული კერძი, სასმელი ან თუნდაც ტკბილეული დავაგემოვნო. ჩემი ფავორიტი მაინც ესპანური სამზარეულოა. მიყვარს ზღვის პროდუქტები რვაფეხა, მოლუსკები… არც ლოკოკინის ჭამაზე მითქვამს უარი. საბედნიეროდ ბევრი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით ამტანი კუჭი მაქვს.

© Photo: courtesy of Tamara Baia Buidzeთამარ ბუიძე
თამარ ბუიძე - Sputnik საქართველო
თამარ ბუიძე

—  როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლობაში რა მოგცათ მოგზაურობამ?

— მოგზაურობის წყალობით, პირველ რიგში შევიძინე ბევრი კარგი მეგობარი. ბევრი მიჩქმალული ფობიაც დავამარცხე. აღმოვაჩინე, რომ მოგზაურობა ჩემთვის ეს არის განახლების და ენერგიით ავსების ჯადოსნური წყარო.

- ახლო მომავალში სად აპირებთ წასვლას?

— ამ ზაფხულს დაგეგმილი მაქვს პრაღა-ბუდაპეშტი-ვენა და რუმინეთის რამდენიმე ქალაქის მონახულება. წლის ბოლოს ევროპასაც გავცდები და ეგზოტიკურ მაროკოს ვეწვევი.

 

ყველა ახალი ამბავი
0