თემურ ბაბლუანი: მთავარია ადამიანი გიყვარდეს

© National Library of Georgiaთემურ ბაბლუანი
თემურ ბაბლუანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია, სისხლი ამოიღოს და გაჩუქოს, ამ დროს კი რაღაც პატარა დეტალზე გაგიჟდეს და შემოგიტიოსო,“ - ასე ახასიათებენ ბაბლუანს მისი კოლეგები.

რეჟისორი თემურ ბაბლუანი ასპარეზზე მაშინ გამოვიდა როცა ქართულ კინოს ძალიან უჭირდა და  ღირებული ფილმების გადაღება ვერ ხერხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან სულ რამდენიმე ფილმი გადაიღო,  თავისი კვალი ქართულ ფილმში მაინც დატოვა.

თემურ ბაბლუანი სვანეთში, ლენტეხის რაიონის სოფელ ჩოლურში დაიბადა  1948 წლის 20 მარტს. ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა კინოც პირველად სვანეთში ნახა, მთაში.  მაშინ დარბაზი არ იყო, თეთრი ზეწარი ჩამოფინეს და დაღამებას ელოდებოდნენ. ყველა თავისი სკამით იყო მოსული.

„ამ ეკრანზე გამოჩნდა ქუჩები, სახლები… რაღაც სასწაული ხდებოდა. ყველა გაოცებულები ვუყურებდით. ბავშვები გავიქეცით და უკანა მხრიდან ვაკვირდებოდით, საიდანაც ჩნდებოდა ეს ყველაფერი ეკრანზე“,- იხსენებს ბაბლუანი.

© National Library of Georgiaმერაბ კოკოჩაშვილი და თემურ ბაბლუანი
მერაბ კოკოჩაშვილი და თემურ ბაბლუანი - Sputnik საქართველო
მერაბ კოკოჩაშვილი და თემურ ბაბლუანი

ეს იყო მისი პირველი შეხება კინოსთან. 6 წლის იყო თბილისში რომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად. სკოლაში წასვლის ნაცვლად, ბავშვები კინოში მიდიოდნენ და ორჯერ, სამჯერაც უყურებდნენ ფილმებს. ეს ჩემი ცხოვრების სერიოზული ნაწილი იყოო, ისხენებს ბაბლუანი.

ფინანსურად არასოდეს ულხინდათ. მამა ადრე გარდაეცვალა, დედა ავადმყოფობდა, პატარა და მოსავლელი ჰყავდა. პატარა თემური იძულებული გახდა, ემუშავა. სკოლის მერე პირდაპირ სამუშაოზე, საზეინკო სახელოსნოში მიდიოდა და გვიანობამდე მუშაობდა. პირველი ხელფასით დას — კაბა, დედას კი ფეხსაცმელი უყიდა.

17 წლის თემური რეზო ჩხეიძემ  „ღიმილის ბიჭებში“ გადაიღო. სწორედ მაშინ მოიწამლა ფილმის სიყვარულით… თვალს ადევნებდა, როგორ იღებდა ფილმს რეზო, ყურადღებით აკვირდებოდა ყველა დეტალს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ სხვას ვერაფერს გულს ვეღარ უდებდა — ჯერ იურიდიულზე ჩააბარა, მერე თავი მიანება, შემდეგ კიდევ ორ უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა სწავლა იქაც მიატოვა.

„ერთ დღეს მამა დამესიზმრა. მითხრა: რა გინდოდა იურიდიულზე, შენ ვინ მოგცა უფლება, ადამიანების ბედს შეეხო და განაგოო. ეგ არ არის შენი საქმე, აგრონომიულზე მაინც ჩაგებარებინაო. თვალები რომ გავახილე, მეგონა, ახლახან აქ იყო. მესამე კურსზე ვიყავი მაშინ. ჰოდა, მორჩა, იმ დღიდან აღარ წავსულვარ. ხელი ჩავიქნიე“, — იხსენებს რეჟისორი.

1979 წელს თემურ ბაბლუანმა თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო) დაამთავრა. თეატრალურში გაიცნო მომავალი მეუღლეც და მიხვდა, ამის შემდეგ არსად წავლა აღარ უნდოდა. დარჩა და დარჩა კინოსამყაროში.

„ჩემი პედაგოგი იყო თენგიზ აბულაძე. ძალიან საინტერესო და ღირსეული პიროვნება. მან თქვა: მე თქვენ რეჟისორობას ვერ გასწავლით. რეჟისორობას სწავლობენ ან ოც დღეში ან 300 წელიწადში. ჩემთან თქვენ შეიძლება ისწავლოთ უფრო ჯანმრთელი დამოკიდებულება კინოსადმი და ცხოვრების დანახვა. შეგიყვანთ შუა მდინარეში, მერე გადმოგყრითო", — იხსენებს ბაბლუანი.

როგორც მსახიობმა, თემურ ბაბლუანმა შეასრულა  მალხაზის („ღიმილის ბიჭები“), არწივის მომთვინიერებლის („მშობლიურო ჩემო მიწავ“) და მურტალოს (სატელევიზიო სპექტაკლი „კუკარაჩა“) როლები.

ბაბლუანმა თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები „მოტაცება“, „ბეღურების გადაფრენა“, „ძმა“, „უძინართა მზე“. ასევე რეჟისორია რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა.

მისმა ფილმებმა არაერთი პრიზი და ჯილდო მოიპოვეს. „ბეღურების გადაფრენამ“; სპეციალური პრიზი მიიღო კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე, „ძმამ“- პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე, „უძინართა მზემ“ კი  მოიპოვა მთავარი პრიზი სოჭში კინოფესტივალზე, „გრან-პრი“ მოსკოვის ფესტივალზე, „ოქროს არწივი“,  „ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ეს სამივე ნამუშევარი ბაბლუანის კარიერის გამორჩეული ფილმებია.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით, მოგვიანებით გუჯა ბურდულმა ერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა:

„მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი ჩემთვის უნდა მოეცათ და დენზელ ვაშინგტონს მისცეს. ჟიურის ეგონა, რომ მე პროფესიონალი მსახიობი არ ვიყავი და ფილმში შემთხვევით მოვხვდი, ამიტომაც ვერ მომცეს მთავარი პრიზი. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჟიურის რუსი წარმომადგენელი მოვიდა ჩვენს სუფრასთან და ყველას სახელით ბოდიში მომიხადა.  მაგრამ ბოდიში საქმეს ვეღარ უშველიდა, პრიზი უკვე ვაშინგტონს ჰქონდა აღებული“.

რეჟისორმა „უძინართა მზე“ ექიმი  მამის, გელა ბაბლუანის  ხსოვნას მიუძღვნა და შეიძლება ითქვას, ყველაფერი რეალურ ფაქტებზე ააგო. გელა ექიმი მისი მამის პროტოტიპია. გელა ბაბლუანი ომის დროს სვანეთში მუშაობდა. მაშინ წამლების დეფიციტი იყო და რა საშუალებაც ჰქონდა, იმით მკურნალობდა.

„ერთი თანამშრომელი ჰყავდა — მნე, რომელიც სულ უჩიოდა. ერთხელ მოვდივართ და გზად დაინახა ამორღვეული ღობე. მეუბნება — ეს იმ კაცის ღობეა, მოდი, შევუკეთოთო. შევაკეთეთ და მითხრა: ეს კაცი მთელ სოფელს სძულს, შეკეთებულ ღობეს რომ ნახავს, ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ჩავარდება, სულ იმის ფიქრში იქნება, ვინ შეაკეთაო“,- იხსენებს ბაბლუანი.

რეჟისორს  ეკუთვნის ფილმის მუსიკალური გაფორმებაც და ცნობილი მელოდია „რიმდარიროც“ მისი შექმნილია.

თემურ ბაბლუანს რომანიც აქვს დაწერილი — „მთვარე, მზე და პურის ყანა, მანუშაკა მელოდება”. როგორც კრიტიკოსებმა შეაფასეს,  წიგნი ერთ გრძელ ღამეში გატაცებით წასაკითხი ამბავია.

რეჟისორი უკვე ათეული წლებია, პარიზში, შვილებთან ერთად ცხოვრობს.როგორც მისი მეგობრები ამბობენ,  თემური სვანეთზე შეყვარებული პარიზელი სვანია.

სტატიას მისი სიტყვებით დავამთავრებთ „მთავარია, ადამიანი გიყვარდეს, მერე ყველაფერი სხვანაირად მიდის ცხოვრებაში" და კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართული კინოს გამორჩეულ წარმომადგენელს იუბილეს.

 

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0