ქართველი იტალიელი და ერთადერთი ქართული ცეკვა, რომელსაც კუთხურობის ნიშანი არ აქვს

© Photo: courtesy of Shota Naskidashviliქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე
ქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მოღვაწე ქართველ ქორეოგრაფს, ბატონ შოთა ნასყიდაშვილს წარმოგიდგენთ.

უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ქართული ცეკვა უცხოეთის ნებისმიერი ქვეყნის სცენაზე ყველაზე კრიტიკულ მაყურებელსაც კი აღაფრთოვანებს და ფეხზე წამოაყენებს. სულ მალე — 5-12 მარტს იტალიის ქალაქ აგრიჯენტოში ტარდება ფესტივალი სახელწოდებით 73-rd Almond Blossom Festival and the International Folklore Festival. ამ ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ქორეოგრაფიული ანსამბლი საქართველოდან, კერძოდ, ბათუმიდან. აგრეთვე მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ფესტივალის დღეებში ქართული ქვევრის ღვინის გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა. ამ ფესტივალში საქართველოს მონაწილეობაში ჩვენი თანამემამულე, ქორეოგრაფი შოთა ნასყიდაშვილია აქტიურად ჩართული.

ბატონი შოთა წარმოშობით მესხეთიდანაა და თითქმის ორი ათეული წელია, რაც ოჯახთან ერთად იტალიაში ცხოვრობს. მიღებული აქვს იტალიის მოქალაქეობა. მისი ხელშეწყობით უცხოელმა მაყურებელმა არაერთი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელოვნება იხილა. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარი კულტურის ატაშეა.

© Photo: courtesy of Shota Naskidashviliშოთა ნასყიდაშვილი
შოთა ნასყიდაშვილი - Sputnik საქართველო
შოთა ნასყიდაშვილი

25 წელი ქართული ცეკვის სამსახურში, მოსკოვის საზაფხულო ოლიმპიადა და ქართული ეროვნული კოსტიუმები „სუხიშვილებისთვის“

შოთა ნასყიდაშვილი: თბილისის საესტრადო-საცირკო ხელოვნების სახელმწფო სასწავლებლის ქორეოგრაფიულ და ინსტრუმენტალურ განყოფილებებზე ვსწავლობდი. დამთავრებული მაქვს სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლების ქორეოგრაფიული და საქართველოს სახალხო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული განყოფილება. როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი 25 წელი თბილისში ვმოღვაწეობდი. ქორეოგრაფად ვმუშაობდი თბილისის სხვადასხვა სკოლებსა და კულტურის სახლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვარ 1980 წლის მოსკოვის საზაფხულო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მონაწილე, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ერთ-ერთ ჯგუფში მოცეკვავე-მუსიკოსად ვმუშაობდი. გარდა შემოქმედებით მოღვაწეობისა, 1987-1995 წლებში ვიყავი მრავალდარგოვანი კომერციული ფირმის დამფუძნებელი. ჩვენი ფირმა ქართულ ეროვნულ კოსტიუმებს კერავდა. ჩვენ მიერ შექმნილი კოსტიუმებით სცენაზე გამოდიოდნენ საქართველოში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლები, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები "სუხიშვილები", "რუსთავი" და სხვ.

© Photo: courtesy of Shota Naskidashviliქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე
ქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე - Sputnik საქართველო
ქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე

ქართული ცეკვის პოპულარიზაცია იტალიაში

— 2010 წელს, როგორც იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ოფიციალური წარმომადგენელი, საქართველოს დიასპორის სამინისტროს ოფიციალური მოწვევით საქართველოში ჩამოვედი. ჩემი ჩამოსვლის მიზანი დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება იყო. ამჟამად იტალიის რესპუბლიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში მხოლოდ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციით ვარ დაკავებული. წარმატებით ვთანამშრომლობ, ერთი მხრივ, იტალიისა და სხვა ქვეყნების ფოლკლორული ფესტივალების ორგანიზატორებთან და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედ ბავშვთა, ახალგაზრდულ და დიდების ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან. ჩემთვის საინტერესო და დაუვიწყარია ყოველი დღე, რაც იტალიაში ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად მაქვს გატარებული. ყოველი ასეთი შეხვედრა ემოციურად სამშობლოში დაბრუნების ტოლფასია. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმისთვის, რომ იტალიაში საქართველოს და ქართულ კულტურას ასე მაღალ დონეზე წარმოაჩენენ.

© Photo: courtesy of Shota Naskidashviliშოთა ნასყიდაშვილი ქართული ანსამბლის გამოსვლის შემდეგ სცენაზე
შოთა ნასყიდაშვილი ქართული ანსამბლის გამოსვლის შემდეგ სცენაზე - Sputnik საქართველო
შოთა ნასყიდაშვილი ქართული ანსამბლის გამოსვლის შემდეგ სცენაზე

უცხოეთში ცხოვრების მანძილზე ბატონი შოთა საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების იტალიაში ჩაყვანაზე მუშაობს. ამ მიზნით ის უკვე ბევრ ანსამბლს დაუკავშირდა. მათ შორის არიან: ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, აჭარის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, აჭარის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ხორუმი”, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქუთაისის ა. წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები “ოპიზა", “ხალიბური” და სხვ.

– ბატონო შოთა, რა არის თქვენთვის ქართული ცეკვა?             

— ქართული ცეკვები ჩემთვის ის „განუკურნებელი სენია“, რომელიც 55 წლის წინ “შემეყარა“ და რომლითაც დღევანდელ დღემდე მოვედი. ქართულ ცეკვაში თავმოყრილია ყველა ის საუკეთესო თვისება, რაც ქართველებს გვაქვს – სიმამაცე, ვაჟკაცობა, თავდადება, ქალისადმი პატივისცემა, პატრიოტიზმი… ჩვენი ცეკვა ისტორიასთან მჭიდრო კავშირშია და ქართველი ხალხის ფასდაუდებელი განძია.

– თქვენთვის რომელია ყველაზე გამორჩეული ცეკვა და რატომ?

— ყველაზე გამორჩეულ ცეკვად ჩემთვის ყოველთვის იყო და რჩება ცეკვა „ქართული”, რომელიც ერთადერთია, რასაც კუთხურობის ნიშანი არ გააჩნია და ქართველი ხალხის ყველა თავისებურებას ასახავს. ის ჩვენი ხასიათის, ტემპერამენტის, გრძნობების, ტრადიციების პირდაპირი ანარეკლი და ჩვენი ხალხური შემოქმედების მშვენებაა.

© Photo: courtesy of Shota Naskidashviliქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე
ქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე - Sputnik საქართველო
ქართული ცეკვა იტალიურ სცენაზე

ყველაზე ძველი ქართული ცეკვა — ფაქტი ისტორიიდან

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის მთვარის პატივსაცემად შესრულებული სარიტუალო ფერხული. ბაგინეთის გათხრების დროს აღმოაჩინეს ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან ქალთა სარიტუალო ცეკვები იმართებოდა…

– ბატონო შოთა, იტალიაში გამართული კონცერტებიდან ყველაზე გამორჩეული რომელი იყო?

— ასეთ საინტერესო შემთხვევებიდან აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “ხორუმის“ ქორეოგრაფთან, ბატონ თემურ ბიბილეიშვილთან ურთიერთობის ეპიზოდს გავიხსენებდი. იტალიის ვენეტოს რეგიონის ქალაქ ტრევიზოში, ცენტრალურ პიაცაზე 4-5 ათასი მაყურებლის წინაშე გამოსვლისას ანსამბლმა საოცრება მოახდინა. თითქმის 45-წუთიანი გამოსვლის განმავლობაში მაყურებლის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ქალაქის მერიის ხელმძღვანელები ემოციებს ფეხზე მდგარი გამოხატავდნენ. კონცერტის დამთავრების შემდეგ სცენაზე ასულმა ქალაქის ხელმძღვანელებმა მადლობის სათქმელად სცენაზე იხმეს ანსამბლის ხელმძღვანელი და მასთან ერთად მე, როგორც თარჯიმანი. მაყურებელს მადლობა გადავუხადე და ვთქვი, მეამაყება, რომ ქართველი ვარ და მონაწილეობა მაქვს მიღებული ანსამბლის იტალიაში ჩამოყვანაში–მეთქი. მახსენდება, რომ ამ კონცერტის განმეორებით ნახვის სურვილმა იტალიელ მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მეორე დღეს სხვა ქალაქში, დაახლოებით 40-50 კილომეტრით დაშორებით ჩამოიყვანა — ეს ხომ ქართული ცეკვის გამარჯვებაა!..

– ამდენი წელია უკვე იტალიაში ცხოვრობთ და რაიმე იტალიური თვისება თუ გადაგივიდათ ჩვევაში?

— იცით, რას დავაკვირდი? ლაპარაკის დროს იტალიელების მსგავსად მეც ჟესტებით, ანუ ხელებით საუბარს მივეჩვიე. ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის ვცდილობ, რომ პუნქტუალური ვიყო და მათგანაც ამას ველოდები. თუმცა, სამწუხაროდ, პუნქტუალობით არც ქართველები და არც იტალიელები არ გამოვირჩევით, რასაც დღემდე ვერ ვეგუები. რაც შეეხება ტრადიციების გათავისებას, ჩემი აზრით, სხვა ერის ტრადიციას ვერასდროს გაითავისებ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი არ დაკარგო, ანუ “გიყვარდეს შენი და პატივი ეცი სხვისას".

ნოსტალგია, როგორც ქართველის თანამდევი გრძნობა უცხოეთში

მენატრება ყველა და ყველაფერი, ვინც და რაც საქართველოში დავტოვე… დედის კალთას დიდხანს განშორებული შვილივით ვარ და ჩემი ოცნებაც ის არის, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს მასთან, გულში ჩაიკრას მონატრებული, მოეფეროს, ანუგეშოს, უთხრას, რომ მალე დაბრუნდება და აღარასოდეს მიატოვებს. ამ იმედით ვცხოვრობ მეც და თითეული ქართველი ემიგრანტი, მჯერა, ღმერთის წყალობით ახლო მომავალში ყველანი ღირსეულად დავბრუნდებით სამშობლოში, რომელიც ერთადერთი და განუმეორებულია ამ პლანეტაზე…

 

ყველა ახალი ამბავი
0