ხელოვნებად ქცეული მეურნეობა და სამი შვილის დედის მიერ მოყვანილი „მწვანე მარგალიტები“

© Photo: courtesy of Te Grey Songulashviliთეონა სონღულაშვილი
თეონა სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროში უფრო მეტი და მეტი ქალი ერთვება. ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ წინააღმდეგობების, სირთულეების მიუხედავად სასურველია მხოლოდ მონდომება, შრომისმოყვარეობა და შედეგი აუცილებლად მიიღწევა.

თეონა სონღულაშვილი ახალგაზრდა მეწარმეა. ძალიან პატარა ასაკში შექმნა ოჯახი. ამ დროს სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. დაოჯახების შემდეგ აკადემიური აიღო, რადგან სულ მალე დედა უნდა გამხდარიყო. მაშინ დარწმუნებული იყო, რომ სწავლას მალე გააგრძელებდა. 20 წლის ასაკში უკვე სამი შვილის დედა გახდა და როგორც თვითონ ამბობს სწავლაზე ფიქრი უკვე შორეულ ოცნებად ექცა.  თეონამ გადაწყვიტა ისეთი საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი, რომ ყველაფერი მის შრომაზე ყოფილიყო დამოკიდებული.

© Photo: courtesy of Te Grey Songulashviliთეონა სონღულაშვილი
თეონა სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
თეონა სონღულაშვილი

— როგორც კი ჩემი გოგონები სკოლაში მივიდნენ იქიდან მოყოლებული დავეძებ სამსახურს. ხან ყვავილების მაღაზიაში ვიმუშავე დიზაინერად, ხან საოჯახო ტექნიკის მაღაზიაში კონსულტანტად. არც ერთ ვაკანსიაზე ვამბობდი უარს. თუმცა დრო გადიოდა და მართლა დავიღალე არასტაბილური სამსახურებით. თან სახლში ჩემი გოგონები უჩემოდ მეცადინეობდნენ, უჩემოდ დადიოდნენ სკოლაში, უჩემოდ გადიოდა დრო…

ბევრი იმედგაცრუების მერე გადავწყვიტე რაღაც ისეთზე მეფიქრა, რომ ჩემი შრომა ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული. ინსპირაციად კი მექცა ერთი გადაცემა Post Scriptum- ში, სადაც ახალგაზრდა მეწარმე გოგონებზე იყო საუბარი, რომლებმაც გააშენეს ჩაის პლანტაცია და საკუთარი საქმე ააწყეს.

მე სოფელ დიღომში ვცხოვრობ და როგორც მოგეხსენებათ, ეს დასახლება განთქმულია თავისი სათბურებით. ძნელად თუ იპოვით ოჯახს მოქმედი თუ არა, გაუქმებული სათბური მაინც რომ არ ჰქონდეს ეზოში. ჩვენს ოჯახსაც ჰქონდა ასეთი „ისტორიული“ სათბური და გადავწყვიტე რამე ისეთზე მეფიქრა, რასაც თავს გავართმევდი ჩემი სოფლის მეურნეობაში მუშაობის მწირი გამოცდილებით.

- ყველაფერს გამოცდილება სჭირდება.  ვინ დაგეხმარათ საქმის წარმოებაში?

— სამეზობლოში ყველას ჰქონდა სათბურში ბოსტნეულის მოვლის გამოცდილება. ზოგი რას მირჩევდა და ზოგიც რას. მერე გადავწყვიტე უფრო პროფესიონალური რჩევები მიმეღო და ინტერნეტით მოვძებნე ინფორმაცია.

თავიდან სალათის ფურცლის სულ რაღაც 40 ლარის ჩითილები ვიყიდე. გამოუცდელობა იმაზეც დამეტყო, რომ ძალიან ახლო-ახლოს დამირგავს თურმე. მართალია ამან ჩემი შრომა გააათმაგა, მაგრამ სამაგიეროდ, მოსავლის აღება მომიწია ოდნავ ნაადრევად და ფურცლები იყო საოცრად ქორფა და ძალიან ხარისხიანი.

- როგორ გაქვთ აწყობილი სარწყავი სისტემა და გათბობა?

— ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სალათის ფოთლებზე შევაჩერე ჩემი არჩევანი, ის იყო, რომ მას არ ჭირდება განსაკუთრებული სითბო. ამდენად, ჩვენი სათბური არ თბება და მზის სხივები (თუნდაც ზამთრის სიცივეში) სრულიად საკმარისია.  რაც შეეხება საირიგაციო სისტემას, არ გვაქვს და ჩემს სალათის ფოთლებს ხელით ვრწყავ.

© Photo: courtesy of Te Grey Songulashviliთეონა სონღულაშვილი
თეონა სონღულაშვილი - Sputnik საქართველო
თეონა სონღულაშვილი

- როგორ უვლით მოსავალს?

— სიმართლე გითხრათ, ჩემი გამოუცდელობის გამო ძალიან ვღელავ და ამიტომ შვილებივით ვუვლი ჩემს მწვანე მარგალიტებს.  წყალი უყვართ ძალიან. არ უყვართ სარეველა. ყველაზე რთულია ქორფა ფოთლების ირგვლივ ბალახის გამარგვლა. ძალიან ნაზად უნდა იმოქმედო, თორემ, შეიძლება ფოთლებიც ამოყვეს სარეველას.

- როდის იღებთ მოსავალს?

— სალათის ფოთლის მოყვანა მთელი წელია შესაძლებელი. დარგვიდან მოსავლის აღებამდე დრო სეზონის მიხედვით იცვლება. ზამთარში ორჯერ მეტი დრო ჭირდება ვიდრე ზაფხულში. პრინციპში მორწყვაც, ზაფხულში უფრო მეტი ჭირდება, ვიდრე ზამთარში.

- რით გამოირჩევა თქვენი „მწვანე მარგალიტები“ სხვა ბიზნესისაგან?

— ალბათ, პირველ რიგში იმით, რომ მე ამ საქმეში დამწყები ვარ. როგორც დიღომში იტყვიან ძალიან ჰარიფი ვარ.  მე თვითონაც ყურში მხვდება, როცა ჩემი მისამართით ამბობენ, რომ მე ვარ ახალგაზრდა მეწარმე ქალი. ეს არის საქმე, რომელიც ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ამ საქმეს მივუდექი ჩემი დედობრივი გამოცდილებით და ისე ვუვლი თითო ფოთოლს, როგორც პატარას. გარდა ამისა, მე მგონია, ყველა საქმე შეიძლება ადამიანმა ხელოვნებად აქციოს. მე ვერ გავაგრძელე ჩემი სწავლა და კარიერა სამხატვრო აკადემიაში, სამაგიეროდ ეხლა ბუნების შემოქმედების მონაწილე ვხდები და ვუვლი იმას, რის მოვლაც ძალიან მსიამოვნებს.

ჩემს ფოთლებს გაზრდაში მხოლოდ მზე, წყალი, ბევრი წლის განმავლობაში დასვენებული სათბურის მიწა და ჩემი ზრუნვა ეხმარება. არ ვიყენებ არც პესტიციდებს და არც რამე წამალს. ეს არის ძალია სუფთა ბიო პროდუქტი, რომელიც თამამად შეუძლია ყველას, დააგემოვნებინოს თავის პატარებს.

- სად ახდენთ სალათის ფოთლის რეალიზებას?

— დამწყები კი ვარ, მაგრამ ძალიან კარგად მესმოდა, რომ მთავარი ბიზნესში არის რეალიზება. თავიდან საახლობლოში გავაგებინე ყველას. სალათის ფოთოლი მალფუჭებადი პროდუქტია და ასე მწირი გაყიდვის იმედად ვერ დავრჩებოდი. რამდენიმე ბიზნეს კომპანიას მივწერე და შევთავაზე.  საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა და დავუკავშირდი „ნალია კლუბს“.  ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პარტნიორია. მათი წყალობით ჩემი საზრუნავი მხოლოდ ფოთლის მოვლაა. დანარჩენზე ისინი ზრუნავენ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— ჯერ არ ვიცი რა როგორ განვითარდება. ამ ზამთარს გადავაგორებთ და იმედი მაქვს თბილ სეზონზე უკვე ეზოშიც შევძლებ მოსავლის მოყვანას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0