სვანი მოკრივე ესპანურ რინგზე და ქართული ტრადიციებით მოხიბლული ესპანელები

© Photo: Courtesy of Irakli Kurasbedianiირაკლი ქურასბედიანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ
ირაკლი ქურასბედიანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენს, ირაკლი ქურასბედიანს გაგაცნობთ.

15 წლის იყო, როცა კატალონიის ჩემპიონატის ტურნირი პირველად მოიგო. ამის შემდეგ სხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულიც გახდა. ორი წლის წინ შემოთავაზება მიიღო ყველაზე ძლიერი პრომოუტერისგან, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ პროფესიონალურ კრივში გადასულიყო. ქართველ სპორტსმენს ორი სარეიტინგო ბრძოლის მოგების შემდეგ ქამარზე ასპარეზობის უფლება მიენიჭება. ირაკლის ბარსელონაში დავუკავშირდით.

© Photo: Courtesy of Irakli Kurasbedianiირაკლი ქურასბედიანი ორთაბრძოლისას
ირაკლი ქურასბედიანი ორთაბრძოლისას - Sputnik საქართველო
ირაკლი ქურასბედიანი ორთაბრძოლისას

– ირაკლი, როგორი იყო თქვენი ცხოვრება ესპანეთამდე?

— ჩემი ბავშობის უმეტესი ნაწილი ლენტეხში, სვანეთში გავატარე დედასთან და ძმასთან ერთად. ძლიერი ბავშვები ვიყავით. როცა სკოლაში ვსწავლობდი, ჭიდაობაზეც დავდიოდი. ძალისმიერი სპორტის მიმართ პატარაობიდანვე მქონდა მიდრეკილება. ალბათ ამის მიზეზი მაშინდელი ახალგაზრდობის ცხოვრების სტილი იყო, რადგან ყოველთვის ვცდილობდით, ჩვენი ძალა და შესაძლებლობები დაგვემტკიცებინა.

– ესპანეთში როგორი აღმოჩნდით?

— უკვე ათი წელია, რაც ესპანეთში ვარ. როცა 10 წლის ვიყავი, მამა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბარსელონაში სამუშაოდ წამოვიდა. ოთხი წლის შემდეგ საჭირო საბუთები გავაკეთეთ და ჩვენც ჩამოვედით ქალაქში, სადაც მეგონა, რომ ოქროს კოშკები დამხვდებოდა…

© Photo: Courtesy of Irakli Kurasbedianiირაკლი ქურასბედიანი უცხოურ ჟურნალში
ირაკლი ქურასბედიანი უცხოურ ჟურნალში - Sputnik საქართველო
ირაკლი ქურასბედიანი უცხოურ ჟურნალში

– რეალობა წარმოდგენისგან შორს აღმოჩნდა და ამიტომ გადაწყვიტეთ, საკუთარ თავს და სხვებს ბევრი რამ დაუმტკიცოთ…

— დაახლოებით ასე იყო… როგორც კი ბარსელონაში ჩამოვედით, მე და ჩემი ძმა მამაჩემის დაჟინებული თხოვნით კრივის დარბაზში ჩავეწერეთ. უბრალოდ იმისთვის, რომ ფორმაში ვყოფილიყავით, შეჯიბრზე გასვლა აზრად არც მქონდა. ერთ დღესაც ჩემმა მწვრთნელმა მითხრა, კატალონიის ჩემპიონატზე გამოხვალო და სიხარულით ცამდე ავედი. სხვათა შორის, ის ტურნირი მოვიგე. მაშინ 15 წლის ვიყავი და ამის შემდეგ ესპანეთის უამრავი ტურნირის გამარჯვებული გავხდი. მსოფლიო ტურნირსა და ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსი აღარ მომეცა, რადგან ესპანეთის მოქალაქეობა არ მქონდა. ამიტომ ორი წლის წინ მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრომოუტერისგან, რომ მათთან ხელშეკრულება გამეფორმებინა და პროფესიონალურ კრივში გადავსულიყავი. 2015 წლის ოქტომბერში ჩემი დებიუტი შედგა. ახლა ორი სარეიტინგო ბრძოლის მოგება დამრჩა, რათა ქამარზე ასპარეზის უფლება მომეცეს. პირველი 10 თებერვალსაა დანიშნული.

– წარმატებას გისურვებთ… რინგზე გამოსვლის გარდა რას საქმიანობთ?

— პერსონალურ მასტერ-კლასებს ვატარებ, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან მოდაშია და ბევრი ხალხი ვარჯიშობს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათგან უმრავლესობა გოგონები არიან, რადგან სასურველი ტანის დასაყენებლად და ჯანმრთელობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სპორტის სახეობაა.

© Photo: Courtesy of Irakli Kurasbedianiირაკლი ქურასბედიანი რინგზე
ირაკლი ქურასბედიანი რინგზე - Sputnik საქართველო
ირაკლი ქურასბედიანი რინგზე

– რით ჰგვანან და განსხვავდებიან ესპანელები ქართველებისგან, ჩვენსავით მოჩხუბარი ხალხია?

— ესპანელებს ჩვენთან შედარებით მეტად გახსნილი ბუნება აქვთ და თავისუფლად ცხოვრობენ. არ ადარდებთ, მაგალითად, ის, მეზობელი ანტონიო მის საქციელზე რას იფიქრებს. მხიარული, მშრომელი და მეგობრული ხალხია. რაც აქ ჩამოვედი, მათგან არანაირი ცუდი განწყობა არ მიგრძვნია იმის გამო, რომ უცხოელი ვარ. ქეიფი და დროსტარება ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ, ოღონდ სადღეგრძელოების გარეშე, თუმცა ჩემ სამეგობროში ჩემი გავლენით უკვე თამადობაც ისწავლეს.

– თამადის ტრადიციის გარდა თქვენგან კიდევ რა გაიგეს საქართველოსა და ქართველებზე?

— უმეტესობამ საქართველოს არსებობაც არ იცოდა, მაგრამ ნელ-ნელა გავაცანი და გაოცებულები არიან ჩვენი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, ტემპერამენტითა და ქართული კერძებით. წელს რამდენიმე მათგანს გეგმაში აქვს, რომ სვანეთს ესტუმროს.

© Photo: Courtesy of Irakli Kurasbedianiირაკლი ქურასბედიანი მეგობრებთან ერთად
ირაკლი ქურასბედიანი მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ირაკლი ქურასბედიანი მეგობრებთან ერთად

– ესპანეთში კრივის მოყვარულები უკვე კარგად გიცნობენ, თუ გახსენდებათ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როცა თქვენმა გულშემატკივარმა რინგის მიღმა გიცნოთ?

— ასეთი ამბავი გამახსენდა: წინა ზაფხულს ქალაქ მალაგაში ვარჯიშებზე მიმიწვიეს. ერთ თავისუფალ დღესაც ზღვის სანაპიროზე მარტო გადავწყვიტე გასეირნება. უცებ შევამჩნიე, რომ უკან ორი ტიპი მომყვებოდა. შევუტრიალდი და სანამ რამეს ვიტყოდი, პოლიციის მოწმობა ამაფარეს სახეზე – „გადაცმულები“ იყვნენ. შემდეგ თავიანთ კოლეგებს რაღაც ანიშნეს, მანქანამდე მიმაცილეს და განყოფილებაში გამაქანეს. იქ რომ მივედით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მიცნო, ნანახი ჰქონია ჩემი ბრძოლები და მკითხა, შენ აქ რას აკეთებო. როგორც აღმოჩნდა, რომელიღაც ძებნილს მიმამსგავსეს. მერე ბოდიშები მიხადეს და სახლამდეც მიმაცილეს.

– ირაკლი, რას ნიშნავს ინტერვიუმდე ჩემთან ნათქვამი სიტყვები – „მინდა, რომ ცხოვრების ჩემპიონი გავხდე“?

— ცხოვრების ჩემპიონობა ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ სამაგალითო და მისაბაძი გავხდე, გადავლახო ყველანაირი დაბრკოლება, რასაც ცხოვრება შემიქმნის. ყოველდღე იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე გუშინ ვიყავი და ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძოლო!.. მსოფლიო ჩემპიონობა კი ჩემი მიზანია, მინდა, რომ მომავალი თაობის მაგალითი ვიყო მაშინაც, როცა სპორტიდან წავალ, მინდა საკუთარი ისტორია მქონდეს და ჩემი კვალი დავტოვო…

ყველა ახალი ამბავი
0