წარსულს ჩაბღაუჭებული „არეული“ გოგონა და მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი გმირი

© Photo: Courtesy of Anano Gogishviliანანო გოგიშვილი
ანანო გოგიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი თინეიჯერი ანანო გოგიშვილი 180-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ბავშვობიდან წერს და მის ნაწერებში, ასაკთან შედარებით, დიდი სიღრმე, ფილოსოფია და სევდაა...

ანანო სერიოზულადაა დაინტერესებული ისტორიით და მომავალში აპირებს ეს საგანი პროფესიულად აითვისოს. ამასთან ერთად კარგად და საინტერესოდ წერს… განსხვავებულია, არ ეშინია ამისი და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მას გავესაუბროთ და თქვენც გაგაცნოთ.

© Photo: Courtesy of Anano Gogishviliანანო გოგიშვილი
ანანო გოგიშვილი - Sputnik საქართველო
ანანო გოგიშვილი

– როგორია მზერა გვერდიდან, ანუ ვინ არის ანანო გოგიშვილი?

— დიდი არეული ვინმეა, ხანდახან ვფიქრობ, რომ მასში რამდენიმე სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს. მის ასაკთან შედარებით ვერ ვიტყვი, რომ გარკვეულ ცხოვრებისეულ საკითხებში გამოუცდელია და ყოველთვის გარკვეული გამოცდა აძლევს იმის საბაბს, რომ წეროს. ადრე უფრო ხშირად წერდა, ალბათ უფრო ხშირად სტკიოდა გული. წერა მისთვის წამალია, ერთგვარი თერაპია, ხანდახან ის პროტესტიცაა გარე სამყაროს მიმართ. შეუძლია მოუსმინოს ყველანაირ სიმღერას, იმდენად, რამდენადაც მასში სხვადასხვა ადამიანი თუ პიროვნებაა ერთად.

– სანამ კითხვას დაგისვამ, მკითხველს მინდა შენ მიერ დაწერილი შევთავაზო: „გამარჯობა. მე მეგობარმა გამყიდა. თავი კანალიზაციის წყლით ჩამოიბანა და მიაშურა სანაგვისკენ, საითაც ყოველთვის იყო მიმართული.

მე მეგობარმა გამყიდა,

არცთუ ისე ძვირად.

ცოტა მეწყინა, მას შემდეგ, რაც ფასის შესახებ შევიტყვე.

მე არ ვარ პირველი, ვინც გაყიდეს,

მაგრამ გამაჩნია სურვილი – ვიყო უკანასკნელი.

მე მეგობარმა გამყიდა.

დამწამა ცილი,

მოიფხანა ენა

და ამ ყოველივეს შემდეგ დაუღალავად მამშვიდებდა და გვერდში მედგა, რათა მისივე შექმნილი სიტუაცია ღირსეულად გადამეტანა,

მიყვარს მზრუნველი ადამიანები.

მე მეგობარმა გამყიდა.

"სიკეთე" ქნა,

ქვაზე დადო

და ახლა თავში იხლის“…

– ამ სიტყვების ავტორს მინდა გკითხო – ადამიანში რას აფასებ?

— არასდროს ვუყურებ საგანს, მოვლენას თუ ადამიანს ერთი რომელიმე კონკრეტული კუთხიდან. ყველაფერს ყველა კუთხიდან ვუყურებ და ვაფასებ. ალბათ ახლა უფრო გასაგებია, თუ რატომ ვარ ასეთი არეული ვინმე. ჩემთვის მნიშვნელოვანია პიროვნული ურთიერთობები, ბანალურად ჟღერს, მაგრამ თვალები ადამიანს განსაკუთრებით მიამიტს ხდის, ისინი მათზე ყველაზე კარგად მეტყველებენ. მე მიყვარს ადამიანები, ვენდობი მათ, ხანდახან ვცდები, მაგრამ ასე ალბათ ყველას მოსდის. ვოცნებობ ბევრს და საბოლოო ჯამში მხოლოდ სიმშვიდე მინდა ხოლმე.

© Photo: Courtesy of Anano Gogishviliანანო გოგიშვილი
ანანო გოგიშვილი - Sputnik საქართველო
ანანო გოგიშვილი

– სიმშვიდე ამ ასაკისთვის ცოტა ნაადრევად მიმაჩნია, საერთოდ ცხოვრებაში რას ანიჭებ მნიშვნელობას?

— ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სულიერი თავისუფლება. რამდენადაც მეოცნებე ვარ, იმდენად რეალისტიც. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს წარსულს და გამუდმებით ვებღაუჭები მას. ვცხოვრობ ორი სიტყვით: Сarpe diem — ანუ „დაიჭირე წამი“. ბოლოს არაფერი დაგვრჩება, გარდა მოგონებებისა, ამიტომ არაფერია იმ წამებზე მნიშვნელოვანი, რომელიც ახლა უკვე ჩაბარდა წარსულს. ისინი უნდა ვიგრძნოთ, დავაფასოთ, დავიმახსოვროთ და შევიყვაროთ, რადგან არასდროს განმეორდება ის, რაც ახლაა. ამჟამად აბიტურიენტი ვარ და ნაკლები დრო მრჩება თავისუფლებისთვის. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და თითქმის არასდროს ვარ მათთან ერთად, ვინც ჩემ ნაწერებშია.

– შეგიძლია შენი თაობა, როგორც ერთი ადამიანი, ისე დაახასიათო?

— ჩემი თაობა ჭკვიანი და შესაძლებლობებით სავსეა. გრძნობს, რომ სხვა თაობებთან შედარებით აზრის გამოთქმის მეტი უნარი უსახსოვრა დრომ, რომელშიც ის იზრდება, ვითარდება და სადაცაა ქვეყანასაც უნდა შეუდგეს საყრდენად. რა თქმა უნდა, პიროვნული თავისუფლება ზოგჯერ ცუდ კომბინაციებამდეც მიდის, ამიტომ თითქოს სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ნაკლებობას განიცდის. მას (ჩემ თაობას) ვირტუალური სამყაროს მიღმა სხვა ურთიერთობა აღარ უყვარს. სამაგიეროდ უყვარს ყველაფერი ახალი და ახლის შეცნობა. იშვიათად რომ მისგან განსხვავებული არ მიიღოს, მაგრამ ვერ მიიღებს მას, ვინც უსამართლოა. ჩემ თაობას არ უყვარს უსამართლობა და ამას სხვადასხვანაირად გამოხატავს. თუ გადავავლებთ თვალს ჩემი თაობის ფასეულობებს, მისი მისაბაძი ადამიანი ასეთი იქნებოდა: უშუალო, თავისუფალი, საკუთარი და სხვისი აზრის დაფასების უნარის მქონე, ცოტა (კარგი გაგებით) არაადეკვატური და სპონტანური, რადგან ჩემ თაობას სიახლეები უყვარს. ეს ზოგადი ნათქვამია, მაგრამ ალბათ ისეთ ადამიანს, ვისაც ჩემი თაობა გაიხდის მისაბაძად, უნდა გააჩნდეს ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია – ურთიერთპატივისცემა.

© Photo: Courtesy of Anano Gogishviliანანო გოგიშვილი
ანანო გოგიშვილი - Sputnik საქართველო
ანანო გოგიშვილი

– სურვილი თუ გაქვს ვინმეს მიბაძო და ვინ არის შენ თვალში გმირი?

— რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომელთა ქმედებები და ცხოვრების სტილიც მხიბლავს, თუმცა არც იმდენად, რომ ისინი ჩემ გმირებად გავხადო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გმირად ვთვლი — ეს დედაა, რომელიც აკეთებს შეუძლებელს იმისთვის, რომ მე ვიღიმებოდე და სახლში მისვლა მიხაროდეს. იმდენს აკეთებს, რომ სულ რომ არაფერი გააკეთოს, მაინც უბედნიერესი ვიქნები ჩემ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი რომ არის. უფრო სწორად, ეს მე ვარ მის ცხოვრებაში. დედამ ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრება მომიძღვნა. მე მივისაკუთრე მისი ახალგაზრდობა და მისი მომავალიც მე ვარ. ის მექცევა არა როგორც შვილს, არამედ როგორც მეგობარს. აზრს მეკითხება არა როგორც შვილს, არამედ როგორც მეგობარს. ის მუშაობს, მუშაობს, მუშაობს და მაშინაც კი, როცა საშინლად დაღლილია, ზრუნავს იმაზე, რომ მე არ დავიღალო. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია, რომ ღამით პრობლემებყელშიწაჭერილ, ცრემლებისგან თვალებდახეთქილს საბანი შემისწოროს, შემდეგ ჩემ ლოგინზე ჩამოჯდეს და დამავიწყოს ყველაფერი, რაც მაწუხებს. დედაჩემი ღმერთივითაა, დედა — ჩემი ღმერთია!..

– როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი 20 წლის მერე?

— ოცი წლის შემდეგ… არ ვიცი, ვფიქრობ, 20 წლის შემდეგ თითქმის ყველაფერზე გამეცინება, რაც ახლა მაღელვებს და მაბრკოლებს. ვიქნები ქალი, რომელმაც უამრავი რამ გამოიარა, ნახა, გაიგო და, სავარაუდოდ, ნაკლებად რთული იქნება ჩემთვის დროსთან და გამოცდილებასთან ერთად დაბრკოლებების გადალახვა. ალბათ პატარა, საყვარელი სახლი მექნება, სადმე მთაში და წელიწადში რამდენჯერმე მაინც დავხვდები მზეს, რომელიც გრძელ გზას გამოივლის მანამ, სანამ ჩემს მთებს ამოსცილდება. მეყვარება ყველა, ვინც დამინახავს და მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ვიქნები ისევ ქაოტური. ჩემი უცნაური ხასითის გამო, ალბათ, უამრავი ხალხით გარშემორტყმული და მაინც მარტო. ყოველ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული, შევაღებ სახლის კარს, გადავაბიჯებ კარის ზღურბლს და ჩავეშვები სიმშვიდეში…

 

ყველა ახალი ამბავი
0